მართლა “გამოაცალა” თუ არა სტალინმა ინდოეთი დიდ ბრიტანეთს?
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ტექსტი, სათაურით „როგორ გამოაცალა ხელიდან სტალინმა ჩერჩილს ინდოეთი“, რომელიც ამტკიცებს, რომ 1947 წელს ბრიტანეთის მიერ ინდოეთის დატოვება „ბრიტანეთის იმპერიის გეოპოლიტიკური გაკოტრება“ იყო, „რომელიც კრემლში დაწერილი სცენარითა და სტალინის ცივი, პრაგმატული გათვლებით დაჩქარდა“. ავტორი ეყრდნობა, მისივე თქმით, ბრიტანეთის „სამხედრო კაბინეტის საიდუმლო მასალებს (TNA: CAB 128/129)“, ვიცე-მეფე ლორდ უეველის დღიურებსა და „საბჭოთა საგარეო პოლიტიკის დეკლარირებულ არქივებს“ (არქივირებული ბმული).
ფეისბუქ პოსტში რამდენიმე კონკრეტული მტკიცებაა, რომელიც გადამოწმებას საჭიროებს. კერძოდ: (1) თეირანისა და იალტის კონფერენციებზე სტალინი „დახვეწილად უჭერდა მხარს რუზველტის ანტიკოლონიურ ინიციატივებს, რითაც ჩერჩილს სრულ იზოლაციაში აქცევდა“; (2) 1946 წლის თებერვალში ბომბეიში ინდოეთის სამეფო ფლოტის ამბოხებამ ბრიტანულ მმართველობას „წერტილი დაუსვა“, ხოლო ლორდ უეველი დღიურში წერდა, რომ „კომუნისტები მზად არიან, ამით ისარგებლონ“; (3) საგარეო საქმეთა მინისტრი ერნესტ ბევინი „ღიად გამოხატავდა შიშს“, რომ ინდოეთის დაუყოვნებლივ დატოვების გარეშე იქ მოსკოვის მხარდაჭერილი მემარცხენეები გაიმარჯვებდნენ; (4) 1947 წლის 13 აპრილს საბჭოთა კავშირსა და ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება „საერთაშორისო სამართლის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა“ იყო, რადგან ბრიტანეთს ჯერ არ ჰქონდა გამოცხადებული გასვლის თარიღი; (5) ინდოეთის პირველი ელჩი მოსკოვში „კრისტნა მენონი“ იყო, რომელიც მოგონებებში მოსკოვის თბილ მასპინძლობას აღწერს; (6) სტალინმა დამოუკიდებლობის შემდეგ ინდოეთის საქმეებში „უხეშ ჩარევაზე“ უარი თქვა და ამით ნერუს „მიუმხრობლობის მოძრაობის“ შექმნის საშუალება მისცა; (7) საბოლოოდ, სტალინმა „ყოველგვარი პირდაპირი ომისა და დიდი დანახარჯების გარეშე, მხოლოდ დიპლომატიური მანევრირებითა და გაეროს ტრიბუნის გამოყენებით“ აიძულა ბრიტანეთი, დაეთმო იმპერიის „მთავარი დასაყრდენი“.
ჯეოფაქტსმა თითოეული ეს მტკიცება პირველწყაროებით გადაამოწმა. გამოკვლეული იქნა ბრიტანეთის პარლამენტის ოქმები (Hansard), აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური დოკუმენტების კრებული (Foreign Relations of the United States, FRUS), ბრიტანეთის ეროვნული არქივის მასალები, ინდოელი და საბჭოთა დიპლომატების ჩანაწერები და თემის აკადემიური ისტორიოგრაფია. აღმოჩნდა, რომ ტექსტის თითქმის ყველა საყრდენი ფაქტი არასწორია, ხოლო ცენტრალური თეზისი, რომ არსებობდა ე.წ. სტალინის „სცენარი,“ არც ერთი დოკუმენტით არ მტკიცდება.
ჩერჩილი ინდოეთის დატოვების დროს ხელისუფლებაში აღარ იყო
პუბლიკაციის სათაური და მთავარი თეზისი, რომ „სტალინმა ჩერჩილს ინდოეთი გამოაცალა“ ქრონოლოგიურად მცდარია. ბრიტანეთში 1945 წლის 5 ივლისს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტებმა 393 მანდატი მოიპოვეს, კონსერვატორებმა — 197, ხოლო 26 ივლისს ჩერჩილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წავიდა (არქივი). ინდოეთისთვის ძალაუფლების გადაცემის ყველა გადამწყვეტი ნაბიჯი (1946 წლის კაბინეტის მისია, 1947 წლის 20 თებერვლის განცხადება და 1947 წლის ივლისის ინდოეთის დამოუკიდებლობის აქტი) კლემენტ ეტლის ლეიბორისტულმა მთავრობამ გადადგა.
ჩერჩილი, ოპოზიციის ლიდერის რანგში, ამ პოლიტიკას მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა. 1947 წლის 6 მარტს თემთა პალატის დებატებში მან მთავრობის გეგმას „ოპერაცია გაქცევა“ (Operation Scuttle) უწოდა (არქივი), 14-თვიანი ვადა „ძალაუფლების მოწესრიგებული გადაცემისთვის ფატალურად“ და „ერთგვარ გილიოტინად“ შეაფასა და მთავრობა „სამარცხვინო გაქცევაში, ნაადრევ, ნაჩქარევ გაქცევაში“ დაადანაშაულა. ანუ ფრაზა „სამარცხვინო გაქცევა,“ რომელსაც პუბლიკაცია ბრიტანულ ისტორიოგრაფიას „დამალულად“ უთვლის, სწორედ ჩერჩილის სიტყვებია. სტალინის ან საბჭოთა ზეწოლის შესახებ ამ დებატებში არც ჩერჩილს და არც სხვა რომელიმე დეპუტატს ერთი სიტყვაც არ უთქვამს.
