Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: უკრაინა დონბასში 8 წლის განმავლობაში გენოციდს აწყობდა

დეზინფორმაცია: უკრაინა დონბასში 8 წლის განმავლობაში გენოციდს აწყობდა

აპრილს 2, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

2022 წლის 24 თებერვალს პუტინმა „სპეცოპერაციად“ წოდებული სრულმასშტაბიანი ომის მიზეზად „მოსახლეობის გენოციდისგან დაცვა და უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიღწევა“ დაასახელა, ასევე, „იმ ხალხის დაცვა, რომლებიც 8 წლის განმავლობაში კიევის რეჟიმისგან შეურაცხყოფას, გენოციდს განიცდიდნენ“. მსგავსი განცხადება პუტინმა 2021 წლის დეკემბერს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზეც გააკეთა: „რაც ახლა დონბასში ხდება, ძალიან მოგვაგონებს გენოციდს“. გენოციდის შესახებ ამავე შინაარსის განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, 2022 წლის 18 თებერვალს გააკეთა: „სიტუაცია [დონბასში] გენოციდს არ ჰგავს. არა, ეს არ ჰგავს გენოციდს...ეს არის გენოციდი...“

მტკიცება, რომ 8 წლის განმავლობაში უკრაინა დონბასში გენოციდს აწყობდა, მთავარ გზავნილად იქცა არა მხოლოდ კრემლსა და მის მიერ მართულ მედიაში, არამედ სხვა პრორუსულ წყაროებშიც.

სინამდვილეში, არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო დოკუმენტი ან შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა, რომელიც მოსკოვის ბრალდებას დაადასტურებს. ის ფაქტი, რომ პუტინი და კრემლი ნამდვილად ვერ ამტკიცებენ, რომ დონბასში გენოციდი მოხდა, იმითაც დასტურდება, რომ რუსეთს გაერო-ს გენოციდის პრევენციის ოფისისთვის ან სხვა საერთაშორისო ინსტიტუტისთვის გენოციდისა და ეთნიკური წმენდის საკითხზე ოფიციალურად არასდროს მიუმართავს. მეტიც, 2021 წლის ზაფხულამდე რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი საერთოდ არ შეუტანია.

2021 წლის 22 ივლისს რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უკრაინის წინააღმდეგ პირველი სახელმწიფოთაშორისი სარჩელი შეიტანა ნომრით - 36958/21. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია ყოველ წევრ სახელმწიფოს ანიჭებს უფლებამოსილებას სასამართლოში აღძრას საკითხი სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ კონვენციისა და მისი ოქმების დარღვევის შესახებ. რუსეთმა უკრაინას 2021 წელს სწორედ ამ უფლებამოსილების ფარგლებში უჩივლა.

რუსეთი საჩივარში ჩამოთვლის არაერთ სავარაუდო სამართალდარღვევას და კიევს 2014 წელს ევრომაიდანის აჯანყების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაში, ასევე შემდგომ პერიოდში მკვლელობებსა და გატაცებებში, რუსული ენის გამოყენების შეზღუდვასა და რუსეთის საელჩოებსა და საკონსულოებზე თავდასხმაში სდებს ბრალს. აღსანიშნავია, რომ რუსეთი გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ბრალდებას უკრაინას არც ამ სარჩელში უყენებს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები რუსეთს არ გააჩნდა - 2014 წლამდეც და 2022 წლის თებერვალში შეჭრისას, მოსკოვის მხრიდან გენოციდსა და ეთნიკურ წმენდაზე საუბარი, მხოლოდ პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება.

აღნიშნული სარჩელით რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევაში. კერძოდ, რუსეთის სარჩელის მიხედვით, უკრაინა არღვევს კონვენციით დაცულ სიცოცხლის, წამების აკრძალვის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის, დისკრიმინაციის აკრძალვის, უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების, საკუთრებისა და განათლების უფლებებს.

ამასთან, რუსეთმა ევროპულ სასამართლოს სასწრაფო დროებითი ზომების ამოქმედებისთვის მიმართვა, რაც შემდეგნაირად ჟღერდა:

  1. შეწყდეს რუსულენოვანი პირების უფლებების შეზღუდვა მათი მშობლიური ენის სკოლებში, მედიასა და ინტერნეტში გამოყენებასთან მიმართებით.
  2. უკრაინის ხელისუფლებამ შეაჩეროს ჩრდილოეთ ყირიმის ,,არხის ბლოკადა’’, რათა მოხდეს ამ ტერიტორიის სასმელი წყლით უზრუნველყოფა.

