Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
მტკიცება, რომ აშშ-მა იაპონიას ჩინეთის „მთავარ საფრთხედ“ გამოცხადება აიძულა, მცდარი და მანიპულაციურია

მტკიცება, რომ აშშ-მა იაპონიას ჩინეთის „მთავარ საფრთხედ“ გამოცხადება აიძულა, მცდარი და მანიპულაციურია

აგვისტოს 25, 2026 · Verified Facts · Verdict: False · საერთაშორისო

სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება (ბმული 1, 2, 3), რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იაპონია აიძულა, ჩინეთი სახელმწიფოს მთავარ საფრთხედ გამოეცხადებინა და, რომ ეს დასტურდება იაპონიის თავდაცვის სამინისტროს 2026 წლის დოკუმენტით “იაპონიის თავდაცვა” (Defense of Japan).

რეალურად, 2026 წლის თავდაცვის თეთრი წიგნის ოფიციალური ინგლისურენოვანი დაიჯესტი ჩინეთს „მთავარ საფრთხედ“ (main threat) არ მოიხსენიებს. დოკუმენტი იმეორებს, რომ ჩინეთის საგარეო პოზიცია, სამხედრო საქმიანობა და სხვა ქმედებები იაპონიისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის სერიოზული შეშფოთების საგანია და წარმოადგენს „უპრეცედენტო და უდიდეს სტრატეგიულ გამოწვევას“ (an unprecedented and the greatest strategic challenge). ეს ფორმულირება იაპონიას 2026 წელს არ შემოუღია. ის იაპონიის მთავრობამ 2022 წლის დეკემბერში ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში დაამკვიდრა, ხოლო 2023-2026 წლების თავდაცვის თეთრ წიგნებში ეს ფორმულირება უბრალოდ მეორდება.

რას ამბობს 2026 წლის “იაპონიის თავდაცვის” დოკუმენტი?

იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ 2026 წლის თეთრი წიგნი 4 აგვისტოს გამოაქვეყნა. სამინისტროს ოფიციალური გვერდი მიუთითებს (არქივი), რომ ამ დროისთვის ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია 28-გვერდიანი დაიჯესტი, ხოლო სრული ინგლისური ვერსია ჯერ კიდევ „Coming Soon“-ადაა მონიშნული. შესაბამისად, გავრცელებული მტკიცების შესაფასებლად ოფიციალურ ინგლისურენოვან დაიჯესტს ვეყრდნობით.

დაიჯესტში ჩინეთის შესახებ გამოყენებული ძირითადი ფორმულირება ასეთია: ჩინეთის საგარეო პოზიცია, სამხედრო საქმიანობა და სხვა ქმედებები „სერიოზული შეშფოთების საგანია“ და „უპრეცედენტო და უდიდეს სტრატეგიულ გამოწვევას“ წარმოადგენს, რომელსაც იაპონიამ საკუთარი ეროვნული ძალის ყველა კომპონენტით, მოკავშირესა და თანამოაზრე სახელმწიფოებთან თანამშრომლობით უნდა უპასუხოს.

ამ ტექსტში ორი გარემოებაა მნიშვნელოვანი. პირველი: დოკუმენტი არ ამბობს, რომ ჩინეთი იაპონიის „მთავარი სახელმწიფო საფრთხეა“. მეორე: 2026 წლის თეთრი წიგნი ამ შეფასებას ახალ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად არ წარმოაჩენს. პირიქით, თავად დოკუმენტი განმარტავს, რომ იაპონიის მოქმედი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, ეროვნული თავდაცვის სტრატეგია და თავდაცვის გაძლიერების პროგრამა 2022 წელს შემუშავდა და მთავრობა მათ განახლებაზე მხოლოდ 2026 წლის განმავლობაში მსჯელობს.

