Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ისტორიული წყაროებით არ დასტურდება, რომ ბერიამ ერევნიდან საქართველოს კუთვნილი 6 ტონა ოქრო დააბრუნა

ისტორიული წყაროებით არ დასტურდება, რომ ბერიამ ერევნიდან საქართველოს კუთვნილი 6 ტონა ოქრო დააბრუნა

ივლისს 28, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · ისტორია

ქართულ ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება ისტორია, რომლის მიხედვით ლავრენტი ბერიამ 1929 წელს ჩაატარა საიდუმლო სპეცოპერაცია, კოდური სახელწოდებით „ტარანტულის ქსელი“, და ერევნიდან საქართველოში 6 ტონა ოქრო დააბრუნა (არქივირებული ბმული). ამ ისტორიის მიხედვით, ქართული საგანძური ერევანში ნოე ჟორდანიას მთავრობამ გაიტანა, ხოლო ბერიამ ეს საგანძური ქვეყანას დაუბრუნა. ეს ისტორია არ იძებნება არც ერთ სანდო წყაროში, მათ შორის, არც პოსტში მითითებულ წყაროებში, რომლებიც ამ ისტორიას, ან მის რომელიმე ეპიზოდს დაადასტურებდა. ამდენად, მისი ნამდვილობა არ დასტურდება და ის შესაძლოა ბერიას პოზიტიური იმიჯის მხარდასაჭერად შეიქმნა.

ნიშანდობლივია, რომ ტექსტი იმდენად დეტალურად არის დაწერილი, რომ წაკითხვისას ტოვებს არქივებში კვლევების შედეგად გამოკვლეული ისტორიის შთაბეჭდილებას. პოსტში ნახსენებია ზუსტი თარიღები, კონკრეტული გვარები, ოპერაციის სახელი და გეგმა, სტალინთან შეხვედრის დეტალები და ციტირებულია კონკრეტული ნაშრომები.

თუმცა, ამ თემის სიღრმისეულმა კვლევამ, ბერიას ბიოგრაფების და იმ პერიოდის ისტორიკოსეის ნაშრომების კვლევამ აჩვენა, რომ ამ ისტორიას რეალური საფუძველი არ გააჩნია და, დიდი ალბათობით, არასოდეს მომხდარა. ამ ისტორიის წყაროების გადამოწმების მიზნით ჩვენ გავეცანით ლავრენტი ბერიას ისეთ ისტორიკოსებს, როგორებიც არიან მისი შვილი სერგო ბერია (ბერია, მამაჩემი, სტალინის კრემლში, 1999), ემი ნაითი (ბერია, სტალინის პირველი ლეიტენანტი, 1993), ბორის სოკოლოვი (ლავრენტი ბერია და სტალინი, 2022), ლეონიდ მლეჩინი (სისხლით დაწერილი ისტორია, 2021), ენდრიუ სანგსტერი (ბერიას დრო, ცხოვრება და მორალური დილემა, 2019) და ტადეუშ ვიტლინი (კომისარი: ლავრენტი პავლოვიც ბერიას სიცოცხლე და სიკვდილი, 1972). არც ერთ ამ წყაროში ფეისბუქ პოსტში გავრცელებული ისტორიის სინამდვილე არ დადგინდა. უფრო მეტიც, ამ კვლევის ფარგლებში გაანალიზებული იქნა ბერიას სასამართლო საქმის მასალები (არქივი) და ათამდე ისტორიული სტატია. არც ერთ მათგანში ეს ისტორია, ან მისი მონაწილე პერსონაჟები ნახსენები არ არის.

ჩვენ ასევე კონსულტაცია გავიარეთ ისტორიკოს ბექა კობახიძესთან, რომელმაც ასევე არ დაადასტურა ამ ისტორიის სინამდვილე.

