„ჯეოფაქტსის“ მუშაობის პრინციპი ეფუძნება ფაქტების გადამმოწმებელთა საერთაშორისო ქსელისა (International Fact Checking Network – IFCN) და ევროპის ფაქტების გადამოწმების სტანდარების ქსელის (European Fact-Checking Standards Network – EFCSN) მიერ შექმნილ პრინციპებსა და სტანდარტებს.
„ჯეოფაქტსის“ მიზნებია:
- საზოგადოებას მიაწოდოს გადამოწმებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია.
- მასალის მომზადების პროცესისა და მეთოდოლოგიის იმგვარი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რომ მკითხველს თავადაც შეეძლოს მასალაში მოყვანილი ყველა წყაროს შემოწმება და მის ნამდვილობაში დარწმუნება.
- საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების ხელშეწყობა.
“ჯეოფაქტსი” მხოლოდ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მედიისა და ფაქტების გადამოწმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადვოკატირებს.
როგორ მუშაობს „ჯეოფაქტსი“
გადასამოწმებელი მტკიცების მოძიება
„ჯეოფაქტსი“ ამოწმებს ფაქტებს, შესაბამისად მტკიცება, რომელსაც „ჯეოფაქტსის“ ანალიტიკოსები იკვლევენ, უნდა იყოს გადამოწმებადი და მოსაზრებისგან გამიჯნული (თუმცა, ამოწმებს მოსაზრებაში მოცემული ფაქტებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში). „ჯეოფაქტსი“ ამოწმებს როგორც პოლიტიკოსების გაკეთებულ განცხადებებს, ასევე – სოციალურ ქსელებში თუ მედიაში გავრცელებულ სხვა ფაქტობრივ მტკიცებებს, რომლებიც საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხს ეხება.
როგორ ვპოულობთ გადასამოწმებელ ფაქტებს?
გადასამოწმებელი ფაქტების მოძიებისთვის „ჯეოფაქტსის“ ანალიტიკოსები ქვეყანაში მიმდინარე ყოველდღიურ მოვლენებს ეცნობიან, ამონიტორინგებენ პარლამენტისა და მთავრობის სხდომებს, პოლიტიკოსთა გამოსვლებს, პოლიტიკოსებისა თუ საჯარო პირების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ მასალებს, საარჩევნოდ მომზადებულ პარტიულ რეკლამებს, პარტიების საარჩევნო პროგრამებს, სხვ.
„ჯეოფაქტსი“ ასევე სწავლობს სოციალურ ქსელში გავრცელებულ მტკიცებებს, რომლებიც არა პოლიტიკოსის, არამედ სხვა ანგარიშების მიერ საჯაროდ ქვეყნდება. ამ შემთხვევაშიც, „ჯეოფაქტსი“ ისეთ მტკიცებებს ამოწმებს, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხს ეხება და რომლებმაც შესაძლოა მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანოს. ამ მიზნით, „ჯეოფაქტსის“ ანალიტიკოსები ამონიტორინგებენ Meta-ს პლატფორმებს, Facebook-სა და Instagram-ს, ასევე TikTok-ს, Telegram-სა და YouTube-ს.
გარდა შიდა მონიტორინგის სისტემისა, „ჯეოფაქტსი“ მკითხველს მისთვის საინტერესო ფაქტის გადამოწმების სერვისს სთავაზობს. მკითხველს შეუძლია გადასამოწმებელი განცხადება გამოგვიგზავნოს, როგორც ელ.ფოსტის საშუალებით, ასევე ვებგვერდზე არსებული ღილაკით „გადაგვამოწმებინე ფაქტი“. მკითხველს ასევე შეუძლია მოგვწეროს „ჯეოფაქტსის“ Facebook-გვერდზე.
