სოციალურ ქსელში სვენ ტრიტშლერის ვიდეო გაყალბებული თარგმანით ვრცელდება
სოციალურ ქსელში გერმანელი პოლიტიკოსის, პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" წარმომადგენლის სვენ ტრიტშლერის ვიდეო ვრცელდება (არქივირებული ბმული). ვიდეოს რუსულენოვანი თარგმანი ადევს, რომელშიც თითქოს პოლიტიკოსი გერმანიის კანცლერს მერცს და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს. მერცს ის შემდეგნაირად მიმართავს: "მაგრამ სინამდვილეში ვინ ხართ თქვენ, ბატონო მერც? ჩვეულებრივი პოლიტიკური ფლუგერი, რომელსაც საკუთარი აზრი არ აქვს, მშიშარა პოპულისტი და მორჩილი მარიონეტი, რომელიც პირდაღებული უყურებს უცხოელ კურატორებს." ზელენსკის კი, თითქოს ტრიტშლერი ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და ამბობს: „ზელენსკიმ თავისი ქვეყანა კორუფციის უძირო კასრად აქცია, სადაც ჩვენი მოქალაქეების მიერ გამოყოფილი თანხები იკარგება.“
ვიდეოს Google-ის უკუძიების ინსტრუმენტით ძებნისას, ჩანს, რომ იდენტური ვიდეო სოციალური ქსელის რუსულენოვანმა ანგარიშებმა აგვისტოს დასაწყისში გაავრცელეს (ბმული 1, 2, 3, 4, არქივი). ვიდეოს ავტორი და თავდაპირველი გამავრცელებელი YouTube ანგარიშია, რომელმაც ვიდეო რუსულენოვანი თარგმანით 2026 წლის 28 ივლისს გამოაქვეყნა (არქივი).
აღსანიშნავია, რომ YouTube-ანგარიში სახელად АНАЛИТИК_ВАСИЛИЙ_СЕМЕНОВ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ავატარს (ფოტოს) იყენებს და უცნობია ვინ დგას მის უკან, თუმცა მის მიერ გამოქვეყნებულ სხვა ვიდეოებსაც იდენტური სტილი აქვს. გვერდი 2025 წლის ოქტომბერშია შექმნილი და აღწერის თანახმად, მისი მიზანია "მაყურებელს მსოფლიო პროცესების გაგებაში დაეხმაროს".
მსგავსი ტაქტიკითა და შინაარსით დეზინფორმაციული მასალა პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერის ალის ვაიდელის შესახებაც გავრცელდა. დეზინფორმაციის ტაქტიკა შემდეგია - რუსი აქტორები ქმნიან YouTube-არხს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით წარმოაჩენენ რეალური ანალიტიკოსის არხად და არხზე დეზინფორმაციის შემცველ ვიდეოებს აქვეყნებენ. ყველა ვიდეოში ანტი-უკრაინული ნარატივები ფიგურირებს, რომელსაც, თითქოს, ევროპელი პოლიტიკოსები აჟღერებენ. შემდგომ, YouTube-ის არხიდან ვიდეოს რუსული ანგარიშები სხვა პლატფორმებზე ავრცელებენ. მსგავსი ტაქტიკით გავრცელებული დეზინფორმაცია ჯეოფაქტსმა აქამდეც გადაამოწმა (ბმული 1, 2).
სინამდვილეში გერმანელი პოლიტიკოსის, პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" წარმომადგენლის სვენ ტრიტშლერის ვიდეო მისი 2026 წლის 6 მაისის გამოსვლიდანაა (არქივი). აღსანიშნავია, რომ YouTube ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელი პოლიტიკოსი ბუნდესტაგში გამოვიდა. სინამდვილეში, სვენ ტრიტშლერი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწის პარლამენტის დეპუტატია და არა ბუნდესტაგის წევრი. მისი გამოსვლაც, შესაბამისად, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის პარლამენტშია გადაღებული. იმას, რომ გაყალბებული ვიდეო 2026 5 მაისის გამოსვლიდანაა აღებული, ადასტურებს, როგორც პოლიტიკოსის ჩაცმულობა (იისფერი ჰალსტუხი და მეწამული ცხვირსახოცი პიჯაკის ჯიბეში), ასევე, მის უკან მჯდომი სხდომის წამყვანის ჰალსტუხი და იდენტური მოძრაობა (ორიგინალ ვიდეოში 0:36-ე წუთზე ის მარჯვნივ იხრება, ხოლო გაყალბებულ ვიდეოში იდენტური მოძრაობაა 4:39 წუთიდან).
რეალურად 2026 წლის 6 მაისის გამოსვლაში სვენ ტრიტშლერმა ძირითადად გერმანული მედიის CORRECTIV-ის წინააღმდეგ ისაუბრა. მისი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ გამოცემის სახელმწიფო სუბსიდირება შეწყდეს. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწის პარლამენტის ვებგვერდზე მოცემული ტრანსკრიპტის ტექსტში დეპუტატის გამოსვლაში არ იძებნება "ზელენსკი" ან "მერცი". ამდენად, გავრცელებულ ვიდეოს რუსულენოვანი თარგმანი გაყალბებულია.