Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
რა ვიცით საქართველოს პირველი რესპუბლიკიდან გატანილი ეროვნული განძის შესახებ?

რა ვიცით საქართველოს პირველი რესპუბლიკიდან გატანილი ეროვნული განძის შესახებ?

თებერვალს 18, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

საქართველოს ეროვნული სამუზეუმო საგანძური საქართველოს მუზეუმებში, ეკლესია-მონასტრებში დაცულ ოქროსა და ვერცხლის ნივთებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ექსპონატებს მოიცავს. განძი 1921-1945 წლებში ემიგრაციაში, საფრანგეთში იყო გატანილი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ. კერძოდ, 1921 წელს საქართველოში საბჭოთა წითელი არმიის შემოჭრისა და რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ივანე ჯავახიშვილმა ექვთიმე თაყაიშვილს, თსუ-ს პროფესორსა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილეს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობასთან შუამდგომლობა სთხოვა, რათა სამუზეუმო საგანძური საზღვარგარეთ ბოლშევიკებისგან დასაცავად გაეტანათ. ეროვნული საგანძური ნოე ჟორდანიას მითითებით 249 ყუთში განაწილდა, სრული აღწერილობა 2 ეგზემპლარად შედგა. საგანძური საქართველოდან 20-21 თებერვალს გავიდა ტფილისის რკინიგზის სადგურიდან, გზად კი ექსპონატები დაემატა (მაგ., გელათის მონასტრიდან). საბოლოოდ, 1921 წლის 10 აპრილს საგანძური საფრანგეთში მარსელის ნავსადგურში ჩავიდა და მარსელის ბანკში დაბინავდა, სადაც 1933 წლამდე ინახებოდა. საგანძურის მეთვალყურე პირად ექვთიმე თაყაიშვილი დაინიშნა და მას იძულებით ემიგრაციაში მოუწია წასვლა.

მარსელში ჩასვლის შემდეგ, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, აკაკი ჩხენკელს სთხოვა, მარსელში კომისია გაეგზავნა, რომელიც სამუზეუმო ქონებას „მთავრობის“ ქონებისგან გამოყოფდა, აღწერდა და ადგილზე სამთავრობო აქტს შეადგენდა. კომისიამ მართლაც დაიწყო მუშაობა და ჩაატარა აღწერა. დაახლოებით ერთთვიანი მუშაობის შემდეგ, სამუზეუმო განძეულობა მოთავსდა 39 დიდ კონტეინერში და მარსელის ბანკს მიაბარეს. რაც შეეხება დანარჩენ ნივთებს, როგორც ცნობილია, იმავე წლის მარტში მთავრობის წევრები, ასევე სამხედროები, არისტოკრატთა ოჯახები საფრანგეთში ჩავიდნენ. საფრანგეთში ცხოვრებისთვის და მუშაობისთვის, მათ ფულადი სახსრები ესაჭიროებოდათ. შედეგად, მათ ქართული ფულის მონეტები გადაადნეს და გადაცვალეს ფრანგულ ფრანკში. სწორედ ამ ფულით შეიძინეს 1922 წელს ლევილის მამული, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაშია. სწორედ ამ ფულით გადაიხადეს მარსელის ბანკში საგანძურის შენახვის საფასურიც.

ექვთიმე თაყაიშვილის ჩანაწერებში წერდა: "11 მაისს მარსელის ბანკში დატოვებული იქნა 167 ყუთი. 26 მაისს მარსელის ბანკში დატოვებული იქნა შესანახად სამუზეუმო განძეულობა, 39 ყუთი. სხვა ყუთები ზურაბ ავალიშვილმა მიაბარა პარიზის „გარდ-მებეში" და იქ მან და იოსებ ელიგულაშვილმა მთავრობის ვერცხლეულობა გადაადნეს და გაყიდეს. ამას რომ მოვრჩით, მე და დეკანოზიშვილი პარიზს გავემგზავრეთ, დანარჩენი ორი კაცი კი მარსელში დარჩა: მათ „მთავრობის“ დავალებით, ლიკვიდაცია უნდა ექნათ სახაზინო ნივთებისა და ვერცხლეულისათვის და კიდევაც უქნეს".