როგორ ვარჩევთ გადასამოწმებელ მტკიცებას
გადასამოწმებელი მტკიცების შერჩევისას „ჯეოფაქტსი“ რამდენიმე კრიტერიუმს ერთობლივად ითვალისწინებს. მთავარი კრიტერიუმია:
- მტკიცების გადამოწმებადობა – პოლიტიკოსის განცხადება, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, ფოტო, ტექსტი, რომლის გადამოწმებასაც „ჯეოფაქტსი“ გადაწყვეტს, უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებით გადამოწმებადი. „ჯეოფაქტსი“ არ ამოწმებს მოსაზრებებს (თუმცა, ამოწმებს მოსაზრებაში მოცემულ ფაქტებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში), იდეოლოგიურ შეხედულებებს, უმეტეს შემთხვევაში არ ამოწმებს სამომავლო პროგნოზებს (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამომავლო პროგნოზი აბსურდულია და არგუმენტირებულად დასურტურდება მისი რეალიზების შეუძლებლობა) და ა.შ.
- საზოგადოებრივი ინტერესი და მტკიცების გავრცელებადობა – შეუძლებელია საინფორმაციო სივრცეში გავრცელებული ყველა მტკიცების გადამოწმება. აქედან გამომდინარე, თემის შერჩევისას „ჯეოფაქტსი“ ითვალისწინებს საზოგადოებრივ ინტერესსაც – რამდენად საინტერესოა საზოგადოებისთვის აღნიშნული საკითხი? სწორედ ამ კრიტერიუმის შესაბამისად, ხშირად ნახავთ „ჯეოფაქტსის“ ვებგვერდზე სტატიებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: დასაქმება, უმუშევრობა, ჯანდაცვის პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, სხვ. სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცების გადამოწმებისას, საკითხის მნიშვნელობასთან ერთად, „ჯეოფაქტსი“ მხედველობაში იღებს პოსტის გავრცელების არსებულ ან შესაძლო მასშტაბს.
საზოგადოებაზე გავლენა – „ჯეოფაქტსი“ განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ისეთი შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გადამოწმებას, რომელსაც შეუძლია: ა) საფრთხე შეუქმნას ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს; ბ) საფრთხე შეუქმნას დემოკრატიულ პროცესებს, განსაკუთრებით, თუ ის აზიანებს არჩევნების სანდოობას; გ) დააზიანოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. კრიზისულ სიტუაციებში მცდარ ინფორმაციას კიდევ უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია. ამდენად, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიის/პანდემიის, პოლიტიკური კრიზისის, მასშტაბური საპროტესტო აქციების, და სხვა მსგავსი მნიშვნელობის სიტუაციებზე გავრცელებულ ინფორმაციას „ჯეოფაქტსი“ პრიორიტეტულად ამოწმებს.
„ჯეოფაქტსი“ მნიშვნელობას არ ანიჭებს იმას, თუ ვინ გაავრცელა კონკრეტული მტკიცება. „ჯეოფაქტსისთვის“ მნიშვნელოვანია თავად მტკიცების შინაარსი და ის, თუ რამდენად საინტერესოა საკითხი საზოგადოებისთვის. მიუხედავად ამისა, განცხადებებს/მტკიცებებს, რომელთაც მაღალი თანამდებობის პირები, მაგალითად, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის სპიკერი აკეთებენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, ვინაიდან მათ განცხადებებსა და დაპირებებს პირდაპირი გავლენა აქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ასევე, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, „ჯეოფაქტსი“ ცდილობს, ბალანსის უზრუნველყოფის მიზნით, თანაბრად დაფაროს დისკუსიაში მონაწილე მხარეების მიერ გაჟღერებული მტკიცებები.
