Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
მიხეილ სააკაშვილის აგვისტოს ომის შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიაზე გამოსვლის ფრაგმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

მიხეილ სააკაშვილის აგვისტოს ომის შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიაზე გამოსვლის ფრაგმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

октябрь 6, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Отсутствует Kонтекст · Политика
Поделиться

სოციალურ ქსელებში TikTok-სა და Facebook-ზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ის 2008 წლის 28 ნოემბერს აგვისტოს ომის შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიას კითხვებზე პასუხობს. გავრცელებულ 41- წამიან ფრაგმენტში სააკაშვილი ამბობს: "კითხვაზე განვახორციელეთ თუ არა სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთის, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდა ნებისმიერი ქვეყნის და ერის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე დემოკრატიული ხელისუფლება." ვიდეო იმგვრადაა მოჭრილი, რომ უგულებელყოფს პრეზიდენტის გამოსვლის კონტექსტს, სადაც ის იმ წინაპირობებზე საუბრობს, რამაც, მისი თქმით, ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებისკენ უბიძგა.

გამოცემა civil.ge-ის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიაზე პრეზიდენტ სააკითხვილის მოსმენა 5 საათს გაგრძელდა. გამოცემა პრეზიდენტის გამოსვლაზე წერს:"პრეზიდენტმა სააკაშვილმა აგვისტოს ომის შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიას 28 ნოემბერს ჩვენება მისცა. მან თავისი ხუთსაათიანი საუბრის დასაწყისშივე განუცხადა კომისიას, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე 7 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება ”გარდაუვალი” იყო, რადგან რუსული ძალები როკის გვირაბის გავლით შემოდიოდნენ ცხინვალის რეგიონში და ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი სოფლები იბომბებოდა." ამდენად, 2009 წლის სტატიიდან ირკვევა ის გარემოებები, რის კონტექსტში სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებების განხორციელების გადაწყვეტილება მიიღეს.

აღნიშნული გამოსვლის სრული ჩანაწერი ღია წყაროებში არ იძებნება, თუმცა, წლების წინ, თავად მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა მისი კომისიაზე გამოსვლის უფრო ვრცელი 17 წუთიანი ვერსია (არქივირებული ბმული). მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩანაწერიც უწყვეტ კადრს არ წარმოადგენს, civil.ge-ს სტატიასთან ერთობლიობაში ცხადს ხდის გამოსვლის ძირითად შინაარს:


"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყოველთვის აწყობდა პროვოკაციებს, ეს იყო პირველი და უპრეცენდენტო ნაბიჯი. ეს იყო უკიდურესად შემაშფოთებელი ჩვენთვის. შემდეგ მივიღეთ ინფორმაცია, რომ [როკის] გვირაბში მოძრაობს დიდი რაოდენობით ტექტიკა და მათ გადმოკვეთეს საქართველო-რუსეთის საზღვარი. მივიღეთ ინფორმაცია, რომ სიმაღლეებზე ცხინვალის გარშემო დაამატეს რუსეთიდან შემოსული ჯარისკაცები, მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთში მომზადდა საყოველთაო მობილიზაცია, მათ შორის გაიწვიეს საბრძოლო მფრინავები, რაც ადრე არასდროს არ მომხდარა. და მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს არ ატარებდა ეპიზოდურ ხასიათს, არამედ ეს ჯდებოდა ერთ სისტემაში და მართლა გავდა სამხედრო ინტერვენციის დაწყებას. უკვე 7-ში, ჯერ ერთი 2 საათზე მოხდა ავნევის მიმართ ხელახლა თავდასხმა, მე დილას თუ გახსოვთ მოვინახულე ჩვენი ჯარისკაცები გორის ჰოსპიტალში, წინა დღეების შეტევებში იყვნენ დაჭრილი. 5-ში ჩავიყვანეთ ყველა ევროპელი ელჩი, სანახავად როგორ დაიბომბა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე სოფლები. ვერავინ ვერ იტყვის, რომ წინასწარ არავინ არ გავაფრთხილეთ, ყველამ საკუთარი თვალით ნახა და იმედია ინფორმაცია გაუგზავნეს თავის მთავრობებში და ამას კიდევ ერთხელ ხმამაღლა იტყვიან. ჩვენ წინასწარ ვანახეთ ყველას ყველაფერი, რო ეს ხდება. 6-ში დაგვიჭრეს და მოგვიკლეს ხალხი ავნევში. და 6-ში ასეთ სიტუაციაში ვართ, რომ მოხდა ეს შეტევა ავნევზე, ჩვენი ორი სამშვიდობო იქნა მოკლული და რამდენიმე იქნა დაჭრილი. მოვიდა დავით კეზერაშვილი და მემუდარა, რო მივცეთ უფლება გენერალურ შტაბს, რომ გამოიყენოს არტილერია, იმისათვის რომ ჩაახშოს მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილები, საიდანაც ესროდნენ ამ სოფელს და გზას შემოვლითს, იმისათვის რომ დაჭრილები გამოგვეყვანა, სხვანაირად ისინი დაგვეხოცება. მე მინდა ვაღიარო, რომ სამწუხაროდ, მე ვუთხარი, რომ რაც არ უნდა მოხდეს და მესმოდა რასაც ვეუბნებოდი, რომც დაგვეხოცოს ეს ბიჭები, ჩვენ ახლა ცეცხლს არ გავხსნით. იმიტო რო შევდივართ პრაქტიკულად ესკალაციის წარმოუდგენელ სპირალში.