ემიგრაციაში საგანძური მუდმივი საფრთხის წინაშე იყო სხვადასხვა დაინტერესებული მხარის გამო. მაგალითად, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულმა სალომე დადიანმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა იმ წილის მოთხოვნაზე, რომელიც ზუგდიდის დადიანების სასახლიდან იქნა გატანილი – სასამართლო თაყაიშვილმა დიდი ძალისხმევის შედეგად მოიგო. 1933 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობას ემიგრაციაში სტატუსი გაუუქმდა, რის შემდეგაც საგანძურის გადასარჩენად ბრძოლა დაიწყო და ის საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილის მრავალი ძალისხმევის შედეგად დაბრუნდა. კერძოდ, მეორე მსოფლიოს ომის დასასრულს მან წერილით მიმართა საფრანგეთში საბჭოთა კავშირის ელჩ ბოგომოლოვს საგანძურის დაბრუნების შესახებ. აღნიშნული წერილი კი ელჩმა პრეზიდენტ შარლ დე გოლს გააცნო. ცნობების მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტი იმ პერიოდში საბჭოთა კავშირთან ხელშეკრულების დასადებად ემზადებოდა. კერძოდ, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ფინანსური და სამართლებრივი ვალდებულებების დადგენა-ანაზღაურების პროცესში, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ექვთიმე თაყაიშვილის წარმომადგენლობით შედგა შეთანხმება, რის შედეგადაც საქართველოს ისტორიული სიძველეების საგანძური საქართველოს სსრ სახელმწიფო მუზეუმს გადმოეცა. 1944 წელს 23 ნოემბერს დე გოლმა განძის დაბრუნების განკარგულება გასცა. საქართველოს ეროვნული სამუზეუმო საგანძური სამშობლოში აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის აეროპორტების გავლით დაბრუნდა მცველთან, 82 წლის ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად.

როგორც ირკვევა, იმ 39 ყუთიდან, რომლებშიც ეროვნული საგანძური იყო მოთავსებული, არც ერთი ნივთი არ დაკარგულა. ამას მოწმობს საქართველოში კომისიის დასკვნა, რომელიც საბჭოთა აკადემიკოსებისა და პროფესორებისაგან შედგებოდა, თავმჯდომარე კი მუზეუმის დირექტორი სიმონ ჯანაშია იყო. კომისიამ ყუთებში არსებული ყველა ნივთი შეამოწმა და შეადარა მათ ხელთ არსებულ ძველ კატალოგებს და დაადგინა, რომ არც ერთი ნივთი არ იყო დაკარგული. თავად ექვთიმე თაყაიშვილი საგანძურთან დაკავშირებით წერდა: "მთელი ჩვენი ქონება კარგად დაცული და მთლიანი აღმოჩნდა, ერთი ნემსიც არ დაგვკლებია. შევუდექით ნივთების ჩალაგებას ყუთებში, საქართველოში წამოსაღებად. 25 ყუთი გავამზადე, მაგრამ შემდეგ ავად გავხდი და ნივთების ჩალაგება შეწყდა. ამასობაში პარიზს ჩამოვიდნენ საქართველოდან გამოგზავნილი, მათ შორის პროფ. შალვა ამირანაშვილი. იგი თბილისის უნივერსიტეტში ჩემი პროფესორობის დროს სტუდენტი იყო და, რასაკვირველია, კარგად მიცნობდა. მან მოათავა ჩემი დაწყებული საქმე — განძეულობის ჩალაგება ყუთებში. შემდეგ მოსკოვიდან მოვიდა ორი ამერიკული თვითმფრინავი, რომლებზედაც მოთავსდა მთელი ჩვენი განძეულობა. (...) თბილისში განძეულობის აღწერა დაეკისრა აკად. სიმონ ჯანაშიას, თვით ნივთები კი, მოთავსდა საქართველოს მუზეუმში და სამხატვრო გალერეაში".

ამდენად, 1920-იანი წლების დასაწყისში, საფრანგეთში ჩატანილი 248 ყუთიდან, ეროვნული საგანძური მხოლოდ 39-ში იყო განთავსებული. ეროვნული საგანძური საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით, სრულად დაბრუნდა. ხოლო, გაყიდული ნივთები წარმოადგენდა სახაზინო ქონებასა და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებს, აღებული თანხა კი საფრანგეთში ლევილის მამულის შეძენას და ბანკში საგანძურის შენახვას მოხმარდა.



ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში გიული ალასანიას რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიული ალასანიას რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
აპრ 17, 2025
არ დასტურდება ინფორმაცია ირანის განცხადების შესახებ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს არ დაბომბავს
არ დასტურდება ინფორმაცია ირანის განცხადების შესახებ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს არ დაბომბავს
მარ 11, 2026
სოციალურ ქსელში ირაკლი ტაბლიაშვილის მონოლოგი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ირაკლი ტაბლიაშვილის მონოლოგი მანიპულაციურად ვრცელდება
ივლ 29, 2025
იტალიას ისრაელის საერთაშორისო იზოლაციის მოქცევის მოწოდება არ გაუკეთებია
იტალიას ისრაელის საერთაშორისო იზოლაციის მოქცევის მოწოდება არ გაუკეთებია
მარ 11, 2026
დეზინფორმაცია:WEF-მა  დედამიწის წყლის რესურსების რაციონირება დაიწყო
დეზინფორმაცია:WEF-მა დედამიწის წყლის რესურსების რაციონირება დაიწყო
აგვ 06, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.