თეთრი წიგნი ყოველწლიური საჯარო ანგარიშია, რომელიც უსაფრთხოების გარემოს, სხვა ქვეყნების სამხედრო შესაძლებლობებსა და იაპონიის თავდაცვის პოლიტიკას აღწერს. დოკუმენტი შეიძლება ახალ ფაქტებს, ინციდენტებსა და აქცენტებს შეიცავდეს, მაგრამ წინა წლებიდან გამეორებული შეფასებები ახალი დოქტრინის მიღებას არ ნიშნავს. 2026 წლის ტექსტში სწორედ ასე ხდება: ჩინეთის შესახებ ძირითადი სტრატეგიული შეფასება ძველი ფორმულირებით მეორდება, ახალი კი ბოლო წლის მოვლენების ჩამონათვალი და ამ ჩამონათვალის შეფასებებია.

„სტრატეგიული გამოწვევა“ და „საფრთხე“ ერთი და იგივე არ არის

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მტკიცებებში ინგლისური ტერმინი strategic challenge ქართულად „მთავარ საფრთხედ“ არის მოხსენიებული. ამ ჩანაცვლებით შეფასების მნიშვნელობა მკაცრდება და მკითხველს ექმნება შთაბეჭდილება, რომ იაპონიამ ჩინეთი უშუალო სამხედრო თავდასხმის წყაროდ გამოაცხადა.

იაპონიის თავდაცვის დოკუმენტებში „გამოწვევა“ და „საფრთხე“ ურთიერთშემცვლელი ტერმინები არ არის. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია 2023 წლის თეთრი წიგნი, რომელშიც ჩინეთი „უდიდეს სტრატეგიულ გამოწვევადაა“ აღწერილი, ხოლო ჩრდილოეთ კორეის სამხედრო საქმიანობა - იაპონიის ეროვნული უსაფრთხოებისთვის „კიდევ უფრო მძიმე და გარდაუვალ საფრთხედ“ (an even more grave and imminent threat). 2023 წლის დოკუმენტი ამ განსხავევას ცალსახად აფიქსირებს.

ჩინეთის შეფასება წლების განმავლობაში მკაცრდებოდა

მტკიცება ასევე ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ჩინეთის მიმართ მკაცრი შეფასება იაპონიის დოკუმენტებში მოულოდნელად 2026 წელს გაჩნდა. ოფიციალური დოკუმენტების ქრონოლოგია საპირისპიროს აჩვენებს.

2018 წლის 18 დეკემბერს იაპონიის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ და მინისტრთა კაბინეტმა 2019 ფისკალური წლიდან მოქმედი ეროვნული თავდაცვის პროგრამის სახელმძღვანელო დაამტკიცეს. მასში ჩინეთის სამხედრო გაძლიერება, სამხედრო ბიუჯეტის არასაკმარისი გამჭვირვალობა, აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვებში საქმიანობა და სტატუს-კვოს ძალისმიერი შეცვლის მცდელობები უკვე მკაცრად იყო შეფასებული. დოკუმენტი ჩინეთის სამხედრო მოქმედებებს რეგიონისთვის, მათ შორის, იაპონიისთვის, და საერთაშორისო საზოგადოებისთვის „სერიოზულ უსაფრთხოების პრობლემად“ (a serious security concern) აღწერდა.

2019 წლის Defense of Japan-მა იგივე საკითხები დეტალურად მიმოიხილა და შეაფასა სენკაკუს კუნძულების გარშემო ჩინეთის სანაპირო დაცვისა და სამხედრო ხომალდების მოქმედებები, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მიმდინარე პროცესები, წყნარ ოკეანეში სამხედრო აქტივობის გაფართოება, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ხელოვნური კუნძულების მილიტარიზაცია და ჩინეთის თავდაცვის პოლიტიკის გამჭვირვალობის ნაკლებობა. ამდენად, ჩინეთი იაპონიის უსაფრთხოების დღის წესრიგში 2026 წლამდე სულ მცირე რამდენიმე წლით ადრე უკვე ცენტრალური საკითხი იყო.