ასევე საგულისხმოა, რომ პუბლიკაციის მიერ მოხმობილი საარქივო ნიშნულები, როგორიცაა „სამხედრო კაბინეტის საიდუმლო მასალები (TNA: CAB 128/129)“ რეალურად სამხედრო კაბინეტის დოკუმენტები არ არის. ბრიტანეთის ეროვნული არქივის კატალოგის მიხედვით, სერია CAB 128 1945 წლიდან მოქმედი ომის შემდგომი კაბინეტის ოქმებს მოიცავს (არქივი), CAB 129 - ამავე პერიოდის კაბინეტის მემორანდუმებს, ხოლო ომის დროინდელი სამხედრო კაბინეტის ოქმები სერიაში CAB 65 ინახება. აღნიშნული უზუსტობაც ამტკიცებს, რომ „საიდუმლო არქივებზე“ მითითება ტექსტში დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს და ავტორს არც ერთი კონკრეტული დოკუმენტი არ მოჰყავს.
უეველის „ციტატა“ არ არსებობს
პუბლიკაციის ერთ-ერთი „მტკიცებულება“ ვიცე-მეფე ლორდ უეველის დღიურიდან მოყვანილი სიტყვებია: „ჩვენ აღარ შეგვიძლია ინდოეთის ძალით შენარჩუნება. ჩვენი ჯარი არასაიმედოა… კომუნისტები მზად არიან, ამით ისარგებლონ“. უეველის დღიური 1973 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ პენდერელ მუნის რედაქტორობით გამოსცა (Wavell: The Viceroy's Journal). ამ ტექსტში მოყვანილი ციტატა არ გვხვდება და ის არც ერთ აკადემიურ ნაშრომში არ არის დამოწმებული.
უეველს ბრიტანული ძალაუფლების გამოფიტვაზე მართლაც უწერია, ოღონდ სხვა სიტყვებით და სხვა აქცენტით. 1946 წლის 31 დეკემბრის ჩანაწერში, რომელსაც ბრიტანეთის აკადემიის ლექციაში ოქსფორდელი ისტორიკოსი ჯუდით ბრაუნი იმოწმებს, ვიცე-მეფე წერს: „ჩვენ თითქმის მთლიანად დავკარგეთ მოვლენების კონტროლის ძალა; ჩვენ უბრალოდ ჩვენი წინა პრესტიჟის ინერციით ვმოძრაობთ“ (გვ. 133 - "while the British are still legally and morally responsible for what happens in India, we have lost nearly all power to control events; we are simply running on the momentum of our previous prestige"). კომუნისტები, ან მოსკოვი აქ ნახსენები არ არის. უეველის 1946 წლის ე.წ. „ჩაშლის გეგმაც“ (Breakdown Plan), რომელსაც პენჯაბის კვლევების ჟურნალში მუჰამად იქბალ ჩავლა დეტალურად განიხილავს, ბრიტანეთის ეტაპობრივ სამხედრო ევაკუაციას ითვალისწინებდა და მისი მოტივაცია ინდუსურ-მუსლიმური სამოქალაქო ომის საფრთხე და ადმინისტრაციის დაშლა იყო და არა საბჭოთა მუქარა. ეტლის კაბინეტმა ეს გეგმა 1947 წლის იანვარში უარყო, რადგან, პრემიერის სიტყვებით, პრობლემას „სამხედრო ევაკუაციის საფუძველზე“ მიუდგებოდა.
ბრაუნი იმავე ლექციაში ცალკე აღნიშნავს, რომ „კომუნიზმის იდეოლოგია ბრიტანელებისთვის ინდოეთში მართლაც მუდმივი საზრუნავი იყო“, მაგრამ „სინამდვილეში ამ შიშებს მცირე საფუძველი ჰქონდა“. ის ძალაუფლების გადაცემის მიზეზებად ომით გამოწვეულ ფინანსურ გამოფიტვას, ნაციონალიზმის მიერ კოლონიური სახელმწიფოს დელეგიტიმაციას, ინდუს-მუსლიმურ ჩიხს, ბრიტანული ჯარების არასაკმარისობას, პოლიციის არასაიმედოობასა და ოფიცერთა კორპუსის ინდუსიზაციას ასახელებს. სტალინი და სსრკ ამ ჩამონათვალში არ გვხვდება.
ბევინი ინდოეთის დატოვებას სწორედ საბჭოთა კავშირის შიშით ეწინააღმდეგებოდა
პუბლიკაციის თანახმად, ერნესტ ბევინი „საიდუმლო კორესპონდენციაში ღიად გამოხატავდა შიშს, რომ თუ ლონდონი ინდოეთს დაუყოვნებლივ არ დატოვებდა, ქვეყანაში დაიწყებოდა სამოქალაქო ომი, სადაც მთავარ ძალად მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი რადიკალური მემარცხენეები მოგვევლინებოდნენ“. ბრიტანული დოკუმენტები ზუსტად საპირისპიროს აჩვენებს.
1947 წლის 1 იანვარს ბევინმა ეტლის წერილი გაუგზავნა, რომელშიც კაბინეტისა და უეველის „დამარცხებული განწყობა“ (defeatist attitude) გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის „ჩვენ სრულიად გვაქვეითებს“. ამ წერილში (არქივი), ჩანს, რომ უეველი ინდოეთის გასვლის თარიღის დაფიქსირებას ეწინააღმდეგებოდა იმ მოტივით, რომ ეს ბრიტანეთის პოზიციას ახლო აღმოსავლეთში შეარყევდა. უფრო ადრე, 1946 წლის 14 ივნისს, ბევინმა კაბინეტს მემორანდუმი (CAB 129/10, „ვითარება ინდოეთში და მისი შესაძლო გავლენა საგარეო ურთიერთობებზე“) წარუდგინა, რომელშიც შიშობდა (არქივი), რომ ბრიტანეთის მიერ ინდოეთში დატოვებულ ვაკუუმს საბჭოთა კავშირი შეავსებდა.
