ყალბია ინფორმაცია, თითქოს იტალიელები იტალიიდან ებრაელების გაძევებას ითხოვენ
სოციალურ ქსელებში ვრცელდება პოსტები (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, არქივირებული ბმული) რომლის მიხედვითაც „იტალიის 75-ზე მეტ ქალაქში მოსახლეობა ებრაელების ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს. “ პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს საყოველთაო გაფიცვები და დემონსტრაციები, რომელთა მთავარი მოთხოვნა ებრაელების იტალიიდან გაძევებაა. ამ გამოსვლების ორიგინალური ვიდოების და იტალიაში გამართული დემონსტრაციების მოთხოვნების გადამოწმების და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ეს მტკიცება ყალბია.
ბოლო პერიოდში იტალიაში მართლაც გაიმართა მასშტაბური პროპალესტინური დემონსტრაციები და გაფიცვები, თუმცა არც ორგანიზატორების ოფიციალურ განცხადებებში და არც საერთაშორისო მედიის ანგარიშებში არ ფიქსირდება მოწოდება ებრაელების იტალიიდან გაძევების შესახებ. დემონსტრაციების მოთხოვნები მიმართულია ისრაელის მთავრობის პოლიტიკის, ღაზაში მიმდინარე ომისა და იტალიის საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ და არა იტალიაში მცხოვრები ებრაული თემის წინააღმდეგ.
2025-2026 წლებში იტალიაში რეგულარულად იმართებოდა პალესტინის მხარდამჭერი და ისრაელის პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციები. 2025 წლის სექტემბერში პროფკავშირებმა, სტუდენტურმა ჯგუფებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები და გაფიცვები გამართეს. მაგალითად, გენუის და ლივორნოს პორტების მუშები შეეცადნენ, შეეჩერებინათ იტალიის პორტების გამოყენება ისრაელისთვის ტვირთებისა და სამხედრო მასალის ტრანზიტისთვის. აღნიშნული პროტესტი პირდაპირ უკავშირდებოდა ღაზაში მიმდინარე ომს და ისრაელის სამხედრო ოპერაციებს. არც ერთი აღნიშნული გამოსვლა არ მოიცავდა მოთხოვნებს იტალიაში მცხოვრები ებრაელების წინააღმდეგ. დემონსტრანტების მოთხოვნები, როგორც წესი, მსგავსი იყო და მოიცავდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას, ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას, ისრაელთან სამხედრო თანამშრომლობის დასრულებას, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას და ახლო აღმოსავლეთის საკითხებთან მიმართებაში იტალიის მთავრობის პოლიტიკის შეცვლას.
2026 წლის მაისში იტალიაში კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი ეროვნული გაფიცვა გაიმართა. გაფიცვის ორგანიზატორი პროფკავშირი USB და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები ღიად აცხადებდნენ, რომ აქციის მიზანი იყო პალესტინის მხარდაჭერა, ისრაელთან პოლიტიკური და სამხედრო კავშირების გაწყვეტის მოთხოვნა, ევროკავშირის იარაღის ექსპორტის პოლიტიკის კრიტიკა და სამხედრო ხარჯების შემცირება. ორგანიზატორების ოფიციალურ მოწოდებებში დეტალურადაა ჩამოთვლილი ეს მოთხოვნები. არც მათ შორის ფიგურირებს ებრაელების ქვეყნიდან გაძევების მოთხოვნა.
2026 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში იტალიაში საპროტესტო მობილიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა ღაზისკენ მიმავალი საერთაშორისო ჰუმანიტარული ფლოტის (Global Sumud Flotilla) გარშემო განვითარებული მოვლენები. ამ ძალისხმევაში იტალიელი და სხვა ევროპელი აქტივისტები მონაწილეობდნენ, რომლებიც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ცდილობდნენ. მათი დაკავებისა და ფლოტის შეჩერების შემდეგ იტალიაში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელთა მონაწილეები აქტივისტების გათავისუფლებას, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დაშვებას და ომის შეწყვეტას მოითხოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ ფლოტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე რეაგირება მხოლოდ აქტივისტებს არ მოუხდენიათ. იტალიის ხელისუფლებამაც საჯაროდ მოითხოვა დაკავებული იტალიელი მოქალაქეების უფლებების დაცვა, ხოლო იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს გამოძიება ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის წინააღმდეგ იტალიელი აქტივისტების მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საქმეზე. ეს ფაქტებიც კარგად აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი კამპანიების ფოკუსი ღაზაში მიმდინარე ომი იყო და არა იტალიაში მცხოვრები ებრაელების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების მოთხოვნა.
ამდენად, საერთაშორისო მედიის ანგარიშებში, პროფკავშირების განცხადებებსა და საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მოთხოვნებში მუდმივად ფიგურირებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის, ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის, პალესტინის მხარდაჭერისა და ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნები. თუმცა არც ერთ სანდო წყაროში არ ფიქსირდება ინფორმაცია, რომ იტალიის 75-ზე მეტ ქალაქში გამართული აქციების მონაწილეები ებრაელების იტალიიდან გაძევებას მოითხოვდნენ. შესაბამისად, მტკიცება, თითქოს იტალიის ათეულობით ქალაქში მიმდინარე დემონსტრაციების მთავარი მოთხოვნა ებრაელების ქვეყნიდან გაძევება იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.