Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სტალინის ინდუსტრიალიზაცია: ეკონომიკური სასწაული თუ ძალადობრივი მოდერნიზაცია

სტალინის ინდუსტრიალიზაცია: ეკონომიკური სასწაული თუ ძალადობრივი მოდერნიზაცია

ოქტომბერს 30, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · ისტორია
Share

სოციალურ ქსელებში ვრცელდება პოსტი, რომლის მიხედვით „იოსებ სტალინმა ეკონომიკური სასწაული მოახდინა და ნაბიჯები გუთნიდან ტანკამდე ათ წელში გაიარა“, „გაღატაკებული, გაპარტახებული და გაუბედურებული ქვეყანა“ კოლექტივიზაციითა და ინდუსტრიალიზაციით „მსოფლიოს მოწინავე ქვეყნად აქცია“, „ეკონომიკური აღმავლობისა და ინდუსტრიალიზაციის ასეთი ტემპი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს“, ხოლო პასუხი კითხვაზე, როგორ შეძლო ეს, „დღემდე გამოცანად რჩება და მომავალშიც დარჩება“ (არქივირებული ბმული).

საბჭოთა კავშირმა სტალინის მმართველობის პერიოდში მართლაც განიცადა სწრაფი ინდუსტრიალიზაცია. ამ პერიოდში გაიზარდა მძიმე მრეწველობა, აშენდა ქარხნები, ელექტროსადგურები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მილიონობით ადამიანი სოფლებიდან ქალაქებში გადავიდა და ქვეყანამ დიდი სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი შექმნა. თუმცა მტკიცება, რომ სტალინმა გაპარტახებული ქვეყანა კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო და დღემდე აუხსნელი „ეკონომიკური სასწაულით“ მოწინავე სახელმწიფოდ გადააქცია, მნიშვნელოვან გარემოებებს ტოვებს ანალიზის მიღმა და რამდენიმე პუნქტში ფაქტობრივად მცდარია.

ეკონომიკური გარდაქმნის მექანიზმი ისტორიკოსებისა და ეკონომისტებისთვის გამოცანა არ არის. ის ათწლეულების განმავლობაში დეტალურად არის შესწავლილი. სინამდვილეში ეს სწრაფი ტრანსფორმაცია ემყარებოდა მოსახლეობის მოხმარების მკვეთრ შეზღუდვას, რესურსების მძიმე და სამხედრო მრეწველობაში იძულებით გადასროლას, გლეხებისთვის პროდუქციის დაბალ ფასად ჩამორთმევას, ძალისმიერ კოლექტივიზაციას, მკაცრ შრომით დისციპლინას, დასავლური ტექნოლოგიების მასშტაბურ იმპორტს და იძულებითი შრომის მიზნით მილიონობით თავისუფალი თუ დაპატიმრებული ადამიანის მობილიზაციას. პროცესს თან ახლდა მასობრივი შიმშილი, დეპორტაციები, სიკვდილიანობა, პოლიტიკური ტერორი და ცხოვრების დონის გაუარესება. ქვემოთ თითოეულ მტკიცებას "ჯეოფაქტსი" ცალ-ცალკე განიხილავს.

საბჭოთა კავშირმა სწრაფი ინდუსტრიალიზაცია ნამდვილად მოახდინა

სტალინის პირველი ხუთწლიანი გეგმა 1928 წელს დაიწყო. ხელისუფლებამ პრიორიტეტად გამოაცხადა მძიმე მრეწველობა, ენერგეტიკა, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა და სამხედრო წარმოება. თავად „ათი წლის“ ფორმულა სტალინის 1931 წლის 4 თებერვლის სიტყვიდან მომდინარეობს, რომელშიც ის აცხადებდა, რომ საბჭოთა კავშირი მოწინავე ქვეყნებს 50–100 წლით ჩამორჩება და ეს მანძილი ათ წელში უნდა დაიფაროს. პოსტში გავრცელებული „გუთნიდან ტანკამდე ათ წელში“ ამ პროპაგანდისტული ლოზუნგის გამოძახილია და არა რეალური ეკონომიკური საზომი.

ზრდა რეალური იყო, თუმცა მის მასშტაბზე საბჭოთა ოფიციალური სტატისტიკა და დამოუკიდებელი შეფასებები რადიკალურად განსხვავდება. ეკონომიკური ისტორიკოსი მარკ ჰარისონი ამბობს, რომ საბჭოთა სტატისტიკური სამმართველოს მონაცემებით 1928–1940 წლებში სამრეწველო წარმოება 6.5-ჯერ გაიზარდა, ხოლო დასავლელი ეკონომისტების (ბერგსონი, ნატერი, მურსტინი და პაუელი, იასნი) და რუსი ეკონომისტის გრიგორი ხანინის ხელახალი გაანგარიშებით, დაახლოებით 3.1–3.5-ჯერ. ოფიციალური რიცხვების დადასტურება, ჰარისონის სიტყვებით, „თითქმის არავის“ გამოუვიდა. ეროვნული შემოსავალი ამავე პერიოდში ოფიციალურად 5-ჯერ, დამოუკიდებელი შეფასებებით კი, დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა. მთლიანი ეროვნული პროდუქტის რეალურ ზრდას 1928–1955 წლებში ჰარისონი წელიწადში დაახლოებით 4.7%-ით აფასებს, მაშინ როცა ოფიციალური მაჩვენებელი 10%-ს აღემატებოდა. პოლ გრეგორი და მარკ ჰარისონი ერთობლივ მიმოხილვაში აღნიშნავენ, რომ 1928–1937 წლებში რეალური ეროვნული პროდუქტი გაორმაგდა, ხოლო მოხმარების შეზღუდვამ რეალური ინვესტიციების გაოთხმაგება გახადა შესაძლებელი.