სხვა სიტყვებით, საბჭოთა საფრთხე ბევინისთვის ინდოეთში დარჩენის და არა გასვლის არგუმენტი იყო. მთავრობის სახელით გადაწყვეტილების რეალური ლოგიკა 1947 წლის 5 მარტს თემთა პალატაში სტაფორდ კრიპსმა ახსნა: ალტერნატივა იქნებოდა „ინდოეთში სულ მცირე 15–20 წლით დარჩენის მტკიცე გადაწყვეტილება“, რაც „ეროვნული და საერთაშორისო თვალსაზრისით პოლიტიკურად განუხორციელებელი“ იყო და რისთვისაც „ჩვენ ძალა არ გვექნებოდა“. რუსეთი და საბჭოთა კავშირი ამ ახსნაში არ ფიგურირებს.
1946 წლის ფლოტის ამბოხება
ფეისბუქ პოსტი 1946 წლის თებერვლის ბომბეის ამბოხებას იმ მოვლენად წარმოაჩენს, „რომელმაც წერტილი დაუსვა ბრიტანულ მმართველობას“ და ლონდონში „ნამდვილი პანიკა“ გამოიწვია. ამბოხება ინდოეთის სამეფო ფლოტის ხომალდ „თალვარზე“ 1946 წლის 18 თებერვალს დაიწყო და 23 თებერვალს დასრულდა. მაგრამ ინდოეთში სამი მინისტრისგან შემდგარი კაბინეტის მისიის გაგზავნა, რომელსაც ძალაუფლების გადაცემის მოლაპარაკება ევალებოდა, ლორდთა პალატაში სახელმწიფო მდივანმა პეთიკ-ლორენსმა 19 თებერვალს გამოაცხადა, და ეს განცხადება 1945 წლის სექტემბრის მთავრობის პოლიტიკას (“ინდოეთში სრული თვითმმართველობის სწრაფი რეალიზაცია”) ეყრდნობოდა. ამბოხების შესახებ ინფორმაცია თემთა პალატას მხოლოდ 21 თებერვალს მიუვიდა, როდესაც ეტლიმ განაცხადა, რომ ინდოეთის მთავრობისგან ჯერ არანაირი ცნობა არ ჰქონდა. ანუ გადაწყვეტილება, რომელსაც პუბლიკაცია ამბოხების „პანიკით“ ხსნის, ამბოხების შესახებ ლონდონში ინფორმაციის მისვლამდე იყო მიღებული.
ამბოხების პოლიტიკური დინამიკაც სხვაგვარია, ვიდრე პოსტშია მოყვანილი. 26 თებერვალს ეტლიმ პარლამენტს მოახსენა, რომ „კონგრესის და მუსლიმური ლიგის ლიდერები თანამშრომლობდნენ არეულობის დაგმობასა და მის შეჩერებაში“, ხოლო ინდოეთის კომუნისტურმა პარტიამ ამბოხებულთა მხარდასაჭერი მანიფესტი გამოაქვეყნა. ბომბეიში 223 ადამიანი დაიღუპა. ამბოხებულებს დანებებისკენ ვალაბჰაი პატელმა მოუწოდა, ხოლო დანებების დოკუმენტი, ჟურნალისტ პრამოდ კაპურის კვლევის მიხედვით, კომუნისტმა მოჰან კუმარამანგალამმა შეადგინა. აქედან კარგად ჩანს, რომ ინდოეთის კომუნისტები ამ მომენტში არა მოსკოვის სცენარით, არამედ ადგილობრივი კონტექსტით მოქმედებდნენ.
რაც შეეხება „მოსკოვის ხელს“: 1946 წლის მარტში ამერიკის გენერალური კონსულის ჯორჯ მერელის დეპეშა, რომელიც FRUS-ის კრებულში ქვეყნდება, ბრიტანული დაზვერვის შეფასებას გადმოსცემს: მოსკოვსა და ინდოელ კომუნისტებს შორის პირდაპირი კავშირი არ დასტურდებოდა, ერთი ოფიცრის თქმით, ინდოეთში ათი წლის განმავლობაში მოსკოვის მიერ მართული აქტივობა არ ყოფილა, ხოლო სამხედრო დაზვერვის დასკვნით, ამბოხების გამოწვევაში „კონგრესის ლიდერების ბოლო თვეების ანთებადი გამოსვლები, ალბათ, უფრო დიდ როლს ასრულებდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფაქტორი“. აღნიშნული ჩანაწერი სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის თეზისს უარყოფს.
სამხედრო ფაქტორი ბრიტანეთის გასვლის გადაწყვეტილებაში ნამდვილად არსებობდა, მაგრამ მისი კონტექსტი განსხვავებული იყო. ინდოეთის ეროვნული არმიის (INA) ოფიცრების სასამართლო პროცესებმა 1945–1946 წლებში ინდოეთში ვნებათაღელვა გამოიწვია. მთავარსარდალმა კლოდ ოკინლეკმა 1946 წლის 12 თებერვლის საიდუმლო ბარათში აღიარა, რომ განაჩენების აღსრულება „მთელ ქვეყანაში ძალადობრივ აფეთქებას“ და „არმიაში, განსაკუთრებით ინდოელ ოფიცრებს შორის, აქტიურ და ფართო უკმაყოფილებას“ გამოიწვევდა. ბრიტანული ჯარების რაოდენობა ინდოეთში 1946 წლის ოქტომბრიდან 1947 წლის იანვრამდე 80 ათასიდან 63 ათასამდე შემცირდა. თავდაცვის კომიტეტმა გამოთვალა, რომ ინდოეთის შეიარაღებული ძალების უკმაყოფილების შემთხვევაში ხუთი დამატებითი დივიზია დასჭირდებოდათ, რომლის გაგზავნის სურვილი ეტლის არ ჰქონდა. შესაბამისად, სამხედრო ფაქტორი მხოლოდ ინდოეთის ეროვნული მოძრაობის ზეწოლის კონტექსტში უნდა იქნას განხილული და არა სტალინის და საბჭოთა კავშირის.
