უსაფუძლოა მტკიცება ფილიპინებში სამი მილიონი ქალის ტეტანუსის ვაქცინით სტერილიზაციის შესახებ
სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, თითქოს ფილიპინებში ინექციით სამი მილიონი ქალის სტერილიზაცია მოახდინეს და ამის გამო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სასამართლო დავა წააგო. ეს მტკიცება უსაფუძვლო და მცდარია (არქივირებული ბმული). გავრცელებულ პოსტში, ერთმანეთშია არეული ვაქცინაციის რეალური კამპანია, მის წინააღმდეგ გავრცელებული დაუსაბუთებელი ბრალდებები და სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ამკრძალავი ზომა. ღია წყაროებში ხელმისაწვდომი წყაროები მასობრივ სტერილიზაციას არ ადასტურებს, სასამართლოს მიერ ვაქცინაციის დროებით შეჩერება კი არ ნიშნავს, რომ მან სტერილიზაციის ბრალდება დამტკიცებულად მიიჩნია.
აღნიშნული ყალბი ამბის სათავე 1994–1995 წლებში ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრების გარშემო წარმოქმნილი დავაა. ფილიპინებში დედების და ახალშობილების ტეტანუსისგან დაცვის მიზნით რეპროდუქციული ასაკის ქალების აცრა მიმდინარეობდა. როგორც სააგენტო Inter Press Service-ის 1995 წლის 5 ივლისის რეპორტაჟშია აღწერილი (არქივი), ფილიპინებში ახალშობილთა ინფიცირების ერთ-ერთი მიზეზი მშობიარობისას ჭიპლარის არასტერილური ხელსაწყოებით გადაჭრა იყო. ქალების ვაქცინაცია ამ საფრთხის შემცირებას ემსახურებოდა.
ვაქცინაციის წინააღმდეგ კამპანიაში მონაწილეობდნენ აბორტის მოწინააღმდეგე ორგანიზაციები, მათ შორის Human Life International და Pro-Life Philippines. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ვაქცინაში ფარულად იყო დამატებული ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (hCG), რაც ორსულობის შენარჩუნების ჰორმონია. მათი ვერსიით, ვაქცინას ამ ჰორმონის საწინააღმდეგო იმუნური პასუხი უნდა გამოეწვია და ქალებისთვის ორსულობის გაგრძელების შესაძლებლობა შეეზღუდა.
რიცხვი „სამი მილიონის“ 1990-იანი წლებიდან მოდის. გამოცემა The Interim 1995 წლის 29 მარტს წერდა (არქივი) რომ საუბარი იყო ფილიპინებში 3.4 მილიონ აცრილ ქალზე. სტატია ასევე მოიცავდა ვაქცინის საწინააღმდეგო ბრალდებებს, თუმცა აღნიშნული რიცხვი აცრილთა მთლიან რაოდენობას ეხებდა და არა სამედიცინო გამოკვლევით დადასტურებულ სტერილიზაციის შემთხვევებს. შესაბამისად, ამ წყაროზე დაყრდნობით იმის მტკიცება, რომ მილიონობით ქალმა შვილის ყოლის უნარი დაკარგა, საფუძველს მოკლებულია.
ბრალდების დამაჯერებლობისთვის გამოიყენებოდა რეალური, მაგრამ სხვა მიზნის მქონე სამეცნიერო კვლევაც. ინდოეთში მეცნიერები მართლაც მუშაობდნენ ექსპერიმენტულ კონტრაცეფციულ ვაქცინაზე, რომელშიც hCG ტეტანუსისა და დიფთერიის ტოქსოიდებთან იყო დაკავშირებული. ეს უკანასკნელები იმუნური პასუხის გასაძლიერებლად გამოიყენებოდა. 1994 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პრეპარატს ორსულობის დროებით თავიდან აცილება შეეძლო, ხოლო ანტისხეულების დონის შემცირების შემდეგ მოხდებოდა ნაყოფიერების აღდგენა. ამ კვლევის არსებობა არ ადასტურებს, რომ იგივე პრეპარატი ფილიპინებშიც გამოიყენებოდა ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრების დროს.
ფილიპინებში გავრცელებული ეჭვები თავდაპირველ ლაბორატორიულ ტესტებსაც ეყრდნობოდა, რომლებმაც ვაქცინის ნიმუშებში თითქოს hCG გამოავლინა. თუმცა შემდგომმა შემოწმებამ ამ შედეგების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და UNICEF-ის 1996 წლის ანგარიშში (არქივი) აღნიშნულია, რომ შვიდი მწარმოებლის ვაქცინები დამოუკიდებლად შეამოწმეს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ და სხვა ქვეყნების ლაბორატორიებმა და შედეგები უარყოფითი აღმოჩნდა. ამ ანგარიშის თანახმად, ერთმა ლაბორატორიამ ტესტის არასანდოობა იმითაც აჩვენა, რომ ცრუ დადებითი შედეგი სტერილური წყლის შემოწმებისას მიიღო.
სასამართლო დავის შესახებ მტკიცება ასევე უსაფუძვლოა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო დავა მართლაც მიმდინარეობდა. Inter Press Service-ის იმდროინდელი ცნობით, Pro-Life Philippines-მა სასამართლოსგან დროებითი შემაკავებელი ორდერი მოიპოვა, რის გამოც 1995 წლის მარტისთვის დაგეგმილი ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრები შეჩერდა. UNICEF-ის შემდგომ მიმოხილვაში კი პირდაპირ წერია, რომ მანილის სასამართლოს მიერ დაწესებული აკრძალვა მოგვიანებით მოიხსნა. დროებითი აკრძალვა თავისთავად არც ვაქცინის მავნებლობის დადგენის მტკიცებულებაა და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხისმგებლობის დამადასტურებელი საბოლოო გადაწყვეტილება. განხილულ წყაროებში არ იძებნება სასამართლოს საბოლოო განაჩენი ან გადაწყვეტილება, რომლითაც სამი მილიონი ქალის სტერილიზაცია დადასტურდა.
ეს ამბავი ფილიპინების პოლიტიკურ დისკუსიაში წლების შემდეგაც დაბრუნდა. ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია VERA Files-მა 2019 წლის 9 ოქტომბერს შეამოწმა დეპუტატ ლიტო ატიენზას გამოსვლა. ატიენზა ამტკიცებდა, რომ ტეტანუსის ვაქცინაში უშვილობის გამომწვევი ნივთიერება იყო და მისმა თანამოაზრეებმა საკუთარი პოზიცია სასამართლოშიც დაამტკიცეს. VERA Files-მა ვაქცინის შესახებ ბრალდება მცდარად და დაუსაბუთებლად შეაფასა.
იგივე მტკიცებაე იმუშავა Africa Check-მაც, რომელმაც ყურადღება კონტრაცეფციული კვლევისა და ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამების ერთმანეთში აღრევაზე გაამახვილა. FactCheck.org-ის 2022 წლის კვლევა ასევე განმარტავს, რომ ექსპერიმენტული პრეპარატი ორსულობის დროებით პრევენციას ემსახურებოდა და ფარული მასობრივი სტერილიზაციის მტკიცებულებები არ არსებობს.
ამრიგად, ფილიპინებში მილიონობით ქალის აცრისა და ვაქცინაციის დროებით შეჩერების ფაქტები ვერ ამყარებს მტკიცებას, თითქოს სამი მილიონი ქალის სტერილიზაცია მოხდა ვაქცინის გამოყენებით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და UNICEF-ის ანგარიში ცხადყოფს, რომ სტერილიზაციის ბრალდება დაუსაბუთებელია.