ეს სინამდვილეში მართლაც მასშტაბური გარდაქმნა იყო. 1920-იანი წლების ბოლოს საბჭოთა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სოფლის მეურნეობაში იყო დასაქმებული, 1930-იანი წლების ბოლოს კი ქვეყანას უკვე გააჩნდა მსხვილი მეტალურგიული, მანქანათმშენებელი, ენერგეტიკული და სამხედრო წარმოება. 1930–1940 წლებში საბჭოთა ინდუსტრიამ, ჰარისონის გაანგარიშებით, თითქმის 30 000 ტანკი და 40 000-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი გამოუშვა. ამ ბაზამ საბჭოთა კავშირს მოგვიანებით ნაცისტურ გერმანიასთან ომში დიდი რაოდენობით შეიარაღების წარმოების საშუალება მისცა. თუმცა იგივე მკვლევარი შენიშნავს, რომ 1941 წელს გერმანიის ინტერვენციის შემდეგ ქვეყანამ თანამედროვე იარაღის წარმოებისთვის სასიცოცხლო სამრეწველო კომპლექსები დაკარგა, ფოლადისა და თუჯის წარმოება განახევრდა, ხოლო 1941 წლის ბოლოს თვითმფრინავების გამოშვება გეგმის ორ მეხუთედამდე დაეცა.

ამდენად, ფეისბუქ პოსტში ჩამოყალიბებული მოსაზრების ბირთვი, რომ სწრაფი ინდუსტრიალიზაცია მოხდა, სიმართლეა. მაგრამ ფრაზა „გუთნიდან ტანკამდე ათ წელში“ ფაქტობრივი საზომი კი არა, სტალინური პროპაგანდის სულისკვეთებით ჩამოყალიბებული მეტაფორაა. საბჭოთა ეკონომიკის გარდაქმნა არც ნულიდან დაწყებულა და არც მხოლოდ სტალინის მიერ შექმნილ ცოდნას ეყრდნობოდა. ამასთან მას თან ახლდა ბევრი წინააღმდეგობრივი და არაჰუმანური გადაწყვეტილება, რომელსაც ქვემოთ მიმოვიხილავთ.

რუსეთი სტალინამდე არაინდუსტრიული ქვეყანა არ ყოფილა

რუსეთის იმპერია ეკონომიკურად ჩამორჩენილი, ღარიბი და ძირითადად აგრარული სახელმწიფო იყო. მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლაც წერა-კითხვის უცოდინარი გლეხი იყო, ხოლო სოფლებში მძიმე სოციალური უთანასწორობა არსებობდა. მიუხედავად ამისა, მტკიცება, თითქოს სტალინმა სრულიად არაინდუსტრიული, „გუთნის“ ეკონომიკა მიიღო, არასწორია.

ეკონომიკიდ ისტორიკოსი პოლ გრეგორი 1885–1913 წლებს რუსეთის „ინდუსტრიალიზაციის ეპოქად“ მოიხსენიებს. სამრეწველო წარმოების ზრდა XIX საუკუნის მიწურულიდან დაჩქარდა; განვითარდა მეტალურგია, ნავთობის მოპოვება, ბანკები და რკინიგზა. გრეგორის მონაცემებზე დაყრდნობით ჰარისონი წერს, რომ 1885–1913 წლებში საბაზრო სისტემის პირობებში რუსეთის ეკონომიკა წელიწადში 3.4%-ით, ერთ სულ მოსახლეზე კი 1.8%-ით იზრდებოდა. შედარებისთვის, 1928–1990 წლების მთელი საბჭოთა ეკონომიკის საშუალო მაჩვენებელი 4.5% და 3.1% იყო. ეკონომისტები ანტონ ჩერემუხინი, მიხაილ გოლოსოვი, სერგეი გურიევი და ალეჰ ციმინსკი Review of Economic Studies-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ადასტურებენ, რომ 1885–1913 წლებში რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში დაახლოებით 1.8–1.9%-ით იზრდებოდა. შესაბამისად, სტალინმა ჩამორჩენილი, მაგრამ უკვე დაწყებული ინდუსტრიალიზაციის მქონე ეკონომიკა ჩაიბარა.

ამასთან, 1914–1921 წლებში პირველი მსოფლიო ომის, რევოლუციის, სამოქალაქო ომისა და „სამხედრო კომუნიზმის“ შედეგად ეკონომიკა განადგურდა. ანდრეი მარკევიჩისა და მარკ ჰარისონის Journal of Economic History-ში გამოქვეყნებული გაანგარიშებით, რუსეთის ეროვნული შემოსავალი 1921 წელს 1913 წლის დონესთან შედარებით სამ მეხუთედზე მეტით დაეცა, ხოლო 1928 წლისთვის, ლენინის ახალი ეკონომიკური პოლიტიკის (NEP) პირობებში, 1913 წლის ნიშნულს დაახლოებით 10%-ით გადააჭარბა, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე ჯერ კიდევ 3%-ით ჩამორჩებოდა. აღდგენის მთავარი მექანიზმი, ავტორების თქმით, რევოლუციამდე შექმნილი და გამოუყენებელი სიმძლავრეების ათვისება იყო. ამიტომ სტალინის შედეგების შედარება სამოქალაქო ომის შედეგად შექმნილ უკიდურესად დაბალ ნიშნულთან სტალინის მიღწევებს გადაჭარბებულად წარმოაჩენს. შესაბამისად, დიდი ნაწილი იმისა, რაც „სასწაულად“ არის წარმოჩენილი, რეალურად რევოლუციამდელი ბაზის აღდგენა იყო.

ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის მოხმარების შეზრუდვის ხარჯზე მოხდა

საბჭოთა კავშირის სწრაფი ინდუსტრიალიზაციისთვის საჭირო იყო უზარმაზარი კაპიტალი, ტექნიკა და მუშახელი. საბჭოთა ხელისუფლებამ რესურსები მოსახლეობის, განსაკუთრებით კი გლეხების ხარჯზე მოიპოვა. სახელმწიფო სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ადმინისტრაციულად დადგენილი დაბალი ფასებით იბარებდა, შემდეგ კი ქალაქებში, ან საზღვარგარეთ უფრო მაღალ ფასად ყიდდა და მიღებული სახსრებით ინდუსტრიული ტექნიკა შემოჰქონდა. ეკონომიკურ ლიტერატურაში ამ პრაქტიკას „ფასების მაკრატელს“ უწოდებენ. ჩერემუხინის, გოლოსოვის, გურიევისა და ცივინსკის გაანგარიშებით, შავ ბაზარსა და სახელმწიფო შესყიდვის ფასებს შორის სხვაობა 1930 წელს 4.5-ჯერ მეტი იყო, 1931 წელს 7-ჯერ მეტი, 1932 წელს კი 28-ჯერ მეტი. იმავე ავტორების სხვა კვლევა ასკვნის, რომ 1928–1940 წლებში სტალინის პოლიტიკამ მოსახლეობას მოხმარების დაახლოებით 24%-ის ტოლფასი კეთილდღეობის დანაკარგი მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ეს დაანგარიშება რეპრესიების ადამიანურ ფასს არ ითვალისწინებს.

ამასთან, თავად მტკიცება, რომ კოლექტივიზაციამ ინდუსტრიალიზაცია „დააფინანსა“, ეკონომისტებს შორის დიდი ხანია სადავოა. ჯეიმს მილარმა ჯერ კიდევ 1974 წელს Slavic Review-ში აჩვენა, რომ პირველი ხუთწლედის მონაცემები სოფლის მეურნეობის მიერ კაპიტალის დაგროვებაში „ბევრად ნაკლებ“ წვლილზე მიუთითებს, ვიდრე ადრე ეგონათ, ხოლო მოგვიანებით კენანის ინსტიტუტისთვის მომზადებულ ნაშრომში დაასკვნა, რომ კოლექტივიზაციას ეკონომიკური ზრდაში „წმინდა წვლილი არ შეუტანია“ და სოფლის მეურნეობა „ნებისმიერი საზომით მკვდარი ტვირთი აღმოჩნდა“. ოქსფორდის ეკონომიკური ისტორიკოსი რობერტ ალენი, რომელიც სტალინური ინდუსტრიალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე კეთილგანწყობილ შემფასებლად ითვლება, ასევე აღიარებს, რომ „კოლექტივიზაციას თითქმის არაფერი მოუტანია“ და რომ კოლექტივიზაცია და პოლიტიკური რეპრესიები „ადამიანური კატასტროფები იყო, რომლებმაც, უკეთეს შემთხვევაში, მწირი ეკონომიკური სარგებელი მოიტანა“.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, საბჭოთა კავშირი ერთბაშად არ გამდიდრებულა. სახელმწიფომ განზრახ შეამცირა სამომხმარებლო საქონლისა და პირადი მოხმარებისთვის აუცილებელი პროდუქტების მოხმარება და მთელი რესურსი ქარხნებზე, ელექტროსადგურებსა და სამხედრო ინდუსტრიაზე მიმართა. პირველი ხუთწლიანი გეგმა მოხმარების ორი მესამედით ზრდას გეგმავდა. ამის ნაცვლად, როგორც ჰარისონი წერს, „მოხმარება ჩამოინგრა“. ალენის შეფასებით, 1932 წელს კოლექტივიზაციით გამოწვეული წარმოების დანაკარგების გამო ერთ სულ მოსახლეზე კალორიების ხელმისაწვდომობა 2 022-მდე დაეცა, ხოლო რეალური ხელფასი 1928–1940 წლებში უმეტეს ურბანულ და სამრეწველო პროფესიებში შემცირდა. ალენისა და ეკატერინა ხაუსტოვას ოქსფორდის კვლევა ადასტურებს, რომ 1928–1937 წლებში საცალო ფასები დაახლოებით ათჯერ გაიზარდა, რეალური ხელფასები კი რევოლუციამდელ დონემდე დაეცა. მკვლევარებს შორის კამათი მხოლოდ იმაზეა, რამდენად აღდგა მოხმარება ათწლეულის ბოლოს. ალენი ქალაქებში მიგრირებული გლეხების ხარჯზე გარკვეულ ზრდას ვარაუდობს, თუმცა თავადვე აღნიშნავს, რომ ეს სტანდარტულ ისტორიოგრაფიულ შეფასებას ეწინააღმდეგება. ინდუსტრიალიზაციის დასაწყისში ცხოვრების დონის მკვეთრ ვარდნაზე კი კონსენსუსი არსებობს.

კოლექტივიზაციის დრამატული ადამიანური ფასი

1929 წლიდან საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ ინდივიდუალური გლეხური მეურნეობების კოლექტიურ მეურნეობებში იძულებითი გაერთიანება დაიწყო. წინააღმდეგობის გამწევ გლეხებს „კულაკებად“ აცხადებდნენ, ქონებას ართმევდნენ, აპატიმრებდნენ, ან ოჯახებით ასახლებდნენ. 1930 წლის თებერვლის დადგენილებით, ისტორიკოსი ლინ ვიოლას მონაცემებით, 60 000 „კულაკი“ საკონცენტრაციო ბანაკებში უნდა გაეგზავნათ ან, ცალკეულ შემთხვევებში, დაეხვრიტათ, ხოლო მხოლოდ 1930 წლის ბოლომდე 550 000-ზე მეტი ადამიანი „მეორე კატეგორიის“ კულაკად გადაასახლეს. რუსი ისტორიკოსი ვიქტორ ზემსკოვი საარქივო მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 1930–1931 წლებში სპეცდასახლებებში 1.8 მილიონზე მეტი „განკულაკებული“ გლეხი გაგზავნეს. ვიოლას ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობაში გამოცემული მონოგრაფია The Unknown Gulag საერთო ჯამში დაახლოებით ორ მილიონ დეპორტირებულ გლეხს ითვლის, რომელთაგან თითქმის ნახევარი მილიონი დაავადებით, შიმშილითა და გადაღლით დაიღუპა.

