Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ვიეტნამში ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის არსებულ კავშირზე დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვიეტნამში ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის არსებულ კავშირზე დეზინფორმაცია ვრცელდება

აგვისტოს 8, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4, 5) ვიდეოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული).  პოსტის მიხედვით, „დოქტორ ენტონი ფანის თქმით, ვიეტნამში აუტიზმი პრაქტიკულად არ არსებობდა მანამ, სანამ „ბილ გეითსმა და გეითსის ფონდმა ვაქცინაციის პროგრამა არ შემოიღეს“. „ახლა ვიეტნამში აუტიზმის შემთხვევები 300%-ზე მეტით გაიზარდა““. სინამდვილეში, არც ვიეტნამში და არც ზოგადად, აუტიზმის გავრცელებასა და ვაქცინაციას შორის კავშირის არსებობა არ დასტურდება.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში გამოთქმულია მტკიცება, რომ ვაქცინაციას შეუძლია აუტიზმის გამოწვევა. არგუმენტად მოყვანილია ინფორმაცია, თითქოს ვიეტნამში აუტიზმი ბილ გეითსის მიერ მხარდაჭერილი ვაქცინაციის პროგრამის დაწყებამდე არ არსებობდა. ვიდეოში დოქტორი ენტონი ფანი მტკიცებულებების გარეშე ამტკიცებს, რომ 1975, 2000 ან 2001 წლებში ვიეტნამში აუტიზმი არ არსებობდა და რომ ვაქცინაციის შემდეგ 300%-იანი ზრდა შეინიშნება.

აღნიშნული ვიდეოკლიპის სრული, 23-წუთიანი ვერსია YouTube არხ Vaxxed-ის ნაწილი იყო და ანტივაქსერულ დოკუმენტურ ფილმ Vaxxed-ს უწევდა პოპულარიზაციას. ვიდეო ენდრიუ ვეიქფილდის – ბრიტანელი ექიმის მიერაა გადაღებული, რომელსაც სამედიცინო ლიცენზია მას შემდეგ ჩამოერთვა, რაც მან 1998 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, რომელიც აუტიზმს წითელას, ყბაყურასა და წითურას ვაქცინებს უკავშირებდა, მონაცემები გააყალბა.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ უკვე ჩატარებული კვლევებით არ დასტურდება რაიმე კავშირის არსებობა აუტიზმსა და ვაქცინაციას შორის. მაგალითად, ამ საკითხზე ერთ-ერთი ბოლო ფართომასშტაბიანი კვლევა 2019 წლის მარტში ჟურნალ Annals of Internal Medicine-ში გამოქვეყნდა. კვლევა მყარად ადასტურებს, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას (MMR) ვაქცინაცია არ იწვევს აუტიზმს და არ ზრდის აუტიზმის განვითარების რისკს. მეცნიერებმა 1999-2010 წლების შუალედში დანიაში დაბადებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს. კვლევის განმავლობაში შესწავლილი 657,461 ბავშვიდან აუტიზმის დიაგნოზი 6,517-ს განუვითარდა.  MMR-ვაქცინირებული შემთხვევები შეადარეს არავაქცინირებულებს, მათი რისკების ფარდობა იყო 0.93 (95% CI, 0.85-დან 1.02-მდე). ასევე, აუტიზმის მომატებული რისკი არ აღმოჩნდა იმ ქვეჯგუფშიც, რომელთა და-ძმასაც ჰქონდა აუტიზმი ან სხვა რისკ-ფაქტორი. ვაქცინები არც აუტიზმის გამოვლენასთანაა რაიმე კავშირში.

ამასვე ადასტურებს ბრიტანული აუტიზმის ეროვნული საზოგადოებაც: „აუტიზმსა და ვაქცინებს შორის კავშირი არ არსებობს“. ზოგადად, აუტიზმის გამომწვევი მიზეზები მეცნიერებაში დღემდე განხილვის საგანია, თუმცა ყველაზე გავრცელებული თეორიით, მთავარ მიზეზს ადამიანის გენეტიკა/გენები წარმოადგენს.

