Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ყალბია ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირის დირექტივების გამო აძლევდა საქართველო ბინადრობის უფლებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს

ყალბია ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირის დირექტივების გამო აძლევდა საქართველო ბინადრობის უფლებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს

აპრილს 2, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება


სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საქართველო უცხოელებს ბინადრობის ნებართვას ევროკავშირის დირექტივების შედეგად აძლევდა(არქივირებული ბმული). პოსტის ავტორის ეს მტკიცება რეალობას არ შეესაბამება. საქართველოს მიგრაციული პოლიტიკა და უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის წესები განისაზღვრება საქართველოს შიდა კანონმდებლობით, კერძოდ, კანონით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. სწორედ ეს კანონი ადგენს საფუძვლებს, რომელთა მიხედვითაც, უცხოელს საქართველოში შეუძლია ბინადრობის ნებართვის მიღება მუშაობის, სწავლის, ოჯახის გაერთიანების, ინვესტიციის, მოკლევადიანი, უვადო, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული პირის, ან სხვა სამართლებრივ საფუძველზე.

ევროკავშირის დირექტივები, მათ შორის, არც ბინადრობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, საქართველოსთვის სავალდებულო არ არის, რადგან ისინი მოქმედებს მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მაგალითად, ევროკავშირის დირექტივა 2004/38/EC არეგულირებს ევროკავშირის მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებასა და საცხოვრებლის უფლებას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, მაგრამ იგი არ ვრცელდება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებზე. შესაბამისად, ეს დირექტივა, ისევე როგორც სხვა დირექტივები ვერ იქნება იმის საფუძველი, რომ საქართველომ უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის სისტემა შემოიღოს.

სინამდვილეში, უცხოელებისთვის შედარებით ლიბერალური მიგრაციული რეჟიმი საქართველოში თავად სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა. 2000-იანი წლების შუა პერიოდში საქართველომ მიზანმიმართულად გაამარტივა ვიზებისა და ბინადრობის წესები ტურიზმის, ინვესტიციების და ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად. მაგალითად, 2006 წელს საქართველომ ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად გააუქმა ვიზები.

საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობა მიგრაციის სფეროში ძირითადად ეხება სხვა საკითხებს, მაგალითად, ვიზების ლიბერალიზაციის პროცესს, საზღვრის მართვასა და მიგრაციის ადმინისტრირების გაუმჯობესებას. თუმცა არც ასოცირების შეთანხმება და არც ევროკავშირის სხვა სამართლებრივი აქტები საქართველოს არ ავალდებულებს უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემას.

უფრო მეტიც, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მე-6 თავის (დაფუძნება, მომსახურებით ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია) 76-ე მუხლის მე-5 პუნქტში წერია, რომ “მოცემული თავი არ გამოიყენება იმ ღონისძიებების მიმართ, რომლებიც გავლენას ახდენს მხარის დასაქმების ბაზარზე დაშვების მაძიებელ ფიზიკურ პირებზე, ასევე ეს თავი არ ეხება მოქალაქეობასთან, მუდმივ რეზიდენტობასა და დასაქმებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.”

საქართველოს და ევროკავშირი 2013 წლიდან ჩართული იყვნენ ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგში, თუმცა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებები არ გულისხმობდა ისეთი კანონების მიღებას, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის გაცემის წესებს განსაზღვრავდა.

ამგვარად, მტკიცება, თითქოს საქართველოში უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვა ევროკავშირის დირექტივების გამო არსებობდა, მცდარია. ეს ინსტიტუტი საქართველოს ეროვნული მიგრაციული პოლიტიკის ნაწილია და არა ევროკავშირის მიერ დაწესებული მოთხოვნა.


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელებში ბუჩაში რუსების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი ხოცვის უარმყოფელი მასალა ვრცელდება
სოციალურ ქსელებში ბუჩაში რუსების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი ხოცვის უარმყოფელი მასალა ვრცელდება
ივნ 12, 2026
ნინო წილოსანი: „Heritage Foundation“ ამ კრიტერიუმებით [ქრთამის, გამოძალვის, ნეპოტიზმის, მფარველობის, გაფლანგვის სიმცირე] საქართველოს აფასებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო და პროგრესულ ქვეყანას.
ნინო წილოსანი: „Heritage Foundation“ ამ კრიტერიუმებით [ქრთამის, გამოძალვის, ნეპოტიზმის, მფარველობის, გაფლანგვის სიმცირე] საქართველოს აფასებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო და პროგრესულ ქვეყანას.
ივნ 21, 2024
სოციალურ ქსელში ცნობილი ბრენდების ლოგოებზე კონსპირაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ცნობილი ბრენდების ლოგოებზე კონსპირაცია ვრცელდება
იან 14, 2025
არ დასტურდება, რომ ლატვიაში გადაუდებელ პაციენტებს მკურნალობაზე უარს რუსულ ენაზე საუბრის გამო ეუბნებიან
არ დასტურდება, რომ ლატვიაში გადაუდებელ პაციენტებს მკურნალობაზე უარს რუსულ ენაზე საუბრის გამო ეუბნებიან
აგვ 21, 2026
დეზინფორმაცია: კლიმატის ცვლილების მსგავსად,  „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსიც გამოგონილია
დეზინფორმაცია: კლიმატის ცვლილების მსგავსად, „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსიც გამოგონილია
აგვ 13, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.