Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: ქალის მემკვიდრეობითობაზე ზემოქმედებას ახდენს მისი ყველა ადრინდელი სექსუალური პარტნიორი

დეზინფორმაცია: ქალის მემკვიდრეობითობაზე ზემოქმედებას ახდენს მისი ყველა ადრინდელი სექსუალური პარტნიორი

ივლისს 9, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში ვრცელდება სამედიცინო შინაარსის სტატია, რომელშიც განხილულია ტელეგონიის თეორია. სტატიაში გამოთქმულია მტკიცებები, რომ თითქოს „მეცნიერულად დადასტურებულია, რომ იმ გოგონას გენეტიკური აპარატი, რომელსაც სქესობრივი კავშირი ჰქონდა ბევრ პარტნიორთან, იღებს ინფორმაციას ყველა მასთან ნამყოფი მამაკაცისგან“; „ქალის მემკვიდრეობითობაზე ზემოქმედებას ახდენენ მისი ყველა ადრინდელი სექსუალური პარტნიორები, განსაკუთრებით – მისი პირველი მამაკაცი. ბავშვს მამაკაცისგან სხვადასხვა ნიშან-თვისებები გადაეცემა: პირველ შემთხვევაში ხდება ბევრი ნიშან-თვისების გადაცემა, რაც რჩება ქალის ორგანიზმში“. სინამდვილეში, ტელეგონია ფსევდომეცნიერებაა და ქალის მემკვიდრეობითობაზე გავლენას მხოლოდ დედისა და მამის ორგანიზმის ნიშან-თვისებები ახდენს.

ტელეგონია წარმოადგენს თეორიას, რომლის მიხედვით, ქალის მემკვიდრეობითობაზე გავლენას მისი პირველი სქესობრივი კონტაქტი ახდენს (პირველი სექსუალური პარტნიორის გენები გადაეცემა სხვა პარტნიორთან ურთიერთობის შედეგად შეძენილ შვილებს).  თეორია სათავეს ანტიკური საბერძნეთიდან იღებს, კერძოდ, ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს პერიოდიდან. ტელეგონია მე-14 საუკუნის სამეფო ოჯახებისთვის დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენდა (ერთ-ერთ მთავარ მიზეზს, რატომაც მეფეებს განქორწინებულებზე ქორწინება ეკრძალებოდათ), პოპულარული იყო მე-19 საუკუნეშიც, როგორც მეცნიერული ჰიპოთეზა (ვარაუდი, რომელიც არ არის დამოწმებული). საბოლოოდ კი, მე-20 საუკუნის დასაწყისში გენეტიკის შესწავლასთან ერთად ტელეგონია მეცნიერულად უარყვეს. სინამდვილეში, ტელეგონია ადამიანებზე არ ვრცელდება, ფსევდომეცნიერებაა და მემკვიდრეობითობის მსგავსი პრაქტიკის არსებობა მხოლოდ ხილის ბუზების შემთხვევაში დასტურდება.

უფრო კონკრეტულად, 2014 წელს ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაკვირვება აწარმოვეს ხილის ბუზებზე (Neriidae). შედეგად დადგინდა, რომ მდედრი ხილის ბუზის მოუმწიფებელი კვერცხები პირველი სქესობრივი პარტნიორის სპერმის მოლეკულებს შეიწოვენ, რაც მათ მემკვიდრეობაზე ახდენს გავლენას. მეცნიერები მიუთითებენ, რომ გენეტიკის მსგავსი პრაქტიკა მხოლოდ Neriidae-ს სახეობებში შეინიშნება და მისი ცოცხალი ორგანიზმის სხვა სახეობებზე განზოგადების საფუძველი არ არსებობს.

ტელეგონიის არსებობა ადამიანის სახეობაში ასევე ყალბია უჯრედულ და გენეტიკურ დონეზე განხილვის შემთხვევაში. ციტოპლაზმური მემკვიდრეობა წარმოადგენს ორგანიზმის მემკვიდრეობითი ნიშან–თვისებების გადაცემას ბირთვგარეშე, ციტოპლაზმაში არსებული მემკვიდრეობითი ფაქტორების მეშვეობით. კვერცხუჯრედის ფორმირებისა და მომწიფების პროცესში, რომელსაც ოოგენეზი ეწოდება, მხოლოდ ქალის ორგანიზმი მონაწილეობს. შედეგად, ქმნის უჯრედს, რომელიც გენეტიკურ მასალასა და ქრომოსომებს აერთიანებს. სწორედ აღნიშნულ მომწიფებულ უჯრედს გამოყოფს ქალის სხეული ოვულაციის დროს ფალოპის მილში და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მისი განაყოფიერება შესაძლებელი.