გადასამოწმებელი მტკიცების შერჩევის შემდეგ „ჯეოფაქტსის“ რედაქტორი („ჯეოფაქტს“ ჰყავს მთავარი რედაქტორი, რომლის დავალებითაც უფროსი ანალიტიკოსები ასრულებენ მორიგე რედაქტორის ფუნქციას) და ანალიტიკოსი განსაზღვრავენ ზუსტად რა ექვემდებარება გადამოწმებას მოცემულ მტკიცებაში და მასალის მომზადება მხოლოდ მას შემდეგ იწყება, რაც გადასამოწმებელი მტკიცებები დაზუსტებულია. ზოგიერთი განცხადება, შეიძლება, რამდენიმე მტკიცებას შეიცავდეს. ასეთ შემთხვევაში, მტკიცებების მნიშვნელობიდან და მათი ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე „ჯეოფაქტსის“ რედაქტორი წყვეტს, გამოეხმაუროს მათ ერთიანი სტატიით თუ მიუძღვნას თითოეულ მტკიცებას ცალკე სტატია. ამასთან, ხშირად, ერთიდაიგივე შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია სხვადასხვა წყაროს მიერ კოორდინირებულად ან კოორდინაციის გარეშე ვრცელდება. ასეთ შემთხვევებშიც, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რედაქტორი წყვეტს მათ ცალკეული სტატიებით გამოეხმაუროს თუ მიუძღვნას ერთიანი სტატია.
ფაქტის გადამოწმება – სტატიის მომზადება
მას შემდეგ, რაც „ჯეოფაქტსის“ ანალიტიკოსი და რედაქტორი განსაზღვრავენ კონკრეტულ გადამოწმებად მტკიცებას იწყება ფაქტის გადამოწმების (Fact-Checking) პროცესი.
მტკიცების დაზუსტება
იმ შემთხვევაში, თუ გაუგებარია მტკიცება ან მისი ნაწილი და შეუძლებელია ზუსტი ციტატის დადგენა სხვა წყაროების გამოყენებით (მაგალითად – იმავე ბრიფინგზე პოლიტიკოსმა კონკრეტული ფრაზა, შეიძლება გაიმეოროს, ან აღნიშნულ საკითხს მიუძღვნას პოსტიც სოციალურ ქსელში და ამგვარად ანალიტიკოსმა დამოუკიდებლად მოახერხოს მტკიცების შემცველი ციტატის დაზუსტება), „ჯეოფაქტსის“ ანალიტიკოსი უკავშირდება მტკიცების გამავრცელებელს და აზუსტებს ციტატას.
მიუხედავად ამისა, ხშირად, განსაკუთრებით პოლიტიკოსები და საჯარო პირები, ასეთ დროს საკუთარი შეცდომის გასწორებასა და დაზუსტების ნაცვლად მტკიცების შელამაზებას ცდილობენ. ასეთ დროს, „ჯეოფაქტსი“ ინდივიდუალურად განიხილავს თითოეულ შემთხვევას და, ძირითადად, უპირატესობას განცხადების/მტკიცების იმ ფორმას ანიჭებს, რომელიც საჯაროდ გავრცელდა. სწორედ საჯაროდ გავრცელებულმა მტკიცებამ შეიძლება შეიყვანოს მოქალაქე შეცდომაში, ხოლო „ჯეოფაქტსის“ ანალიტიკოსთან პირად საუბარში დაზუსტებული მტკიცება ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ასეთ შემთხვევაში, „ჯეოფაქტსი“ ვერდიქტით აფასებს თავდაპირველ მტკიცებას, თუმცა მტკიცების ავტორის განმარტებას სტატიას თან ურთავს.
