Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ტყუილია, რომ შვეიცარიამ მამოგრაფია აკრძალა

ტყუილია, რომ შვეიცარიამ მამოგრაფია აკრძალა

აგვისტოს 24, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Healthcare

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, თითქოს შვეიცარიამ მამოგრაფია აკრძალა. სინამდვილეში, შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფისის თანახმად, ეს ინფორმაცია ყალბია და შვეიცარიაში მამოგრაფია ხელმისაწვდომია.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ასევე ამტკიცებს, რომ "მამოგრაფია კიბოს იწვევს", სინამდვილეში ავტორიტეტული ჯადაცვის ორგანიზაციების თანახმად, სწორად ჩატარებული მამოგრაფიის შემთხვევაში დასხივება მცირეა და აღნიშნული გამოკვლევით მიღებული სარგებელი, გადარჩენილი სიცოცხლე, შესაძლო ზიანს აღემატება.

სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, თითქოს "შვეიცარიამ მამოგრაფია აკრძალა" და რომ აღნიშნული პროცედურა პირიქით კიბოს გამომწვევია (ბმული 1, 2, არქივირებული ბმული). აღნიშნული დეზინფორმაცია პირველად 2024 წელს გავრცელდა და მას არა ერთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია გამოეხმაურა (Politifact, USAToday, Euronews, Reuters).

გავრცელებული დეზინფორმაცია, სავარაუდოდ, ერთ-ერთი შვეიცარული ორგანიზაციის, შვეიცარიის სამედიცინო საბჭოს (Swiss Medical Board) 2014 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მცდარ ინტერპრეტაციას ეფუძნება, რომელშიც ორგანიზაციამ მამოგრაფიის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და მისი გაუქმების რეკომენდაცია გასცა (არქივი). აღსანიშნავია, რომ თავად შვეიცარიის სამედიცინო საბჭო არსად წერს, რომ მამოგრაფია "კიბოს იწვევს". პირიქით, საბჭო აღიარებდა, რომ სისტემატური მამოგრაფიული სკრინინგი ამცირებს ძუძუს კიბოსგან სიკვდილიანობას, თუმცა მათი შეფასებით ეფექტი მცირე იყო: 1,000 რეგულარულად გამოკვლეულ ქალზე დაახლოებით 1–2 სიკვდილის თავიდან აცილება. მათი მთავარი არგუმენტი იყო, რომ ამ მცირე სარგებელს ეწინააღმდეგებოდა სკრინინგის შესაძლო ზიანი — ცრუ-დადებითი პასუხები, დამატებითი გამოკვლევები, ჭარბი დიაგნოსტირება (overdiagnosis), არასაჭირო მკურნალობა და ხარჯები. შვეიცარიის სამედიცინო საბჭო 2022 წელს დაიხურა.

ანგარიშს თავად შვეიცარიაშიც და მის გარეთაც კრიტიკული გამოეხმაურება მოჰყვა. ანგარიშს „ხარვეზიანი და შეცდომაში შემყვანიც“ კი უწოდეს და აღნიშნეს, რომ ქალების დაბნევა შეუძლია, რაც მათ შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ. შვეიცარიის რადიოლოგიის საზოგადოებამ (SGR-SSR) შვეიცარიის სამედიცინო საბჭოს (SMB) ანგარიშის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ანგარიშში მამოგრაფიული სკრინინგის ზიანები, განსაკუთრებით ცრუ-დადებითი შედეგების გავლენა, გადაჭარბებულად იყო შეფასებული. მათი განმარტებით, შეფასებაში სათანადოდ არ იყო გათვალისწინებული წინა მამოგრაფიების შედეგებთან შედარების შესაძლებლობა, რაც განმეორებით სკრინინგზე ცრუ-დადებითი პასუხების რაოდენობას ამცირებს.

ანგარიშს გამოეხმაურა რადიოლოგიის პროფესორი კაროლ ლი, რომელიც ნიუ-იორკში Weill Cornell Medical College-ში რადიოლოგიის პროფესორია. ლის თანახმად (არქივი), Swiss Medical Board-ის ანგარიშის მთავარი ხარვეზი მამოგრაფიის სარგებლის შეფასებისას ძველ კვლევებზე ზედმეტი დაყრდნობა და უფრო ახალი მტკიცებულებების არასათანადოდ გათვალისწინება იყო. მისივე თქმით, ანგარიშში ცრუ-დადებითი შედეგებისა და ჭარბი დიაგნოსტირების ზიანი გადაჭარბებულად იყო შეფასებული, მაშინ როცა სკრინინგის შედეგად ძუძუს კიბოს სიკვდილიანობის შემცირების დამადასტურებელი რამდენიმე რანდომიზებული კვლევა სათანადოდ არ იყო გათვალისწინებული.

