მადიარის გამოსვლის ყალბი რუსული თარგმანი - ანტიევროპული დეზინფორმაციის გავრცელების რუსული მეთოდი
ქართულენოვან ინტერნეტსივრცეში გავრცელდა უნგრეთის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის გამოსვლა ევროპარლამენტში. რუსულენოვან ვიდეოში, მადიარი თითქოს ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავს, მას "ჩვენი დროის უდიდეს პოლიტიკურ აფერისტს" უწოდებს და ევროკავშირის გაღარიბებაში, განადგურებაში და ევროპის მოსახლეობის კეთილდღეობის ხარჯზე კორპორაციებთან საიდუმლო თანამშრომლობაში სდებს ბრალს.
მადიარის გამოსვლის კადრები ევროპარლამენტში 2024 წლის ოქტომბრის სესიიდან არის აღებული. ამ დროს ის ევროპარლამენტარი იყო. რეალურ კადრებში, მადიარი არა ურსულა ვონ დერ ლაიენს, არამედ უნგრეთის იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს აკრიტიკებს.
2026 წლის დასაწყისში იდენტური მეთოდოლოგიით დეზინფორმაცია გავრცელდა გერმანელი პოლიტიკოსის, ალის ვაიდელის გამოსვლების შესახებ (1, 2), რაც დამატებით მიუთითებს, რომ აღნიშნული ვიდეოც ყალბია. იმისთვის, რომ მარტივად არ მოვტყუვდეთ, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ დეზინფორმაციის გავრცელების მეთოდოლოგიას, პატერნს, ვინაიდან დეზინფორმაციის გამავრცელებლები ხშირად ერთი და იგივე ხერხს მიმართავენ. მეთოდოლოგიის ანალიზი საშუალებას გვაძლევს მომავალში იდენტური ტაქტიკით გავრცელებული ყალბი ამბავი მაშინვე ამოვიცნოთ.
რუსული ანგარიშები მსგავსი ვიდეოების გამოქვეყნებისას ხშირად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს ვიდეოების შესავალი სურათის (ე.წ თამბნეილის) რედაქტირებისთვის, რათა ვიდეომ მეტი ყურადღება მიიქციოს და რუსეთის გეოპოლიტიკური ოპონენტები სუსტად წარმოჩინდნენ. იგივე მიზნით ვიდეო სათაურდება სკანდალური წინადადებით, როგორიც არის "ბრიუსელი შოკშია!", "ევროპული ელიტის კოლაფსი!", და "სასწრაფოდ! რუსეთი 200 მილიარდი ევროს კონფისკაციას ახდენს!". მსგავსი ვიდეოები ხშირად ვრცელდება YouTube-ის და Facebook-ის რუსული ვარიანტებზე - Rutube-ზე და Vkontakte-ზე, და შიდა აუდიტორიისთვის არის გათვლილი.
სწორედ იგივე სახის ვიდეოებს ავრცელებენ YouTube-ზე რუსულენოვანი ანგარიშები, რომლებსაც პროფილის სურათად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სურათები უყენიათ და თავს საერთაშორისო ურთიერთობების რეალურ ანალიტიკოსებად წარმოაჩენენ. წარსულში, ვაიდელი ვიდეოების შემთხვევაში პირველწყაროები იყვნენ ანგარიშები Александр Новак და АНАЛИТИК_АЛЕКСАНДРНОВАК. იდენტურად გამოიყურება მოცემულ სტატიაში განხილული ვიდეოს პირველწყარო - Савелий Акрапович.
მადიარის ვიდეოს პირველწყარო
ალის ვაიდელის ყალბი განცხადებების პირველწყაროები
როგორც ფოტოანაბეჭდებიდან ჩანს, რუსულ სოციალურ მედია პლატფორმებზე გავრცელებული ვიდეოების მსგავსად, YouTube-ზე ატვირთული ვიდეოებიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი შესავალი სურათებით და სკანდალურ სათაურებით ხასიათდება. ზოგადად, თუ მასალაში პიროვნების გამომეტყველების შესაცვლელად გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი და თან ერთვის სკანდალური, თითქმის დაჯერებელი სათაური, ის თავიდანვე საეჭვოა.
რაც მთავარია, ყალბი ამბის გავრცელებისთვის გამოყენებულია ცრუ თარგმანი - დეზინფორმატორები ვიდეოებს რუსულ ენაზე ისეთ თარგმანს ადებენ, რაც რეალურად არ გაჟღერებულა.
როგორ გავრცელდა რუსეთიდან საქართველოში?
მსგავსი ვიდეოების სკანდალური შინაარსიდან გამომდინარე, ისინი ხშირად სხვა პლატფორმებზეც ვრცელდება. მაგალითად, მადიარის ყალბი ვიდეო შემდგომ რუსულენოვანმა ანგარიშებმა TikTok-ზე გაავრცელეს (1, 2, 3). სწორედ ტიკტოკიდან ჩამოტვირთული ვიდეოები გავრცელდა ქართულს საინფორმაციო სივრცეში.
რუსულენოვანი ტიკტოკ-ანგარიშის და ქართული Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ვიდეო
საქართველოში მსგავსი შინაარსის ვიდეოებს პრორუსული განწყობის მქონე გვერდები და ანგარიშები ავრცელებენ, რომლებიც ან დადასტურების მიკერძოების (Confirmation Bias) გამო ვიდეოების ავთენტურობას არ ამოწმებენ, რადგან შინაარსი მათ მსოფლმხედველობას ეხება, ან მაყურებლები განზრახ შეჰყავთ შეცდომაში.
როგორ დასტურდება, რომ ვიდეო ყალბია?
კადრები არა 2026 წლით, როგორც მტკიცებაში არის აღნიშნული, არამედ 2024 წლის ოქტომბრით თარიღდება. მაშინ პეტერ მადიარი ევროპარლამენტის წევრი იყო და არა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
მარცხნივ - კადრები ევროპარლამენტის 2024 წლის სესიიდან; მარჯვნივ - 2026 წელს გავრცელებული ვიდეო ყალბი თარგმანით
რეალურად, ორიგინალ ვიდეოში პეტერ მადიარი უნგრეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს აკრიტიკებს - "პრემიერ-მინისტრო, 14 წელია თქვენ შეუზღუდავი მანდატით მართავთ ჩვენს ქვეყანას. გქონდათ ყველა შესაძლებლობა, საუკუნეების განმავლობაში უნგრეთი ახდენილი ოცნებების მიწად გექციათ. ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ უნგრეთის თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის და იმისთვის, რომ უნგრეთი ევროპის ნაწილი ყოფილიყო. უნგრეთის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას და დღეს რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, ისინი იგივეს გააკეთებენ. პრემიერ-მინისტრო, ჩვენ ვართ ევროპული და დასავლური კლუბის წევრები, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ ნეიტრალიტეტზე ოცნებობთ, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური სისტემის შეცვლაზე გირჩევნიათ საუბარი", განაცხადა მადიარმა ევროპარლამენტში გამოსვლისას.