ეიფელის კოშკზე აღმართული იორდანიისა და პალესტინის დროშების ამსახველი ვიდეო AI გენერირებულია
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომლის მიხედვითაც პარიზში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა ეიფელის კოშკზე იორდანიისა და პალესტინის დროშები აღმართა (ბმული 1; ბმული 2, არქივირებული ბმული 1, 2).
საფრანგეთში სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლები სექტემბერში დაიწყო და პოლიციასთან დაპირისპირებასა და შეტაკებებშიც გადაიზარდა. CNN-ის ინფორმაციით, ჯამში პროტესტის დაწყებიდან დღემდე 6000 ადამიანი დააკავეს და დაზიანდა 100-ზე მეტი სკოლა. პროტესტის პარალელურად ძალადობრივმა შეტაკებებმა და კერძო საკუთრების დაზიანებამ იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ საფრანგეთში ნაწილობრივი კომენდანტის საათიც გამოცხადდა. ოფიციალური უწყებები მიმდინარე შაბათ-კვირის ჩათვლით ქუჩებში პოლიციის გაზრდილი რაოდენობის გამოყვანასა და კომენდანტის საათის შენარჩუნებას აპირებენ.
სოციალურ ქსელებში შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გენერირებული ფოტო-ვიდეო მასალა აქამდეც არაერთხელ გავრცელდა (ბმული 1; ბმული 2).
ეიფელის კოშკზე აღმართული იორდანიისა და პალესტინის დროშების ამსახველი ვიდეოც რეალობას არ ასახავს და ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი.
ვიდეოდან ამოღებული კადრების უკუძიების საშუალებით შესაძლებელია ვიდეოს გამავრცელებელი სავარაუდო პირველწყაროს მიკვლევა. ჩვენ მიერ მოძიებული პროფილებიდან, ყველაზე ადრე ვიდეო ინსტაგრამის მოცემულ გვერდზე გავრცელდა (ბმული). პოსტის აღწერაში გვერდს თავად აქვს მითითებული, რომ ვიდეო რეალური არ არის.
ვიდეოს რეალურობას ეჭვქვეშ აყენებს ვიდეოს ვიზუალში არსებული უზუსტობებიც. მაგალითად, ვიდეოზე მოცემული ორი დროშის ნაჭრის მოძრაობა არაბუნებრივია. არაზუსტია იორდანიის დროაშაზე ვარსკვლავის ქიმების რაოდენობაც.
ზედა ფოტოზე: იორდანიის დროშა; ქვედა ფოტოზე: ვიდეოში მოცემული დროშა
ვიდეო ვირუსულად გავრცელდა „ფეისბუქის“ არაქართულენოვან აუდიტორიაშიც და მას ფაქტების გადამმოწმებელი სხვა ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ. მაგალითად, Maldita.es (ესპანური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია) გარდა დროშის, ნაჭრისა თუ სხვა ვიზუალური დეფექტებისა, რომლებიც ვიდეოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამუშავება / გენერირებაზე მეტყველებს, მიუთითებს იმაზეც, რომ პალესტინის დროშა 15 მაისს ნამდვილად გადმოფინეს ეიფელის კოშკზე, რაც რეალური ვიდეოებით, ლაივებით და სანდო მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაციებით დასტურდება, განსხვავებით ამჯერად გვარცელებული ვიდეოსაგან. მართლაც, 2026 წლის 15 მაისს ეიფელის კოშკიდან რამდენიმე აქტივისტმა ნაქბას 78 წლისთავის აღსანიშნავად პალესტინის დროშა გადმოფინა.
ვიდეოს გამოეხმაურა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია FullFact (გაერთანებული სამეფო). ორგანიზაციამ ხელოვნური ინტელექტის კვალის ამოსაცნობად დამატებით Meta-ს ხელსაწყო გამოიყენა. მათი ინფორმაციით, მეტას ხელსაწყო მიუთითებს ვიდეოში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ნიშნებზე, რაც ვიდეოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნაზე / რედაქტირებაზე მეტყველებს.