გადამოწმების პროცესი
ფაქტის გადამოწმებისთვის „ჯეოფაქტსის“ ანალიტიკოსი იყენებს ყველა სანდო ინფორმაციას, რომელიც სხვადასხვა ფორმით არის ხელმისაწვდომი და მტკიცების სიზუსტის დასადგენადაა საჭირო. ასეთი ინფორმაციები შეიძლება სხვადასხვა სახით იყოს მოძიებადი, როგორც საძიებო სისტემის გამოყენებით, ასევე უფრო დეტალიზებული ძებნით კონკრეტულ ავტოტირეტეტულ წყაროებზე. ასეთებია, მაგალითად, სახელმწიფო უწყებების ვებგვერდები, სადაც ანალიტიკოსს კონკრეტული ზუსტი მაჩვენებლებისა და სტატისტიკური ინფორმაციის მოძიება, თუ საკანონმდებლო ჩანაწერების დაზუსტება შეუძლია. გადამოწმების პროცესში ანალიტიკოსი მტკიცების ირგვლივ არსებულ პირველად წყაროებს ეცნობა, ამოწმებს ინფორმაციის წარმომავლობას, საჭიროების შემთხვევაში იკვლევს ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალებს და ამოწმებს მათ ნამდვილობას.
ფაქტის გადამოწმებისას „ჯეოფაქტსი“ ეყრდნობა სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის ანგარიშებსაც კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, ეცნობა სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებს და, საჭიროების შემთხვევაში, „ჯეოფაქტსის“ ანალიტიკოსი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოითხოვს ინფორმაციას საჯარო უწყებებიდანაც.
ზოგიერთ შემთხვევაში, მტკიცების გადამოწმებისას საჭიროა ექსპერტთან კონსულტაცია/ინტერვიუ. პირველ რიგში, „ჯეოფაქტსი“ ექსპერტულ ცოდნას დაეკითხება ნეიტრალურ და საკითხთან პროფესიული ნიშნით დაკავშირებულ ექსპერტს, რომელიც სტატიაში ვერდიქტის შეფასებისას არგუმენტად იქნება გამოყენებული. ამავდროულად, თუ ესპერტები რაიმე სახით ხელისუფლებასთან ან ოპოზიციასთან არიან აფილირებულნი და სტატიაში მათი აზრი მოცემულია საკითხის შინაარსის უკეთ გასაგებად, ასეთ შემთხვევაში მათი ციტირების დროს აუცილებლად არის მითითებული მათი აფილაცია კონკრეტულ საკითხთან პროფესიული ნიშნით თუ მათი კავშირი კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებასთან.
სტატიის მომზადება
ინფორმაციის შეგროვების შემდეგ, „ჯეოფაქტსის“ ანალიტიკოსს საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია უგროვდება. მიუხედავად ამისა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, „ჯეოფაქტსის“ ანალიტიკოსი ცდილობს არსებული ინფორმაცია 800-სიტყვიან სტატიაში ჩაატიოს და მკითხველისთვის მარტივად გასაგები გახადოს. სტატიის მომზადების პროცესში, სტატიაში მოცემული ინფორმაცია და ფაქტები რამდენჯერმე უნდა იყოს გადამოწმებული, როგორც ანალიტიკოსის, ასე რედაქტორის მხრიდან.
„ჯეოფაქტსის“ მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი წყაროების გამჭვირვალობა და მიკვლევადობაა. სტატიაში გამოყენებული ყველა მონაცემი, ფაქტი და მტკიცებულება წარმოდგენილი იქნება შესაბამისი ბმულით. მკითხველს, ჩვენგან დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს სტატიაში მოყვანილი თითოეული ფაქტის დამადასტურებელი წყაროს გადამოწმება და იმავე ინფორმაციის შეგროვება, რომელიც სტატიაზე მუშაობისას ანალიტიკოსმა მოიძია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ წყაროები, რომელთაც ანალიტიკოსები იყენებენ, შესაძლებლობის ფარგლებში, პირველადი წყაროები იყოს. უმეტეს შემთხვევაში „ჯეოფაქტსი“ სტატიაში მინიმუმ ორ წყაროს მოიყვანს ფაქტის გადამოწმებისთვის. სასურველია, რომ აღნიშნული წყაროები იყოს პირველადი, თუმცა ასეთის არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მეორეული წყაროების გამოყენებაც. ამასთან, ჩვენი ანალიტიკოსები სტატიების მომზადებისას არ იყენებენ ანონიმურ წყაროებს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც წყაროს ვინაობის გასაჯაროებამ შესაძლოა გააჩინოს უსაფრთხოების რისკები. ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გამოყენების ამგვარ საგამონაკლისო შემთხვევებში, „ჯეოფაქტსი“ ამ ინფორმაციას ამოწმებს იდენტიფიცირებადი წყაროებით ან სხვა მტკიცებულებებით.