2024 წელს როდესაც აღნიშნული დეზინფორმაცია გავრცელდა, როგორც Politifact-ს, ისე Reuters-ს, USAToday-ის შვეიცარიის სახელმწიფო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფისმა დაუდასტურა, რომ შვეიცარიაში მამოგრაფია აკრძალული არ არის. მაგალითად, შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფედერალური ოფისის (FOPH) წარმომადგენელმა დანიელ დაუვალდერმა Politifact-ს უთხრა, რომ „შვეიცარიაში მამოგრაფია საერთოდ არ არის აკრძალული“, და რომ "მამოგრაფიას ჯანმრთელობის დაზღვევა ფარავს და მისი ჩატარება რეკომენდებულია 40–59 წლის ქალებისთვის ყოველწლიურად, ხოლო 60–75 წლის ასაკში — ორ წელიწადში ერთხელ.“

დოქტორმა კორნელია ლეომ, კანტონალური საავადმყოფო ბადენის ინტერდისციპლინური სარძევე ჯირკვლის ცენტრის მთავარმა ექიმმა, USA TODAY-ს განუცხადა, რომ შვეიცარიის 26 კანტონიდან 14-ში მამოგრაფიული სკრინინგის პროგრამები მოქმედებდა, ხოლო კიდევ ოთხი კანტონი ასეთი პროგრამების დანერგვის პროცესში იყო.

"ჯეოფაქტსმა" გადაამოწმა შვეიცარიის სკრინინგის ოფიციალურ ვებგვერდი, სადაც სკრინინგის მიღების რუკაა ნაჩვენები (არივი). როგორც რუკიდან ირკვევა, უმრავლეს კანოტენებში (მუქ ვარდისფრად მონიშნულში) სკრინინგი ხელმისაწვდომია. ზოლებით მონიშნულ კანტონებში 2026 წელს დაინერგება; ღია ვარდისფერი კი აღნიშნავს კანტონებს, სადაც მომავალში იგეგმება დანერგვა. ამდენად, ოფიციალური მონაცემებით შვეიცარიაში სკრინინგის გამოკვლევა ხელმისაწვდომია.


გავრცელებულ ვიდეოში ასევე აღნიშნულია, რომ პაციენტების 60%-ს ტყუილად უკეთებენ ქიმიოთერაპიას. აქ შესაძლოა ვიდეოს ავტორი გულისხმობდეს, რომ მამოგრაფიის შედეგების 60% ცრუ-დადებითია. 2024 წელს გავრცელებული დეზინფორმაციული პოსტები აღნიშნულ მტკიცებასაც მოიცავდა და სავარაუდოა, რომ ქართველი გამავრცელებლებიც სწორედ ამ მონაცემებზე მიუთითებენ.

Reuters-თან საუბარში ძუძუს კიბოს სკრინინგის ექსპერტისა და European Reference Organisation for Quality Assured Breast Screening and Diagnostic Services-ის თავმჯდომარე კრის დე ვულფი ცრუ-დადებით მაჩვენებლებზე საუბრობს. ცრუ-დადებითი შედეგი ნიშნავს შემთხვევას, როდესაც სკრინინგის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ცვლილება შემდგომი კვლევების შემდეგ კიბოდ არ დასტურდება. ვულფის განმარტებით, ევროპაში პირველი სკრინინგის დროს დამატებითი კვლევებისთვის გამოძახებული ქალების წილი დაახლოებით 10–12%-ია, ხოლო შემდგომი სკრინინგების შემთხვევაში — 3–5%. ეს უკანასკნელი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ყოველ 1 000 ქალზე მამოგრაფიის შემდეგ დამატებითი გამოკვლევისთვის დაახლოებით 30–50 ქალს იძახებენ. დე ვულფის თქმით, მათგან დაახლოებით შვიდს კიბო აღმოაჩნდება. შესაბამისად, გამოძახებული ქალებიდან 23–43-ს, ანუ 76–86%-ს, ცრუ-დადებითი შედეგი ექნება. თუმცა, ყველა სკრინინგგავლილ ქალთან მიმართებით ცრუ-დადებითი მაჩვენებელი არის 1 000-დან 23–43 ქალი, რაც 2.3–4.3%-ია.

