დეზინფორმაცია: რუსეთის უშიშროებამ აზოვსტალში საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინა
სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Shalva Qavtaradze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც რუსეთის უშიშროებამ აზოვსტალში საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინა, სადაც 170 ტონა ოქროს ზოდები იპოვეს. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება.

საგულისხმოა, რომ 2025 წლის თებერვალში რუსულენოვან მედიაში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა მხარემ ოქროთი სავსე გვირაბი აღმოაჩინა, არ იძებნება.
ინფორმაცია, რომ აზოვსტალში რუსებმა საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს, 2022 წლის მაისში ვრცელდებოდა. რუსული სამთავრობო მედიები წერდნენ, რომ საიდუმლო გვირაბი მდინარის ნაპირზე გადიოდა, საიდანაც სამხედროები წყალს იღებდნენ. თუმცა იქ აღმოჩენილი ოქროს ზოდების შესახებ არც 2022 წელს იწერებოდა და არც ამჟამად ვრცელდება ცნობები.
გარდა ამისა, მსგავსი ინფორმაცია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ვებგვერდზე არ იძებნება.
ამგვარად, ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთის უშიშროებამ აზოვსტალში საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინა, სადაც 170 ტონა ოქროს ზოდები იპოვეს, არ დასტურდება.