Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სამხედრო მობილიზაცია უკრაინულ სპორტდარბაზში თუ დადგმული სცენა?

სამხედრო მობილიზაცია უკრაინულ სპორტდარბაზში თუ დადგმული სცენა?

ივნისს 3, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · საერთაშორისო

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც გამავრცელებლის მტკიცებით, ასახავს სავალდებულო სამხედრო მობილიზაციის პროცესს უკრაინაში.
გავრცელებული ვიდეოს და მისი უფრო ფართო ვერსიის ანალიზი გვიჩვენებს მთელ რიგ მინიშნებებს, რომ ვიდეო დადგმული შეიძლება იყოს.


ქართულ ფეისბუქ სივრცეში ფართოდ გავრცელდა ვიდეო (1;2;3;4), რომელიც გამავრცელებლის მტკიცებით, ასახავს სავალდებულო სამხედრო მობილიზაციის პროცესს უკრაინაში (დაარქივებული ბმული). აღწერაში მითითებულია, რომ უკრაინის ერთ-ერთ სპორტდარბაზში შესულ მობილიზაციის სამსახურს, რომელიც კონკრეტული პირების სამხედრო სამსახურში იძულებით წაყვანას აპირებდა, თავს დაესხნენ სპორტდარბაზში მოვარჯიშეები და ხელი შეუშალეს მობილიზაციის პროცესის განხორციელებაში.

ვიდეო ასევე ფართოდ გაავრცელეს რუსული სოციალური მედიის ანგარიშებმა და საიტებმა (1;2;3;4;5;6;7), მათ შორის რუსეთის ხელისუფლებასთან აფილირებულმა სპუტნიკმა და პოლიტიკურმა კომენტატორმა ოლგა სკაბეევამ. ვიდეოს ვირუსულმა გავრცელებამ მსოფლიოს ბევრი სხვა ნაწილიც მოიცვა და უამრავი ნახვა დააგროვა (1;2;3;4;5).

გავრცელებული ვიდეოს ფოტოანაბეჭდის ძიებას მივყავართ მთელ რიგ შედეგებამდე, რომლებიც გვიჩვენებენ, რომ ვიდეოს სხვადასხვა ვერსიები ვირუსულად გავრცელდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. იმავე ძიებას ასევე მივყავართ ვიდეოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ფართო გამავრცელებლამდე პლატფორმა X-ზე. მარიო ზნას (Mario ZNA) გვერდზე ვიდეოს 1.7 მილიონი ნახვა აქვს. აღნიშნული პიროვნება საკუთარ თავს ახასიათებს როგორც პოდკასტის წამყვანს, ამაყ სერბს და მართლმადიდებელ ქრისტიანს. მისი X გვერდის ზედაპირული დათვალიერება გვიჩვენებს, რომ ის ანტი-ევროპულ, ანტი-უკრაინულ და პრო-რუსულ პოსტებს რეგულარულად ავრცელებს.

რაც შეეხება თავად ვიდეოს შინაარსს, ვიდეოს უფრო გრძელი ვერსია, რომელიც მხოლოდ ზოგიერთმა წყარომ გაავრცელა, მისი გაანალიზების უკეთეს რესურსს იძლევა (დაარქივებული ბმული).

დასაწყისიდანვე უნდა ითქვას, რომ ვიდეოს სრული ვერსია ერთიანობაში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის დადგმულია, თუმცა ცალკეული დეტალები კიდევ უფრო საეჭვოს მის ნამდვილობას.