„ჯეოფაქტსის“ ფაქტების გადამოწმების სტატიებში მტკიცებულებები და ფაქტებია წარმოდგენილი. ანალიტიკოსები ერიდებიან შეფასებითი ტექსტების ან იმგვარი ჩანაწერების გამოყენებას, რაც შესაძლოა იდეოლოგიურ შეფასებად ან მოსაზრებად იქნას ინტერპრეტირებული.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებისას, „ჯეოფაქტსი“ სტატიაში გავრცელებული ამბის ფოტოანაბეჭდს ათავსებს, თუმცა, მასზე ფარავს გამავრცელებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი, ფოტო) თუკი მომხმარებელი უნებლიედ ავრცელებს არასწორ ამბავს და არ არის მცდარი ინფორმაციის განმეორებითად გამავრცელებელი (აღნიშნული ეხება მხოლოდ პირად ანგარიშებს, რომლებიც საჯარო ფიგურას არ ეკუთვნის). აღნიშნულით „ჯეოფაქტსი“ ცდილობს, რომ უნებლიედ გამავრცელებლები დაიცვას ზედმეტი საჯაროობისა და შესაძლო ონლაინ შევიწროებისგან. (იხ. მაგალითი)
მსგავსად, დაფარული იქნება სტატიაში გამოყენებული ნებისმიერი ფოტო/ვიდეო მასალა, რომელზეც არასრულწლოვანია გამოსახული, რომელიც საჯარო პირი არ არის. შესაძლოა ნაწილობრივ დაიფაროს არასრულწლოვანის სახე იმ შემთხვევაში, თუკი გადამოწმებისთვის სხვა შესაძლებლობა ამოწურულია. მსგავსად, „ჯეოფაქტსი“ არ გახდის არასრულწლოვნის ვინაობას საჯაროს, თუკი ის საჯარო პირი არ არის ან გადამოწმების სხვა საშუალებები ამოწურული არ არის.
„ჯეოფაქტსის“ ანალიტიკოსები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან პერსონალური ინფორმაციის დაცვას. „ჯეოფაქტსი“ დაფარავს ყველა იმ მონაცემებს, რამაც პირის შევიწროება შეიძლება გაადვილოს, მაგალითად, ტელეფონის ნომერი, იმეილი, მისამართი. ასევე, „ჯეოფაქტსის“ სტატიებში სრულად ან ნაწილობრივ დაფარული იქნება სხვა პერსონალური მონაცემები, მაგ. პირადი ნომერი. ცალკეულ შემთხვევებში სარედაქციო საბჭო იმსჯელებს გამონაკლისის დაშვებაზე და ამგვარ შემთხვევებში დაეყრდნობა საერთაშორისო პროფესიულ სტანდარტებს.
ამასთან, სტატიის მომზადების შემდეგ, „ჯეოფაქტსმა“ შესაძლოა მასალის ადაპტირება მოახდინოს სხვადასხვა სოციალური ქსელებისთვის ციფრულ მასალად, მოკლე ვიდეოებად ან გრძელ ამხსნელ ვიდეოებად. საკითხზე მომუშავე ანალიტიკოსი ჩართულია მოცემული მასალის ადაპტირების პროცესშიც, რათა არ დაიკარგოს სტატიის შინაარსი, მთავარი მიგნებები და მასში მოცემული მტკიცებულებები.
„ფაქტების გადამოწმების სამუშაო წესები“, რომლითაც „ჯეოფაქტსის“ ანალიტიკოსები სტატიის მომზადებისას ხელმძღვანელობენ, დეტალურად იხილეთ ბმულზე.