2021 წელს ტერმინოლოგია კიდევ უფრო გამკაცრდა. იმ წლის თეთრი წიგნის დაიჯესტი ჩინეთის სამხედრო ტენდენციებსა და თავდაცვის პოლიტიკის გაუმჭვირვალობას იაპონიის, რეგიონისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის „მძიმე შეშფოთების საგნად“ (a matter of grave concern) აფასებდა. აქცენტი კეთდებოდა ჩინეთის ბირთვული, სარაკეტო, საზღვაო და საჰაერო ძალების სწრაფ გაძლიერებაზე, კიბერ-, კოსმოსურ და ელექტრომაგნიტურ სფეროებში შესაძლებლობების ზრდაზე და სენკაკუს კუნძულების გარშემო პროცესებზე.

2022 წლის თეთრი წიგნიც იგივე შეფასებას იმეორებს. მასში წერია, რომ ჩინეთის სამხედრო ტენდენციები, თავდაცვის პოლიტიკის არასაკმარის გამჭვირვალობასთან ერთად, „მძიმე შეშფოთების საგანია“ და ეს შეშფოთება ბოლო წლებში ძლიერდებოდა. დოკუმენტი ასევე მიუთითებს ჩინეთის და რუსეთის სამხედრო ხომალდების ერთობლივ ოპერაციებზე იაპონიის გარშემო და ამას ძალის დემონსტრირებად აფასებს.

ამრიგად, 2018-2022 წლებში ჩინეთთან დაკავშირებული შეფასებები თანდათანობით მკაცრდება და თავდაპირველი შეფასება - „სერიოზული უსაფრთხოების პრობლემა“ - იცვლება „მძიმე შეშფოთების საგნით“.

2022 წლის ცვლილება

იაპონიის უსაფრთხოების პოლიტიკაში ჩინეთის შეფასებასთან დაკავშირებული მთავარი ცვლილება 2022 წლის 16 დეკემბერს მოხდა, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ და მინისტრთა კაბინეტმა ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, ეროვნული თავდაცვის სტრატეგია და თავდაცვის გაძლიერების პროგრამა მიიღეს.

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიამ ჩინეთის მაშინდელი საგარეო პოზიცია, სამხედრო საქმიანობა და სხვა ქმედებები პირველად შეაფასა როგორც „უპრეცედენტო და უდიდესი სტრატეგიული გამოწვევა“ იაპონიის მშვიდობისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო საზოგადოების სტაბილურობისა და სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული წესრიგისთვის.

ამ დოკუმენტმა რამდენიმე წლით ადრე არსებული შეფასებები უფრო მაღალ სტრატეგიულ დონეზე აიყვანა. შეფასების ცვლილებაზე გავლენა მოახდინა ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობების ზრდამ, ტაივანის გარშემო სამხედრო აქტივობამ, სენკაკუს კუნძულების მიმდებარე ზონაში მოქმედებებმა, ჩინეთ-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობამ და 2022 წლის აგვისტოში ტაივანის გარშემო ჩინეთის წვრთნების დროს იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ბალისტიკური რაკეტების ჩამოვარდნამ.

2023 წლის Defense of Japan იყო პირველი ყოველწლიური თეთრი წიგნი, რომელშიც 2022 წლის ახალი სტრატეგიის ენა სრულად აისახა. ამ დოკუმენტმა ჩინეთის საგარეო პოზიცია და სამხედრო საქმიანობა „უპრეცედენტო და უდიდეს სტრატეგიულ გამოწვევად“ დაახასიათა. 2024 წლის თეთრმა წიგნმა ფორმულირება თითქმის უცვლელად შეინარჩუნა, ხოლო 2025 წლის თეთრმა წიგნმა კვლავ გაიმეორა. 2026 წლის დაიჯესტშიც პრაქტიკულად იგივე შეფასებაა.

