Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ნამდვილად შესთავაზა თუ არა ბრიტანეთის მეფე ჯორჯ VI-მ სტალინს ლორდის ტიტული?

ნამდვილად შესთავაზა თუ არა ბრიტანეთის მეფე ჯორჯ VI-მ სტალინს ლორდის ტიტული?

ივნისს 12, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · ისტორია

სოციალურ ქსელში ვრცელდება ისტორია, რომ სტალინმა დიდი ბრიტანეთის მონარქ ჯორჯ VI-ს ლორდის ტიტულის მიღებაზე იმ მოტივით უთხრა უარი, რომ ის გლეხის შვილი იყო და მამულებს არ ფლობდა, ხოლო კომუნისტის წოდება მისთვის ყველაზე ძვირფასი ტიტული იყო. „თქვენო უმაღლესობავ, ჭეშმარიტი კომუნისტის წოდება ჩემთვის ყველა არისტოკრატიულ ტიტულზე ძვირფასია“ - ასე სრულდება ის წერილი, რომელიც თითქოს სტალინმა მიწერა დიდი ბრიტანეთის მეფეს (არქივირებული ბმული). ეს ისტორია სიმართლეს არ შეესაბამება და სტალინთან დაკავშირებულ არც ერთ ისტორიულ, დოკუმენტურ, ან ბიოგრაფიულ წყაროში არ იძებნება.



ისტორია იმდენად კარგად ერგება სტალინის შესახებ შექმნილ პროპაგანდისტულ წარმოდგენას, რომ, ერთი შეხედვით, სარწმუნოდ ჟღერს. თუმცა, სტალინის კორესპონდენციის, ასევე მის შესახებ ბიოგრაფიული ლიტერატურის მოძიების შემდეგ, დგინდება, რომ მსგავსი წერილი არ არსებობს. არც ერთი ონლაინ სტატია, სადაც ეს ისტორიაა ციტირებული, არ მიუთითებს ისტორიულ წყაროზე. ინტერნეტში არ იძებნება არც მეფე ჯორჯ VI-ის მიერ გაგზავნილი შეთავაზების წერილი, არც სტალინის სავარაუდო საპასუხო წერილი, არც დოკუმენტის ასლი, არც არქივის ნომერი და არც რომელიმე ისტორიული გამოცემა, სადაც ეს მიმოწერა გამოქვეყნდა. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ისტორია უბრალოდ სტალინის პიროვნების კულტის ფარგლებში შექმნილი მითოსის ნაწილია და არა რეალური ფაქტი.

აღსანიშნავია, რომ სტალინის საერთაშორისო მიმოწერის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოქვეყნებული და ხელმისაწვდომია. გამოქვეყნებულია მისი კორესპონდენცია ბრიტანეთის პრემიერებთან უინსტონ ჩერჩილთან და კლემენტ ეტლისთან და აშშ-ის პრეზიდენტებთან ფრანკლინ რუზველტსა და ჰარი ტრუმენთან. სტალინისა და დასავლელი ლიდერების ურთიერთობები დეტალურადაა შესწავლილი როგორც დოკუმენტურ კრებულებში, ისე მის ბიოგრაფიებში. მიუხედავად ამისა, ლორდობის შეთავაზების ეპიზოდი არსად ფიქსირდება.

საინტერესოა, რომ ეს ისტორია საერთოდ არ გვხვდება სტალინის ყველაზე ავტორიტეტული ბიოგრაფების ნაშრომებში. სტივენ კოტკინის მრავალტომიან ბიოგრაფიაში “სტალინი,” რომელიც ათასობით საარქივო დოკუმენტს ეყრდნობა, ასეთი შემთხვევა ნახსენები არ არის. იგივე შეიძლება ითქვას საიმონ სიბეგ მონტეფიორეს ცნობილ ნაშრომზე - “სტალინი: წითელი ცარის კარი” (Stalin: The Court of the Red Tsar). მსგავსი ისტორია არ ფიქსირდება არც დიმიტრი ვოლკოგონოვის ნაშრომში “სტალინი: ტრიუმფი და ტრაგედია (Stalin: Triumph and Tragedy), რობერტ კონქუესტის წიგნში “სტალინი: ერების გამტეხი” (Stalin: Breaker of Nations), ოლეგ ხლევნიუკის ბიოგრაფიაში „სტალინი: დიქტატორის ახალი ბიოგრაფია“ (Stalin: New Biography of a Dictator).

საინტერესოა, რომ ამ მითს, შესაძლოა, რეალური ისტორიული საფუძველი ჰქონდეს, რაც ხსნის, რატომ გადაწყვიტა საბჭოთა პროპაგანდამ მსგავსი ისტორიის გავრცელება და სტალინის პასუხის აქცენტირება.

1943 წლის ნოემბერში, თეირანის კონფერენციის დროს, უინსტონ ჩერჩილმა სტალინს ბრიტანეთის მეფე ჯორჯ VI-ის სახელით ცნობილი „სტალინგრადის ხმალი“ გადასცა. ხმალზე, რომელიც სპეციალურად შეიქმნა სტალინგრადის დამცველთა პატივსაცემად, ამოტვიფრული იყო წარწერა: „სტალინგრადის ფოლადივით მტკიცე მოქალაქეებს, მეფე ჯორჯ VI-ისგან, ბრიტანელი ხალხის ღრმა აღტაცების ნიშნად.“ ხმალის გადაცემის ცერემონიის ოფიციალური აღწერა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ისტორიულ არქივშიცაა დაცული. ამ პროცესის შესახებ გამოქვეყნებულ ცნობილ ფოტოებში და კადრებში ჩანს, როგორ იღებს სტალინი ხმალს და კოცნის მის ქარქაშს.


წყარო: NBCNews; ასევე ხელმისაწვდომია: GettyImages

ამ ისტორიას დღემდე ხშირად იხსენებენ რუსულ მედიასა და ბლოგებში. მაგალითად, 2025 წელს რუსმა ბლოგერმა ოლეგ მაკარენკომ გამოაქვეყნა სტატია “როგორ კოცნიდა სტალინი ჯორჯის ხმალს” (Как Сталин целовал меч короля Георга) (არქივირებულ ბმული). სტატიაში ხაზგასმულია, რომ ხმალი პირადად სტალინს კი არა, სტალინგრადის მოქალაქეებს ეძღვნებოდა, თუმცა საბჭოთა ლიდერმა ის ოფიციალურად მიიღო.

სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ ამ რეალურმა მოვლენამ მისცა ბიძგი შემდგომი წლების განმავლობაში ახალი ლეგენდის ჩამოყალიბებას. ერთი მხრივ, საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი იყო ისტორია იმის შესახებ, რომ ბრიტანეთის მეფემ სტალინს განსაკუთრებული პატივი მიაგო ხმლის ჩუქებით. მეორე მხრივ, შეიძლება ბრიტანელი მონარქის მიერ ნაჩუქარი ხმლის კოცნას საბჭოთა კავშირის მოქალაქეებისთვის უხერხულობის განცდა გაეჩინა. შესაბამისად, ადვილად წარმოსადგენია, რომ საბჭოთა პროპაგანდამ შეთხზა უფრო დრამატული პროპაგანდისტული ვერსია, თითქოს დიდი ბრიტანეთის მეფემ სტალინს ლორდის ტიტულსაც სთავაზობდა, ხოლო სტალინმა ის უარით გაისტუმრა.


See all posts

Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.