დეზინფორმაცია: ვიდეოში კათოლიკურ ტაძარზე არაბი მიგრანტის ვანდალური თავდასხმა ჩანს
სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). ვიდეოს თან ახლავს აღწერა: „მულტიკულტურული იტალია. არაბი მიგრანტის ვანდალური თავდასხმა კათოლიკურ ტაძარზე“. რეალურად, წმინდა პეტრეს ტაძარში ვანდალური აქტის ჩადენის გამო რუმინეთის მოქალაქე დააკავეს.

ვიდეოში, რომელიც იტალიაში, წმინდა პეტრეს ტაძარში 6 თებერვალს არის გადაღებული, ჩანს, თუ როგორ ადის უცხო პირი საკურთხეველზე და იწყებს სანთლების გადმოყრას. დაცვის თანამშრომლებმა მაშინვე შეძლეს პირის დაკავება. ვანდალური აქტი ფრანგმა ტურისტმა გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა.

როგორც არა ერთი იტალიური მედია წერს (1, 2, 3), პოლიციაში გადაყვანის შემდეგ მოხდა პირის იდენტიფიცირება, დაკავებული რუმინეთის მოქალაქეა. უცნობია, მისი ქცევის მიზეზები. როგორც ირკვევა, პირი პოლიციიდან მალევე გაათავისუფლეს, თუმცა, შესაძლოა მას რომის მუნიციპალიტეტში ცხოვრება აეკრძალოს.
ამდენად, მტკიცება, რომ პირი, რომელიც ვიდეოში ჩანს, არაბი მიგრანტია, ტყუილია.