კოლექტივიზაციამ და მარცვლეულის ძალადობრივმა ამოღებამ, ცუდ მოსავალთან და მეურნეობის მოშლასთან ერთად, 1932–1933 წლების კატასტროფული შიმშილი, ე.წ. ჰოლოდომორი, გამოიწვია. განსაკუთრებით დაზარალდნენ უკრაინა, ყაზახეთი, ჩრდილოეთ კავკასია და ვოლგისპირეთი. რობერტ დევისისა და სტივენ უიტკროფტის ფუნდამენტური ნაშრომი The Years of Hunger 1931–1933 წლების კრიზისს საბჭოთა პოლიტიკასთან აკავშირებს, ხოლო მათი შეფასებით, რომელსაც ანდრეი მარკევიჩის, ნატალია ნაუმენკოსა და ნენსი ციანის კვლევაც იმოწმებს, შიმშილს 5.5–6.5 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. ნაუმენკოს Journal of Economic History-ში გამოქვეყნებული ეკონომეტრიკული ანალიზი აჩვენებს, რომ უკრაინაში ზედმეტი სიკვდილიანობის 52%-მდე კოლექტივიზაციით აიხსნება, ამინდით კი მხოლოდ 8%-მდე. ყაზახეთში, სარა კამერონის კვლევით, შიმშილმა 1.5 მილიონი ადამიანი, რესპუბლიკის მოსახლეობის მეოთხედი იმსხვერპლა.

საბჭოთა სახელმწიფომ შიმშილის დროსაც გააგრძელა სურსათის ამოღება და ექსპორტი. უიტკროფტი აღნიშნავს, რომ 1931–1932 წლებში ცუდი მოსავლის მიუხედავად ხელისუფლებამ მარცვლეულის შესყიდვების გეგმის შემცირებაზე უარი თქვა, ხოლო რუსი ისტორიკოსების ნაზარენკოსა და ბაშკინის საარქივო გაანგარიშებით, 1932 წლის მოსავლიდან (უკვე მასობრივი შიმშილის პირობებში) 1.36 მილიონი ტონა მარცვლეული გაიტანეს საზღვარგარეთ. 1932 წლის 27 დეკემბერს შემოღებულმა შიდა პასპორტების სისტემამ გლეხებს ქალაქებში გადასვლა შეუზღუდა, ხოლო 1933 წლის იანვარში ხელისუფლებამ უკრაინიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან გასვლა პირდაპირ აკრძალა. ამიტომ კოლექტივიზაციის მხოლოდ „ეკონომიკური წარმატების ინსტრუმენტად“ აღწერა უგულებელყოფს პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან შედეგს — მილიონობით ადამიანის სიკვდილს, სოფლის მეურნეობის მოშლასა და გლეხობის ძალადობრივ დამორჩილებას.

იძულებითი შრომა და გულაგის ეკონომიკა

ინდუსტრიალიზაციის ეპოქის ყველა საბჭოური მეგაპროექტი პატიმრებს არ აუშენებიათ და გულაგი საბჭოთა ეკონომიკის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა არ ყოფილა. თუმცა, იძულებითი შრომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ რეგიონებსა და საქმიანობებში, სადაც თავისუფალი მუშების დასაქმება რთული ან ძვირი იქნებოდა: ოქროს, ქვანახშირისა და ნიკელის მოპოვებაში, ტყის ჭრაში, არხების, რკინიგზებისა და გზების მშენებლობაში, შორეული ჩრდილოეთისა და ციმბირის სამრეწველო ობიექტებზე, განსაკუთრებით, ნორილსკში, ვორკუტაში, კოლიმაზე, თეთრი ზღვა–ბალტიისა და მოსკოვი–ვოლგის არხებზე.

ლეონიდ ბოროდკინის, პოლ გრეგორისა და ოლეგ ხლევნიუკის რედაქტორობით გამოცემული საარქივო კრებული „ГУЛАГ: Экономика принудительного труда“ (მოსკოვი, РОССПЭН, სერია „История сталинизма“) დეტალურად განიხილავს გულაგის როლს ნორილსკის კომბინატში, კოლიმის ოქროს საბადოებზე, თეთრი ზღვა–ბალტიის არხზე, ტყის წარმოებასა და სოფლის მეურნეობაში. ჰუვერის ინსტიტუტის მიერ გამოცემულ კრებულში The Economics of Forced Labor პოლ გრეგორი აჩვენებს, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობა „ამაოდ ეძებდა სწორ ბალანსს სტაფილოსა და ჯოხს შორის“: ხელისუფლებამ დაინახა, რომ მხოლოდ იძულება საკმარისი არ იყო, პატიმრებს ხელფასისა და პრემიების შეთავაზება მოუწია და ამით მათი „ღირებულება“ სახელმწიფოსთვის გაიზარდა. რობერტ კონკვესტი ამავე კრებულის წინასიტყვაობაში წერს, რომ სისტემამ „უზარმაზარი ადამიანური და ეკონომიკური დანაკარგები“ გამოიწვია, კვალიფიციური კადრების განადგურების ჩათვლით. მკვლევარი მარტა კრავერი კრებულის მიმოხილვაში სისტემას „წინააღმდეგობრივ, ეკონომიკური თვალსაზრისით არაეფექტიანსა და არაპროდუქტიულს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ გულაგის არსებობას მთლიან საბჭოთა ეკონომიკაზე „გამხრწნელი“ ეფექტი ჰქონდა.