წელი და დოკუმენტიჩინეთის ოფიციალური შეფასება
2018 წლის სახელმძღვანელო / 2019 წლის თეთრი წიგნი„სერიოზული უსაფრთხოების პრობლემა“
2021 წლის თეთრი წიგნი„მძიმე შეშფოთების საგანი“
2022 წლის თეთრი წიგნი„მძიმე შეშფოთების საგანი“,
2022 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია„უპრეცედენტო და უდიდესი სტრატეგიული გამოწვევა“
2023-2026 წლების თეთრი წიგნებიიგივე სტრატეგიული შეფასება - „უპრეცედენტო და უდიდესი სტრატეგიული გამოწვევა“

ეს ქრონოლოგია ნათლად აჩვენებს, რომ 2026 წლის თეთრი წიგნი ჩინეთს ახალ სტატუსს არ ანიჭებს და თითქმის ოთხი წლით ადრე, 2022 წელს მიღებულ შეფასებას იმეორებს.

რა არის ახალი 2026 წლის დოკუმენტში?

მიუხედავად ჩინეთთან დაკავშირებული შეფასებების ტერმინოლოგიური უწყვეტობისა, 2026 წლის დაიჯესტში ახალი ფაქტობრივი მასალაა დამატებული. დოკუმენტი აღწერს 2025 წელს დაფიქსირებულ რამდენიმე ინციდენტს: ჩინეთის ავიამზიდების მოქმედებებს წყნარ ოკეანეში, ჩინური სამხედრო თვითმფრინავების მიერ იაპონიის თავდაცვის ძალების თვითმფრინავებთან უჩვეულოდ ახლოს მიახლოებას, დეკემბერში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში რადარით მიზანში ამოღებას, ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნებს, სამხრეთ ჩინეთის ზღვის მილიტარიზაციას და იაპონიის სიახლოვეს ჩინეთ-რუსეთის ერთობლივ საჰაერო და საზღვაო ოპერაციებს.

დოკუმენტის თანახმად, ჩინეთი 30 წელზე მეტია, გამჭვირვალობის ნაკლებობის პირობებში, თავდაცვის ბიუჯეტს მაღალი ტემპით ზრდის და ბირთვულ, სარაკეტო, საზღვაო და საჰაერო შესაძლებლობებს აძლიერებს. იაპონიის გარშემო ჩინეთის საქმიანობა აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვიდან, სენკაკუს კუნძულების მიმდებარე ტერიტორიიდან და იაპონიის ზღვიდან დასავლეთ წყნარ ოკეანემდე ვრცელდება.

აშშ-იაპონიის კოორდინაცია ნამდვილად არსებობს

იაპონიის უსაფრთხოებაში შეერთებული შტატების როლის უარყოფა არასწორი იქნებოდა. აშშ იაპონიის მოკავშირე ქვეყანაა, რაც მათ შორის ხელშეკრულებით რეგულირდება. იაპონიაში ამერიკული სამხედრო ძალებია განთავსებული, ქვეყნები ერთობლივ წვრთნებს ატარებენ, სარაკეტო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობენ და რეგიონულ საფრთხეებზე ინფორმაციას ცვლიან. 2026 წლის დაიჯესტი აღნიშნავს, რომ იაპონია-აშშ-ის ალიანსი ქვეყნის უსაფრთხოების საფუძველია და ორი სახელმწიფოს თავდაცვის სტრატეგიები ძალის გამოყენებით სტატუს-კვოს ცალმხრივი შეცვლის აღკვეთას ერთობლივ პრიორიტეტად განიხილავს.

აშშ-ს და იაპონიას შორის კოორდინაცია 2022 წლის ახალი სტრატეგიის მომზადების პერიოდშიც საჯაროდ ჩანდა. 2022 წლის მაისში იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ნობუო კიშიმ აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს განუცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის მომზადებით იაპონიის თავდაცვისუნარიანობის არსებით გაძლიერებას აპირებდა. ოსტინი ამ გადაწყვეტილებას მიესალმა, მხარეებმა კი დაადასტურეს, რომ მჭიდრო კონსულტაციების გზით საკუთარ სტრატეგიებს შეათანხმებდნენ.

