მართლა უწყობდა თუ არა ხელს აშშ-ის მთავრობა ამერიკაში ნაცისტური პროპაგანდისტული ფილმების ჩვენებას?
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ, ბრიტანული ტაიმსის ცნობით, 1941 წელს აშშ-ში მიმდინარეობდა ნაცისტური გერმანიის პროპაგანდისტული ფილმების ჩვენება (არქივირებული ბმული). პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამ ფილმების “ტრიალი” აშშ-ს კინოთეატრებში მთავრობის მიერ იყო მხარდაჭერილი. სინამდვილეში, გერმანულ პროპაგანდისტულ ფილმებს აშშ-ის ზოგიერთ კინოთეატრში მართლაც აჩვენებდნენ, თუმცა აშშ-ის მთავრობამ საბოლოოდ მათი ჩვენება შეზღუდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტაიმსის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ნამდვილია, კონტექსტის სრულად გასაგებად აუცილებელია იმ დროს არსებული სამართლებრივი და პოლიტიკური გარემოს შეფასება.
1934–1941 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მართლაც არსებობდა შესაძლებლობა, გერმანიაში წარმოებული ფილმები კომერციულ კინოთეატრებში ეჩვენებინათ. თუმცა, ეს არ იყო ამერიკის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ან დაფინანსებული კამპანია. რეალურად, ეს შესაძლებელი იყო იმ დროს არსებული ამერიკული სამართლებრივი სისტემის თავისებურების გამო, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ ოფიციალურად ნეიტრალური იყო ევროპაში მიმდინარე ომის მიმართ, ხოლო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპები ხელისუფლებას მნიშვნელოვნად უზღუდავდა უცხოური პროპაგანდის პირდაპირ აკრძალვის შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, გერმანული ფილმები გადიოდნენ მკვეთრ ცენზურას. 1915 წელს უზენაესმა სასამართლომ საქმეში “Mutual Film Corp. v. Ohio” დაადგინა, რომ კინოს მიმართ ფართო სახელმწიფო ცენზურა კონსტიტუციურად დასაშვები იყო, მაგრამ მხოლოდ იმ საფუძვლებით, რასაც კონკრეტული შტატის კანონი ითვალისწინებდა. იმ დროინდელი განმარტებით უცხო ქვეყნის პოლიტიკური პროპაგანდა ამ კატეგორიებში არ შედიოდა. შესაბამისად, აშშ-ს არ გააჩნდა ოფიციალური იურიდიული საფუძველი, რომ გერმანული ფილმები აეკრძალა. თუმცა, ცენზურის ბიუროს მეშვეობით, ხდებოდა გერმანული ფილმების გაფილტვრა არა პოლიტიკური შინაარსის, არამედ იქ გამოყენებული აკრძალული ტერმინების და სიტყვების მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ნაცისტური ფილმების ჩვენება იზოლირებული მოვლენა არ ყოფილა. იგი ხდებოდა იმ პერიოდში, როდესაც შეერთებულ შტატებში მოქმედებდა ორგანიზაცია სახელად German-American Bund, რომელიც ღიად ავრცელებდა ნაცისტურ იდეოლოგიას, ატარებდა მასობრივ შეკრებებს და ცდილობდა საკუთარი თავი „ნამდვილ ამერიკულ პატრიოტულ მოძრაობად“ წარმოეჩინა. ორგანიზაციას ათიათასობით მხარდამჭერი ჰყავდა, ფლობდა ბანაკებს, გამოსცემდა საკუთარ გაზეთს და აქტიურად იყენებდა ნაცისტურ სიმბოლიკას. მისი ყველაზე ცნობილი ღონისძიება 1939 წლის 20 თებერვალს ნიუ-იორკის მედისონ სკვეარ გარდენში გაიმართა, სადაც დაახლოებით 22000 ადამიანი შეიკრიბა, მიუხედავად იმისა, რომ შენობის გარეთ ათეულობით ათასი დემონსტრანტი აპროტესტებდა ამ პრო-ნაცისტურ შეკრებას. ღონისძიებაზე ორგანიზაციის ლიდერი ფრიც კუნი ანტისემიტური და პრონაცისტური სიტყვით გამოვიდა, ხოლო დარბაზში შეჭრილი ებრაელი დემონსტრანტი დაცვის წევრებმა სასტიკად სცემეს. ამ მოვლენამ მაშინ ამერიკულ საზოგადოებაში ძლიერი უკურეაქცია გამოიწვია და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ ორგანიზაციის პოლიტიკური იზოლაციის პროცესში. მოგვიანებით ნიუ-იორკის საოლქო პროკურორმა ფრიც კუნი ფინანსური დანაშაულისთვის გაასამართლა, ხოლო მეორე მსოფლიო ომში აშშ-ის ჩართვის შემდეგ ორგანიზაცია საბოლოოდ დაიშალა.