თეირანი და იალტა: რას ამბობს ოფიციალური ოქმი?
პუბლიკაციის თანახმად, თეირანისა და იალტის „საარქივო ოქმები“ ადასტურებს, რომ სტალინი რუზველტის ანტიკოლონიურ ინიციატივებს უჭერდა მხარს და ჩერჩილს იზოლაციაში აქცევდა. ამ კონფერენციების სრული ამერიკული ჩანაწერები სახელმწიფო დეპარტამენტის ისტორიის ოფისს აქვს გამოქვეყნებული, და მათში ინდოეთის შესახებ მხოლოდ ერთი ეპიზოდია.
1943 წლის 28 ნოემბერს, თეირანში, რუზველტი სტალინს საბჭოთა საელჩოში პირადად, ჩერჩილის გარეშე შეხვდა. ჩარლზ ბოლენის ოქმის მიხედვით, რომელსაც FRUS აქვეყნებს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „უკეთესი იქნებოდა ინდოეთის საკითხი მისტერ ჩერჩილთან არ განეხილათ“, და დასძინა, რომ, მისი აზრით, „საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა რეფორმა ქვემოდან, გარკვეულწილად საბჭოთა ხაზით“. სტალინმა უპასუხა, რომ „ინდოეთის საკითხი რთული იყო, კულტურის განსხვავებული დონეებითა და კასტებს შორის ურთიერთობის არარსებობით“, და რომ „რეფორმა ქვემოდან რევოლუციას ნიშნავდა“. ეს არის სრული ჩანაწერი. სტალინი არც ინიციატივით გამოდის, არც ბრიტანეთზე ზეწოლას ითხოვს. ის უბრალოდ ფრთხილად და სკეპტიკურად პასუხობს ამერიკელი პრეზიდენტის იდეას. თეირანის სამი სახელმწიფოს დეკლარაციასა და სამხედრო დასკვნებში, რომელთა ტექსტიც იელის სამართლის სკოლის ავალონის პროექტზეა ხელმისაწვდომი, ინდოეთი ან კოლონიები საერთოდ არ არის მოხსენიებული.
ინდოეთზე საუბარი არც იალტაში ყოფილა. 1945 წლის 9 თებერვლის მეექვსე პლენარულ სხდომაზე ჩერჩილმა მართლაც აღშფოთებით უარყო სამეურვეო ტერიტორიების შესახებ მოხსენება და, ბოლენის ოქმის მიხედვით, განაცხადა, რომ „არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა, ორმოცი თუ ორმოცდაათი ერი ბრიტანეთის იმპერიის საქმეებში ხელებს ურევდეს“. მაგრამ სახელმწიფო მდივანმა სტეტინიუსმა მაშინვე განმარტა, რომ მოხსენება „ბრიტანეთის იმპერიას არ ეხებოდა“, არამედ მტრისგან ჩამორთმეულ ტერიტორიებს, მაგალითად იაპონიის კუნძულებს წყნარ ოკეანეში. იალტის ოქმის საბოლოო ტექსტმა, რომელიც ავალონის პროექტზეა გამოქვეყნებული (არქივი), ტერიტორიული მეურვეობა მხოლოდ სამ კატეგორიაზე გაავრცელა — ერთა ლიგის არსებულ მანდატებზე, მტრისგან ჩამორთმეულ ტერიტორიებზე და ნებაყოფლობით გადაცემულ ტერიტორიებზე. ბრიტანეთის არსებული კოლონიები, ინდოეთის ჩათვლით, ამ ფორმულიდან პირდაპირ გამოირიცხა.
უფრო მეტიც, იალტაში სტალინმა ჩერჩილის „იზოლაციის“ საპირისპიროდ იმოქმედა. 1945 წლის 8 თებერვლის რუზველტ-სტალინის შეხვედრაზე, როგორც ბოლენის ოქმი მოწმობს (არქივი), რუზველტმა თქვა, რომ ბრიტანეთის მოწვევა კორეის მეურვეობაში „პირადად მას აუცილებლად არ მიაჩნდა“; სტალინმა უპასუხა, რომ ბრიტანელები „უეჭველად განაწყენდებოდნენ“, რომ პრემიერ-მინისტრმა „შეიძლება მოგვკლას“, და ბრიტანეთის მოწვევა ურჩია. პოტსდამშიც, 1945 წლის ივლისში, საბჭოთა დელეგაციის ერთადერთი წინადადება კოლონიურ თემაზე იტალიის ყოფილ კოლონიებსა და ერთა ლიგის მანდატებს ეხებოდა (არქივი) და არა ინდოეთს.