სამწუხაროდ, მე ჩემს თავზე ავიღე ეს მძიმე პასუხისმგებლობა. შემდეგ კულახმეტოვთან გავუშვით იაკობაშვილი და ვუთხარით, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, შევაჩეროთ ახლა ეს კონფრონტაცია. კულახმეტოვმა რომელმაც წინა დღეებში წერილობით დაგვიდასტურა, რომ იყო თავდასხმები ჩვენს კონტროლირებად სოფლებზე, უთხრა რა ვქნა ესენი სულ თავს გავიდნენ, ჩვენი პოზიციების უკნიდან გვესვრიან. რა თქმა უნდა, ეს არავის დაუჯერებია. ის პრაქტიკულად პასუხისმგებლობას იხსნიდა. კულახმეტოვის რჩევა იყო, რომ იქნებ სიტუაციას იმან უშველოს, რომ თქვენ ცალმხრივად გამოაცხადოთ ცეცხლის შეწყვეტა. პირველად ჩემს ცხოვრებაში, რუსი გენერლის რჩევის მიხედვით, მივიღე ჩემი გადაწყვეტილება. გამოვედი ტელევიზიით და ვთქვი, ვაცხადებთ ამნისტიას. ვაცხადებთ საყოველთაო განიარაღებას, დემილიტარიზაციას, დაახლოებით 7 საათზე ხდება ეს. ამის შემდეგ კიდევ მივიღეთ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან, რომ ტექნიკის მოძრაობა გრძელდებოდა, საღამოს 10 საათზე განახლდა სერიოზული დაბომბვა ჩვენს კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიის, ყველაფრის გაანალიზების საფუძველზე, სრულიად ნათელი იყო, რომ ის ტექნიკა, რომელიც შემოვიდა რუსეთიდან, გამოცდა ჯავას და მოდიოდა იმ სოფლებისკენ, რომლებიც როგორც მოგახსენეთ, სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, იყო დაუცველი საკმაოდ, იქ ჩვენ არ გვყავდა მძიმე ტექნიკა და რუსეთმაც დაარღვია ეს და წამოვიდა მძიმე ტექნიკით. სამშვიდობო ხელშეკრულებით მძიმე ტექნიკით გადმოსვლა იყო აკრძალული. ისევ მათ თავისი ინიციატივით ცალმხრივად დაარღვიეს უხეშად სამშვიდობო შეთანხმება. აი ამ სიტუაციაში წინასწარ მე მქონდა გავლილი კონსულტაცია, რა საშუალება არსებობს რუსების შეჩერების. ერთადერთი საშუალება იყო გრძელი მანძილის არტილერია, რომელიც წვდებოდა იმ გზას, რომელიც მოდიოდა ამ სოფლებისკენ. ამიტომ როდესაც ჩვენ ყველამ შევაფასეთ ეს სიტუაცია, მივეცი გენერალურ შტაბს ბრძანება, ჩაეხშოთ საცეცხლე წერტილები, შეეჩერებინათ რუსული ტექნიკის შემოსვლა და, ასევე, მკაცრად გავაფრთხილე, იმ წუთში და შემდეგ არაერთხელ შემდგომი დღის განმავლობაში, ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. იმიტო რო ეს ხალხი, ცხინვალის მოსახლეობა, ესენი არიან ჩვენი ოსები, ესენი არიან ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი სისხლი და ხორცი. ჩვენ გვინდოდა არა ქალაქის დაკავება, არამედ ამ ხალხის შველა მათ შორის. ამ ეტაპზე ამოცანა იყო ძალიან კონკრეტული, შეგვეჩერებინა მძიმე ტექნიკა და გადაგვერჩინა რამდენიმე ათეული ათასი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც პრაქტიკულად აღმოჩნდა სამხედრო იზოლაციაში, იმიტომ რომ შემოვლითი გზა იყო დაუცველი და იბომბებოდა რეგულარულად. სოფლები იბომბებოდნენ, იქიდან მძიმე ტექნიკა შემოდიოდა, კოკოითმა განაცხადა წინა დღეებში, რომ მისი ამოცანა ამ სოფლების გაწმენდა იყო, გაწმენდა ჩვენ კარგად გვესმის, მან თქვა, რომ ბანდიტებისგან, მაგრამ მთელი მოსახლეობა რომ იგულისხმებოდა, ამაში ეჭვი საერთოდ არავის არ გვეპარებოდა. რეალურად იწყებოდა ეთნო-პოლიტიკური წმენდა იმ სოფლების. რატო არ ვამბობ მარტო ეთნიკურს, იმიტომ რომ იმ სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი ასევე იყო ეთნიკურად ოსი. არ არის ეს დასამალი. ეს იყო ჩვენი სისხლი და ხორცი ყველა. ამიტომ რეალურად ამ ეტაპზე ჩვენ გვქონდა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ეს იყო ყველაზე მძიმე არჩევანი ჩემს ცხოვრებაში.