საარქივო მონაცემებზე დაფუძნებული თანამედროვე ისტორიოგრაფიის თანახმად, 1929–1953 წლებში გულაგის სისტემაში დაახლოებით 18 მილიონმა ადამიანმა გაიარა. ჯონ არჩ გეტის, გაბორ რიტერშპორნისა და ვიქტორ ზემსკოვის მიერ American Historical Review-ში გამოქვეყნებული მონაცემებით, მხოლოდ 1934–1953 წლებში გულაგის ბანაკებში 1 053 829 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1937–1938 წლებში 681 692 ადამიანი დახვრიტეს; ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს რიცხვები ზუსტად ვერ ჩაითვლება. 1930–1955 წლებში გულაგში დაღუპულთა საერთო რაოდენობა, ფართოდ მიღებული შეფასებით, დაახლოებით 1.7 მილიონს აღწევს. ეს მონაცემი არ მოიცავს კოლექტივიზაციის დროს დეპორტირებულ ყველა პირს, სპეცდასახლებებში დაღუპულებსა და გათავისუფლების წინ სასიკვდილოდ დაავადებულ პატიმრებს.

ამრიგად, პატიმართა შრომა უფასო არ ყოფილა: სახელმწიფოს უწევდა დაცვაზე, ბანაკების ადმინისტრირებაზე, ტრანსპორტირებასა და მინიმალურ მომარაგებაზე რესურსების დახარჯვა. შიმშილით, დაავადებებითა და ძალადობით დასუსტებული პატიმრების პროდუქტიულობაც დაბალი იყო. სისტემა ეკონომიკურად არაეფექტიანი, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით მოსახერხებელი იყო. მას შეეძლო ადამიანების მასობრივად გადაყვანა იქ, სადაც ნებაყოფლობითი მუშახელის მოძიება ჭირდა.

თავისუფალი მუშახელის მდგომარეობა მხოლოდ წახალისებას არ ეფუძნებოდა

საბჭოთა ეკონომიკაში არსებობდა პრემიები, ნორმის გადაჭარბებით შესრულების წახალისება და ცალობითი ანაზღაურება. თანასწორი ხელფასების უარყოფა თავად სტალინის პოლიტიკა იყო: 1931 წლის 23 ივნისის სიტყვაში მან მოითხოვა „ხელფასების გათანაბრების“ აღმოფხვრა და ძველი სატარიფო ბადეების გაუქმება. განსაკუთრებით ცნობილი გახდა სტახანოველთა მოძრაობა, რომელიც ნორმების გადაჭარბებით შესრულებულ სამუშაოს პრემიებით, ბინებით, ავტომობილებითა და სოციალური პრივილეგიებით აჯილდოებდა. ისტორიკოსი მარკ სმიტი ოქსფორდის თანამედროვე რუსეთის ისტორიის სახელმძღვანელოში აღნიშნავს, რომ სტახანოვიზმმა ხელფასები კიდევ უფრო დიფერენცირებული გახადა და დაბალი რგოლის მუშები „საკმარისი ხელფასის მისაღებად უფრო მძიმედ მუშაობას“ აიძულა, ხოლო ხელფასები პირველი ხუთწლედის დროს სწრაფად დაეცა.

მიუხედავად ამისა, პოსტში მოყვანილი აღწერა, თითქოს ხალხი ძირითადად დადებითი სტიმულების გამო მუშაობდა, არასრულია. წახალისებას თან ახლდა მკაცრი იძულება. დონალდ ფილცერის მიერ International Labor and Working-Class History-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 1938 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით სამსახურში 20 წუთზე მეტი დაგვიანება გაცდენად ჩაითვალა, ხოლო 1940 წლის 26 ივნისის ბრძანებულებით არასაპატიო გაცდენა და სამუშაო ადგილის ნებართვის გარეშე შეცვლა სისხლის სამართლის დანაშაულებად გამოცხადდა. 20-წუთიანი დაგვიანება მუშას სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და საწარმოს საცხოვრებლიდან გამოსახლებას უქადდა.

შესაბამისად, საბჭოთა შრომითი სისტემა პრემიებისა და იძულების ნაზავი იყო. ცალკეულ რეკორდსმენებს ნამდვილად შეეძლოთ დიდი პრემიის მიღება და, სმიტის სიტყვებით, უმაღლესი რანგის სტახანოველები „საბჭოთა საზოგადოების უმაღლეს ფენას“ მიეკუთვნებოდნენ, მაგრამ მტკიცება, რომ მუშა და ოსტატი ჩვეულებრივ ქარხნის დირექტორზე მეტს იღებდნენ, ზოგადი წესის სახით დასაბუთებული არ არის. დირექტორებსა და პარტიულ-ადმინისტრაციულ ელიტას ხელფასის გარდა, როგორც შილა ფიცპატრიკის Everyday Stalinism-ის მიმოხილვა შენიშნავს, საცხოვრებლის, დახურული მომარაგების, აგარაკებისა და პირადი ავტომობილების სახით „არისტოკრატიული პრივილეგიების“ მიღებაც შეეძლოთ.

განათლება და წერა-კითხვის ცოდნა

საბჭოთა ხელისუფლებამ გაუნათლებლობის შემცირებაში მნიშვნელოვანი შედეგი ნამდვილად მოიპოვა. საყოველთაო განათლების გაფართოებამ, წერა-კითხვის კამპანიებმა და ტექნიკური კადრების მომზადებამ ინდუსტრიალიზაციისთვის საჭირო მილიონობით მუშა, ინჟინერი და სპეციალისტი შექმნა.

თუმცა ეს პროცესი მხოლოდ სტალინს არ დაუწყია. გაუნათლებლობის აღმოფხვრის მასშტაბური კამპანია (ликбез) ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ 1919 წლის 26 დეკემბრის დეკრეტით დაიწყო და იგი მთელი 1920-იანი წლების განმავლობაში, ხუთწლიანი გეგმების დაწყებამდე მიმდინარეობდა. აღწერების მონაცემებით, 1926 წელს წიგნიერი იყო მამაკაცების 72% და ქალების 42%, 1939 წელს კი — შესაბამისად 92% და 75%; 9–49 წლის ასაკობრივ ჯგუფში წიგნიერება 1939 წლის აღწერით 87.4%-ს შეადგენდა. ამდენად, სტალინის პერიოდში განათლების გავრცელება რეალური მიღწევა იყო, მაგრამ პოსტი რევოლუციის შემდეგ დაწყებულ მრავალწლოვან პროცესს ერთი მმართველის პირად დამსახურებად წარმოაჩენს.