ინდოეთის საკითხზე ჩერჩილს ომის წლებში მართლაც ჰქონდა მწვავე დავა, ოღონდ არა სტალინთან, არამედ რუზველტთან. 1942 წლის 10 მარტს რუზველტმა ჩერჩილს ინდოეთისთვის „დროებითი დომინიონის მთავრობის“ შექმნა შესთავაზა (არქივი), 11 აპრილს კი კრიპსის მისიის გახანგრძლივება მოსთხოვა იმ მოტივით, რომ „ამერიკული საზოგადოებრივ აზრს არ ესმოდა“ ბრიტანეთის პოზიცია. სწორედ ამ ამერიკულ ზეწოლას უპასუხა ჩერჩილმა 1942 წლის 10 ნოემბერს ცნობილი ფრაზით: „მე მეფის პირველი მინისტრი იმისთვის არ გავმხდარვარ, რომ ბრიტანეთის იმპერიის ლიკვიდაციას ვუხელმძღვანელო“ (არქივი). ამ თემის წამყვანი მკვლევარი, ტეხასის უნივერსიტეტის ისტორიკოსი უილიამ როჯერ ლუისი, ჩერჩილის ნაციონალურ მუზეუმში წაკითხულ ლექციაში აღნიშნავს (არქივი), რომ რუზველტი ინდოეთის საკითხს ჩერჩილთან ზეპირად აღარ აყენებდა და „სტალინს აფრთხილებდა, ინდოეთი ჩერჩილთან არასდროს ეხსენებინა“. შესაბამისად, ისტორიული დოკუმენტები აჩვენებს, რომ ამერიკას და დიდ ბრიტანეთს შორის კოლონიურ თემებზე დავა მართლა არსებობდა. სტალინის როლი ამ დისკუსიაში არ დასტურდება.
1947 წლის 13 აპრილი: „უპრეცედენტო“ ნაბიჯი, რომელიც სულაც არ იყო უპრეცედენტო
ფეისბუქ პოსტში აღნიშნულია, რომ საბჭოთა კავშირსა და ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1947 წლის 13 აპრილს დამყრდა. ეს თარიღი ნამდვილია, თუმცა, ის მტკიცება, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება მოხდა, მაშინ როცა „ბრიტანეთს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამოცხადებული ინდოეთის დატოვების ზუსტი თარიღი“, და რომ ეს „საერთაშორისო სამართლის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა“ იყო, მცდარია.
1947 წლის 20 თებერვალს, ანუ, აპრილამდე თითქმის ორი თვით ადრე, კლემენტ ეტლიმ თემთა პალატაში განაცხადა, რომ მისი მთავრობის „მტკიცე განზრახვაა, ძალაუფლება პასუხისმგებელ ინდოელთა ხელში არაუგვიანეს 1948 წლის ივნისისა გადასცეს“. იმავე დღეს ბრიტანეთის ელჩმა ვაშინგტონში ამ განცხადების ტექსტი სახელმწიფო მდივან მარშალს გადასცა (არქივი). შესაბამისად, აპრილში მოსკოვი ურთიერთობას ამყარებდა ქვეყანასთან, რომლის დამოუკიდებლობის ვადაც ლონდონს საჯაროდ ჰქონდა გამოცხადებული.
ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ინდოეთი 1946 წლის 2 სექტემბრიდან, ჯავაჰარლალ ნერუს მეთაურობით შექმნილი დროებითი მთავრობის პირობებში, ბრიტანეთის თანხმობით უკვე აწარმოებდა საკუთარ საგარეო პოლიტიკას. 1946 წლის 26 სექტემბრის ინტერვიუში ნერუ ამბობდა, რომ „აშშ-სთან და ჩინეთთან ინდოეთს უკვე აქვს დიპლომატიური კონტაქტის ფორმა“ და რომ ასეთივე ურთიერთობა რუსეთთანაც სურდა. 1947 წლის 26 თებერვალს ინდოეთის პირველმა ელჩმა ვაშინგტონში, ასაფ ალიმ, სახელმწიფო მდივან ჯორჯ მარშალს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა, ანუ საბჭოთა „უპრეცედენტო“ ნაბიჯამდე ექვსი კვირით ადრე. კ.პ.ს. მენონი ინდოეთის ელჩად ნანკინში ჯერ კიდევ 1946 წლის ოქტომბერში ჩავიდა. ინდოეთი 1945 წლის ივნისიდან გაეროს 51 დამფუძნებელ წევრს შორის იყო (არქივი), ერთა ლიგის წევრი კი 1920 წლიდან. 1947 წლის მარტ-აპრილში დელიმ აზიის ურთიერთობათა კონფერენციაც უმასპინძლა. მოსკოვი ამ რიგში არა პირველი, არამედ ერთ-ერთი ბოლო იყო, ხოლო მოსკოვთან ურთიერთობა ნერუმ ვიცე-მეფის თანხმობით დაამყარა.
ამასთან, საბჭოთა აღიარებას რეალური შინაარსი არ მოჰყოლია. გერმანელი ისტორიკოსი ანდრეას ჰილგერი, რომელიც საბჭოთა არქივებზე დაყრდნობით ციურიხის პარალელური ისტორიის პროექტისთვის გვიანი სტალინიზმის ინდოეთის პოლიტიკას აანალიზებს (არქივი), ასკვნის, რომ „საბჭოთა ლიდერი ძალაუფლების დასრულებულ გადაცემაში რეალურ შინაარსს ვერ ხედავდა“ და რომ „კრემლმა დიპლომატიური აღიარების არსებითად გასამყარებლად არაფერი გააკეთა“.
ინდოეთის პირველი ელჩი მოსკოვში მენონი არ ყოფილა და სტალინი მას არ შეხვედრია
ფეისბუქ პოსტში აღნიშნულია, რომ „ინდოეთის პირველი ელჩი მოსკოვში, კრისტნა მენონი თავის მოგონებებში წერს, რომ მოსკოვმა მათ ისე უმასპინძლა, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს“. ეს ორმაგი შეცდომაა. ვ.კ. კრიშნა მენონი 1947–1952 წლებში ინდოეთის უმაღლესი კომისარი იყო ლონდონში და მოსკოვში ელჩად არასდროს უმუშავია. ინდოეთის პირველი ელჩი საბჭოთა კავშირში ვიჯაია ლაკშმი პანდიტი (ნერუს და) იყო, რომელმაც რწმუნებათა სიგელი 1947 წლის აგვისტოში ჩააბარა.