ვიეტნამში ვაქცინაციისა და აუტიზმის სპექტრის აშლილობას შორის ურთიერთკავშირის შესახებ გავრცელებული მტკიცებები ფაქტების გადამმოწმებელმა მედიამ AFP-მაც გამოიკვლია. მათ ინტერვიუსთვის მიმართეს ვიეტნამის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ კონგ ტრენს, რომლის თქმით, ვიეტნამში აუტიზმით დაავადებულთა მაჩვენებლების ეროვნული სტატისტიკა არ არსებობს. ქვეყანაში აუტიზმის შემთხვევების პროგრესირების მონიტორინგს კიდევ უფრო ართულებს ცვლილებები მისი დიაგნოსტირების წესებში. კერძოდ, 2013 წელს ამერიკის ფსიქიატრიულმა ასოციაციამ შემოიღო აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ASD) ერთიანი დიაგნოზი, რაც განსხვავდება მანამდე, 1994 წლიდან არსებული მიდგომისგან, რაც 4 ქვეკატეგორიას მოიცავდა. ვიეტნამის ბავშვთა ეროვნული საავადმყოფოს ფსიქიატრმა AFP-ს განუცხადა, რომ აუტიზმის ქვეკატეგორიების ერთ დიაგნოზში გაერთიანებამ და დაავადების კლასიფიკაციის ამგვარმა ცვლილებამ მონიტორინგი გაართულა: „ცვლილება ართულებს წლების განმავლობაში აუტიზმით დაავადებული ადამიანების რიცხვის შედარებას“. მისივე მტკიცებით, „ვიეტნამში ან სხვა ქვეყნებში ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის კავშირი არ არსებობს“ და „იმის თქმა, რომ ვაქცინაცია აუტიზმს იწვევს, არამეცნიერულია“.

2021 წელს ჰანოის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევრებმა გამოაქვეყნეს, მათი თქმით, ვიეტნამში აუტიზმის გავრცელების პირველი ეროვნული კვლევა, რომელშიც დადგენილია, რომ დაახლოებით ყოველი 132 ბავშვიდან ერთს აუტიზმი აქვს. ტრენი, რომელიც ASD-ს უკვე 20 წელია იკვლევს, აცხადებს, რომ აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებამ გამოიწვია ბავშვებში ამ დიაგნოზის ზრდა, თუმცა „იმის თქმა, რომ ვიეტნამში აუტიზმის შემთხვევები 300%-ით გაიზარდა, სისულელეა“. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრენი მუშაობს 30-40 წლის მრავალ ზრდასრულ ადამიანთან, რომელთაც აუტიზმის დიაგნოზი აქვთ. შესაბამისად, „ეს ნიშნავს, რომ ვიეტნამში 2000 წლამდეც ნამდვილად იყვნენ აუტიზმის მქონე პაციენტები“.

ამრიგად, კავშირი ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის მეცნიერულად არ დასტურდება. უშუალოდ ვიეტნამში კი არ არსებობს რაიმე სტატისტიკა, რომლითაც დგინდება, რომ აუტიზმით დაავადებულთა რიცხვმა ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ 300%-ით იმატა.

აღსანიშნავია, რომ აუტიზმთან დაკავშირებით დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა (იხ. სტატია 1, 2, 3). ხშირად ვრცელდება ყალბი ამბები ბილ და მელინდა გეითსების ფონდსა და მის საქმიანობასთან დაკავშირებითაც (1, 2, 3, 4).

დეზინფორმაცია ვიეტნამში აუტიზმსა და ვაქცინაციას შორის არსებული კავშირის შესახებ გადაამოწმეს უცხოურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმაც: AFP, Full Fact.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება
ნოე 21, 2024
სოციალურ ქსელში ფოტო უკრაინის პრეზიდენტის საახალწლო მიმართვიდან მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ფოტო უკრაინის პრეზიდენტის საახალწლო მიმართვიდან მანიპულაციურად ვრცელდება
იან 09, 2025
სოციალურ ქსელში „ტაბულას“ რედაქტირებული ქარდი ვრცელდება
სოციალურ ქსელში „ტაბულას“ რედაქტირებული ქარდი ვრცელდება
ივლ 17, 2025
გიორგი ამილახვარი: 52 000 სტატუსის მქონე პედაგოგიდან 70%-ს  ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზარდათ
გიორგი ამილახვარი: 52 000 სტატუსის მქონე პედაგოგიდან 70%-ს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზარდათ
ივლ 03, 2024
სოციალურ ქსელში კონსტანტინე მორგოშიას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში კონსტანტინე მორგოშიას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
იან 15, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.