ჯარისკაცების ვიდეო უკრაინის რადადან ხელოვნური ინტელექტის მიერაა შქმნილი - როგორ ამოვიცნოთ?
მოკლედ საკითხავი
-
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც უკრაინელი ჯარისკაცები რადას დეპუტატებს ეჩხუბებიან;
-
ვიდეო ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი;
-
პირველწყარო მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის ვიდეოებს აქვეყნებს, ვიდეოში შეინიშნება ვიზუალური შეუსაბამობები.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც უკრაინელი ჯარისკაცების რადას წევრებს შორის ემოციურ საუბარს ასახავს. ვიდეოში ჯარისკაცები რადას დეპუტატებს ეუბნებიან, რომ საბრძოლო მასალების ნაკლებობა აქვთ, რაზეც პასუხს იღებენ, რომ ბიუჯეტი მკაცრად გაწერილია.
ვიდეოს მიზანი უკრაინის დისკრედიტაციაა. ის მაყურებელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ უკრაინის ხელისუფლება ფრონტზე არსებული სიტუაციის და ჯარისკაცების მდგომარეობის მიმართ გულგრილია.
„ჯეოფაქტსმა“ ვიდეო და მისი გავრცელების გარემოებები შეისწავლა.
პირველ რიგში, „ჯეოფაქტს“ მსგავსი შინაარსის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო წარსულშიც გადაუმოწმებია.
იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, ვიდეო ნამდვილია, თუ – ხელოვნური

ინტელექტის მიერაა შექმნილი, მნიშვნელოვანია, დავადგინოთ პირველწყარო. ამ კონკრეტული ვიდეოს პირველწყარო უკრაინული TikTok-ანგარიში alanzsu0-ია.

ანგარიშს მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მსგავსი ვიდეოები აქვს გამოქვეყნებული.
მოცემულ ვიდეოში არაერთი უზუსტობა შეინიშნება, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მასალას ახასიათებს. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვიდეოებში ხშირადაა:
- ფიზიკური შეუსაბამობები, როგორიც არის ადამიანის სახის ნაკვთების და კიდურების არევა;
- ფოტო-ვიდეოს ფონზე არსებული ფიზიკური საგნების ცვლილება, არევა ან გაქრობა;
- იმ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოს ნიშანი (Watermark), რომლითაც ვიდეო შეიქმნა;
- ადამიანების მიერ კიდურების და სახის არაბუნებრივი მოძრაობა;
- ემოციის ნაკლებობა;
- არაბუნებრივი განათება;
- ზედმეტად პრიალა და „სუფთა“ გამოსახულება და ა.შ.
ვიდეოს მე-5 წამზე უკრაინელი ჯარისკაცის ხელთან არსაიდან უცნაური ფორმის ნაჭერი ჩნდება. იმავე ჯარისკაცს უცნაური ფორმის სამკერდე ნიშანი უკეთია, რომელსაც უკრაინის დროშის ფერები გადანაცვლებული აქვს. მსგავსი სამკერდე ნიშანი უკრაინელ ჯარისკაცებს არ უკეთიათ.


შეუსაბამობა იკვეთება სხვა ჯარისკაცის ვიდეოში, რომელსაც ორი სამხრე ნიშანი უკეთია. ზოგადად, ჯარისკაცებს ერთი სამხრე ნიშანი უკეთიათ. ამავდროულად, მეორე სამხრე ნიშანი უცნაური ფორმის და ზედმეტად დიდია.

ხელოვნური ინტელექტის კვალი კიდევ ერთ კადრში იკვეთება, სადაც ლურჯი და ყვითელი ფერები უკრაინის დროში ფერებთან შეუსაბამოა.

მსგავსი შეუსაბამობები მიუთითებს, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. ვიდეოში უკრაინის ბევრი დროშა ფიგურირებს და ჯარისკაცებს უკრაინის დროშის რამდენიმე ნიშანი აქვთ, რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია ვიდეოს ავტორის მიერ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოსთვის მიცემული ინსტრუქციით, ხაზი გაესვა ჯარისკაცების მოქალაქეობაზე.
გარდა ამისა, InVID & WeVerify-ის ხელსაწყოში ჩაშენებული აუდიო დეტექტორის Hiya-ს დახმარებით მიღებული შედეგების მიხედვით, ვიდეოს აუდიო მასალა 58%-ით ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. ხელსაწყო აუდიო მასალას 3-წამიან მონაკვეთებად ყოფს და ცალ-ცალკე აანალიზებს, 58% კი მთლიანი ჩანაწერის საშუალო მაჩვენებელია.

ვიდეოს პირველწყაროდან, ვიდეოში არსებული ვიზუალური უზუსტობების ანალიზიდან და ხელოვნური ინტელექტის დეტექტორის შედეგებიდან გამომდინარეობს, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.