5G ინტერნეტი: მითები და რეალობა
სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება მტკიცებები, თითქოს 5G ინტერნეტი და მასთან დაკავშირებული მოწყობილობები (მათ შორის, ანტენები) ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა (არქივირებული ბმული). სინამდვილეში, სამეცნიერო მტკიცებულელები ადასტურებს, რომ ბოლო თაობის ინტერნეტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.
როგორ მუშაობს მობილური ტელეკომუნიკაციების ტექნოლოგია?
მობილური ტელეკომუნიკაციების ტექნოლოგიები, მათ შორის მობილური ტელეფონები, კომუნიკაციისთვის რადიოსიხშირულ ელექტრომაგნიტურ ველებს (RF EMF) იყენებს. ამ ველების გადაცემისა და მიღების ტექნოლოგიურ მეთოდს უსადენო სტანდარტი ეწოდება (არქივი).
ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ უსადენო სტანდარტებიც განახლდა და მათი თაობები თანმიმდევრულად შეიცვალა: პირველი თაობა (1G) — მეორეთი (2G), შემდეგ — 3G-ითა და 4G-ით. თითოეული ახალი თაობა წინა სტანდარტთან შედარებით მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ცვლილებებს ასახავს. ამჟამად დანერგვის პროცესშია მეხუთე თაობის უსადენო სტანდარტი — 5G.
რა სხვაობაა 5G და მის წინამობედ ტექნოლოგიებს შორის?
არაიონიზებელი გამოსხივებისგან დაცვის საერთაშორისო კომისია (ICNIRP), რომელიც გერმანიაში დაფუძნებული სამეცნიერო ორგანიზაციაა და რომელიც რადიოგამოსხივების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების რისკებს აფასებს, დეტალურად ხსნის იმ სხვაობებს, რაც 5G-სა და მის წინამორბედებს შორის არსებობს.
ორგანიზაციის თანახმად, 5G ტექნოლოგია წინა თაობებისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებლით განსხვავდება. ერთ-ერთი მათგანია უფრო მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველების გამოყენება (მაგალითად, აშშ-ში გამოიყენება 28 გჰც სიხშირე). მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველები სხეულის ზედაპირულ ქსოვილებში უფრო მეტად შთაინთქმება და ნაკლებად აღწევს ღრმა ქსოვილებში. ამ თავისებურების გათვალისწინებით, ICNIRP-ის რეკომენდაციები განსაზღვრავს ზემოქმედების დასაშვებ ზღვრებს.
მაღალი სიხშირეების გამოსაყენებლად საჭიროა დამატებითი ანტენები, თუმცა პირველადი კვლევების მიხედვით, 5G ანტენებიდან მიღებული ელექტრომაგნიტური ზემოქმედების დონე დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც 3G და 4G ტექნოლოგიების შემთხვევაში.
ICNIRP-ის თანახმად, 5G-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა სხივის ფორმირების (beamforming) ტექნოლოგია, რომელიც ელექტრომაგნიტური სიგნალის კონკრეტული მომხმარებლისკენ მიმართვის შესაძლებლობას იძლევა, ნაცვლად იმისა, რომ ის ფართო არეალზე გავრცელდეს. ეს აუმჯობესებს კომუნიკაციის სიჩქარეს, შესაძლებელს ხდის რამდენიმე მომხმარებლის ერთდროულ მომსახურებას და ამცირებს ზემოქმედებას იმ ადგილებში, სადაც სიგნალის გადაცემა საჭირო არ არის.
5G და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
რადიოსიხშირული ელექტრომაგნიტური ველების ადამიანის ორგანიზმზე ძირითადი დადასტურებული ეფექტი ქსოვილების გათბობაა. ორგანიზმს მცირე ტემპერატურული ცვლილებების რეგულირება შეუძლია, თუმცა ზემოქმედების გარკვეული ზღვრის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობისთვის საზიანო შედეგები, მათ შორის სითბური დაკვრა და ქსოვილების დაზიანება.
რაც უფრო მაღალია ელექტრომაგნიტური ველის სიხშირე, მით უფრო ნაკლებად აღწევს ის ორგანიზმის ღრმა ქსოვილებში და ძირითადად სხეულის ზედაპირზე შთაინთქმება. შესაბამისად, 5G-ის ზოგიერთი ტექნოლოგიის მიერ გამოყენებული მაღალი სიხშირეების ენერგია უმეტესად ზედაპირულ ქსოვილებზე მოქმედებს.
ICNIRP-ის 2020 წლის რეკომენდაციებით (არქივი) დადგენილი ზღვრული მაჩვენებლები სწორედ ამ თავისებურებებს ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული რეკომენდაციების დაცვა უზრუნველყოფს, რომ 5G ტექნოლოგიის გამოყენებისას ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზემოქმედებამ ჯანმრთელობისთვის საზიანო დონეს არ მიაღწიოს. ორგანიზაცია აღნიშნულ ზღვრებში 5G ინტერნეტს უსაფრთხოდ მიიჩნევს.
2025 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (არქივი) ICNIRP-მა კვლავ დაადასტურა, რომ 5G ინტერნეტი უსაფრთხოა. ორგანიზაციის თქმით, არსებული სამეცნიერო მტკიცებულებები რადიოსიხშირულ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებასა და კიბოს განვითარებას შორის მიზეზობრივ კავშირს არ ადასტურებს. ამასთან, ცალკეულმა კვლევებმა ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები აჩვენა, თუმცა, ორგანიზაციის თქმით, მათი მეთოდოლოგიური შეზღუდვები მიზეზობრივი კავშირის დადგენის საშუალებას არ იძლევა.
ჯანმრთელობაზე ზოგად გავლენასთან დაკავშირებით, ICNIRP-ის შეფასებით, რადიოსიხშირული გამოსხივების დადასტურებული ძირითადი ეფექტი ქსოვილების გათბობაა. არსებული რეკომენდაციებით დადგენილი ზღვრული მაჩვენებლების ქვემოთ ჩატარებული კვლევები არ ადასტურებს ისეთ სიმპტომებთან, როგორიცაა თავის ტკივილი და ძილის დარღვევა, მიზეზობრივ კავშირს. ამასთან, ორგანიზაცია მიუთითებს დამატებითი კვლევების საჭიროებაზე, განსაკუთრებით სხეულის ტემპერატურის რეგულირების, თვალის ქსოვილებზე თერმული ზემოქმედებისა და გამოსხივების დოზიმეტრიის მიმართულებით.
5G ტექნოლოგიის უსაფრთხოებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მისი შესაძლო ზემოქმედების შესახებ საუბრობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) (არქივი). WHO-ს შეფასებით, ამ დროისთვის არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომელიც უსადენო ტექნოლოგიების ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე უარყოფით შედეგებთან მიზეზობრივად დააკავშირებდა. WHO-ს თქმითაც, რადიოსიხშირული ელექტრომაგნიტური ველების ორგანიზმზე დადასტურებული ძირითადი ზემოქმედება ქსოვილების გათბობაა. რაც უფრო მაღალია გამოსხივების სიხშირე, მით უფრო ნაკლებად აღწევს ის ორგანიზმის ღრმა ქსოვილებში და ძირითადად კანისა და თვალის ზედაპირულ ქსოვილებში შთაინთქმება. ორგანიზაციის განმარტებით, საერთაშორისო რეკომენდაციებით დადგენილი ზღვრული მაჩვენებლების დაცვის შემთხვევაში, 5G ტექნოლოგიის გამოყენებით ჯანმრთელობისთვის საზიანო შედეგები მოსალოდნელი არ არის.