გარდა იმისა, რომ არ არსებობს ისტორიული წყაროები, რომლებიც ამ ისტორიას ადასტურებს, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ სტატიაში მრავლად არის დასახელებული ისეთი ფაქტი, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს ისტორიის რეალობას. მაგალითად, სტატიაში ნახსენებია, რომ 6 ტონა ოქრის დაბრუნებასთან დაკავშირებული დოკუმენტები აღმოჩენილი იქნა ბერიას წინააღმდეგ 1953 წლის საქმის მასალებში. ეს მასალები ხელმისაწვდომია (არქივი) ინტერნეტში და ინფორმაცია „ოპერაცია ტარანტულას“ და ქართული ოქროს შესახებ მასში არ ფიგურირებს.

თავად პოსტში ნახსენებია სხვა ფაქტებიც, რომელიც სერიოზულ ეჭვებს აჩენს ისტორიის რეალურობის შესახებ. მაგალითად, აღნიშნულია, რომ ლავრენტი ბერიას და 6 ტონა ოქროს ისტორია 2015 წელს „ნახევრად განსაიდუმლოებულ პარტიულ არქივში“ აღმოჩენილ მასალებს ეფუძნება, რომლებიც თითქოს ისტორიკოსმა პავლე ვასილენკომ იპოვა. ინტერნეტში მარტივი ძებნით ირკვევა, რომ არ არსებობს ისტორიკოსი პავლე ვასილენკო, რომელსაც რამე მნიშნელოვანი კვლევა აქვს გამოქვეყნებული ბერიას, ან იმ დროინდელი საბჭოთა კავშირის მმართველობის შესახებ. ვასილენკოსთან ყველაზე ახლოს შეიძლება იყოს რუსი სამხედრო არქეოლოგი, მკვლევარი და როსტოვის ოლქში მდებარე საძიებო ცენტრ „სტანიცას“ ხელმძღვანელი პაველ ვასილენკო. თუმცა, ეს ადამიანი არ არის ისტორიკოსი და მისი საქმიანობა შემოიფარგლება მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების ნეშტების ძებნით, მასობრივი სამარხების გათხრითა და ნაცისტური ოკუპაციის დანაშაულებების დოკუმენტირებით. მისი ყველაზე ცნობილი წიგნია „1942: დანაშაულებები ხანდაზმულობის ვადის გარეშე.“ ბერიასთან დაკავშირებით ვასილენკოს არც რამე ნაშრომი, ინტერვიუ, ან რაიმე ტიპის პუბლიკაცია არ იძებნება.

პოსტში საუბარია ოპერაცია „ტარანტულის ქსელზე,“ თუმცა ასეთი საგანგები ოპერაციები და სადაზვერვო ძალისხმევები საბჭოთა სპეცსამსახურების ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი თემაა როგორც რუსულ, ისე დასავლურ ისტორიოგრაფიაში. გამოქვეყნებულია გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ОГПУ) და შიდა საქმეების სახალხო კომისარიატის (НКВД) ათასობით დოკუმენტი, უამრავი მემუარი, კვლევა და ბიოგრაფია. მიუხედავად ამისა, არც ერთ ასეთ გამოცემაში არ ფიქსირდება არც ოპერაცია „ტარანტულის ქსელი“, ან რამე მსგავსი სახელის მქონე ოპერაცია, რომელიც ეხებოდა საქართველოს საგანძურს. მსგავსი მასშტაბის ოპერაცია მართლაც რომ ჩატარებულიყო და მის შედეგად ექვსი ტონა ოქრო დაუბრუნებოდა საქართველოს, მისი კვალი აუცილებლად დარჩებოდა საბჭოთა უშიშროების დოკუმენტებში, ან მოგვიანებით გამოცემულ კვლევებში. ნიშანდობლივია, რომ „ოპერაცია ტარანტული“ სახელით წააგავს „ოპერაცია ტარანტელას,“ რომელიც მართლაც იყო საბჭოთა დაზვერვის წარმატებული ოპერაცია, თუმცა ის ეხებოდა დიდი ბრიტანეთისთვის დეზინფორმაციის მიწოდების ოპერაციას ორმაგი აგენტის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ყალბი ამბების შექმნის დროს ხშირად გამოიყენება მსგავსი ტექნიკა - მიახლოებული ან იდენტური სახელის მქონე მოვლენის, ან ფენომენის გამოყენება, რათა მკითხველმა ირწმუნოს ინფორმაციის სარწმუნოობა.

