Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
„500.000 დაკარგული ბავშვის“ შესახებ ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება და ცნობილ კონსპირაციას წარმოადგენს

„500.000 დაკარგული ბავშვის“ შესახებ ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება და ცნობილ კონსპირაციას წარმოადგენს

აგვისტოს 24, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონსპირაცია · საერთაშორისო

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო სათაურით „სიმართლე 500.000 დაკარგული ბავშვის შესახებ“ (The Truth Behind the ‘500,000 Missing Children). ვიდეოს აღწერა („მიზეზი რატომაც იკარგება ნახევარი მილიონი ადამიანი ყოველ წელს, ეს არ იციან ხო სიონისტურმა ელიტამ, არც ,,საშიშროებამ“) ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ადამიანი ან ბავშვი უგზო-უკვლოდ ქრება და ამას „სიონისტური ელიტა“ და უსაფრთხოების სამსახურები ფარავენ.


რეალურად, ვიდეოში არც 500.000 დაკარგული ბავშვის შესახებ მონაცემია წარმოდგენილი და არც ე.წ. „სიონისტური ელიტის“ მონაწილეობაზე რაიმე მტკიცებულება.

დაახლოებით 80-წამიან ვიდეოში ჟურნალისტი ავტომობილების მძღოლებს ეკითხება: „სად მიგყავთ ეს ბავშვები?“, „სად მიდიან?“ და აცხადებს, რომ „ამ ბავშვებიდან ბევრი იკარგება“. მძღოლები კითხვებს არ პასუხობენ. ვიდეოში არ ჩანს, რომ ბავშვებს იტაცებენ, მალავენ ან უკანონოდ გადაჰყავთ. ვიდეოში ასევე არ არის ნახსენები 500.000 ბავშვის შესახებ.

ეს კადრები 2024 წლის 11 მარტს ამერიკულმა აქტივისტურმა მედიასაშუალება Muckraker-მა, ენტონი რუბინის ავტორობით გამოაქვეყნა. თავდაპირველი მასალის სათაურია - “გამოაშკარებულია უკანონო ემიგრანტების მიმღები თავშესაფრები / ბავშვების გადაყვანა შუაღამისას” (Illegal Alien Foster Homes Exposed | Child Deliveries in the Middle of the Night.)

Muckraker-ის თანახმად, ვიდეოში ნაჩვენებია მთავრობის კონტრაქტორები, რომლებსაც თანმხლები პირის გარეშე მყოფი ბავშვები ნიუ იორკის ლაგუარდიის აეროპორტიდან ფედერალური დაფინანსების მიმღებ თავშესაფრებსა და მიმღებ დაწესებულებებში გადაჰყავთ. შესაბამისად, გავრცელებული ვიდეო სწორედ ამ მასალიდან ამოჭრილი და მოგვიანებით დამუშავებული ფრაგმენტია. მასზე დამატებულია „500.000 დაკარგული ბავშვის“ სათაური.

აშშ-ის სახელმწიფო ანგარიშვალდებულების ოფისის დოკუმენტი ადასტურებს, რომ აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის (HHS) მეურვეობაში მყოფი თანმხლები პირის გარეშე დარჩენილი ბავშვების მგზავრობის ორგანიზება და მათი გაცილება მთავრობის კონტრაქტორების საქმიანობის ნაწილია. ამდენად, აეროპორტში კონტრაქტორებისა და ბავშვების გადაყვანის ამსახველი კადრები თავისთავად არც გატაცებას და არც ტრეფიკინგს ადასტურებს.

Muckraker-ის სტატიაში ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ში „თითქმის ნახევარი მილიონი ბავშვი ტრეფიკინგის გზით შეიყვანეს“. თუმცა ამ წინადადებასთან დაკარგული ან ტრეფიკინგის მსხვერპლი ნახევარი მილიონი ბავშვის დამადასტურებელი ოფიციალური წყარო მითითებული არ არის.

ამავე მასალის ბოლოს Muckraker-ი აშშ-ის საბაჟოსა და საზღვრის დაცვის სამსახურის მონაცემებს იმგვარად იყენებს, თითქოს საზღვარზე აღრიცხული ყველა თანმხლები პირის გარეშე მყოფი ბავშვი ავტომატურად ტრეფიკინგის მსხვერპლი იყოს. მოგვიანებით გადამუშავებულ ვიდეოში ფორმულირება - „თითქმის ნახევარი მილიონი ბავშვი ტრეფიკინგის გზით შეიყვანეს“ - კიდევ ერთხელ იცვლება და მაყურებელს უკვე „500.000 დაკარგული ბავშვის“ შესახებ აწვდის ინფორმაციას.

შესაბამისად, ოფიციალურ მონაცემებში ნახევარ მილიონთან მიახლოებული რიცხვები სხვადასხვა წლის განმავლობაში ფედერალურ სისტემაში გადაყვანილი ბავშვების საერთო რაოდენობას აღნიშნავს და არა დაკარგული ბავშვების რაოდენობას.

მაგალითად, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, 2019-2023 ფისკალურ წლებში საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა (ICE) ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტს 448.000-ზე მეტი თანმხლები პირის გარეშე მყოფი ბავშვი გადასცა. ანგარიშში პირდაპირ აღნიშნულია, რომ მათი უმრავლესობა შემოწმებულ სპონსორებთან, ხშირ შემთხვევაში, ოჯახის წევრებთან განთავსდა.

