Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: შვედმა პარლამენტარმა, ჯონათან ლიამმა, განაცხადა, რომ თბილისში მთავრობის გადასატრიალებლად ჩამოვიდა

დეზინფორმაცია: შვედმა პარლამენტარმა, ჯონათან ლიამმა, განაცხადა, რომ თბილისში მთავრობის გადასატრიალებლად ჩამოვიდა

ნოემბერს 14, 2024 · Verified Facts · Verdict: Lie

11 ნოემბერს სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელდა ფოტო, რომლის მიხედვით, ახალგაზრდა შვედი პარლამენტარის, ჯონათან ლიამის, განცხადებით, ის თბილისში მთავრობის გადატრიალებისთვის ჩამოვიდა. „დღეს თბილისში ჩამოვედი, რათა ავაყირაოთ ეს მთავრობა. დღეს ყველანი ლაზარეები ვართ“, – ციტატის სახით დატანილია ფოტოზე (იხილეთ დაარქივებული პოსტი).

თავის მხრივ, პოსტი გადმოტანილია TikTok-მომხმარებლის citizen000007-ის ანგარიშიდან.

სინამდვილეში, პოსტში გამოქვეყნებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ არის შექმნილი. ხოლო ციტატა, ისევე როგორც პიროვნება – ახალგაზრდა შვედი პარლამენტარი ჯონათან ლიამი, გამოგონილია.

მაგალითად, პოსტში მოცემულ ფოტოს ვხვდებით ერთ-ერთ ვებგვერდზე vagazine, რომელიც მამაკაცთა სტილსა და მოდას შეეხება და სადაც ფოტო მამაკაცთა ემო ვარცხნილობის შესახებ დაწერილი სტატიებშია გამოყენებული (იხილეთ ფოტოები ქვემოთ).

ფოტო: ეკრანის ანაბეჭდები ვებგვერდიდან vagazine.com

ამასთანავე, ფოტოს დეტალებზე დაკვირვების შემთხვევაში, მასზე მრავალი ისეთი მახასიათებლის ამოცნობაა შესაძლებელი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ შექმნილ ფოტოებს ახასიათებთ. მაგალითად, ფოტოებზე გამოსახული ადამიანის ნაკვთები და კანი არაბუნებრივად გლუვი და ერთგვაროვანია. დამატებით, მასზე შეინიშნება ისეთი უზუსტობები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი ფოტოების შექმნისას უშვებს. კერძოდ, სახეზე აღინიშნება გაურკვეველი წარმოშობის ლაქები და ჯაჭვი, რომელიც არაბუნებრივად წყდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ სავარაუდოდ, აღნიშნული ფოტო სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი და რეალურ ადამიანს საერთოდაც არ ასახავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ შვედეთის პარლამენტში – რიკსდაგში – 349 წევრია, თუმცა ჯონათან ლიამი მათ შორის არაა.

ამასთანავე, ინფორმაცია, რომ შვედეთის პარლამენტარმა საქართველოს ხელისუფლების გადატრიალების სურვილი დააფიქსირა, არცერთ საინფორმაციო საშუალებას არ გაუვრცელებია. ლოგიკურად კი, მსგავსი განცხადება რომ გაჟღერებულიყო, მას მრავალი ადგილობრივი მედია გააშუქებდა. ამდენად, ამ ეტაპზე ინფორმაციის პირველწყაროა TikTok ანგარიში Citizen 000007, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებაში აქამდეც არის შემჩნეული (იხილეთ ბმული 1).