პანდიტის რეალური გამოცდილება პუბლიკაციაში აღწერილი „უდიდესი მორალური მხარდაჭერის“ საპირისპიროა. ჩიკაგოს უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ 1969 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში „ინდოეთი და საბჭოთა კავშირი: ნერუს ეპოქა“ არტურ სტაინი წერს, რომ პანდიტი „1947 წლიდან 1949 წლამდე, მისი მუშაობის მთელ პერიოდში, სტალინის მიერ იგნორირებული იყო“. ინდოელი ისტორიკოსი სურჯიტ მანსინგი იმავე პროექტის შესავალ ესეში აღნიშნავს, რომ„სტალინი მას აიგნორებდა და ინდოეთს „ანგლო-ამერიკელი იმპერიალისტების“ უბრალო იარაღად წარმოაჩენდა“. ვილსონის ცენტრის ისტორიკოსი სვაპნა კონა ნაიუდუ ადასტურებს (არქივი), რომ სტალინმა პანდიტს აუდიენციაზე უარი უთხრა. თავად პანდიტი 1979 წლის მემუარებში (გვ. 245. The Scope of Happiness) წერს, რომ სტალინთან ვერ-შეხვედრა „იმედგაცრუება იყო და პარლამენტში ჩემი კრიტიკის მიზეზი გახდა“. ჰილგერის მიხედვით, მოსკოვში ჩასვლიდან რამდენიმე კვირაში პანდიტმა დელის მოახსენა, რომ „რუსებს შორის არის განცდა, რომ ჩვენ ძალაუფლების ბოლოდროინდელ გადაცემას ზედმეტად დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ“.
სტალინი ინდოელ ელჩს პირველად მხოლოდ 1950 წლის 15 იანვარს შეხვდა. ეს ელჩი პანდიტის მემკვიდრე სარვეპალი რადჰაკრიშნანი იყო. 1952 წლის 5 აპრილის შეხვედრაზე, რომლის ინდური ჩანაწერიც ვილსონის ცენტრის ციფრულ არქივშია გამოქვეყნებული, რადჰაკრიშნანმა სტალინს შესჩივლა საბჭოთა პრესაში ინდოეთის შესახებ შეურაცხმყოფელი სტატიების გამო, რის შემდეგაც სტალინი კორესპონდენტის გაწვევას დათანხმდა. კ.პ.ს. მენონი (და არა კრიშნა მენონი), რომელიც 1952 წლიდან ელჩობდა მოსკოვში, სტალინს 1953 წლის 17 თებერვლის საღამოს შეხვდა, ანუ საბჭოთა დიქტატორის სიკვდილამდე ორ კვირაზე ცოტა მეტით ადრე. სავარაუდოდ, სწორედ ამ ორი მენონის აღრევამ წარმოშვა პუბლიკაციაში „კრისტნა მენონი“, მაგრამ არც ერთი მათგანი 1947 წლის მოსკოვში ინდოეთის „სუვერენულ სახელმწიფოდ მასპინძლობას“ საკუთარ მემუარებში არ აღწერს.
მტრობა „ჩაურევლობის“ ნაცვლად: სტალინის პოლიტიკა ინდოეთთან მიმართებაში 1947–1953 წლებში
პუბლიკაციის ცენტრალური თეზისი, რომ სტალინმა „ინდოეთის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაზე უარი თქვა“ და ამით ნერუს მიუმხრობლობის მოძრაობის შექმნის საშუალება მისცა, სტალინის ეპოქის საბჭოთა-ინდური ურთიერთობების მთელი ისტორიოგრაფიის საწინააღმდეგოა.
1947 წლის სექტემბერში, კომინფორმის დამფუძნებელ შეხვედრაზე, ანდრეი ჟდანოვმა მსოფლიოს „ორ ბანაკად“ დაყოფის დოქტრინა გამოაცხადა (არქივი), რომელშიც ინდოეთი მხოლოდ გაკვრით, ანტიიმპერიალისტური ბანაკისადმი „თანაგრძნობის“ გამომხატველად იხსენიებოდა. საბჭოთა ინდოლოგებმა ევგენი ჟუკოვმა და ალექსეი დიაკოვმა, ინდოეთის დამოუკიდებლობა ფიქციად, კონგრესისა და ლიგის ლიდერები კი „რეაქციონერებად“ გამოაცხადეს. 1947 წლის 31 ივლისს საბჭოთა სამხედრო გაზეთმა „კრასნაია ზვეზდამ“ მაუნტბეტენის გეგმაზე დაწერა, რომ ის „მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს — ბრიტანული იმპერიალიზმის ინტერესების დაცვას“; ამ სტატიის ბრიტანული თარგმანი ეროვნული არქივის სასწავლო კოლექციაშია დაცული. საბჭოთა დელეგატებმა, რომლებიც 1947 წლის მარტ-აპრილში დელის აზიის ურთიერთობათა კონფერენციას დაესწრნენ, მოსკოვს საიდუმლო მოხსენებაში ნერუს ნეიტრალიტეტი „ფასადად შეაფასეს (არქივი), რომელიც ბურჟუაზიული ელიტების ყოფილ კოლონიზატორებთან უწყვეტ პარტნიორობას ფარავს“.