მას შემდეგ რაც 2-ზე მოხდა ავნევის დაბომბვა, ჩვენ მივწიეთ ბრიგადები თბილისიდან და გორიდან და მოვიყვანეთ სამხედრო მზადყოფნაში, დასავლეთიდან არ გადმოგვიყვანია ამ პერიოდში ბრიგადები, იმიტომ რომ იმედი გვქონდა, რომ ეს მაინც იყო დროებითი დაძაბვა, მით უმეტეს, რომ იმ ძალებს, რომლებიც იქ იყო, ესეც ეყოფოდათ, თუ რამე დაიწყებოდა. ყველა ჩვენი სამხედრო მეთაური იყო ადგილზე. რა თქმა უნდა, ბრძანება გაიცა გენერალური შტაბის მიმართ, ამ ბრძანების საქმის კურსში იყო თავდაცვის მინისტრი, მაგრამ ჩვენ მანამდე ბევრი ეს სიტუაცია გვქონდა მოთელილი, ჩვენ შუადღისას, თუ არ ვცდები, უშიშროების საბჭოს შეკრება იყო. მინდა ისიც გითხრათ, რომ უშიშროების საბჭოს ბევრი წევრი იმყოფებოდა შვებულებაში, გელა ბეჟუაშვილი იყო ამერიკაში, დათო ბაქრაძე იყო ესპანეთში თუ თურქეთში, და მოუხდა სამი თვითმფრინავის გამოცვლა, სანამ ჩამოვიდა. აგერ დაიბარეთ თქვენ ზოგიერთი ჩვენგანი, მაგალითად, გიგა ბოკერია იყო სადღაც შორს გადაკარგულში, იმიტომ რომ იქიდან მის ჩამოყვანას რამდენიმე დღე დასჭირდა და ბევრი სხვა მრჩეველი, მთავრობის წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრის მეორე მოადგილე ნინო კალანდაძე იყო ამერიკაში ენის კურსებზე, ტყეშელაშვილი მგონი ადგილზე იყო. ყოველ შემთხვევაში პრაქტიკულად ძალიან ბევრი ხალხი, და არა მხოლოდ ესენი, ბევრი სამხედრო მეთაური იყო შვებულებაში. ჩვენ ვიყავით ძალიან დაძაბულ რეჟიმში სამხედრო თვალსაზრისით მაისში, აპრილში, იმიტომ რო რუსეთმა დაიწყეს ეს ესკალაცია. როგორც ივლისში ცოტა ჩაწყნარდა სიტუაცია, ესენი ხო რობოტები არ არის სამხედროები, მივეცი მე საშუალება თავდაცვის მინისტრს, რომ ბევრი მათგანი გაეშვა შვებულებაში იმ სურვილით, რომ ისინი აგვისტოს პირველი დეკადის შემდეგ დაბრუნებულიყვნენ. მე მართალი გითხრათ ამას ვუკავშირდებდი, რომ იქნებ მართლა ოლიმპიადის წინ და ოლიმპიადის გარშემო რუსებს თავზე ხელი არ აეღოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ როდესღაც ეს ხალხი უნდა გაგვეშვა შვებულებაში. რაღაც პერიოდი მაინც უნდა გვეპოვა.

ამიტომ ამ სიტუაციაში ხდებოდა ამ ბრძანებების გაცემა. რაღაც მომენტში, როგორც მე მივხვდი, სამხედროებს შეექმნათ განცდა და ამაზე მე სრულ პასუხისმგებლობას ვიზიარებ, რომ ცხინვალის გავლის გარეშე, იმ პირობებში, როცა მძიმე ტექნიკა უკვე მომდგარი იყო იქით მეორე მხრიდან დიდი ლიახვის ხეობას, პრაქტიკულად, იმ ხეობის მოსახლეობის გამოყვანა, საცეცხლე წერტილების ჩახშობის გარეშე, ცხინვალის გარშემო სიმააღლებზე და მათ შორის, ცხინვალის შიგნით რამდენიმე ადგილზე, ამ მოსახლეობის გამოყვანა იყო პრაქტიკულად შეუძლებელი.

