Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ვინ ჩავიდა აფხაზეთში განადან და ნიშნავს თუ არა ეს განას მიერ აფხაზეთის ოფიციალურ აღიარებას?

ვინ ჩავიდა აფხაზეთში განადან და ნიშნავს თუ არა ეს განას მიერ აფხაზეთის ოფიციალურ აღიარებას?

ივლისს 20, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ მედიაში ვრცელდება მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია აფხაზეთში განის დელეგაციის ვიზიტის შესახებ. თავად აფხაზურ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელდა ცნობა “განელი მეფის” ვიზიტის შესახებ (არქივირებული ბმული), რაც ასევე გაზიარდა ქართულ სოციალურ მედიაშიც (არქივირებული ბმული). სინამდვილეში, აფხაზეთს ვიზიტით ეწვია განის ერთ-ერთი მუნიციპალური ცენტრის (სუჰუმი) ტრადიციული მმართველი, რომელიც არ არის ოფიციალური სახელმწიფო პირი. მისი ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა დაძმობილების შეთანხმება ქალაქ სოხუმს და განის მუნიციპალურ ცენტრ სუჰუმის დედაქალაქ სუჰუმს შორის.

ეს დაძმობილების შეთანხმება რუსულ და აფხაზურ მედიაში წარმოჩენილია როგორც მნიშვნელოვანი საერთაშორისო მიღწევა. გავრცელებული ცნობების მიხედვით (არქივი), შეთანხმებას ხელი მოაწერეს სოხუმის დე-ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ აგრბამ და განის ქალაქ სუჰუმის წარმომადგენელმა ბარიმა ამოაკო დარკომ. ინფორმაციას თან ახლდა განცხადებები „სახალხო დიპლომატიის“, მშვიდობისა და ხალხთა შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. თუმცა, შეთანხმების ირგვლივ არსებული დეტალები აჩვენებს, რომ საქმე გაცილებით უფრო შეზღუდული მნიშვნელობის მოვლენასთან გვაქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

უპირველეს ყოვლისა, საუბარია არა განის სახელმწიფოსა და აფხაზეთს შორის რაიმე ფორმის ურთიერთობაზე, არამედ განის აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე ქალაქ სუჰუმზე (Suhum), რომლის სახელიც შემთხვევით ემთხვევა აფხაზეთის დედაქალაქის ინგლისურ ტრანსლიტერაციას. სწორედ ამ სახელწოდების დამთხვევამ შექმნა დაძმობილების ინიციატივის საფუძველი. როგორც ცნობილია, ზოგიერთი აფხაზი, რომელიც ფეისბუქზე დარეგისტრირებას ცდილობს, საცხოვრებელი ადგილის მითითებისას სოხუმის ჩაწერის შემთხვევაში, ხედავს ორ ოფციას - ან საქართველოს ქალაქ სოხუმს, ან განის ქალაქ სუჰუმს. ამიტომ, ფეისბუქის მომხმარებელი აფხაზების რაოდენობა, რომლებიც განის ქალაქ სუჰუმში რეგისტრირდებიან, საკმაოდ დიდია. როგორც ჩანს, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დამყარდა კონტაქტი "ორ სუჰუმს" შორის.

მნიშვნელოვანია ასევე, ვინ წარმოადგენდა განურ მხარეს ამ ვიზიტის დროს. აფხაზეთში ვიზიტით არ ყოფილა განის მეფე, როგორც ამას ხშირად წერენ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ განას მეფე არ ჰყავს. სოხუმში ვიზიტად მყოფი ბარიმა ამოაკო დარკო არის სუჰუმის ტრადიციული ოლქის აკიემპიმჰიენე (მმართველი). მიუხედავად იმისა, რომ ეს ტიტული შეიძლება ოფიციალურ სახელმწიფო თანამდებობად აღიქმებოდეს, სინამდვილეში იგი განის ტრადიციული მმართველობის სისტემას ეკუთვნის.

განაში სახელმწიფო ინსტიტუტების პარალელურად დღემდე მოქმედებს ტრადიციული ბელადების ინსტიტუტი, რომელსაც განის კონსტიტუციაც აღიარებს. სხვადასხვა რეგიონში ფუნქციონირებენ ტრადიციული ლიდერები - ომანჰენე, კრონტიჰენე, ბენკუმჰენე, ნიფაჰენე, აკიემპიმჰიენე და სხვ. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადგილობრივ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩვეულებითი სამართლის, კულტურული მემკვიდრეობის, მიწის ტრადიციული საკუთრებისა და შიდა თემობრივი საკითხების რეგულირებაში. თუმცა ისინი არ წარმოადგენენ სახელმწიფო აღმასრულებელ ხელისუფლებას.

სწორედ ასეთ ტრადიციულ ლიდერს წარმოადგენს ბარიმა ამოაკო დარკოც. მისი უფლებამოსილება ვრცელდება ტრადიციული საზოგადოების ფარგლებში და არ მოიცავს განის სახელმწიფოს სახელით საგარეო ურთიერთობების წარმართვას. განის კონსტიტუცია (მუხლი 276) ტრადიციულ ლიდერებს უკრძალავს (არქივი) პარტიულ პოლიტიკაში მონაწილეობას და ისინი არ არიან არც მთავრობის წევრები, არც პარლამენტარები და არც ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი პირები. შესაბამისად, ბარიმა ამოაკო დარკო არ წარმოადგენს იმ ინსტიტუციას, რომელსაც განის სახელით საერთაშორისო შეთანხმებების გაფორმების უფლებამოსილება აქვს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან განის ქალაქ სუჰუმს სახელმწიფო ადმინისტრაციული თვალსაზრისით საერთოდ სხვა ორგანო მართავს. ქალაქი შედის სუჰუმის ოლქის მუნიციპალური ასამბლეის (Suhum Municipal Assembly) შემადგენლობაში, რომლის აღმასრულებელ ხელმძღვანელს წარმოადგენს მუნიციპალური მთავარი აღმასრულებელი (Municipal Chief Executive (MCE)), ხოლო გადაწყვეტილებებს მუნიციპალური ასამბლეა იღებს. სწორედ ეს ორგანოა ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალური ინსტიტუტი და არა ტრადიციული საბჭო.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს შეთანხმება არ ნიშნავს, რომ განამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ან მასთან ოფიციალური ურთიერთობები დაამყარა. განა დღემდე არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ქვეყანას არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და არც განის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხმაურებია აღნიშნულ ვიზიტს და შეთანხმებას. შესაბამისად, დოკუმენტი ვერ ჩაითვლება განის სახელმწიფოს ოფიციალურ პოლიტიკურ პოზიციად.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
მაი 20, 2025
სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ გადაცემიდან ნაწყვეტი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ გადაცემიდან ნაწყვეტი მანიპულაციურად ვრცელდება
სექ 03, 2025
ეროვნულ გამოცდებზე კითხვა ავტობუსში ადგილის არ დათმობის შესახებ არ ყოფილა
ეროვნულ გამოცდებზე კითხვა ავტობუსში ადგილის არ დათმობის შესახებ არ ყოფილა
ნოე 18, 2025
რა ვიცით სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოზე, სადაც ახალგაზრდა მამაკაცის გატაცება და ჩვილი ბავშვის ქუჩაში მარტო დარჩენა ჩანს
რა ვიცით სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოზე, სადაც ახალგაზრდა მამაკაცის გატაცება და ჩვილი ბავშვის ქუჩაში მარტო დარჩენა ჩანს
აპრ 24, 2025
სოციალურ ქსელში კენიაში გადაღებული ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში კენიაში გადაღებული ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
მაი 20, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.