ვიდეოს დასაწყისშივე სარკის ანარეკლში ვხედავთ სავარაუდოდ ქალბატონს, რომელიც ვიდეოს იღებს. ის დარბაზის შესასვლელთან დგას და ვიდეოს გადაღება სწორედ იმ მომენტიდან იწყება, როცა დარბაზში მობილიზაციის სამსახურის სავარაუდო წარმომადგენლები შედიან. ვიდეოს სრულ ხანგრძლივობას თუ დავაკვირდებით, გადამღები ყველა მომენტში, მათ შორის მაშინაც, როცა სავარაუდო ჩხუბი იწყება და დარბაზში ქაოსია, ერთსა და იმავე ადგილას დგას, სიმშვიდეს ინარჩუნებს და კამერას სტაბილურად აყოლებს მოქმედებას, რათა ყველა მომენტი სრულად ასახოს.

უცნაურია სიტუაცია თავად დარბაზშიც მანამ, სანამ სავარაუდო ჩხუბი დაიწყება. დარბაზი საკმაოდ პატარაა. ვიდეოში არ ჩანს ბოქსისთვის დამახასიათებელი აღჭურვილობა, გასანკუთრებით კი ე.წ. მსხალი, რომელსაც ბოქსინგში მოვარჯიშეები იყენებენ ხოლმე. მიუხედავად ამისა, ორი პიროვნება ბოქსის ხელთათმანებით და დამცავი ჩაფხუტებით ამ შემჭიდროვებულ სივრცეში ბოქსში ვარჯიშობს. ყვითელ ჟაკეტში გამოწყობილი პიროვნება, რომელსაც შემდგომ მობილიზაციის სამსახურის სავარაუდო წარმომადგენლები მიადგებიან წასაყვანად, სკამზე ჩამომჯდარი უყურებს ბოქსში მოვარჯიშეებს. არაფერი მიუთითებს, რომ ის დარბაზში სავარჯიშოდაა. მის უკან არსებულ შტანგაზე წონები საერთოდ არაა დამატებული.

ამის შემდგომ ვიდეოში ჩნდებიან მობილიზაციის სამსახურის სავარაუდო წარმომადგენლები და ასევე უკრაინის პოლიციის სავარაუდო წარმომადგენელი, რომელივ ავტომატურ იარაღს ატარებს. მობილიზაციის სამსახურის სავარაუდო წარმომადგენლების ჩაცმულობა და აღჭურვილობა თავიდანვე ეჭვს იწვევს. მათი სამხედრო უნიფორმები მათი აგებულებისთვის დიდი ჩანს, ხოლო ზედა მოსაცმელი თავისუფლად აქვთ გადმოფენილი შარვალზე, მაშინც როცა სამხედრო სტანდარტი სხვაგვარია. დამატებით ეჭვს ქმნის მათი სხვადასხვაგვარი და არასამხედრო ფეხსაცმელი. ერთ-ერთს - შავი ტყავის დაბალყელიანი ფეხსაცმელი, ხოლო დანარჩენ ორს ნაცრისფერი ან ლურჯი ზოლიანი სპორტული ფეხსაცმელი აცვიათ.

არათანაბარი და არასტანდარტულია გამოჩენილი პირების სამხედრო უნიფორმებზე უკრაინის დროშებისა და გერბების განლაგებაც. ერთ-ერთ მათგანს მხოლოდ მარცხენა მხარზე უკეთია უკრაინის დროშა, მეორეს კი მხოლოდ მარჯვენაზე. ერთ-ერთს უკეთია უკრაინის გერბი, მეორეს კი საერთოდ არა.

ამის საპირწონედ, გერმანული საერთაშორისო ტელევიზია DW-ს ერთ-ერთ სიუჟეტში, სადაც საუბარია სწორედ მობილიზაციის საკითხებზე უკრაინაში და ინტერვიუებია ჩამორთმეული მობილიზაციის სამსახურის წარმომადგენლებისთვის, ვხედავთ როგორ გამოიყურება აღნიშნული წარმომადგენლების სტანდარტული აღჭურვილობა და უნიფორმა.

მათ სრული სამხედრო უნიფორმა აცვიათ, ერთნაირი სამხედრო ფეხსაცმლით, რაციებით, ვიდეო კამერებით, სწორად მორგებული ფორმებით, უკრაინის დროშით ორივე მხარზე და სხვადასხვა გერბებით მარცხენა და მარჯვენა მხარზე.