რაც შეეხება „ჩაურევლობას,“ აქაც ნათელია ისტორიულ ფაქტებთან შეუსატყვისობა. 1947 წლის 6 სექტემბერს ჟდანოვი მოსკოვში ინდოეთის კომუნისტური პარტიის ლიდერ შრიპად დანგეს შეხვდა და პარტიის სტრატეგიაზე რჩევები მისცა. 1948 წლის თებერვალ-მარტში კალკუტაში ინდოეთის კომუნისტური პარტიის მეორე ყრილობამ ბ.ტ. რანადივეს ხელმძღვანელობით ნერუს მთავრობის წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის პოზიცია მიიღო (არქივი), და პარტია ტელანგანას აჯანყებაში ჩაერთო; სტაინის მონაცემებით, რეპრესიების შედეგად პარტიის წევრობა 1948 წლის 89 ათასიდან 1950 წელს 20 ათასამდე დაეცა. მანსინგის მიხედვით, შეიარაღებული ბრძოლა პარტიამ 1950 წელს მოსკოვის ინსტრუქციით შეწყვიტა. ანუ, როგორც დაწყება, ისე შეწყვეტა სტალინის მოსკოვის პოლიტიკაზე იყო დამოკიდებული. ეს ზუსტად ის „ჩარევაა“, რომლის არარსებობასაც პუბლიკაცია სტალინის „დიპლომატიურ ოსტატობად“ წარმოაჩენს.
ქაშმირის საკითხზეც, რომელიც 1948 წლიდან გაეროს უშიშროების საბჭოში განიხილებოდა, საბჭოთა კავშირი ინდოეთს მხარს არ უჭერდა. კრიშნა მენონი 1949 წელს „მდუმარე რუსეთზე“ წერდა, „რომელსაც ქაშმირის დავის მთელი მსვლელობისას ერთი სიტყვაც არ უთქვამს“; საბჭოთა წარმომადგენელმა იაკობ მალიკმა ამ თემაზე პირველად მხოლოდ 1952 წლის იანვარში ისაუბრა, ხოლო ინდოეთის ცალსახა მხარდაჭერა მოსკოვმა მხოლოდ 1955 წელს დაიწყო.
ცივი ომის ისტორიის ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი, ვოიტეხ მასტნი, ჟურნალ Journal of Cold War Studies-ში 2010 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „საბჭოთა კავშირის პარტნიორობა ინდოეთთან“ ამ პერიოდს ასე აჯამებს: სტალინი პოსტკოლონიურ მთავრობებს „დასავლური იმპერიალიზმის იარაღებად“ მიიჩნევდა, მისი სტრატეგიული პარტნიორი აზიაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იყო. მასტნი ხრუშჩოვსაც ციტირებს, რომელიც 1955 წელს აღიარებდა, რომ „ნერუსადმი ჩვენი წინა დამოკიდებულება [როგორც ბრიტანელების ლაქიასადმი] არსებითად არ შეცვლილა“. ინდოელი ისტორიკოსი რაკეშ ანკიტი 1946–1949 წლების საბჭოთა-ინდურ ურთიერთობას პირდაპირ „ფალსტარტად“ მოიხსენიებს.
მიუმხრობლობა სტალინის საჩუქარი არ ყოფილა
პუბლიკაციის მიხედვით, სტალინის თავშეკავებამ ნერუს „მიუმხრობლობის მოძრაობის“ ჩამოყალიბების საშუალება მისცა. ქრონოლოგია ამ მტკიცებას გამორიცხავს. ნერუმ ინდოეთის საგარეო პოლიტიკის მიუმხრობლობის პრინციპი, 1946 წლის 7 სექტემბრის რადიომიმართვაში ჩამოაყალიბა, დროებითი მთავრობის მეთაურობის დაწყებიდან ხუთ დღეში და საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებამდე შვიდი თვით ადრე. ეს განცხადება ასე ჟღერდა: „ჩვენ ვაპირებთ, რამდენადაც შესაძლებელია, თავი შორს დავიჭიროთ ერთმანეთის წინააღმდეგ განლაგებული ჯგუფების ძალაუფლების პოლიტიკისგან“. მიუმხრობელ ქვეყანათა მოძრაობა კი, როგორც ინდოეთის ინფორმაციის სამინისტროს ფილმოთეკა მიუთითებს, 1961 წლის სექტემბერში ბელგრადში დაფუძნდა, სტალინის გარდაცვალებიდან (1953 წლის 5 მარტი) რვა წლის შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში, როგორც ზემოთ ვნახეთ, საბჭოთა იდეოლოგები ნერუს ნეიტრალიტეტს „ინგლისურ კაპიტალიზმთან თანამშრომლობის გამართლებად“ აფასებდნენ.
საბჭოთა-ინდური დაახლოება რეალურად სტალინის მემკვიდრეებმა დაიწყეს. 1955 წლის ივნისში ნერუ საბჭოთა კავშირს ეწვია, 1955 წლის ნოემბერ-დეკემბერში კი ხრუშჩოვი და ბულგანინი ინდოეთს. საბჭოთა კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის 1956 წლის იანვრის ანგარიში აღმოსავლეთ გერმანელი პარტნიორებისთვის, რომელიც ვილსონის ცენტრის არქივშია ხელმისაწვდომი, სწორედ ამ ვიზიტს აფასებს ურთიერთობის გარდამტეხ წერტილად, როდესაც მოსკოვმა ინდოეთს ქაშმირისა და გოას საკითხებზე პირველად დაუჭირა მხარი. „უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი აზიაში“, რომელსაც პუბლიკაცია სტალინს მიაწერს, რეალურად პოსტსტალინური ეპოქის პროდუქტია.
იყენებდა თუ არა სტალინი „გაეროს ტრიბუნას“ ბრიტანეთის წინააღმდეგ?