აღნიშნული სასწრაფო დროებითი ზომების ამოქმედება რუსეთმა „სასამართლოს წესების“ 39-ე წესის თანახმად მოითხოვა. ამ წესით, როცა სასამართლო საჩივარს მიიღებს, მან შესაძლოა, სახელმწიფოს მოსთხოვოს ცალკეული დროებითი ღონისძიებების გატარება მანამ, სანამ სასამართლო საქმეს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამგვარი უფლებით სასამართლო სარგებლობს მაშინ, როდესაც საქმის განხილვის დასრულებამდე ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევის რისკი არსებობს. თუმცა სასამართლომ რუსეთის აღნიშნული მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, რადგან ჩათვალა, რომ დონბასში არსებული სიტუაცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ძირითად უფლებებს გამოუსწორებელ ზიანსა და სერიოზულ საფრთხეს არ აყენებდა.

აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის შემდეგ სიახლე არ გამოუქვეყნებია. უცნობია, როდის გაგრძელდება სამართალწარმოება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს აღნიშნულზე მითითება არცერთი განცხადებით არ გაუკეთებია.

ამრიგად, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ გენოციდის ბრალდება არ წარუდგენია, მეტიც, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია. სიტყვიერი ბრალდებების საპასუხოდ, უკრაინამ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გაერო-ს მთავარი სამართლებრივი ორგანოა და რომის სტატუსის შესაბამისად, ჟენევის კონვენციით განსაზღვრული 4 ტიპის დანაშაულს განიხილავს, ესენია: გენოციდი, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ომის დანაშაული და აგრესიის აქტი. უკრაინის სარჩელი, დონბასის რეგიონში რუსეთის შეჭრასა და რუსული მხარის მიერ, შეჭრის მიზეზად უკრაინელთა მხრიდან რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ „გენოციდის“ ფაქტს ეხებოდა.

2022 წლის 16 მარტს, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ (გაერო-ს მთავარი სამართლებრივი ორგანო) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელზე წინასწარი გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხება რუსეთის მიერ ცნების, გენოციდის დამახინჯებას და მის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასამართლებლად. სასამართლოს დადგენილებით „მოცემულ გარემოებებში გაეროს საერთაშორისო სასამართლო მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს სამართლიანი უფლება არ იყოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაციების სამიზნე უკრაინის ტერიტორიაზე თითქოსდა გენოციდის პრევენციის ან დასჯის მიზნით“. ჰააგის სასამართლომ ასევე მოუწოდა რუსეთის ფედერაციას „დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციები, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო“ და „ნებისმიერ სამხედრო, რეგულარულ შეიარაღებულ დანაყოფებს და სხვა ორგანიზაციებსა თუ პირებს, რომელთაც რუსეთი აკონტროლებს, ეკრძალებათ აგრესიის შემდგომი ნაბიჯების განხორციელება“.

იმისთვის, რომ მომხდარი გენოციდად ჩაითვალოს, აუცილებელია, არსებობდეს მტკიცებულება, რომ მთავრობას ან ჯგუფს, რომელსაც ბრალი ედება გენოციდში, აქვს მოსახლეობის მასობრივი განადგურების განზრახვა. არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 2014 წლის შემდეგ დონბასის რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აკვირდებოდა, მსგავსი მასობრივი, განზრახი მკვლელობების არსებობას არ ამტკიცებს. აღნიშნულს ადასტურებს ევროპის საბჭოს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისა და ეუთოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები.

2022 წლის 23 თებერვალს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა, განაცხადა, რომ დონბასში შექმნილი ვითარება არ არის გენოციდი.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ყალბი ციტატა ვრცელდება
სექ 23, 2025
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
დეკ 11, 2024
დეზინფორმაცია, თითქოს ევროპარლამენტი მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას არ აღიარებს
დეზინფორმაცია, თითქოს ევროპარლამენტი მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას არ აღიარებს
იან 23, 2025
სოციალურ ქსელში Pfizer-ის ვაქცინის გვერდითი მოვლენების სიასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში Pfizer-ის ვაქცინის გვერდითი მოვლენების სიასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
იან 24, 2025
მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინები ჯეფრი ეპსტინის დნმ-ს შეიცავდა
მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინები ჯეფრი ეპსტინის დნმ-ს შეიცავდა
მაი 05, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.