სტატიის ვერდიქტით შეფასება
სტატიის მომზადების ბოლო ეტაპია ვერდიქტით შეფასება. თითოეული სტატიის შემთხვევაში ვერდიქტი ინდივიდუალურად შეირჩევა, კონკრეტული კრიტერიუმების გათვალისწინებით.
„ჯეოფაქტსისთვის“ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მტკიცებაში მოცემული ფაქტისა თუ სტატისტიკის ნომინალური სიზუსტე, არამედ კონტექსტიც, რომელშიც ეს მტკიცება იქნა გაჟღერებული. ზოგიერთ შემთხვევაში ფაქტი თითქოს ზუსტადაა დასახელებული, მაგრამ ის არაზუსტ შთაბეჭდილებას ქმნის, დამატებითი ინფორმაციის მითითების გარეშე. ამასთან, ზოგჯერ, განცხადების/მტკიცების ავტორმა სწორი ფაქტების მიწოდების მიუხედავად, კონკრეტული დეტალის გამოტოვებით, შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს აუდიტორია. ზოგიერთ შემთხვევაში კი, განსაკუთრებით სტატისტიკური მონაცემების მიმოხილვისას, შესაძლოა მტკიცების ავტორმა მხოლოდ იმ მონაცემებზე ისაუბროს, რომელიც მისთვის ხელსაყრელია, ხოლო სხვა რელევანტური, მაგრამ მისთვის არახელსაყრელი მაჩვენებლები გამოტოვოს. განსაკუთრებით ხშირია ამგვარი შემთხვევები სხვადასხვა საერთაშორისო ანგარიშის მიმოხილვისას, როცა ერთი მხარე ამ ანგარიშიდან მხოლოდ დადებით მაჩვენებლებზე საუბრობს, ხოლო მეორე – მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებზე.
ხშირად, განსაკუთრებით პოლიტიკოსები, სხვადასხვა საკითხზე საუბრისას, მნიშვნელობის გაზვიადების თუ სხვა მიზნით, იყენებენ ჰიპერბოლას, ისეთ ფრაზებს, როგორიცაა – უპრეცედენტო, რეკორდული, ანტირეკორდი და ა.შ. ამგვარი მტკიცებებიც, ხშირად, გადაჭარბებულია, რასაც შესაბამისი გავლენა აქვს მტკიცების ვერდიქტით შეფასებზე;
ზოგიერთ შემთხვევაში მტკიცების/განცხადების ავტორი უშვებს უნებლიე შეცდომას და არ ისახავენ მიზნად საზოგადოების მოტყუებას. ეს თვალსაჩინო ხდება მტკიცების გადამოწმების პროცესში ან შესაძლოა თავად მტკიცების ავტორმა გააკეთოს დამატებითი განმარტება. მიუხედავად ამისა, ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მაინც უნდა გადამოწმდეს, მოქალაქეთათვის სწორი, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით. ამგვარ შემთხვევებში სარედაქციო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას გაითვალისწინოს თუ არა ვერდიქტით შეფასებისას მტკიცების/განცხადების ავტორის განმარტება. საბჭოს გადაწყვეტილება სტატიაში მკაფიოდ იქნება განმარტებული.
ზოგიერთ შემთხვევაში, „ჯეოფაქტსი“, საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხზე, ფაქტებზე დაფუძნებულ საგაზეთო სტატიას ამზადებს, რომელშიც ვერდიქტით საერთოდ არ აფასებს სხვადასხვა მტკიცებას და მკითხველს, მისთვის საინტერესო თემაზე, დეტალურ ინფორმაციას ვერდიქტის გარეშე აწვდის.
