სოციალურ ქსელში დავით თარხან-მოურავის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ანონიმური გვერდი „ნაცებს რაა?“, რომლის მიერ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის ფოტოს აქვეყნებს. ფოტოში თარხან-მოურავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლიკისა და ფერის მაისური აცვია. პოსტის ავტორი მაისურს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აკავშირებს და აღწერაში წერს: „“ნაცების” მოკავშირე – დავით თარხან-მოურავი“. სინამდვილეში, ფოტო რედაქტირებულია (არქივირებული ბმული).

ფოტოს უკუძიების ინსტრუმენტით (reverse image search), დავით თარხან-მოურავის იდენტური ფოტო ინტერნეტსივრცეში არ იძებნება. თუმცა თუ, მაგალითად, Google-ის საძიებო სივრცეში თარხან-მოურავის ფოტოებს მოვძებნით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე აღმოვაჩენთ ერთ ფოტოს, რომელიც Facebook-ზე გავრცელებულს ძალიან ჰგავს. განსხვავებულია მხოლოდ სამოსი. ბიბლიოთეკის გვერდზე არსებულ ფოტოში თარხან-მოურავს პიჯაკი აცვია (ფოტო იხ. ქვემოთ).

წყარო: nplg.gov.ge
ამგვარად, Facebook-ზე გავრცელებული ფოტო, რომელშიც თითქოს დავით თარხან-მოურავს „ნაციონალური მოძრაობის“ მაისური აცვია, რედაქტირებულია.