ამრიგად, 448 000 ბავშვი არის ხუთი წლის განმავლობაში HHS-ის სისტემაში გადაყვანილ ბავშვთა საერთო რაოდენობა და არა დაკარგულ ბავშვთა რაოდენობა.

Muckraker-ის თავდაპირველი სტატია ასევე იმეორებს მტკიცებას, რომ 2021 წლის შემდეგ 85.000 ბავშვი „დაიკარგა“ და სპონსორებთან განთავსებული ბავშვების მესამედის შესახებ ხელისუფლებას ინფორმაცია აღარ გააჩნდა. The New York Times-ის 2023 წლის გამოძიებიდან მიერ მოპოვებული მასალების თანახმად, HHS ორი წლის განმავლობაში 85.000-ზე მეტ ბავშვს ან მათ სპონსორს განთავსებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ განხორციელებული სატელეფონო ზარის დროს ვერ დაუკავშირდა.

თუმცა ზარზე პასუხის გაუცემლობა არ ნიშნავს, რომ ბავშვი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. შესაბამისი პირი შესაძლოა უცნობი ნომრიდან შემოსულ ზარს არ პასუხობდეს, ტელეფონის ნომერი ჰქონდეს შეცვლილი ან ხელისუფლებასთან ურთიერთობას საიმიგრაციო სტატუსის გამო თავს არიდებდეს. შესაბამისად, 85.000 არის წარუმატებელი სატელეფონო კონტაქტების რაოდენობა და არა სამართალდამცავი უწყებების მიერ დაკარგულად გამოცხადებული ბავშვების რაოდენობა.

ამასთან, The New York Times-ის გამოძიებამ მიგრანტი ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის რეალური შემთხვევებიც გამოავლინა. შესაბამისად, ბავშვების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის პრობლემა რეალურია, თუმცა ეს არ ადასტურებს მტკიცებას, რომ ყველა ბავშვი, ვისთანაც HHS-მა ტელეფონით დაკავშირება ვერ შეძლო, დაიკარგა ან ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა.

ბავშვების დაკარგვასთან დაკავშირებული მტკიცება აშშ-ში 2024 წელსაც გავრცელდა. მაშინ ძირითადად კონსერვატორი პოლიტიკოსები ადანაშაულებდნენ ბაიდენის ადმინისტრაციას 300.000-ზე მეტი მიგრანტი ბავშვის “დაკარგვაში.”

Associated Press-ის ფაქტების გადამოწმების სტატიის თანახმად, ეს მტკიცებაც ადმინისტრაციული მონაცემების მცდარ წაკითხვას ეყრდნობოდა.

კერძოდ, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის 2024 წლის ანგარიშში ეწერა, რომ დაახლოებით 291.000 ბავშვს 2024 წლის მაისისთვის საიმიგრაციო სასამართლოში გამოცხადების უწყება არ ჰქონდა მიღებული, ხოლო 32.000-ზე მეტ ბავშვს უწყება მიღებული ჰქონდა, თუმცა ისინი სასამართლო მოსმენაზე არ გამოცხადნენ. ეს მონაცემები 2018 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის სექტემბრამდე პერიოდს მოიცავდა. ამავე პერიოდში ICE-მ HHS-ის ლტოლვილთა განსახლების ოფისს სულ 448.820 ბავშვი გადასცა.

ბუნებრივია, სასამართლოში გამოცხადების უწყების არჩაბარება ან სხდომაზე არგამოცხადება არ ნიშნავს, რომ ბავშვი დაკარგულია. შესაძლოა, რომ ამ ბავშვების მიმართ დეპორტაციის პროცესი საერთოდ არ ყოფილა დაწყებული, ან უწყება არასწორ მისამართზე გაიგზავნა, ან ბავშვს მისამართი ჰქონდს შეცვლილი. ასევე შესაძლებელია ბავშვების სასამართლოში არ-გამოცხადება მათზე მზრუნველობაზე პასუხისმგებელი ოჯახის მოუცლელობის ან სხვა პრობლემების გამო მოხდა.

ამრიგად, ქართულენოვანი პოსტი კონსპირაციული შინაარსისაა და არ დასტურდება მტკიცება "ყოველწლიურად 500 ათასი დაკარგული ბავშვის შესახებ".


ყველა პოსტის ნახვა

ტყუილია, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ შესახებ ვაშინგტონში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმებები ჩაიშალა
ტყუილია, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ შესახებ ვაშინგტონში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმებები ჩაიშალა
ოქტ 01, 2025
სოციალურ ქსელში ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ოსამა ბინ ლადენის გაყალბებული ფოტოები ვრცელდება
სოციალურ ქსელში ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ოსამა ბინ ლადენის გაყალბებული ფოტოები ვრცელდება
ივლ 24, 2025
სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების გულშემატკივრების ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება
სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების გულშემატკივრების ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება
სექ 18, 2025
სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძის ყალბი ციტატა ვრცელდება
ოქტ 24, 2024
სოციალურ ქსელში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ყალბი ციტატა ვრცელდება
სექ 23, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.