შვედეთის პარლამენტის რეალური წევრი, რომელიც საქართველოს 11-12 ნოემბერს ეწვია, ევროკავშირის რვა წევრი ქვეყნის პარლამენტთა კომიტეტების თავმჯდომარეებისგან შემდგარი დელეგაციის წევრი, შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ერიკ ოტოსონი იყო.  მან 11 ნოემბერს პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა „…აქ ვდგავარ თქვენთან, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპაში თქვენი ადგილისთვის ბრძოლაში. ევროპისკენ, როგორც ჩემმა მეგობარმა ჟიგიმანტას პავილიონისმა თქვა, არ არსებობს ორბანისეული გზა, არსებობს მხოლოდ დემოკრატიული გზა, არსებობს მხოლოდ კანონის უზენაესობაზე, თავისუფლებაზე და ადამიანის უფლებაზე გამავალი გზა. ეს გზა თქვენ ხართ. […] მე ვარ შვედეთიდან, სადაც ვხუმრობთ, რომ ქვეყანა ორასი წელია „იტანჯება მშვიდობით“, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა ცოტათი გულუბრყვილოები ვიყოთ. მაგრამ რეალობა გვეწევა დღეს, ეწევა მთელს ევროპის კონტინენტს, მთელ მსოფლიოს.  რუსულ აგრესიას ერთი სახე არ აქვს – ტანკების ან ფოლადის. მას გააჩნია სახე, რომელიც უკანა კარიდან იყურება და რომელიც შეიძლება ვერც კი იცნოთ, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება. მაგრამ საქართველოსთვის ჯერ გვიანი არ არის. არასდროს არ არის ძალიან გვიან. სანამ იბრძვი დემოკრატიისთვის, არასდროს არის გვიანი. როცა იბრძვი დემოკრატიისთვის, დემოკრატიას აცოცხლებთ. იმიტომ, რომ დემოკრატია მაშინაა ძლიერი, როცა ხალხია მასთან, ოპოზიციაა მასთან, როდესაც გვაქვს კავშირები, რომელიც გვაკავშირებს. ერთად ევროპაში… არასდროს არ დანებდეთ, არასდროს დათმოთ რასაც არ უნდა დაუპირისპირდეთ, ძლიერად იდექით, ჩვენ ერთად მივაღწევთ ჩვენს მიზანს. მადლობა საქართველოს, მადლობა ევროპას“.

მოგვიანებით ერიკ ოტოსონმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში მან განაცხადა „დემოკრატიისთვის ბრძოლა არასდროს არ მთავრდება, რაც არ უნდა მოხდეს, დემოკრატიისთვის ბრძოლა არასდროს არ მთავრდება, ჩვენ არასდროს არ დაგვისრულებია და არ წაგვიგია ბრძოლა. თქვენ გზაგასაყარზე ხართ: ან კარგი გზით ივლით, ან ცუდი, მაგრამ როგორც კი დანებდებით, ცუდ გზას დაადგებით. ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ვეცდებით მხარი დაგიჭიროთ, რომ სწორი გზით იაროთ, მაგრამ თქვენ უნდა დაანახოთ მსოფლიოს თქვენი აღშფოთება. გადით ქუჩებში მშვიდობიანი პროტესტებით. პროტესტები უნდა გაფართოვდეს […] ყოველდღე უნდა მიმდინარეობდეს. გახსოვთ მაიდანის რევოლუცია უკრაინაში?! ხალხი იყო, დიდი პროტესტი იყო მაიდანზე, და ხდებოდა რევოლუციური ღონისძიებები. ძალადობით მოხდა ხელისუფლების ხელში ჩაგდება, მაგრამ თქვენ არასდროს უნდა მიმართოთ ძალადობას. თუ გწამთ ევროდემოკრატიის, ევროპული იდეების, თქვენ უნდა იყოთ ქუჩაში, რომ თქვენი ხმა გაიგონ. უნდა გამოიყენოთ თქვენი კონტაქტები ევროპაში. უთხარით, რა ხდება, შექმენით პოზიცია ევროპაში“…

ამდენად, შვედეთის პარლამენტის წევრს, რომელიც საქართველოს სტუმრობდა, არსად უთქვამს სიტყვები, რომ ის თბილისს მთავრობის გადასატრიალებლად ესტუმრა. მეტიც, მან ხაზი არაძალდობრივი პროტესტის მნიშვნელობას გაუსვა.

აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ შვედი პარლამენტარის განცხადებით, ის თბილისში მთავრობის გადასატრიალებლად ჩამოვიდა, ყალბია.

 

 

See all posts

Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Jun 21, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.