ასევე ყურადღებას იქცევს ამ ყალბი ისტორიის მთავარი მოქმედი პირები: ბაგრატ გარეგიანი, რომელიც თითქოს ათი წლის განმავლობაში მალავდა ოქროს, არამ ხითარიანი, რომლის დაკავებამ თითქოს ეს საქმე გახსნა, და რაფიელ სარქისოვი, რომელიც პოსტის მიხედვით ბერიას აგენტად მუშაობდა. ამ ადამიანების შესახებ დამოუკიდებელი ცნობები არ მოიძებნა. ისინი არ ჩანან არც საბჭოთა უშიშროების დოკუმენტებში, არც „დაშნაკცუთიუნის“ ისტორიის კვლევებში, არც ბერიას ბიოგრაფიებში. პრაქტიკულად, მათი არსებობა მხოლოდ ამ ერთ ისტორიაში ფიქსირდება. ეს ნიშნავს, რომ მთელი სიუჟეტი ისეთ პერსონაჟებზეა აგებული, რომელთა ისტორიული არსებობა ვერ დასტურდება. აქვე აღსანიშნავია, რომ რაფაელ (და არა რაფიელ) სარქისოვი მართლაც არსებობდა, მაგრამ ის იყო არა „ბერიას აგენტი,“ არამედ, მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბერიას პირად დაცვას. "ჯეოფაქტსი" ასევე გაეცნო მის დაკითხვის ოქმებს (არქივი) 1953 წელს ბერიას საქმესთან დაკავშირებით, თუმცა, „6 ტონა ოქროს“ შესახებ ინფორმაცია არც იქ აღმოჩნდა.

პოსტში მოყვანილი ფაქტებიდან ყველაზე აშკარა შეცდომა მატენადარანს (სომხეთის მესროპ მაშტოცის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და მუზეუმი) უკავშირდება. პოსტის მიხედვით, ქართული ოქრო ერევანში, მატენადარანის სარდაფში იყო დამარხული. სინამდვილეში მატენადარანი, როგორც ხელნაწერთა ცენტრალური საცავი, მხოლოდ 1939 წელს ჩამოყალიბდა, ხოლო მისი ცნობილი შენობის მშენებლობა 1945 წელს დაიწყო და მხოლოდ 1959 წელს დასრულდა (არქივი). 1929 წელს, როდესაც პოსტის მიხედვით, ბერიამ ოქრო დაიბრუნა, ასეთი დაწესებულება და, მით უმეტეს, მისი „სარდაფი“ არ არსებობდა. იმ დროს სომხეთის ხელნაწერები მატენადარანში არ ინახებოდა და ეჩმიაძინში იყო განთავსებული.

კიდევ უფრო სერიოზული კითხვები ჩნდება თავად ოქროს შესახებ. ქართული ოქროს სომხეთში გატანის ფაქტი არც ერთი წყაროთი არ დასტურდება. საქართველოდან დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრაციაში მყოფმა მთავრობამ 1921 წელს ქვეყნის დატოვების შემდეგ მართლაც გაიტანა ეროვნული საგანძური, თუმცა საფრანგეთში და არა სომხეთში. ეროვნული საგანძური საფრანგეთში ინახებოდა ექვთიმე თაყაიშვილის მეთვალყურეობით და საქართველოში მხოლოდ 1945 წელს დაბრუნდა. ამ ისტორიის შესახებ არსებობს მრავალი ოფიციალური დოკუმენტი, დიპლომატიური მიმოწერა, ფრანგული არქივები და ქართული სახელმწიფო მასალები. მათ შორის, არც ერთში არ არის ნახსენები, რომ საგანძურის რამე ნაწილი სომხეთში იყო გატანილი.

