სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ყალბი ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები ავრცელებენ ფოტოს (1, 2), რომელზეც სავარჯიშო ტანისამოსში გამოწყობილ თინა ბოკუჩავას ვხედავთ. პოსტებს თან ახლავს უხამსი შინაარსის აღწერები და კომენტარები. სინამდვილეში, ფოტო რედაქტირებულია და სავარჯიშო ტანისამოსში გამოწყობილი ქალის სხეულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის სახეა ჩასმული.

„ჯეოფაქტსმა“ ფოტოს ძიების ინსტრუმენტის საშუალებით (reverse image search) დაადგინა, რომ ფოტოს ორიგინალი ვერსია X-პლატფორმაზე სათაურით „Yoga time” (იოგას დრო) გაავრცელა ანგარიშმა @irinaxfox. აღსანიშნავია, რომ X-მომხმარებელს მსგავს ტანისამოსში მსგავსი შინაარსის არაერთი ფოტო აქვს გამოქვეყნებული (1, 2, 3, 4).

დამატებით, თინა ბოკუჩავას მსგავსი ფოტო არ გავრცელებულა არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში. ამგვარ ფოტოს არ ვხვდებით არც მის პირად Facebook-ანგარიშზე.
აღსანიშნავია, რომ „ენმ-ის“ ლიდერის, თინა ბოკუჩავას წინააღმდეგ მიმართული მადისკრედიტებელი დეზინფორმაციული პოსტები „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2). ამას გარდა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო თინა ბოკუჩავას, როგორც ქალი პოლიტიკოსის, დისკრიმინაციას ისახავს მიზნად და მის ობიექტივიზაციას ახდენს. გენდერის საფუძველზე თინა ბოკუჩავას კიბერ-შევიწროებისთვის გამიზნული პოსტები წარსულში TikTok-პლატფორმაზეც (1, 2) არაერთხელ გავრცელებულა.