Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
არის, თუ - არა შეწყალების თხოვნა და დანაშაულის აღიარება შეწყალების წინაპირობა?

არის, თუ - არა შეწყალების თხოვნა და დანაშაულის აღიარება შეწყალების წინაპირობა?

იანვარს 23, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · სამართალი

მსჯავრდებულთა შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ, კონსტიტუციურ უფლებამოსილებას წარმოადგენს.[1] საქართველოს კონსტიტუცია უფლებამოსილების განხორციელების მატერიალურ ან პროცედურულ წინაპირობებს არ ითვალისწინებს, შესაბამისად, სახელმწიფოს მეთაური შეწყალების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, ფართო დისკრეციით სარგებლობს.

აღსანიშნავია, რომ შეწყალების აქტი მიეკუთვნება სახელმწიფოს მეთაურის იმ სამართლებრივ აქტთა კატეგორიას, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას არ საჭიროებს.[2] ეს გარემოება დამატებით უსვამს ხაზს შეწყალების უფლებამოსილების ექსკლუზიურობას და მის სრულ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე სხვა სახის ადმინისტრაციული გავლენებისგან.

კონსტიტუციის ჩანაწერის სიცხადის მიუხედავად,  პოლიტიკურ სივრცეში პერიოდულად ცირკულირებს მოსაზრებები შეწყალების „წინაპირობების“ შესახებ, რომელთა არ არსებობა, თითქოს პრეზიდენტს პირის შეწყალების უფლებამოსილებას უზღუდავს. ამ წინაპირობებს შორის ხშირად მსჯავრდებულის მხრიდან შეწყალების თხოვნის წარდგენა და ჩადენილი დანაშაულის აღიარება თუ მონანიება სახელდება.

ამგვარი შეფასებების საფუძველი, სუბიექტურ ფაქტორებთან ერთად, სავარაუდოდ, შეწყალების საქმეების განხილვის ადმინისტრაციული პრაქტიკაა,  რომელიც საქართველოს პრეზიდენტის „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ N556-ე ბრძანებულებით არის გაწერილი.

ეს ბრძანებულება კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების დამხმარე ინსტრუმენტს წარმოადგენს და მასში გაწერილია შეწყალების პროცედურული წესები და სარეკომენდაციო კრიტერიუმები.

ბრძანებულების თანახმად, მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის გაცნობიერება და მონანიება, დანაშაულის ჩადენის მოტივთან და მიზანთან, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგთან და სხვა ფაქტორებთან ერთად, მართლაც წარმოადგენს იმ გარემოებას, რომელიც პრეზიდენტმა შეწყალების უფლების გამოყენებისას, მიზანშეწონილია, რომ გაითვალისწინოს. [3] ბრძანებულებაში ასევე გაწერილია საქართველოს პრეზიდენტისადმი შეწყალების თხოვნით მიმართვის თავისებურებებიც, თუმცა, რეალურად, დოკუმენტი არ ადგენს ამ გარემოებებს, როგორც სავალდებულო წინაპირობებს და არ ზღუდავს პრეზიდენტის გადაწყვეტილების თავისუფლებას.

პირიქით, ბრძანებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველადაც მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე. გარდა ამისა, ამ ექსპლიციტური ჩანაწერის გარეშე, ზოგადი კონსტიტუციური ლოგიკაც ამოწმებს, რომ კონსტიტუციურ ჩანაწერებს ავტონომიური მნიშვნელობა აქვთ და მათი შინაარსი არ შეიძლება იბოჭებოდეს კანონით ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

ზემოთ აღწერილ წმინდად ტექნიკურ საკითხებთან ერთად, რომლებიც კონსტიტუციასა და კანონებს შორის არსებული ურთიერთმიმართების აღწერით შემოიფარგლება, დანაშაულის აღიარების შეწყალების წინაპირობად დასახელება ცალსახად ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციურ ლოგიკას.

შეწყალების უფლებამოსილება პრეზიდენტის ფართო დისკრეციული უფლებამოსილება და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტია, რომელიც არაერთი მნიშვნელოვანი მიზნით შეიძლება გამოიყენებოდეს. მათ შორის, შეწყალების მექანიზმი შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს მართლმსაჯულების შეცდომის გამოსასწორებლად და უსაფუძვლოდ მსჯავრდებული პირის გასათავისუფლებლად.[4] შესაბამისად, აბსურდულია პირს, რომელიც უსამართლოდ იხდის სასჯელს, მოვთხოვოთ, რომ შეწყალებამდე დანაშაული აღიაროს. ამასთან, შეწყალება ისტორიულად განიხილება, როგორც პრეზიდენტის ხელთ არსებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც არაერთ შემთხვევაში გამოყენებულა პოლიტიკური კრიზისების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი დაძაბულობის შემცირების მიზნით.

ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, შეწყალების თხოვნა და დანაშაულის აღიარება არ წარმოადგენს შეწყალების სამართლებრივ წინაპირობებს. ისინი შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ როგორც შესაძლო გარემოებები, რომლის გათვალისწინებაც პრეზიდენტს საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია.

[1] იხ. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის 1.ვ. პუნქტი.

[2] იხ. საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის 2.ზ. პუნქტი.

[3] იხ. ბრძანებულების შესავალი ნაწილი.

[4][4] ავალიანი თ., ჩიტიძე გ., შეწყალების უფლებამოსილება – ქართული მოდელი და საერთაშორისო გამოცდილება, თბილისი, 2016.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა სქესი შეიცვალა
დეზინფორმაცია: ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა სქესი შეიცვალა
ნოე 20, 2024
სოციალურ ქსელში ლაბუბუს სათამაშო მონსტრების შესახებ კონსპირაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ლაბუბუს სათამაშო მონსტრების შესახებ კონსპირაცია ვრცელდება
ივლ 16, 2025
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება
ოქტ 24, 2025
სოციალურ ქსელში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) დოკუმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) დოკუმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
თებ 05, 2025
სოციალურ ქსელში კანადაში ევთანაზიის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში კანადაში ევთანაზიის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
ივნ 05, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.