Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურება 11.5%-ით გაიზარდა

ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურება 11.5%-ით გაიზარდა

იანვარს 22, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ეკონომიკა

მოკლედ საკითხავი

  • ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში, 2025 წლის გეგმასთან შედარებით, ასიგნებების ჯამური მოცულობა მხოლოდ 1%-ით იზრდება;

  • ამ ფონზე, 5.4%-ით მცირდება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების ასიგნებების გეგმა;

  • მერიისა და საკრებულოს შტატში დასაქმებულთა რაოდენობა უცვლელია, მათი შრომის ანაზღაურება კი 1 008 500 ლარით მეტია.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში შემოსულობების გეგმა 504 074 400 ლარით განისაზღვრა, რაც შარშანდელ გეგმასთან (471 656 700 ლარი) მიმართებით, გაზრდილია 6.8%-ით. შემოსულობებში მთავარი წილი შემოსავლებს უჭირავს – 495 074 400 ლარით, რაც, ასევე, გასული წლის გეგმასთან – 458 656 700 ლართან – მიმართებით, 7.9%-ით მეტია. არაფინანსური აქტივების კლება კი ნაკლები მოცულობით დაიგეგმა. კერძოდ, 2025 წლის გეგმა 13 000 000 ლარს შეადგენს, 2026 წელს კი მერია 9 000 000 ლარის მიღებას ვარაუდობს.

გადასახდელების ნაწილი დაგეგმილია, ჯამში, 570 000 000 ლარით. თუ 2025 წლის შესაბამის პარამეტრთან (564 563 000 ლარი) მიმართებით ვიანგარიშებთ, ზრდა დაახლოებით 1%-ია.  ხარჯების გეგმა 287 836 100 ლარს შეადგენს, ხოლო არაფინანსური აქტივების ზრდა 240 685 000 ლარია.

ცხრილი 1. ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები, ცვლილება 2025 წელთან მიმართებით

დასახელება 2025 წლის გეგმა

(ათასი ლარი)

2026 წლის გეგმა

    (ათასი ლარი)

ცვლილება
ათასი ლარი %
შემოსულობები 471,656.7 504,074.4 32,417.7  6.8
შემოსავლები 458,656.7 495,074.4 36,390.7 7.9
არაფინანსური აქტივების კლება 13,000.0 9,000.0 -4.000.0 -30.8
გადასახდელები 564,563.0 570,000.0 5,437.000  1.0
ხარჯები 283,877.3 287,836.1 3,958.8 1.4
არაფინანსური აქტივების ზრდა 235,755.1 240,685.0 4,929.9 2.1
ვალდებულებების კლება 44,930.6 41,478.9 -3,451.7 -7.7

წყარო: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი; ავტორის გამოთვლები

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბიუჯეტში, გადასახადის სახით, დაგეგმილია 135 477 400 ლარის მიღება. აქედან ქონების გადასახადი 57 000 000 ლარს შეადგენს, ხოლო დამატებითი ღირებულების გადასახადი – 78 477 400 ლარს. შარშანდელთან შედარებით, პირველი გაზრდილია 9 000 000 ლარით, დღგ-ის გეგმა კი 5 410 600 ლარით იზრდება. რაც შეეხება გრანტებს, წელს ბიუჯეტში დაგეგმილია 248 914 300 ლარის მობილიზება, რაც 2025 წლის გეგმაზე 15 927 400 ლარით მეტია. სახელმწიფოსგან მიღებული გრანტი 538 000 ლარს შეადგენს, ხოლო აჭარის ა/რ  ბიუჯეტიდან – 104 200 000 ლარი (სპეციალური ტრანსფერი) და 143 800 000 ლარი (კაპიტალური ტრანსფერი). საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ბიუჯეტში  376 300 ლარი შევა.

ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში, პირველ რიგში, ყურადღებას იპყრობს ადმინისტრაციული ხარჯების – შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურების მუხლების – გაზრდილი მაჩვენებლები. 2026 წლის ბიუჯეტში უცვლელია შტატში მომუშავეთა რიცხოვნობა. მათი შრომის ანაზღაურებაზე ბიუჯეტი 62 750 600 ლარს დახარჯავს. ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტის მიხედვით, შრომის ანაზღაურებას 2 952 დასაქმებული იღებდა და ამ მიმართულებით გათვალისწინებული იყო 55 455 300 ლარი. 2025 წლის მარტის ბოლოს აღნიშნული პარამეტრები შეიცვალა და გახდა 2 975 დასაქმებული (აქედან ნაწილი – საბავშვო ბაღების მასწავლებელი) და 55 977 300 ლარი. ბოლო ცვლილებით, მომუშავეთა რიცხოვნობა არ შეცვლილა, ანაზღაურების ხარჯი კი გაიზარდა და 56 277 300 ლარი შეადგინა. 2026 წელს შრომის ანაზღაურების მუხლი გაზრდილია 11.5%-ით, ხოლო საქონელი და მომსახურების მიმართულებით დაგეგმილია 8%-ით მეტის დახარჯვა.

ცხრილი 2. ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის ასიგნებები პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით, ცვლილება 2025 წლის ბიუჯეტთან მიმართებით (ათასი ლარი)

№ დასახელება 2025 წლის გეგმა 2026 წლის გეგმა ცვლილება ცვლილება %
სულ  ასიგნებები 564,563.0 570,000.0 5,437.0  1.0
  მომუშავეთა რიცხოვნობა 2,975.0 2,975.0 –  –
  შრომის ანაზღაურება 56,277.3 62,750.6 6,473.3  11.5
  საქონელი და მომსახურება 93,728.6 101,191.2 7,462.6  8.0
  ვალდებულებები 44,930.6 41,478.9 -3,451.7  -7.7
02 00 მუნიციპალური ინფრასტრუქტურის
განვითარება
311,081.4 294,149.1 -16,932.3 -5.4
  მომუშავეთა რიცხოვნობა 128.0 128.0 – –
  შრომის ანაზღაურება 3,372.9 3,688.5 315.6 9.4
03 00 ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური
მდგომარეობისა და სარეკრეაციო
ინფრასტრუქტურის განვითარება
49,915.3 54,800.8 4,885.5 9.8
  მომუშავეთა რიცხოვნობა 135.0 135.0  – –
  შრომის ანაზღაურება 1,550.3 1,707.6 157.3 10.1
04 00 განათლება 54,520.3 65,471.5 10,951.2 20.1
  მომუშავეთა რიცხოვნობა 1,686.0 1,686.0 – –
  შრომის ანაზღაურება 24,833.7 27,761.9 2,928.2 11.8
05 00 კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და
სპორტი
33,433.4 37,530.1 4,096.7 12.3
  მომუშავეთა რიცხოვნობა 467.0 467.0 – –
  შრომის ანაზღაურება 8,237.2 9,263.1 1,025.9 12.5
06 00 ჯანმრთელობის დაცვა და  სოციალური
უზრუნველყოფა
29,874.0 34,381.2 4,507.2 15.1
  მომუშავეთა რიცხოვნობა 121.0 121.0 – –
  შრომის ანაზღაურება 2,106.0 2,325.9  219.9 10.4
07 00 ქალაქის ეკონომიკური და ურბანული
განვითარება
1,267.9 1,125.1  -142.8 -11.31
08 00 მუნიციპალური სერვისების განვითარება 15,060.0 15,217.8 157.8 1.0
  მომუშავეთა რიცხოვნობა 222.0 222.0 – –
  შრომის ანაზღაურება 7,494.6 8,331.7  837.1 11.2

წყარო: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი; ავტორის გამოთვლები

გაზრდილი ასიგნებების პირობებში, 5.4%-ით მცირდება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების ასიგნებების გეგმა. კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 31 317 900 ლარით ნაკლების გახარჯვა იგეგმება, ხოლო სატრანსპორტო სისტემისა და სერვისების განვითარებაზე მერია 6 157 600 ლარით ნაკლების დახარჯვას გეგმავს. აღნიშნული ქვეპროგრამის აღწერაში ვკითხულობთ: „მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სატრანსპორტო სისტემისა და სერვისის განვითარება, რაც გულისხმობს თანამედროვე, ადაპტირებულ და საჭიროების მქონე ყველა პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ სატრანსპორტო სერვისს. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, პარკირების სერვისისა და მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის მართვა.“ ამის მისაღწევად ქალაქის მერიამ იმაზე ნაკლები ხარჯი გაითვალისწინა, ვიდრე 2025 წელს. ბათუმში კი საცობები და პარკირების ადგილების არარსებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა როგორც ტრანსპორტით, ისე ფეხით გადაადგილებისთვის.