გარდა ამისა, განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბების პარალელურად ხდებოდა ინტელექტუალების, მეცნიერების, ინჟინრებისა და მასწავლებლების პოლიტიკური დევნა.

დასავლური ტექნოლოგიები და სპეციალისტები

ინდუსტრიალიზაცია მხოლოდ საბჭოთა „ცენტრალიზებული ენერგიის“ შედეგი არ ყოფილა. საბჭოთა კავშირი დასავლეთში ყიდულობდა მანქანა-დანადგარებს, ქარხნების პროექტებსა და ტექნიკურ ცოდნას. აშშ-ის კონგრესის ტექნოლოგიური შეფასების სამსახურის 1979 წლის ანგარიში აღნიშნავს, რომ პირველი ხუთწლედის ახალი სამრეწველო კომპლექსების პროექტები „ძირითადად ამერიკიდან მოდიოდა“, დამონტაჟებული აღჭურვილობის თითქმის ნახევარი გერმანული იყო, ხოლო მანქანების იმპორტი წელიწადში დაახლოებით 0.3 მილიარდიდან 1.4 მილიარდ მანეთამდე გაიზარდა. ანგარიშის დასკვნით, 1941 წლამდე საბჭოთა ინდუსტრიის უმეტეს სექტორში წარმოების ზრდა დასავლეთიდან შეძენილი საწარმოების შედეგი იყო.

ამ კუთხით კონკრეტული მაგალითები მრავლად არის. დეტროიტელი არქიტექტორის ალბერტ კანის ფირმა 1930–1932 წლებში საბჭოთა კავშირის მთელი სამრეწველო მშენებლობის საკონსულტაციო არქიტექტორი იყო და 500-ზე მეტი ქარხნის პროექტი მოამზადა, მათ შორის, სტალინგრადისა და ჩელიაბინსკის ტრაქტორის ქარხნები, და ათასობით საბჭოთა ინჟინერი გადაამზადა. მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატი და ქალაქი ინდიანას შტატის ქალაქ გერის მიხედვით დააპროექტეს. დნეპრის ჰიდროელექტროსადგურს, მაშინ ევროპაში უდიდესს, ამერიკელი ინჟინერი ჰიუ კუპერი აშენებდა. გორკის ავტოქარხანა (ГАЗ) 1929 წლის 31 მაისს ჰენრი ფორდთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე აშენდა: ფორდმა ქარხნის სრული პროექტი და დანადგარების სპეციფიკაციები მიაწოდა, საბჭოთა კავშირმა კი 72 000 დაშლილი Model A უნდა შეეძინა. თავად ქარხანა კლივლენდის კომპანია Austin-მა ააშენა.

თანამედროვე ეკონომიკური კვლევა ამ ტრანსფერის ეფექტს რაოდენობრივადაც ზომავს. ტორსტენ სანტავირტასა და ანდრეი მარკევიჩის 2025 წლის CEPR-ის კვლევა, რომელიც მხოლოდ კარელიაში ჩასულ 5 000-ზე მეტ ჩრდილოამერიკელ სპეციალისტს შეისწავლის, პირველი ხუთწლედის დროს დასავლური ტექნოლოგიის „დიდ და მდგრად მწარმოებლურ ეფექტს“ ადასტურებს. ეს არ აუფასურებს საბჭოთა ინჟინრებისა და მუშების შრომას. თუმცა აჩვენებს, რომ „სასწაული“ იზოლირებულად შექმნილი სტალინური ეკონომიკური ცოდნით არ მომხდარა. ის დიდწილად იმ კაპიტალისტური სამყაროს ტექნოლოგიების კოპირება იყო, რომლის დამარცხებასაც საბჭოთა პროპაგანდა მოსახლეობას ჰპირდებოდა.

არტელები კერძო ბიზნესი არ ყოფილა

პოსტი სწორად აღნიშნავს, რომ საბჭოთა ეკონომიკაში სახელმწიფო საწარმოების გვერდით საწარმოო კოოპერატივები, ე.წ. არტელები, არსებობდა. ისინი ტანსაცმელს, ავეჯს, ფეხსაცმელს, ჭურჭელს, სათამაშოებსა და სხვა სამომხმარებლო საქონელს აწარმოებდნენ და სახელმწიფო ინდუსტრიის მიერ დატოვებულ დეფიციტს ნაწილობრივ ავსებდნენ. „Наука и жизнь“-ში გამოქვეყნებული ისტორიული მიმოხილვის მიხედვით, საწარმოო კოოპერაცია ქვეყნის სამრეწველო პროდუქციის დაახლოებით 5.9%-ს, ავეჯის 40%-მდე და მეტალის ჭურჭლის 70%-მდე აწარმოებდა.

თუმცა ფეისბუქ პოსტში მოყვანილი გავრცელებული რიცხვები („ასი ათასზე მეტი არტელი და ექვსი მილიონი დასაქმებული“) არასწორია. ჩელიაბინსკის უნივერსიტეტის ისტორიკოსების საარქივო კვლევა აჩვენებს, რომ 1950-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში 12 667 არტელი და 1.844 მილიონი მუშაკი იყო. მათ ჰქონდათ 100 ათასზე მეტი სახელოსნო და საწარმო. როგორც ჩანს, სწორედ ამ ობიექტების რაოდენობაა არასწორად წარმოდგენილი არტელების რაოდენობად. შესაბამისად, ექვსი მილიონი დასაქმებულის მტკიცებაც სანდო მონაცემებით არ დასტურდება.