მთავარი მოსახლეობის გამოყვანა განხორციელდა, მე რამდენადაც თვალყურს ვადევნებდი, შემოვლითი გზიდან. მაგრამ შემოვლითი გზა იყო ძალიან ადვილად დასარტყმელი, სოფელ დმენისიდან, მათ შორის ქალაქ ცხინვალიდან, თვითონ თამარაშენის მიმართულებით ადვილი იყო ცეცხლის წარმოება. საცეცხლე წერტილების ჩახშობის გარეშე მოსახლეობის გამოყვანა იქნებოდა შეუძლებელი. თუ არა ჩვენი არმიის მოქმედება, რეალურად მსხვერპლი ჩვენ გვეყოლებოდა ათი ათასობით, ან ათასობით. ჩვენ მივიღებდით ახალ სრებრენიცას. იმიტომ რომ ხალხი რომელიც შემოვიდა მერე, მოექცა დარჩენილ მოსახლეობას როგორც კარაჯიჩი და ვლადიჩი ექცეოდნენ სრებრენიცაში დარჩენილ მოსახლეობას. რეალურად, ჩვენ ეს ხალხი მათ გამოვაცალეთ პირიდან. რა თქმა უნდა, თქვენ დამისვით კითხვა, რატო უფრო ადრე არ გავაკეთეთ. ალბათ, ჩვენ ეს მომენტი გავუშვით ხელიდან. რატო? იმიტომ რომ ეს ესკალაცია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმდენად ქრონიკულ ხასიათს ატარებდა მთელი ამ წლების და თვეების განმავლობაში, იმ მომენტის დაჭერა, რომ აი, ახლა უნდა გამოვიყვანოთ მოსახლეობა, ეს ჩვენი ხეობის მოსახლეობა იყო გმირული მოსახლეობა. ეს იყო ხალხი, რომელიც უძლებდა იმას, რასაც, ალბათ, ბევრი სხვა ადამიანი ძალიან ბევრ ქვეყანაში ვერ გაუძლებდა. [ჭრა] ტერორი ამ მოსახლეობაზე ხორციელდებოდა. ისევე როგორც, სხვათა შორის, თავის დროზე სარაევოს სნაიპერები ბომბავდნენ მუდმივად. უბრალოდ სარაევოზე მაშინ გაიგო მთელმა მსოფლიომ და სოფელ ნულის, ავნევის და სხვა სოფლების მოსახლეობაზე ეს ვიცოდით ჩვენ და ახლა გვიხდება ამის თქმა. როცა მერაბიშვილმა მოგასმენინათ თქვენ ეს ჩანაწერები, რომ უხეში, ვულგარული რუსულით ნათქვამი, რომ დასახლებული პუნქტი ნული გაქრეს საერთოდ რუკიდან. ეს არის ზუსტად რასაც აკეთებდნენ სრებრენიცაში. რა არის განსხვავებული აქ. რომელ ქართველ მეთაურს გაუცია როდისმე ან მოუფიქრებია თავში რაიმე მსგავსის ან გამოთქმა, ან მით უმეტეს, განხორციელება.

[ჭრა] ყურაშვილის განცხადებაზე, სრული სიბრიყვე. ამ კაცს არ ქონია არც მანდატი, არც საბრძოლო ბრძანება, იმიტომ რომ ის არ იყო შეიარაღებული ძალების რეგულარული ნაწილი. ეს იყო სამშვიდობო ძალების წარმომადგენელი. რამდენიმე ათეულ ადამიანს ხელმძღვანელობდა წმინდა სამშვიდობო მანდატის მქონეს. როცა ატყდა ეს ყველაფერი, მან თავის მოწონების ან თავის გამოჩენის დაუოკებელმა წყურვილმა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ზოგიერთს ახასიათებს და გაპრანჭვის სურვილმა ტელეკამერების წინაშე, თვითონ ამბობს კონტუზია, მე არ ვიცი, ან ერთმა ან მეორემ ან ორივემ ერთად, გადაწყვიტა, რომ ეთქვა, ყველა ჩაენაცვლებინა: პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, მინისტრი, ყველა და ყველას მაგივრად ყველაზე ჭკვიანური რამე თქვა. რა თქმა უნდა, ეს იქნა გამოყენებული ჩვენი მოწინააღმდეგის მიერ, ჩვენ წინააღმდეგ პროპაგანდის საწარმოებლად. ამიტომ ეს იყო, რა თქმა უნდა, უხეში შეცდომა. ეს განცხადება კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ. ეს არის ჩეჩნური ტერმინი. ამას იყენებდა რუსეთი, ჩვენ არ ვართ რუსეთი და ცხინვალი არ არის ჩეჩნეთი.