იზრდება საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟის ქვეპროგრამებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა. საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების ქვეპროგრამის აღწერაში მერიამ მიუთითა, რომ ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტი 2007 წლიდან მიმდინარეობს და ის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) შეღავათიანი სესხითა და ბათუმის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტი გულისხმობს ქალაქის წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისა და მოვლა-პატრონობის, წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციისა და ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსება. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, მუნიციპალური წყლის კომპანიაში უწყვეტი წყალმომარაგების სერვისის მიმღებად 2025 წელს რეგისტრირებული იყო  147 057 აბონენტი. 2026 წელს მათი რაოდენობა   149 998 უნდა გახდეს. ასევე, 2 841-ით გაიზრდება გამწმენდ ნაგებობებში ჩართულ საკანალიზაციო ქსელზე დაერთებული აბონენტების რაოდენობა და 144 866 აბონენტს მიაღწევს. ერთ-ერთი ქვეპროგრამის ფარგლებში კი დაგეგმილია ქალაქის სანიაღვრე სისტემის გაფართოება და გამტარუნარიანობის გაუმჯობესება.

2026 წლის ხარჯებით გათვალისწინებულია ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობა, ასევე, 200-ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა სხვა მისამართზე და 9 ავარიული სახლის დემონტაჟი-მშენებლობა/გამაგრება-რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში,  დაგეგმილია, ჯამში, 36 455 600 ლარის ხარჯი, რაც 7 955 500 ლარით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

ყველაზე მაღალი ნომინალური ზრდა განათლების მიმართულებით ფიქსირდება. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაფინანსება  65 მლნ ლარს აღემატება, რაც, წინა წელთან შედარებით, 11.2 მლნ ლარით, ანუ დაახლოებით 21% მეტია. ამავე დროს, შტატების რაოდენობა უცვლელი რჩება, ხოლო შრომის ანაზღაურება 11.8%-ით იმატებს. რაც შეეხება საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობასა და კაპიტალურ რეაბილიტაციას, წელს გათვალისწინებულია 20 021 900 ლარი. პროექტი „ენერგოეფექტური ღონისძიებები და ევროკავშირის ენერგოეფექტურ სტანდარტებთან დაახლოება საქართველოში“, რომელიც საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობით მიმდინარეობს, ითვალისწინებს ბათუმის საჯარო საბავშვო ბაღების სრულ რეაბილიტაციას (ენერგოეფექტურობის, სტრუქტურული, კომფორტის და უსაფრთხოების ღონისძიებები). აღნიშნული პროექტი ფინანსდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) გრანტით, ხოლო ბათუმის მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა საგრანტო თანხის 10%-ს შეადგენს. დანართის თანახმად, 2026 წელს რეაბილიტირებული იქნება ხუთი საბავშვო ბაღის შენობა და აშენდება ერთი საბავშვო ბაღი. რაც შეეხება კიდევ ორ საბავშვო ბაღს – ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე და ივანე მესხის ჩიხში – მათი მშენებლობა 2024 წლის ნოემბერში დაიწყო.  სამუშაოების ჯამური ღირებულება 10 763 521 ლარს შეადგენს. მიმწოდებელს ორივე პროექტი 2025 წლის 15 დეკემბერს უნდა დაესრულებინა. თუმცა სწორედ 15 დეკემბერს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვადა  2026 წლის 15 აპრილის ჩათვლით გაეხანგრძლივებინათ. ამიტომ პროექტები 2026 წელს უნდა დასრულდეს.

მნიშვნელოვანი ზრდაა სპორტის მიმართულებითაც. მუნიციპალური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოვლა-პატრონობის პროგრამა თითქმის ორჯერ იზრდება. მიუხედავად ასეთი სოლიდური დაფინანსებისა, ბათუმის მერია არ გეგმავს, გაზარდოს ფართობი, რომელზეც მოწყობილია სპორტული ინფრასტრუქტურა – 2026 წლის ფართობის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 407-ია, რაც 2025 წლის საბაზისო მაჩვენებლის ტოლია. დაგეგმილია მხოლოდ რაგბის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები (არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და 2 ახალი სტადიონისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა).

რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და კულტურის ობიექტების რეაბილიტაციის ქვეპროგრამას, ხარჯი შემცირებულია. წელს სამუშაოები სამ ობიექტზე იგეგმება: შოთა რუსთაველის ქ. N51-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის შავი ზღვის ფილიალის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია (1 000 000 ლარი); ლუკა ასათიანის ქ. N25-ში მდებარე მერიის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია-გამაგრება (1 868 000 ლარი) და დემეტრე თავდადებულის ქ. N49-ში მდებარე შენობის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები (355 100 ლარი).

ჯანდაცვის, დასაქმებისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში დაფინანსება 15 პროცენტით იზრდება და 34.4 მლნ ლარს აღწევს. უშუალოდ ჯანდაცვის პროგრამებზე გათვალისწინებული თანხა კი 31 პროცენტით იმატებს.

2026 წლის ბიუჯეტის ასიგნებების 11.01% გათვალისწინებულია შტატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის. 2025 წლის გეგმის მიხედვით კი, ის 9.97%-ს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ეს თანხები მხოლოდ შტატში დასაქმებულთა ანაზღაურებას მოიაზრებს. ბათუმის ბიუჯეტიდან  ცამეტი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი ფინანსდება. ამ ორგანიზაციებში კი ათეულობით ადამიანი შრომითი ხელშეკრულებითაა დასაქმებული. მაგალითად, ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ადმინისტრირებისა და მართვის მიმართულებით, შტატში 61 ადამიანი მუშაობს, ხოლო შტატგარეშე – 28 პირი. მათი შრომის ანაზღაურების ხარჯს – 939 300 ლარს – მოიცავს მუხლი „საქონელი და მომსახურება (ამ მუხლში შედის სამივლინებო, საოფისე, წარმომადგენლობითი, კვების, სამედიცინო, პირადი ჰიგიენის ხარჯები, ასევე – რბილი ინვენტარისა და უნიფორმის შეძენის, ტრანსპორტის, ტექნიკის, იარაღის მოვლა-შენახვის ხარჯები).  2026 წელს საქონელი და მომსახურების მუხლის დაფინანსება 7 462 600 ლარით მეტია, ვიდრე შარშან იყო.

რაც შეეხება უშუალოდ მერიის აპარატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას, ის 814 900  ლარით იზრდება, ხოლო საკრებულოს თანამშრომლების ანაზღაურება – 193 600 ლარით. 216 დასაქმებულის (მათი რაოდენობა უცვლელია) ანაზღაურება, ჯამში, 9 671 900 ლარს შეადგენს. 2025 წლის ბოლო ცვლილებით, ის 8 663 400 ლარი იყო.

ყველა პოსტის ნახვა

რა განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გურიაში არსებული ვითარების შესახებ და როგორ არის ის გაშუქებული „ტელეკომპანია პირველისა“ და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული გვერდის „სინამდვილეში“ მიერ?
რა განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გურიაში არსებული ვითარების შესახებ და როგორ არის ის გაშუქებული „ტელეკომპანია პირველისა“ და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული გვერდის „სინამდვილეში“ მიერ?
მარ 03, 2025
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ყალბი ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ყალბი ფოტო ვრცელდება
მაი 05, 2025
სოციალურ ქსელში მურმან დუმბაძის ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება
სოციალურ ქსელში მურმან დუმბაძის ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება
ნოე 21, 2025
სოციალურ ქსელში გავრცელებული გია ჯაფარიძის და გიორგი ბოტკოველის საუბრის ჩანაწერის ნამდვილობა არ დასტურდება
სოციალურ ქსელში გავრცელებული გია ჯაფარიძის და გიორგი ბოტკოველის საუბრის ჩანაწერის ნამდვილობა არ დასტურდება
დეკ 23, 2025
ზურაბ ნაკაიძე: [საბავშვო] ბაღებიდან რამდენიმეზე გრანტია მოპოვებული ესაა დამოკიდებულია დასავლელ პარტნიორებზე ამიტომ კეთდება ამდენი ბაღი ერთად
ზურაბ ნაკაიძე: [საბავშვო] ბაღებიდან რამდენიმეზე გრანტია მოპოვებული ესაა დამოკიდებულია დასავლელ პარტნიორებზე ამიტომ კეთდება ამდენი ბაღი ერთად
სექ 17, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.