არტელები დამოუკიდებელი კერძო კომპანიები არ ყოფილა. იგივე კვლევა აღწერს, რომ უმნიშვნელოვანესი საქონლის ნუსხას რსფსრ-ის სახელმწიფო გეგმის კომიტეტი ადგენდა, ფასებს ქალაქის აღმასრულებელი კომიტეტი ამტკიცებდა და კალენდარული წლის განმავლობაში მათი შეცვლა აკრძალული იყო. არტელებს კერძო ინიციატივის გარკვეული სივრცე გააჩნდათ, მაგრამ თანამედროვე საბაზრო საწარმოსთან მათი გაიგივება შეცდომაში შემყვანია. 1956 წლის 14 აპრილის დადგენილებით მათი რეორგანიზაცია დაიწყო, ხოლო 1960 წლისთვის საწარმოო კოოპერაცია სრულად გაუქმდა.

გაიმეორეს თუ არა ჩინეთმა, იაპონიამ და რუზველტმა სტალინის მოდელი?

ჩინეთის ეკონომიკურ ისტორიაში საბჭოთა გავლენა უდავოა, განსაკუთრებით 1950-იანი წლების მძიმე ინდუსტრიალიზაციისა და ხუთწლიანი გეგმების პერიოდში. მაგრამ სწორედ სტალინური მოდელის ჩინურმა გამეორებამ, ე.წ. „დიდმა ნახტომმა“, კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი შიმშილი გამოიწვია. Review of Economic Studies-ში გამოქვეყნებული კვლევა 1959–1961 წლებში სოფლად დაღუპულთა რაოდენობას 16.5–45 მილიონის ფარგლებში აფასებს და მიზეზად სახელმწიფოს შესყიდვების მოუქნელ პოლიტიკას ასახელებს, ანუ ზუსტად ის მექანიზმი, რომელმაც 1932–1933 წლებში საბჭოთა კავშირში იმუშავა. ჩინეთის სწრაფი ეკონომიკური ზრდა კი 1978 წლის შემდეგ დაწყებულ რეფორმებს უკავშირდება, როდესაც ქვეყანამ პირიქით, კოლექტიური მეურნეობები დაშალა, კერძო საქმიანობა დაუშვა, უცხოური ინვესტიციები მოიზიდა და საბაზრო მექანიზმები შემოიღო. ჯასტინ იფუ ლინის American Economic Review-ში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ სწორედ დეკოლექტივიზაციამ, ანუ საოჯახო პასუხისმგებლობის სისტემამ, 1978–1984 წლებში სოფლის მეურნეობის წარმოების ზრდის დაახლოებით ნახევარი უზრუნველყო. Journal of Economic Perspectives-ში გამოქვეყნებული ანალიზი ჩინეთის 1978 წლის შემდგომ ზრდას შეზღუდვების მოხსნის ინსტიტუციურ რეფორმებს უკავშირებს და არა კაპიტალის იძულებით დაგროვებას. ამიტომ თანამედროვე ჩინეთის წარმატების სტალინური მოდელით ახსნა მცდარია. ჩინეთი სწორედ მაშინ გამდიდრდა, როცა ამ მოდელს ჩამოშორდა.

იაპონიის სახელმწიფო ნამდვილად ატარებდა ინდუსტრიულ პოლიტიკას და დაგეგმვის ელემენტებსაც იყენებდა. ჩალმერს ჯონსონის კლასიკური ნაშრომი MITI and the Japanese Miracle იაპონურ მოდელს „სახელმწიფოს მიერ მიმართულ“ სისტემად აღწერს, რომლის ბირთვი ბიუროკრატიისა და კერძო საკუთრებაში მყოფი ბიზნესის ურთიერთობაა, სადაც სახელმწიფო ბაზრის მექანიზმებს „ავსებს და არა ანაცვლებს“. თუმცა, იაპონიში, სსრკ-სგან განსხვავებით, კერძო საკუთრება, კერძო ბანკები, კორპორაციები და საბაზრო ფასები შენარჩუნებული იყო. იაპონიის ომისშემდგომი „ინდიკატიური დაგეგმვა“ და საბჭოთა სავალდებულო ბრძანებითი, ეკონომიკა ერთი და იგივე მოდელი არ ყოფილა.

ასევე სრულიად დაუსაბუთებელია მტკიცება, რომ ფრანკლინ რუზველტმა აშშ დიდი დეპრესიიდან „სტალინური მეთოდებით“ გამოიყვანა. New Deal, როგორც აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა აღწერს, მოიცავდა უმუშევრებისა და ღარიბების დახმარებას, ეკონომიკის აღორძინებას და ფინანსური სისტემის რეფორმას, რაც გულისხმობდა ბანკების რეგულაციას, საზოგადოებრივ სამუშაოებს, სოციალურ დაზღვევას და შრომითი უფლებების დაცვას. კერძო საკუთრება, საბაზრო ეკონომიკა, არჩევნები და დამოუკიდებელი პროფკავშირები არ გაუქმებულა. ეკონომისტები ასევე აღნიშნავენ, რომ უმუშევრობა აშშ-ში 1940 წლამდე ორნიშნა რჩებოდა და სრული დასაქმება მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში ჩაბმის შემდეგ მიიღწა. რუზველტის მოდელი სტალინის კოლექტივიზაციისა და ბრძანებითი ეკონომიკის ანალოგი არც შედეგით და არც მეთოდებით ყოფილა.

