სოციალურ ქსელში მარტა კოსის განცხადება მცდარი კონტექსტით ვრცელდება
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის შემდეგი ციტატაა მოცემული: "ვისურვებდი, რომ საქართველო იყოს უკრაინის და მოლდოვის დონეზე". ვიდეოს ავტორი კოსის განცხადებაზე ამბობს: "ესეიგი, რას გვისურვებს? უკრაინაში ომია, მოლდოვაში კი სერიოზული კრიზისი". ამდენად, ვიდეო მცდარ კონტექსტს ქმნის, თითქოს ევროკომისარი საქართველოს უკრაინასთან ან მოლდოვასთან გათანაბრებაზე ომის ან კრიზისის კონტექსტში საუბრობდა (არქივირებული ბმული).
მარტა კოსის სიტყვები მისი 2026 წლის 6 ოქტომბრის გამოსვლიდანაა. ევროკომისრის გამოსვლის ტრანსკრიპტი ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
გამოსვლის მთავარი საკითხი ევროკომისიის მიერ მომზადებული კომუნიკეს „მზადება უფრო ფართო ევროკავშირისთვის“ წარდგენა იყო. აღნიშნულ დოკუმენტში ევროკომისიმ პოლიტიკის ის ძირითადი მიმართულებები და ღონისძიებები წარადგენა, რომლებიც ევროკავშირის მომავალი გაფართოებისთვის მოსამზადებლადაა აუციელებელი, მათ შორის თავად ევროკავშირის დონეზე განსახორციელებელი ცვლილებები მმართველობის, ბიუჯეტისა თუ ინსტიტუტების მუშაობის დონეზე.
დოკუმენტში საქართველო საერთოდ არ არის ნახსენები. კომუნიკე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მოწინავე პროგრესის თვალსაზრისით ოთხ ქვეყანას ასახელებს და აანონსებს, რომ სწორედ მათთვის ევროკომისია გაწევრიანების საგზაო რუკებს შეიმუშავებს (გვ. 24): "წინა გაფართოებების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ევროკომისია 2026 წლის გაფართოების შესახებ კომუნიკაციაში შემოგვთავაზებს საორიენტაციო საგზაო რუკებს, რომლებიც განსაზღვრავს გაწევრიანების პროცესის შემდგომ ეტაპებს მოლაპარაკებების პროცესში ყველაზე მეტად წინ წასული ქვეყნების — მონტენეგროს, ალბანეთის, მოლდოვისა და უკრაინისთვის, იმ პირობით, რომ ისინი რეფორმების განხორციელების არსებულ ტემპს შეინარჩუნებენ."
ამდენად, მარტა კოსის გამოსვლისას უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით არიან მოწინავე ქვეყნებად დასახელებული.
დოკუმენტის წარდგენის შემდეგ ევროკომისარმა კითხვებს უპასუხა. "ტაბულას" ჟურნალისტმა გაფართოების კომისარს კითხა, თუ როგორ შეაფასებდა იმ ფაქტს, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა, თუმცა ახლა ამ მოწინავე ქვეყნებს შორის აღარ მოიაზრება და გაწევრიანების საგზაო რუკასაც არ მიიღებს. ამ კითხვაზე კოსმა უპასუხა: „როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ საქართველოც, ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ყოფილიყო დღეს იმავე დონეზე, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა. ქვეყანასთან როგორც გავაგრძელებთ, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, წევრი ქვეყნები როგორ შეაფასებენ ამის მომავალს, მაგრამ ბევრი რამ, რაც ქვეყანაში [საქართველოში] ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების ანგარიშებში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა ეს".
ამდენად, მცარია მტკიცება, თითქოს მარტა კოსი საქართველოს უკრაინასთან ან მოლდოვასთან გათანაბრებაზე ომის ან კრიზისის კონტექსტში საუბრობდა. სინამდვილეში გაფართოების საკითხებში ევროკომისარი უკრაინასა და მოლდოვაზე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესზე საუბრობდა.