განხილულ ვიდეოში განვითარებული ჩხუბი დარბაზში ასევე არაბუნებრივად გამოიყურება და დადგმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც სოციალურ ქსელებში ასევე არაერთმა მაყურებელმა აღნიშნა. სავარაუდო მოვარჯიშეების დარტყმები გამოიყურება ისე, როგორც ფილმებში - ვიზუალური ეფექტისთვის, მინიმალური დაზიანების მისაყენებლად. ზიანს ის ფაქტიც ამცირებს, რომ მათ ხელთათმანები უკეთიათ. ვიდეოს სულ ბოლო მომენტი წყდება მაშინ, როცა პიროვნება, ვის წასაყვანადაც სავარაუდოდ მისულები არიან მობილიზაციის სამსახურის წარმომადგენლები, ერთ-ერთი წარმომადგენლისთვის თავში ფეხის გამეტებით დარტყმას აპირებს. ესეც აჩენს ეჭვს, რომ ვიდეო სპეციალურად გაწყდა ამ ადგილას, რადგან ფეხის გამეტებით თავში დარტყმის დადგმა მარტივი არაა, ხოლო მსგავსი დარტყმის რეალურად განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ უცნაურია მობილიზაციის სამსახურის სავარაუდო წარმომადგენლის და გასაკუთრებით კი პოლიციის უნიფორმაში გამოწყობილი პირის საქციელი. ისინი არცკი ცდილობენ რამე სახით წინააღმდეგობა გაუწიონ თავდამსხმელებს ან მათი შეკავება სცადონ, მხოლოდ საკუთარი თავის დაზიანებისგან დაცვას ცდილობენ. პოლიციის უნიფორმაში გამოწყობილი პირი, რომელსაც ხელში ავტომატური იარაღი უჭირავს, საერთოდ გარბის დარბაზიდან, ისე რომ არცკი ცდილობს თავდამსხმელები დააშოშმინოს, რაც მას ავტომატური იარაღის გამოყენების მუქარით შეეძლებოდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ უკრაინაში სამხედრო მობილიზაციის საკითხი ნამდვილად მოიცავს რიგ პრობლემებს და ეს განხილვის საგანი როგორც ავტორიტეტულ უკრაინულ, ისე საერთაშორისო მედიაშიც არაერთხელ გამხდარა. ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილ DW-ს ვრცელ სიუჟეტშიც, მობილიზაციის სამსახურის წარმომადგენლები საუბრობენ თუ როგორი წინააღმდეგობა ხვდებათ ზოგიერთი პიროვნებისგან, იმ დონეზეც კი, რომ ხანდახან შეიძლება ეს წინააღმდეგობა მობილიზაციის სამსახურის წარმომადგენლების სერიოზული ფიზიკური დაზიანებით ან დაღუპვითაც კი დასრულდეს. იმავე რეპორტაჟში ვხედავთ კადრებს, თუ როგორ გარბის ერთ-ერთი პიროვნება, რომლისთვისაც უწყისის ჩაბარებას ცდილობენ. Business Insider-ის ზემოთ ციტირებული სტატია ასევე საუბრობს უკრაინის მობილიზაციის სამსახურის წარმომადგენლების შესვლაზე სავაჭრო ცენტრებში და სპორტდარბაზებშიც.

მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში ამჯერად გავრცელებული ვიდეოს ნამდვილობა საეჭვოა მასში არსებული უზუსტობების გამო. გარდა ამისა, გავრცელებული ვიდეო არც ერთ სანდო მედიას არ გაუვრცელებია და ის ძირითადად რუსული სამთავრობო არხებისა და სოციალური ქსელების ცალკეული ანგარიშების მიერ ვირუსულად გავრცელდა.






See all posts

Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.