[ჭრა] ქართულმა არმიამ გადაარჩინა დღეს ქართული სახელმწიფოებრიობა, რომ არ ჰქონოდათ რუსებს განცდა იმისა, რომ ჯარი გადარჩა, თბილისი იქნებოდა სრულიად დაუცველი. რა შეაკავებდა მათ იმისგან, რომ შემოსულიყვნენ ქალაქ თბილისში. თქვა ეს პუტინმა, ჩვენ გვინდოდა თბილისში მიგვეღწია. არმიის გარეშე ისინი 20 წუთში შემოვიდოდნენ დიღმის გზაზე, იქნებოდნენ დაახლოებით კახა ბენდუქიძის სახლთან და ნახევარ საათში იქნებოდნენ პარლამენტში, აქ. მაგრამ მათ იცოდნენ, რომ თბილისის გარშემო იყო განლაგებული ჩვენი არტილერია, მათ იცოდნენ, რომ ჩვენ დავიწყეთ ხიდების დანაღმვა, მათ იცოდნენ, რომ პრაქტიკულად ყველა ბრიგადა, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, იყო ბრძოლისუნარიანი და მათ იცოდნენ, რომ საქართველოს მთავრობა არ ჩამოიშალა, არ გაიქცა და ქართული საზოგადოება დადგა მედგრად. აი, ამ ყველაფრის კომბინაციამ და პრეზიდენტ ბუშის ძალიან მკაცრმა განცხადებამ გადააფიქრებინა მათ თბილისში შემოსვლა. ეს არ იყო მათი კეთილი ნება. რუსეთის სტრატეგიული მიზნები იყო: ქართული სახელმწიფოებრიობის მოშლა, იყო ძალადობრივად საქართველოს მთავრობის დამხობა, იყო ნავთობსადენების და გაზსადენების კონტროლი შუა აზიიდან, კკასპიის ზღვის ქვეყნებიდან. არც ერთი ეს მიზანი დღესდღეობით, საბედნიეროდ, მიღწეული არ არის. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, საუბედუროდ იმიტომ რომ ეს მათ უბიძგებს კიდე, რომ რაღაც პროვოკაციებზე წავიდნენ. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ჩემს გულს მოვწყვიტე ის 4 მილიარდი, რომელიც დავხარჯეთ ჯარზე, იმიტომ რომ გამიხარდებოდა 4 მილიარდად კიდე რამდენიმე ავტობანის აშენება, ყველა სკოლის ისე გაკეთება, როგორც არის ტირძნისის სკოლა, კონფლიქტის ზონაში, ყველა საავადმყოფოში ყოფილიყო უფასო მკურნალობა ყველასი და საავადმყოფოები ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის დღეს ქუთაისის, ან გორის, ან თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და პენსიები ყოფილიყო საქართველოში სამჯერ-ოთხჯერ მეტი. რა თქმა უნდა, ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება შეიარაღებაზე ამ ფულის დახარჯვა, მაგრამ მე მქონდა მუდმივად საფრთხის განცდა, საფრთხის განცდა გამძაფრებული მაქვს ახლაც, თუმცა, ეს არ უნდა იყოს პანიკის საფუძველი. საქართველოს სჭირდება დაცვა. საქართველოს ვერავინ ვერ დაიცავს თუ ჩვენ თვითონ არ შეგვიძლია, საკუთარი ინტერესების დაცვა და ბრძოლა ამ ინტერესებისთვის. თუ ქვეყანას დაჭირდა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მისთვის საბრძოლველად და თავის გასაწირადაც კი.

[ჭრა] ჩვენ ვაღიარეთ და ვაღიარებთ, რომ ჩვენ არ დავნებდით მათ, გავუწიეთ წინააღმდეგობა. ვაღიარეთ და დავადასტურეთ ის, რასაც ყოველთვის ვაღიარებდით და ვადასტურებდით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩაეტარებინა საბრძოლო ოპერაცია, რათა გაეწია წინააღმდეგობა, ფართომასშტაბიანი რუსული ინტერვენციისთვის და ფართომასშთაბიანი თავდასხმებისთვის საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობაზე. დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდა ნებისმიერი ქვეყნის და ერის წინაშე პასუხისმგებელი დემოკრატიული ხელისუფლება საკუთარი სამშობლოს და მოქალაქეების დასაცავად".