ამ ყალბი ისტორიის ყველაზე დაუჯერებელი ნაწილია ექვსი ტონა ოქროს არსებობა საქართველოს ხელისუფლების მფლობელობაში. ეს რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მისი გადაადგილება ვერ დარჩებოდა შეუმჩნეველი. ასეთი მოცულობის ოქროს ტრანსპორტირება საჭიროებდა დაცვას, აღრიცხვას, ფინანსურ დოკუმენტაციას და სახელმწიფო ბანკის მონაწილეობას. 1929 წლის საბჭოთა კავშირში მსგავსი ოპერაცია მხოლოდ ერთი რესპუბლიკის უშიშროების ხელმძღვანელს არ შეეძლო ისე ჩაეტარებინა, რომ ამის შესახებ ცენტრს არაფერი სცოდნოდა. პოსტში კი სწორედ ეს არის ნათქვამი - თითქოს ბერიამ ყველაფერი მოსკოვის გვერდის ავლით გააკეთა და სტალინმა ოქროს შესახებ არაფერი იცოდა. ეს ვერსია საბჭოთა სახელმწიფო სისტემის მუშაობის პრინციპებს არ შეესაბამება.

მნიშვნელოვანია ისიც, რა მასშტაბის სიმდიდრეს ნიშნავს 6 ტონა ოქრო იმ პერიოდში. 1920-იან წლებში 6 ტონა ოქრო დაახლოებით 4 მილიონ აშშ დოლარად ფასობდა. დღევანდელ ფასში კალკულაციით კი მისი ღირებულება დაახლოებით 800 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევდა. იმ პერიოდის ევროპის უმსხვილესი ეკონომიკებისთვისაც კი 6 ტონა ოქრო მნიშვნელოვანი სახელმწიფო აქტივი იყო. ხოლო, მცირე და საშუალო ზომის ქვეყნებისთვის ის პრაქტიკულად ეროვნული სიმდიდრის ერთ-ერთ უმთავრეს ნაწილს წარმოადგენდა. მაგალითად, ესტონეთის მთლიანი ოქროს რეზერვი დამოუკიდებლობის პერიოდში დაახლოებით 11 ტონას შეადგენდა.

ამ ყველა ფაქტორის გათვალისინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მტკიცება, თითქოს 1920-იან წლებში საქართველოდან სომხეთში იქნა გატანილი 6 ტონა ოქრო, რომელიც შემდეგ ბერიამ უკან დააბრუნა, სანდო ისტორიული წყაროებით არ დასტურდება.


ყველა პოსტის ნახვა

გაერთიანებულ სამეფოში არასრულწლოვნებში პუბერტატის ბლოკერების გამოყენების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
გაერთიანებულ სამეფოში არასრულწლოვნებში პუბერტატის ბლოკერების გამოყენების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
ივლ 09, 2026
თბილისის ანძა და კალაძის შეუსრულებელი დაპირება
თბილისის ანძა და კალაძის შეუსრულებელი დაპირება
ოქტ 02, 2025
სოციალურ ქსელში 4 ოქტომბრის მოვლენების შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში 4 ოქტომბრის მოვლენების შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება
ოქტ 17, 2025
დეზინფორმაცია:გაეროს „პროგრამა 2030“ და სექტემბერში დაგეგმილი სამიტი  მსოფლიო მთავრობის შექმნას ისახავს მიზნად
დეზინფორმაცია:გაეროს „პროგრამა 2030“ და სექტემბერში დაგეგმილი სამიტი მსოფლიო მთავრობის შექმნას ისახავს მიზნად
აგვ 03, 2024
ტალსი გაბარდი თანამდებობიდან იძულებით და დემონსტრაციულად არ გაუთავისუფლებიათ
ტალსი გაბარდი თანამდებობიდან იძულებით და დემონსტრაციულად არ გაუთავისუფლებიათ
ივნ 01, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.