რაც შეეხება გენეტიკას, არაოვულირებულ, ანუ საკვერცხეში, და არა ფალოპის მილში, არსებულ კვერცხუჯრედებთან სპერმას წვდომა არ აქვს.  სპერმატოზოიდი, რომელიც ქალის სხეულში ხვდება, საშვილოსნოს ყელიდან ფალოპის მილისკენ მიემართება. 100 მილიონამდე გამოყოფილი სპერმატოზოიდიდან ფალოპის მილამდე მხოლოდ 10,000 აღწევს. სპერმას ფალოპის მილში, სადაც სპერმატოზოიდები კვერცხუჯრედის გათავისუფლებას (ოვულაციის დროს კვერცხუჯრედი საკვერცხიდან ფალოპის მილში გადადის) ელოდებიან, გადარჩენა მხოლოდ 48 საათი შეუძლია. კვერცხუჯრედის გაუნაყოფიერების შემთხვევაში, სპერმა კვდება და მენსტრუალური ციკლის დროს ფოლიკულის ჩამოშლასთან ერთად სრულად გამოიყოფა ორგანიზმიდან. ამრიგად, ქალის ორგანიზმიდან გამოიდევნება ყველა ის გენეტიკური ინფორმაცია, რომელსაც მამაკაცის სპერმა შეიცავს.

აღსანიშნავია, რომ ტელეგონიის შესახებ მტკიცებები წარსულშიც გავრცელებულა 2012 წელს გამოქვეყნებული კვლევის – „მამრობითი მიკროქიმერიზმი მდედრი ადამიანის ტვინში“ – საფუძველზე. სინამდვილეში, აღნიშნული კვლევა მანიპულირებულად იქნა ინტერპრეტირებული. უფრო კონკრეტულად, მიკროქიმერიზმი წარმოადგენს შემთხვევას, როდესაც ერთი ადამიანის ორგანიზმში მეორე ადამიანის უჯრედების გარკვეული ნაწილი გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ნამდვილად აღნიშნულ ფენომენს იკვლევდა, მდედრის ტვინში მამრობითი სქესის უჯრედების არსებობის საფუძვლად სქესობრივი კავშირი არ დასახელებულა. კვლევის მიხედვით, მიკროქიმერიზმის ფენომენს ისეთი მიზეზები განაპირობებს, როგორიცაა ჩამოუყალიბებელი მამრობითი სქესის ტყუპის არსებობა, დედის ორგანიზმში უფროსი ძმისგან დარჩენილი და მდედრობითი სქესის ნაყოფზე გადაცემული უჯრედები, მამრობითი სქესის ნაყოფზე ორსულობა, ან ორსულობის სპონტანური შეწყვეტა. ზოგადად, კვლევის ავტორის, ჯეი ლი ნელსონის თქმით, მდედრ ორგანიზმში მამრობითი სქესის უჯრედები მეტწილად ორსულობის შედეგია. ნელსონისვე განცხადებით, მტკიცებას, რომ სქესობრივი კავშირის შედეგად მდედრობით ორგანიზმი პარტნიორის დნმ-ს ინარჩუნებს, სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია და მხოლოდ სპეკულაციაა. აღნიშნულის არგუმენტად კვლევის ავტორი 2005 წელს ჩატარებულ კვლევას იხსენებს. კერძოდ, კვლევა ჩატარდა ისეთი 120 ქალის სისხლზე, რომელთაც ბიჭი შვილი არ ჰყავდათ. შედეგად, მათ 21%-ში გამოვლინდა კაცის დნმ-ის არსებობა. ნელსონის თქმით კი, ტელეგონია რომ რეალურად არსებობდეს, ეს რიცხვი ბევრად მაღალი იქნებოდა. დამატებით, მკვლევარი უილამ ჩენი Reuters-თან აცხადებს, რომ სქესობრივი კონტაქტით მიკროქიმერიზმის გამოწვევა საფუძველს მოკლებული და ამ დრომდე მეცნიერულად დაუმტკიცებელია.

ამდენად, მეცნიერულად დაუდასტურებელია ადამიანებში ტელეგონიის არსებობა.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: სტალინის მე-80 დაბადების დღის აღსანიშნავად ჩერჩილი ეკლესიაში ფეხშიშველი მივიდა და მის სახელზე წირვა აღავლინა
დეზინფორმაცია: სტალინის მე-80 დაბადების დღის აღსანიშნავად ჩერჩილი ეკლესიაში ფეხშიშველი მივიდა და მის სახელზე წირვა აღავლინა
ივლ 11, 2025
დეზინფორმაცია: ჯო ბაიდენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არჩევნებში გამარჯვებულად „ნაცები“ გამოაცხადოს
დეზინფორმაცია: ჯო ბაიდენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არჩევნებში გამარჯვებულად „ნაცები“ გამოაცხადოს
ოქტ 30, 2024
დეზინფორმაცია: 300 ათასმა უკრაინელმა ჯარისკაცმა ბრძოლის ველზე იარაღი დაყარა
დეზინფორმაცია: 300 ათასმა უკრაინელმა ჯარისკაცმა ბრძოლის ველზე იარაღი დაყარა
ოქტ 22, 2025
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა  და რომის პაპ ფრანცისკეს შეხვედრიდან რედაქტირებული კადრი ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და რომის პაპ ფრანცისკეს შეხვედრიდან რედაქტირებული კადრი ვრცელდება
ნოე 12, 2024
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ოქტ 31, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.