მესამე რაიხისთვის კინო ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პროპაგანდისტულ იარაღს წარმოადგენდა. პროპაგანდის მინისტრი იოზეფ გებელსი პირადად აკონტროლებდა კინოპოლიტიკას და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ისეთი ფილმების საერთაშორისო გავრცელებას, რომლებიც გერმანიის სამხედრო წარმატებებს დასავლურ აუდიტორიას დადებითად წარუდგენდა. ამ ფილმების ნაწილი სპეციალურად ითარგმნებოდა ინგლისურად და იგზავნებოდა ამერიკაში.
აშშ-ში ნაცისტური ფილმების გავრცელების მთავარი არხი იყო გერმანული კინოკომპანია UFA (Universum Film AG) და მისი ამერიკული წარმომადგენლობა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროპაგანდისტული ფილმი იყო “დასავლეთში გამარჯვება” (Sieg im Westen; Victory in the West), რომელიც 1941 წელს გამოვიდა და გერმანიის მიერ ნიდერლანდების, ბელგიისა და საფრანგეთის ტრიუმფალურ დაპყრობას აღწერდა. ასევე ფართოდ ვრცელდებოდა “ცეცხლის ნათლობა” (Feuertaufe; Baptism of Fire), რომელიც პოლონეთის კამპანიას წარმოაჩენდა გერმანული არმიის ტექნოლოგიური და მორალური უპირატესობის ჭრილში. ნაცისტური პროპაგანდის არსენალში ასევე იყო პოლონეთის კამპანიის აღმწერი სხვა დოკუმენტური ფილმებიც, რომლებიც ამერიკულ კინოთეატრებში “პოლონეთის კამპანიის” (Campaign in Poland) სახელით გადიოდა.
გერმანული პროპაგანდისტული ფილმების ჩვენების მთავარი ადგილი ნიუ-იორკის იორკვილის რაიონი იყო, სადაც იმ პერიოდში გერმანული წარმოშობის მოსახლეობა ჭარბობდა. იორკვილი ათწლეულების განმავლობაში გერმანული კულტურის ცენტრად ითვლებოდა და იქ მოქმედებდა გერმანულენოვანი გაზეთები, კლუბები, რესტორნები და კინოთეატრები. სწორედ ამ გარემოში პოულობდა გერმანული პროპაგანდა თავის ძირითად აუდიტორიას და არა ამერიკის ფართო საზოგადოებაში.
მნიშვნელოვანია, იმის აღნიშვნა, რომ მესამე რაიხის პროპაგანდისტული ფილმების ჩვენება ამერიკაში არ ნიშნავდა, რომ ამერიკის მთავრობა ამის მომხრე იყო. 1938 წელს აშშ-მა მიიღო უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (Foreign Agents Registration Act (FARA)), რომლის მიზანი სწორედ უცხოური პროპაგანდისტული საქმიანობის გამჭვირვალობა იყო. კანონი ავალდებულებდა უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარ ორგანიზაციებსა და პირებს, ოფიციალურად დარეგისტრირებულიყვნენ, როგორც უცხოური აგენტები. კანონის მიღების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სწორედ ნაცისტური და საბჭოთა პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა. 1941–1942 წლებში გერმანული პროპაგანდისტული ფილმების გავრცელების შეზღუდვა განხორციელდა მთელი რიგი სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, რის შედეგად მოხდა გერმანული კინოკომპანია UFA Films-ის ქონების კონფისკაცია, ფილმების გავრცელების შეჩერება და მათი გამოყენება ამერიკული სამხედრო და სადაზვერვო უწყებების მიერ ანალიზისა და კონტრპროპაგანდისთვის.
რეალურად, გერმანული პროპაგანდისტული ფილმების აკრძალვა შესაძლებელი გახდა 1941 წლის დეკემბერში, იაპონიის მიერ პერლ-ჰარბორზე თავდასხმის და გერმანიის მიერ შეერთებული შტატებისთვის ომის გამოცხადების შემდეგ, რადგან გერმანია მტერი სახელმწიფო გახდა და აშშ-ს ხელ-ფეხი გაეხსნა სხვა ინსტრუმენტები გამოეყენებინა მტრული სახელმწიფოს წინააღმდეგ. შედეგად, რამდენიმე წლის განმავლობაში, ამერიკის ხელისუფლებამ მკვეთრად გაამკაცრა კონტროლი გერმანულ ორგანიზაციებზე, შეწყდა გერმანული პროპაგანდისტული ფილმების კომერციული გავრცელება, ხოლო გერმანული აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოერთვა ან დაიბლოკა. 1942 წლიდან ნაცისტური პროპაგანდა ამერიკულ კინოთეატრებში პრაქტიკულად გაქრა, ხოლო სახელმწიფო უკვე თავად ქმნიდა ანტისაომარ და ანტინაცისტურ საინფორმაციო კინომასალას, მათ შორის ფრენკ კაპრას ცნობილი სერიის Why We Fight მეშვეობით.,
აქვე აღსანიშნავია, რომ ამერიკაში სიტყვის თავისუფლების დაცვის მაღალი სტანდარტის გამო, გერმანული პროპაგანდისტული ფილმების მიმართ დამოკიდებულება ამერიკის ომში ჩართვამდეც წინააღმდეგობრივი იყო. ნიდერლანდელი მკვლევარი ვან ეეჰენი თავის მონოგრაფიაში, რომელიც მესამე რაიხის პროპაგანდისტული კინემატოგრაფიის მიმართ მოკავშირეთა პოლიტიკას იკვლევს, დეტალურად აღწერს, თუ როგორ შეიცვალა აშშ-ის დამოკიდებულება გერმანული კინოს მიმართ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. მისი კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკის ხელისუფლების სხვადასხვა უწყებას ერთიანი პოზიცია არ გააჩნდა. მართალია, ნაცისტური დოკუმენტური ფილმები და აშკარად პროპაგანდისტული მასალა აღიქმებოდა როგორც „ფსიქოლოგიური ომის“ ინსტრუმენტი, თუმცა ასობით გერმანული მხატვრული ფილმის შეფასებისას ოფიციალური სტრუქტურები განსხვავებულ მიდგომას ავლენდნენ.