ამდენად, სააკაშვილის კომისიაზე გამოსვლის უფრო ვრცელი ვერსია აჩვენებს, რომ ის 7 აგვისტომდე არსებულ სიტუაციას განიხილავს და მისი სიტყვები სამხედრო ოპერაციის დაწყების გადწყვეტილების შესახებ მანამდე რუსული რეგულარული არმიის შემოსვლას და ქართული სოფლების დაბომბვის კონტექსტში ითქვა. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოსვლისას ერთ-ერთ ეპიზოდში სააკაშვილი საცეცხლე წერტილების უფრო ადრე დაბომბვის შესაძლებობაზე ამბობს, რომ გენერალურ შტაბს არ მისცა ამის უფლება ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

ამდენად, სააკაშვილის გამოსვლიდან მხოლოდ იმ ნაწილის ამოჭრა, სადაც ის სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, უგულებელყოფს მისი გამოსვლის კონტექსტს და მომხმარებლებს მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოს ის წინაპირობების გარეშე ამბობს, რომ ცხინვალის მიმართულებით სამხედრო მოქმედებები დაიწყო.

აგვისტოს ომის წლისთავისა თუ სოხუმის დაცემის წლისთავის კონტექსტში, ყოველწლიურად, კოორდინირებულად ვრცელდება მსგავსი შინაარსის ვიდეოები, რომლებიც მიანიშნებს სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ საქართველოს ბრალეულობაზე. ხშირად, ყოველგვარი აღწერის გარეშე, მსგავსი ვიდეოები, სრული კონტექსტის გარეშეა მოცემული. მაყურებელში, ზოგადი საინფორმაციო ფონის პირობებში, ვიდეო ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალში სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა, ხოლო სრული ვიდეო ცხადად აჩვენებს, რომ საუბარია საპასუხო სამხედრო მოქმედებებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად წარმოებული სამხედრო ოპერაციების დაწყების ბრძანებაზე. ამ შინაარსის გარეშე მოჭრილი ვიდეო შეცდომაში შემყვანია, ვინაიდან მიანიშნებს წინა ხელისუფლების მხრიდან ომის დაწყების შესახებ პასუხისმგებლობის აღებაზე / ომის დაწყების აღიარებაზე. მსგავსი შინაარსის სხვა მტკიცებები ჯეოფაქტსს ადრეც გადაუმოწმებია (იხილეთ: ბმული 1; ბმული 2). 

Все посты

Дезинформация: На украинском аэродроме, где были уничтожены истребители F-16, погиб американский военный инструктор
Дезинформация: На украинском аэродроме, где были уничтожены истребители F-16, погиб американский военный инструктор
сен 30, 2024
Дезинформация: Джонни Депп откроет ювелирный магазин в России
Дезинформация: Джонни Депп откроет ювелирный магазин в России
дек 19, 2024
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» размещена карикатуры на Зеленского и Анжелину Джоли
Дезинформация: На обложке французского сатирического журнала «Шарли Эбдо» размещена карикатуры на Зеленского и Анжелину Джоли
дек 25, 2025
Дезинформация: Родители Владимира Зеленского продают виллу в Израиле и планируют переехать в Майами
Дезинформация: Родители Владимира Зеленского продают виллу в Израиле и планируют переехать в Майами
ноя 10, 2025
Дезинформация: В украинском городе Черкасcы сторонники президента Зеленского взяли штурмом православный храм
Дезинформация: В украинском городе Черкасcы сторонники президента Зеленского взяли штурмом православный храм
окт 17, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.