Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
კლიმატის ცვლილება რეალურია და ის ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის

კლიმატის ცვლილება რეალურია და ის ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის

სექტემბერს 29, 2026 · Verified Facts, Prebunking · Verdict: Newspaper article · Climate change
Share

სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება მტკიცებები, რომლებიც კლიმატის ცვლილების არსებობას უარყოფენ. თუმცა, სამეცნიერო მტკიცებულებები საპირსპიროზე მეტყველებს.

კლიმატის ცვლილება, რომელიც ტემპერატურისა და ამინდის პირობების გრძელვადიან ცვლილებას უკავშირდება, 21-ე საუკუნეში კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად სახელდება. კლიმატური ცვლილება შესაძლოა ბუნებრივი პროცესებითაც იყო განპირობებული, მაგალითად მზის აქტივობაში ცვლილებით ან ვულკანების მასშტაბური ამოფრქვევით. თუმცა, 1800-იანი წლებიდან მოყოლებული, კლიმატის ცვლილების მთავარ გამომწვევად ადამიანის საქმიანობა იქცა, უპირველეს ყოვლისა, წიაღისეული საწვავის (როგორებიცაა: ქვანახშირი, ნავთობი და გაზი) დაწვის გამო.

კლიმატის ცვლილება დედამიწაზე სხვადასხვა პროცესზე ახდენს გავლენას:

- 1880 წლიდან, დედამიწაზე საშუალო გლობალური ტემპერატურა დაახლოებით 1 °C-ით გაიზარდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გლობალური ტემპერატურის ცვლილება 2050 წლისთვის დაახლოებით 1,5 °C მიაღწევს და 2100 წლისთვის ზრდის მაჩვენებელი 2-4 °C იქნება.

წყარო: BBC

- მთელ მსოფლიოში, საშუალოდ, ნალექების რაოდენობა (წვიმა და თოვლი) გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ რეგიონში უფრო ძლიერი გვალვაა, რაც ზრდის ტყის ხანძრებსა და მოსავლიანობის შემცირებას იწვევს. აღმოსავლეთ აფრიკაში მუდმივმა გვალვამ 20 მილიონზე მეტი ადამიანი დააყენა შიმშილის საფრთხის წინაშე. 2022 წელს ევროპაში მაღალმა ტემპერატურამ კი სიკვდილიანობა უჩვეულოდ გაზარდა.

- ტემპერატურის ზრდის შედეგად ყინულის ფართო მასები , განსაკუთრებით დედამიწის პოლუსებზე, დნება, რაც ხელს უწყობს ზღვის დონის აწევას. ზღვის დონე წელიწადში 3,2 მილიმეტრით იზრდება. ზრდა ბოლო წლებში უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და უახლოეს ათწლეულებში, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, შესაძლოა დაჩქარდეს.

- ტემპერატურის მატება გავლენას ახდენს ველურ ბუნებასა და ცხოველებზეც, ყინულის დნობამ გამოიწვია ისეთი სახეობების შემცირება, როგორიცაა, მაგალითად, პინგვინი „ადელი“ ანტარქტიდაში. ზოგიერთ ტერიტორიაზე მისი პოპულაცია 90 პროცენტით ან მეტით შემცირდა.

"ჯეოფაქტსი" ორ მცდარ მტკიცებას განიხილავს, რომლებიც სოციალურ ქსელებში კლიმატის ცვლილების უარყოფის კონტექსტში ხშირად ვრცელდება.

მტკიცება 1: კლიმატის ცვლილება „აბსურდია“ და რეალურად, CO2-ის დონე არ იზრდება

კლიმატის ცვლილების უარმყოფელი ჯგუფები ამტკიცებენ, რომ კლიმატის ცვლილება „თაღლითობა“ და „აბსურდია“.

კლიმატის ცვლილება, როგორც უკვე აღინიშნა, ტემპერატურისა და ამინდის შაბლონების გრძელვადიან ცვლას ეხება. ასეთი ძვრები შეიძლება იყოს ბუნებრივი, მზის აქტივობის ცვლილების ან დიდი ვულკანური ამოფრქვევის შედეგი. მაგრამ 1800-იანი წლებიდან მოყოლებული, ადამიანის საქმიანობა იქცა კლიმატის ცვლილების მთავარ მამოძრავებელი ძალად, უპირველეს ყოვლისა, ისეთი წიაღისეული საწვავის დაწვის გამო, როგორებიცაა: ქვანახშირი, ნავთობი და გაზი. ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) თანახმად, კლიმატის ცვლილების „ბუნებრივი გამომწვევი მიზეზები დღესაც მოქმედებს, მაგრამ მათი გავლენა ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული სწრაფი ცვლილებების ასახსნელად, ძალიან მცირე და სუსტია“.

კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC), რომელიც გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიერ 1988 წელს შეიქმნა და 195 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს, 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ადამიანის აქტივობა კლიმატის ცვლილების უმნიშვნელოვანეს გამომწვევ მიზეზად სახელდება.

გლობალური კლიმატის ცვლილების თეორიის მიხედვით, წიაღისეული საწვავის დაწვა ქმნის საფარს, რომელიც დედამიწაზე მზის სითბოს იკავებს და ამგვარად, გლობალურ ტემპერატურას ზრდის. გლობალური დათბობა კი, თავის მხრივ, ისეთ მოვლენებს იწვევს, როგორებიცაა: გვალვები, წყლის დეფიციტი, ძლიერი ხანძარი, ზღვის დონის აწევა, წყალდიდობა, პოლარული ყინულის დნობა, ძლიერი ქარიშხალი და ბიომრავალფეროვნების შემცირება.

ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ, როდესაც ნახშირით, ნავთობით და გაზით მომუშავე მანქანები გაჩნდა, ატმოსფეროში CO2-ის რაოდენობა უპრეცედენტო ტემპით იზრდება. ნახშირორჟანგი CO2, ისევე როგორც, მეთანი (CH4) და აზოტის ოქსიდი (N2O), სათბური აირებია და ისინი დედამიწაზე სათბურის ეფექტის შექმნაში მონაწილეობს. როდესაც მზის სხივები დედამიწას ათბობს, სითბოს დედამიწა უკან, ატმოსფეროში, გზავნის, ამ დროს კი ზემოხსენებული სათბური აირები სითბოს აკავებს და დედამიწას თბილ ტემპერატურას უნარჩუნებს. იმის გამო, რომ დღეისათვის ადამიანები ნავთობსა და ქვანახშირს წვავენ, ატმოსფეროში მეტი სათბური აირი გამოიყოფა, სქელდება ე.წ. სათბური “საბანი”, დედამიწა კი კიდევ უფრო ცხელდება, რაც ყინულის დნობასა და უჩვეულო ამინდს იწვევს. ზოგადად, სათბური ეფექტი აუცილებელია დედამიწაზე სიცოცხლისთვის, მაგრამ სათბური აირების შრის ზედმეტი სისქე კლიმატის ცვლილებას იწვევს.

წყარო: undp.org ( გრაფიკზე ნაჩვენებია ბოლო 200 წლის განმავლობაში საშუალო წლიური ტემპერატურის მატება (წითელი ხაზი), რაც დროში ემთხვევა CO2-ის კონცენტრაციის ზრდას ატმოსფეროში (ლურჯი ხაზი)).

2020 წელს გაეროს ბაზაზე Net Zero Coalition-ის ინიციატივა შეიქმნა, რომელიც მიზნად 2030 წლამდე სათბური აირების ემისიების 45%-ით შემცირებას ისახავს, 2050 წლისთვის კი - ნულოვან დონემდე დასვლას. აღსანიშნავია, რომ დედამიწას ბუნებრივად აქვს როგორც სათბური აირების გამოყოფის, ისე მათი ზღვების ან ტყეების მეშვეობით შთანთქმის უნარი. ზემოთ ხსენებული ინიციატივის მიზანი კი სათბური აირების სწორედ იმ, დაბალანსებულ, ნულოვან დონეზე დაყვანაა, როდესაც დედამიწა მათ შთანთქმასა და თვითრეგულაციას დამოუკიდებლად შეძლებს. ამჟამად, იმაზე მეტი სათბური აირი გამოიყოფა, ვიდრე დედამიწას მისი რეგულირება შეუძლია, რაც, შედეგად, გლობალურ დათბობას იწვევს.

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მაჩვენებლები, ბოლო 800 ათასი წლის განმავლობაში, მაქსიმუმზეა, რასაც უახლესი სამეცნიერო კვლევებიც ადასტურებს.

წყარო: https://keelingcurve.ucsd.edu/

მტკიცება 2: კლიმატის ცვლილება ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის

კლიმატის ცვლილება ხელს უწყობს ისეთ სტიქიურ უბედურებებს, როგორებიცაა: ტყის ხანძრები, წყალდიდობა, ქარიშხალი. ამასთან, იზრდება მათი სიხშირე და ინტენსივობაც. კლიმატის ცვლილების მთავარი მიზეზი - ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის წვა - ასევე იწვევს ჰაერის დაბინძურებას. დაბინძურებულმა ჰაერმა კი მრავალი რესპირატორული დაავადება, ინსულტი და გულის შეტევა შეიძლება გამოიწვიოს. ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად 8,7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება.

ჰაერის დაბინძურებასთან ერთად, ხაზგასასმელია ის საფრთხეები, რასაც კლიმატის ცვლილება სასმელი წყლისა და საკვების ხელმისაწვდომობას უქმნის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, კლიმატის სტრესორები საკვებითა და წყლით გამოწვეული დაავადებების რისკებს ზრდიან. ამავდროულად, ტემპერატურისა და ნალექების ზრდამ შესაძლოა გამოიწვიოს მწერებით გადამტანი დაავადებების გავრცელების ზრდა. ამჟამად, ყოველწლიურად მსგავსი დაავადებებით მთელ მსოფლიოში დაახლოებით 700 000 ადამიანი იღუპება. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილება 2030-2050 წლებში სიკვდილიანობის მაჩვენებელს გაზრდის, რასაც გამოიწვევს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: არასაკმარისი კვება, მალარიის შემთხვევებისა და სითბური სტრესის ზრდა.

წყარო: World Health Organization

ამავდროულად, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ანგარიშის „გლობალური წყლის რესურსების მდგომარეობა-2022“ თანახმად, კლიმატის ცვლილება პლანეტაზე ე.წ. ჰიდროლოგიური ციკლის მოშლას იწვევს, რაც წყლის ცირკულირების წონასწორობის რღვევაში, მდინარეებში წყლის შემცირებასა და მყინვარების დნობაში გამოიხატება. ეს მოვლენები კი ადამიანების წყლით უზრუნველყოფას გლობალურად საფრთხეს უქმნის. ამდენად, კლიმატის ცვლილება ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

See all posts

Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.