2023 წლის იანვარში, ახალი იაპონური სტრატეგიის მიღების შემდეგ, აშშ-იაპონიის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომიტეტის „2+2“ შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთის ქმედებები ინდო-წყნარ ოკეანეთსა და მის ფარგლებს გარეთ „უდიდეს სტრატეგიულ გამოწვევად“ შეაფასეს. ერთობლივ განცხადებაში საუბარი იყო ალიანსის როლებისა და მისიების განახლებაზე, ოპერატიულ თავსებადობასა და იაპონიის მიერ თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

ეს მასალები სტრატეგიული თანხვედრისა და გავლენის მტკიცებულებაა. მაგრამ „ერთად განიხილეს“, „შეათანხმეს“, „მიესალმა“ და „ერთობლივად შეაფასეს“ არ ადასტურებს, რომ აშშ-მ იაპონია „აიძულა“ ჩინეთთან დაკავშირებით ამერიკული შეფასება გაეზიარებინა. იძულების დასამტკიცებლად საჭირო იქნებოდა სანდო მტკიცებულება, რომ იაპონია კონკრეტულ შეფასებას არ ეთანხმებოდა და აშშ-ის მუქარის, სანქციის ან სხვა ზეწოლის გამო იძულებული გახდა, ტექსტში მისთვის მიუღებელი ფორმულირება ჩაეწერა. საჯაროდ ხელმისაწვდომ ოფიციალურ დოკუმენტებში ასეთი მტკიცებულება არ ჩანს.

იაპონიის პოზიციის მხოლოდ აშშ-ის სურვილებით ახსნა უგულებელყოფს ტოკიოს უშუალო უსაფრთხოების ინტერესებს. იაპონიასა და ჩინეთს შორის სადავოა სენკაკუს/დიაოიუს კუნძულებილ იაპონია აკვირდება ჩინეთის სანაპირო დაცვისა და სამხედრო ძალების საქმიანობას აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, ხოლო ტაივანთან იაპონიის სამხრეთ-დასავლეთი კუნძულების სიახლოვე ტაივანთან დაკავშირბეულ ნებისმიერ პოტენციურ კრიზისს პირდაპირ უკავშირებს იაპონიის უსაფრთხოებას. ამასთან, ჩინეთ-რუსეთის ერთობლივი სამხედრო ოპერაციები ხშირად იაპონიის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს ტარდება.

შესაბამისად, მტკიცება, რომ აშშ-მა იაპონიას ჩინეთის „მთავარ სახელმწიფო საფრთხედ“ გამოცხადება აიძულა და ეს Defense of Japan 2026-ში აისახა, არ დასტურდება.

2026 წლის ოფიციალური დაიჯესტი ჩინეთს „მთავარ საფრთხედ“ არ მოიხსენიებს. ის იყენებს განსხვავებულ ფორმულირებას - „უპრეცედენტო და უდიდესი სტრატეგიული გამოწვევა“. ეს შეფასება პირველად 2022 წლის დეკემბრის ეროვნულ უსაფრთხოების სტრატეგიაში გაჩნდა და შემდეგ 2023, 2024, 2025 და 2026 წლების თავდაცვის თეთრ წიგნებში განმეორდა. უფრო ადრეული დოკუმენტები ჩინეთის სამხედრო საქმიანობას ჯერ „სერიოზულ უსაფრთხოების პრობლემად“, შემდეგ კი „მძიმე შეშფოთების საგნად“ აღწერდა.

იაპონიასა და აშშ-ს შორის მჭიდრო სტრატეგიული კოორდინაცია დოკუმენტურად დასტურდება, ისევე როგორც ვაშინგტონის მხარდაჭერა იაპონიის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართ. თუმცა არც 2026 წლის თეთრი წიგნი და არც საჯაროდ ხელმისაწვდომი ოფიციალური მასალები არ ადასტურებს, რომ აშშ-მა იაპონიას ჩინეთის მიმართ კონკრეტული ფორმულირების გამოყენება აიძულა.

See all posts

Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.