პუბლიკაცია ამტკიცებს, რომ სტალინმა ბრიტანეთი „გაეროს ტრიბუნის გამოყენებით“ აიძულა ინდოეთი დაეთმო. გაეროს 1946–1947 წლების დოკუმენტებში ინდოეთის დამოუკიდებლობის საკითხი საბჭოთა დელეგაციას არასდროს დაუყენებია. ეს საკითხი გაეროს დღის წესრიგში საერთოდ არ ყოფილა, რადგან ბრიტანეთი და დროებითი ინდოეთის მთავრობა მას ორმხრივად აწესრიგებდნენ. ერთადერთი დოკუმენტირებული ეპიზოდი, სადაც საბჭოთა დელეგაციამ ინდოეთს მხარი დაუჭირა, 1946 წლის დეკემბერში სამხრეთ აფრიკაში ინდოელთა დისკრიმინაციის შესახებ ინდოეთის საჩივარია, რომელსაც გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია 44(I) მიუძღვნა; ლორნა ლოიდის კვლევა ჟურნალში Review of International Studies საბჭოთა კავშირს იმ სახელმწიფოთა შორის ასახელებს, რომლებიც დებატებში ინდოეთის მხარდასაჭერად გამოვიდნენ; რეზოლუცია 32 ხმით 15-ის წინააღმდეგ მიიღეს. ამ საჩივარს ინდოეთის დელეგაცია ვიჯაია ლაკშმი პანდიტის მეთაურობით წარადგენდა, თუმცა ის მიმართული იყო არა ბრიტანეთის, არამედ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ.
რატომ გავიდა სინამდვილეში ბრიტანეთი ინდოეთიდან?
ფეისბუქ პოსტში აღნიშნულია, რომ გასვლის მიზეზი იყო ის, რომ „ბრიტანეთი ფინანსურად გაკოტრდა“. რეალურად, ეს ერთადერთი არსებითად სწორი მტკიცებაა, ოღონდ ავტორი მას სტალინს უკავშირებს, რასაც ასევე უსაფუძვლოა. 1945 წლის 13 აგვისტოს ჯონ მეინარდ კეინზმა მთავრობას მემორანდუმი „ჩვენი საზღვარგარეთული ფინანსური პერსპექტივები“ წარუდგინა, რომელშიც ქვეყანას „ფინანსური დიუნკირკი“ უწინასწარმეტყველა და აშშ-სგან დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის დახმარების აუცილებლობაზე ისაუბრა. 1945 წლის 6 დეკემბერს ბრიტანეთმა აშშ-სთან 3,75 მილიარდი დოლარის სესხის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ბოლო გადახდაც 2006 წელს განხორციელდა. ამასთან, ომის წლებში ინდოეთი ბრიტანეთის კრედიტორად იქცა: ლონდონის ვალმა ინდოეთის წინაშე ე.წ. სტერლინგის ბალანსების სახით 1945 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 1,3 მილიარდ გირვანქას მიაღწია, რაც, ეკონომიკური ისტორიის ჟურნალში მარსელო დე პაივა აბრეუს კვლევის მიხედვით, ბრიტანეთის მთლიანი სტერლინგის ვალის დაახლოებით მესამედს შეადგენდა. 1947 წლის თებერვლის მკაცრმა ზამთარმა და ქვანახშირის კრიზისმა ბრიტანული მრეწველობის დიდი ნაწილი გააჩერა. ეტლის 10 თებერვლის მოხსენებით, ლონდონის რვა მთავარ ელექტროსადგურს ქვანახშირის ექვსდღიანი მარაგიღა ჰქონდა.
თანამედროვე ისტორიოგრაფია ინდოეთის დატოვებას მრავალი ფაქტორის ერთობლიობით ხსნის. ოქსფორდის ისტორიკოსი რობ ჯონსონი ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის კრებულში ამტკიცებს, რომ ბრიტანეთი ინდოეთიდან „უბრალოდ არ განუდევნიათ“ და რომ გადაწყვეტილება ინდოეთის შიდა არეულობის, ბრიტანეთის ახალი შიდა პრიორიტეტების, ძალის გამოყენების ლიმიტებისა და პოლიტიკური შეთანხმების ჩავარდნის კომბინაციამ განაპირობა. პიტერ კლარკის მონოგრაფია „ბრიტანეთის იმპერიის ბოლო ათასი დღე“ ამერიკაზე ფინანსურ დამოკიდებულებას უსვამს ხაზს. ამ ლიტერატურაში სტალინი, ან საბჭოთა პოლიტიკა ძალაუფლების გადაცემის მიზეზად არსად ფიგურირებს. ერთადერთი ადგილი, სადაც საბჭოთა კავშირი ბრიტანულ გათვლებში ჩნდება, ბევინის შიშია, რომ გასვლა მოსკოვს ვაკუუმს დაუტოვებს, ანუ არგუმენტი, რომელიც დარჩენას უჭერდა მხარს და არა გასვლას.
რაც შეეხება ფეისბუქ პოსტში მოყვანილ პასაჟს ინდოეთის გაყოფაზე, რომ თითქოს ბრიტანეთმა „ქვეყანა ორ ნაწილად გაჰყო და საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი რეგიონული კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა“, მასში სიმართლის მარცვალი მართლაც არსებობს. 1947 წლის 3 ივნისის გეგმით ბრიტანეთი ინდოეთიდან ვადის 1948 წლის ივნისში უნდა გასულიყო. ამიტომ, გასვლის 1947 წლის აგვისტოზე გადმოწევა ბევრი ისტორიკოსის მიერ ნაჩქარევად არის შეფასებული. მაგრამ ამ პასაჟშიც პუბლიკაცია საკუთარ თავს ეწინააღმდეგება: თუ გაყოფა და მისი ტრაგედია ბრიტანული სიჩქარის შედეგი იყო, მაშინ ის სტალინის „ბრწყინვალე პარტიის“ შედეგი ვერ იქნება. საბჭოთა პრესა კი, როგორც ვნახეთ, გაყოფას თავად ბრიტანეთის „გაყავი და იბატონეს“ პოლიტიკის ინსტრუმენტად აფასებდა.