შვეიცარიის კიბოს სკრინინგის ორგანიზაციისთვის მომზადებული ანგარიშის თანახმად, შვეიცარიაში 50–69 წლის ქალებში დამატებითი გამოკვლევისთვის გამოძახების საშუალო მაჩვენებელი 2019–2021 წლებში 1 000 ქალზე 31 იყო, ანუ ყველა სკრინინგგავლილი ქალის დაახლოებით 3%. ცრუ-დადებითი შედეგების მაჩვენებელი კი 1 000 ქალზე 26 იყო, რაც ყველა სკრინინგგავლილი ქალის დაახლოებით 2.6%-ს შეადგენდა. ამ პერიოდში პირველი მამოგრაფიის ჩამტარებელ ქალებში მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო. დამატებითი გამოკვლევისთვის გამოძახების მაჩვენებელი 1 000 ქალზე 110.8-ს, ანუ ყველა სკრინინგგავლილი ქალის 11%-ს შეადგენდა. ცრუ-დადებითი შედეგების მაჩვენებელი კი 1 000 ქალზე 105, ანუ ყველა სკრინინგგავლილი ქალის 10.5% იყო. ამდენად, მცდარია მტკიცება, რომ ცრუ-დადებითი ქალების 60%-ში ფიქსირდება.

რაც შეეხება მამოგრაფიის რისკებს, 2016 წლის კვლევის თანახმად, 40–74 წლის ასაკის ყოველ 100 000 ქალზე ყოველწლიური სკრინინგის შედეგად, სავარაუდოდ, ძუძუს კიბოს 125 დამატებითი შემთხვევა და 16 სიკვდილი შეიძლება გამოწვეული იყოს რადიაციული ზემოქმედებით. თუმცა, იგივე კვლევის მიხედვით, სკრინინგის შედეგად კიბოს ადრეული გამოვლენა 100 000 ქალზე 968 სიკვდილის თავიდან აცილებას უწყობს ხელს. ამდენად, სკრინინგით მიღებული სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება რისკებს. ამას სხვა ავტორიტეტული კვლევებიც ადასტურებს.

აშშ-ის კიბოს ეროვნული ინსტიტუტის (National Cancer Institute) თანახმად, მამოგრაფია რადიაციის ძალიან მცირე დოზებს იყენებს და „მამოგრაფიის პოტენციური სარგებელი თითქმის ყოველთვის აღემატება რადიაციული ზემოქმედებით გამოწვეულ პოტენციურ ზიანს.“

2015 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) მიერ მოწვეულმა ექსპერტთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ მამოგრაფიული სკრინინგი ეფექტიანია 50–74 წლის ქალებში ძუძუს კიბოთი სიკვდილიანობის შესამცირებლად.

ევრონიუსთან საუბარში, დოქტორმა ევანდრო დე აზამბუჟამ, ანდერლეხტში მდებარე ჟიულ ბორდეს ინსტიტუტის სამედიცინო მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელმა, განმარტა, რომ მამოგრაფია რეალურად რადიაციის დიდ დოზას არ მოიცავს. „თუ ის ტარდება იმ მკაცრი პროტოკოლების შესაბამისად, რომლებსაც შესაბამისი სააგენტოები რეკომენდაციას უწევენ, რადიაციის დოზა დაბალია. ამიტომ არ არსებობს იმის რისკი, რომ მამოგრაფიის დროს მიღებული დასხივების გამო კიბო განგივითარდეთ.“

ევრონიუსთან საუბარში ბერნში შვეიცარიის კიბოს ლიგის ადრეული გამოვლენის სპეციალისტმა იულია შვარცმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ბორტგამცილებელი მუშაობის ერთი წლის განმავლობაში უფრო მეტ რადიაციას იღებს, ვიდრე ადამიანი ერთი მამოგრაფიის დროს.

ამდენად, მცდარია მტკიცება, რომ შვეიცარიამ მამოგრაფია აკრძალა.

See all posts

A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.