მელანია ტრამპის განცხადება ირანელ ბავშვებზე კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ მედიაში ვრცელდება მტკიცება (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6), თითქოს მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანელ ბავშვებს მათი მომავლისთვის ბომბავს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მტკიცება რუსულენოვან სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. სინამდვილეში მელანია ტრამპის ფრაზა კონტექსტის გარეშეა აღებული და დამახინჯებულია.
2026 წლის 6 აპრილს, ვაშინგტონში გამართულ ტრადიციულ სააღდგომო ღონისძიებაზე ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას და ბავშვების მდგომარეობას, მელანია ტრამპმა უპასუხა, რომ “ყველაფერი ეს ხდება იმისთვის, რომ მათი [ირანელი ბავშვების] მომავალი იყოს უფრო უსაფრთხო შემდგომ წლებში.” („All of this is happening for their future so they will be safe in years to come.“)
მელანია ტრამპის მიერ ჟურნალისტებისთვის ნათქვამი ფრაზა არ შეიცავს არც „ბავშვების დაბომბვას“ და არც რაიმე მსგავს პირდაპირ აღიარებას. იგი წარმოადგენს კლასიკურ პოლიტიკურ ფორმულირებას, რომელიც აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს ირანთან მიმართებაში ამართლებს გრძელვადიანი უსაფრთხოების არგუმენტით, რომ მიმდინარე სამხედრო ქმედებები საბოლოოდ ირანის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს.
შესაბამისად, გავრცელებული მტკიცება, თითქოს მელანია ტრამპმა თქვა, რომ აშშ ბომბავს ირანელ ბავშვებს მათი მომავლისთვის, არ შეესაბამება სინამდვილეს, კონტექსტიდან არის ამოღებული და მელანია ტრამპის განცხადების რეალურ შინაარსს ამახინჯებს.