სრულიად დაუსაბუთებელია მტკიცება, რომ სსრკ იყო „მსოფლიოს მოწინავე ქვეყანა“, რომელიც „ისტორიას არ ახსოვს“

პოსტის ორი ცენტრალური მტკიცება, რომ სტალინმა საბჭოთა კავშირი „მსოფლიოს მოწინავე ქვეყნად აქცია“ და რომ ასეთი ტემპი „კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს“, უბრალოდ არასწორია და ამას რიცხვები და სტატისტიკა მარტივად აჩვენებს. მარკ ჰარისონის რედაქტორობით გამოცემულ კრებულში The Economics of World War II მოყვანილი მონაცემები აჩვენებს, რომ 1938 წელს, ანუ ორი ხუთწლედის შემდეგ, ერთ სულ მოსახლეზე მშპ საბჭოთა კავშირში 2 150 საერთაშორისო დოლარი იყო (1990 წლის ფასებში), აშშ-ში — 6 134, ბრიტანეთში — 5 983, გერმანიაში — 5 126, იაპონიაში — 2 356. საბჭოთა კავშირი აშშ-ის დონის მესამედსაც ვერ აღწევდა და იაპონიასაც ჩამორჩებოდა. ჰარისონი სსრკ-ს „კიდევ ერთ დაბალშემოსავლიან სახელმწიფოდ“ მოიხსენიებდა. რობერტ ალენის მონაცემებით, 1940 წელს საბჭოთა მშპ ერთ სულ მოსახლეზე დასავლეთ ევროპის დონის დაახლოებით 44%-ს და ამერიკისა და ავსტრალიის დონის დაახლოებით 31%-ს შეადგენდა. ჰარისონი სხვა ნაშრომში აჯამებს, რომ რუსეთი საბჭოთა ეპოქამდეც და მის შემდეგაც „უბრალოდ საშუალო ეკონომიკა“ იყო: 1930-იან წლებში საბჭოთა წარმოება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს დაუბრუნდა და მეორე მსოფლიო ომის წინ მას მხოლოდ 10%-ით აღემატებოდა. რეალურად საბჭოთა კავშირი არა „მსოფლიოს მოწინავე ქვეყანა“, არამედ „მსოფლიო საშუალოს ოდნავ ზემოთ“ მყოფი ქვეყანა იყო.

ასევე არ ყოფილა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის ტემპი. მადისონის პროექტის მონაცემებით, რომელსაც Our World in Data აქვეყნებს, სამხრეთ კორეაში 1960–1990 წლებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე თითქმის 9-ჯერ გაიზარდა (წელიწადში დაახლოებით 7.6%), ტაივანში — 7-ჯერ (6.9%), ჩინეთში კი 1978 წლის შემდგომი სამი ათწლეულის ზრდა ოფიციალური მონაცემებით წელიწადში 8%-ს აღემატებოდა. საბჭოთა კავშირის 1928–1940 წლების მაჩვენებელი, რომელიც სხვადასხვა მონაცემთა ბაზის მიხედვით წელიწადში 4–6%-ს შორის მერყეობს, ამ ქვეყნების მაჩვენებლებზე დაბალია. ამასთან ამ ქვეყნებიდან არც ერთს ეკონომიკური ზრდისთვის მილიონობით ადამიანის შიმშილით სიკვდილი არ დასჭირვებია. თავად ალენი, რომელიც საბჭოთა გამოცდილებას ყველაზე დადებითად აფასებს, XX საუკუნის ყველაზე წარმატებულ განვითარებად ეკონომიკად იაპონიას ასახელებს და საბჭოთა კავშირს „უშუალოდ მის შემდეგ“ აყენებს.

იყო თუ არა სტალინის გზა აუცილებელი?

იყო თუ არა სტალინის გზა აუცილებელი, ეკონომიკური ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სადავო საკითხია და სწორედ აქ ჩანს ყველაზე ნათლად, რომ რეალურად, არანაირი „გამოცანა“ არ არსებობს. ჩერემუხინმა, გოლოსოვმა, გურიევმა და ცივინსკიმ ნაშრომში სათაურით „იყო თუ არა სტალინი აუცილებელი რუსეთის ეკონომიკური განვითარებისთვის?“ სტალინის ეკონომიკა ალტერნატიულ სცენარებს შეადარეს. მათი დასკვნით, სტალინური პოლიტიკა ინდუსტრიალიზაციას მართლაც აჩქარებდა, მაგრამ 1928–1940 წლებში მოსახლეობის კეთილდღეობა მოხმარების 24%-ის ეკვივალენტით შეამცირა. სტალინის საბჭოთა კავშირიც და ჰიპოთეტური „გაგრძელებული მეფის რუსეთიც“ 1928 წლის შემდეგ იაპონიაზე „მნიშვნელოვნად უარეს“ შედეგზე გადიოდა. სერგეი გურიევი ამ შედეგებს ასე აჯამებს: სტალინის ეკონომიკურმა შედეგებმა „მხოლოდ მცირედ გადააჭარბა არაეფექტიან მეფის რუსეთის ტრენდს“, ხოლო იაპონური პოლიტიკის შემთხვევაში რუსეთი ბევრად უფრო სწრაფად გაიზრდებოდა. საბჭოთა ეკონომიკის მკვლევარი რიჩარდ ერიქსონი ბრძანებით სისტემას „არსებითად ეკონომიკურად არაეფექტიანს, თუმცა პოლიტიკური ხელმძღვანელობის პრიორიტეტების მისაღწევად შედეგიანს“ უწოდებს.

შესაბამისად, სწრაფი ინდუსტრიალიზაციის აღიარება არ ნიშნავს, რომ კოლექტივიზაცია, შიმშილი და რეპრესიები აუცილებელი იყო. საბჭოთა კავშირმა ინდუსტრიული ძალა მოიპოვა, მაგრამ ვერ დასტურდება, რომ იგივე სტრუქტურული გარდაქმნა ნაკლებად ძალადობრივი პოლიტიკით შეუძლებელი იქნებოდა. რუსეთის საკუთარი რევოლუციამდელი გამოცდილება და იაპონიის, მოგვიანებით კი სამხრეთ კორეისა და ტაივანის მაგალითები სწორედ საწინააღმდეგოზე მიუთითებს.

See all posts

Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.