ვან ეეჰენის მიერ შესწავლილი დოკუმენტები ცხადყოფს, რომ აშშ-ის ომის დეპარტამენტი (War Department) და უცხოელთა ქონების სააგენტო (Alien Property Custodian) მიიჩნევდნენ, რომ აუცილებელი იყო პროპაგანდისტული ფილმების გამიჯვნა ჩვეულებრივი მხატვრული კინოსგან. სამხედრო უწყების წარმომადგენლები პირდაპირ აღნიშნავდნენ, რომ ყველა გერმანულ ფილმს პროპაგანდისტული ხასიათი არ ჰქონდა. იმავე პოზიციას იზიარებდა სააგენტოც, რომელიც თვლიდა, რომ ყველა გერმანული ფილმი არ იყო პოლიტიკურად ან იდეოლოგიურად „დაბინძურებული“ და რომ მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ფილმები შეიცავდა ნაცისტურ პროპაგანდას. სწორედ ამ მიდგომის საფუძველზე განიხილებოდა გერმანული ფილმების კომერციული ლიცენზიებით გავრცელების შესაძლებლობაც, იმ პირობით, რომ ისინი წინასწარ გაივლიდნენ სახელმწიფო შემოწმებას.
ამავე დროს, ვან ეეჰენმა აჩვენა, რომ ასეთ შეფასებას არ იზიარებდნენ სხვა სახელმწიფო უწყებები. კერძოდ, მაშინ მოქმედი ცენზურის ოფისი (Office of Censorship), პროფკავშირების ნაწილი, ბევრი კონგრესმენი და საზოგადოებრივი მოღვაწე ამტკიცებდა, რომ მესამე რაიხში გადაღებული თითქმის ყველა ფილმი, თუნდაც გასართობი ჟანრის, გარკვეული ფორმით ემსახურებოდა ნაცისტურ პროპაგანდას და ხელს უწყობდა გერმანიისადმი სიმპათიის გაჩენას. სწორედ ამ წინააღმდეგობის გამო ჩაიშალა 1945 წელს სააგენტოს გეგმა, რომელიც ასობით გერმანული ფილმის კომერციული გავრცელების ლიცენზიების გაყიდვას ითვალისწინებდა.
ამრიგად, მტკიცება, რომ 1941 წელს აშშ-ში მართლაც გადიოდა ნაცისტური გერმანიის პროპაგანდისტული ფილმები, ისტორიულად დასტურდება. სწორია ისიც, რომ მათ შორის იყო ფილმები, რომლებიც ადიდებდნენ გერმანიის გამარჯვებას პოლონეთში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში და ისინი ძირითადად ნიუ-იორკის იორკვილის გერმანულ უბანში მდებარე კინოთეატრებში იყო ნაჩვენები. თუმცა, არასწორი იქნებოდა ამ ფაქტიდან დასკვნის გაკეთება, თითქოს ეს ამერიკის სახელმწიფოს მხარდაჭერილი პოლიტიკა იყო. რეალურად, ეს იყო ნეიტრალიტეტის პერიოდის ამერიკული სამართლებრივი სისტემის შედეგი, როდესაც ხელისუფლება ცდილობდა უცხოური პროპაგანდის შეზღუდვას FARA-სა და სასამართლოების გზით, მაგრამ გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტის გამო მისი სრულად აკრძალვა ვერ მოახერხა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში უშუალოდ ჩაერთო, ნაცისტური ფილმების გავრცელება საბოლოოდ შეწყდა და ამერიკის ტერიტორიაზე მოქმედი მესამე რაიხის პროპაგანდისტული ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად დაიშალა.