„ჯეოფაქტსი“ სტატიის შეფასებისას იყენებს შემდეგ ვერდიქტებს:
სიმართლე – მტკიცება არის ზუსტი და მას მნიშვნელოვანი არაფერი აკლია;
მეტწილად სიმართლე – მტკიცება არის ზუსტი, თუმცა საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან განმარტებას;
ნახევრად სიმართლე – მტკიცება ნაწილობრივ ზუსტია, თუმცა მნიშნველოვანი დეტალები გამოტოვებულია ან საკითხი კონტექსტის გარეშეა მოცემული;
მეტწილად მცდარი – მტკიცებაში არის სიმართლის ელემენტი, თუმცა აკლია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც განსხვავებულ შთაბეჭდილებას შექმნიდა;
მცდარი – მტკიცება არაზუსტია
ტყუილი – მტკიცება არაზუსტი და აბსურდულია
კონტექსტის გარეშე – მტკიცებაში მოყვანილი ფაქტები მეტნაკლებად ზუსტია, თუმცა კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული;
რედაქტირებული – ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალა განზრახ არის დამონტაჟებული ან სახეცვლილი, რასაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. ეს ასევე მოიცავს მედიას, რომელიც შექმნილია ან სახეცვლილია ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით.
ვერდიქტის გარეშე – მტკიცების ვერდიქტით შეფასება შეუძლებელია;
სატირა – მტკიცება, რომელშიც მოცემულია გაზვიადებული ფაქტი, ირონია, სატირა, სარკაზმი, რაც შესაძლოა ჩვეულებრივმა მკითხველმა სატირად ვერ აღიქვას. მსგავსი მტკიცებები შესაძლოა იყოს წყაროებიდან, რომლებიც არ არის ფართოდ ცნობილი როგორც სატირული, ან მკაფიოდ არ აქვთ მითითებული პოსტების სატირული შინაარსი.
საგაზეთო სტატია – მტკიცების გადამოწმების გარეშე, კონკრეტულ საკითხზე მომზადებული უვერდიქტო სტატია.
პოზიციის ცვლილების შეფასება
ზოგიერთ შემთხვევაში, საჯარო პირები, რომელთაც გავლენა აქვთ საზოგადოებრივ აზრსა და შეხედულებებზე პოზიციას იცვლიან. ისეთ დროს, როდესაც პოლიტიკოსსა თუ სხვა საჯარო პირს, პოზიციის ცვლელებაში ადანაშაულებენ, ან ამგვარ პოზიციის ცვლილებას მედიები ამჩნევენ, ასევე ისეთ შემთხვევაში, როდესაც პოზიციის ცვლილების გადამოწმების თხოვნით „ჯეოფაქტსის“ მკითხველმა მოგვმართა, „ჯეოფაქტსი“ ამოწმებს პოზიციის ცვლილებასაც.
მნიშნვლეოვანია აღვნიშნოთ, რომ პოზიციის ცვლილების შემოწმებისას, „ჯეოფაქტსი“ არ ახდენს პოზიციის ცვლილების მორალურ შეფასებას ან განსჯას. საზოგადოების ნაწილისთვის პოზიციის ცვლილება კომპრომისისა და პრაგმატულობის მაჩვენებელია, სხვა ნაწილისთვის კი უცვლელი პოზიციაა მყარი ღირებულებებისა და პრინციპების ქონის ნიშანი.
როგორც ფაქტების გადამოწმების პროგრამის დანარჩენი ნაწილისთვის, ასევე პოზიციის ცვლილების გადამოწმების ფარგლებშიც, „ჯეოფაქტსის“ მიზანი ინფორმირებული არჩევანის გაკეთებისა და საზოგადოებისათვის ფაქტებზე დაფუძნებული ზუსტი ინფორმაციის მიწოდების ხელშეწყობაა.
პოზიციის ცვლილების გადამოწმების ფარგლებში მომზადებულ მასალაში, მტკიცების შეფასებისას „ჯეოფაქტსი“ იყენებს შემდეგ ვერდიქტებს:
პოზიცია შეიცვალა – პოზიციის სრული შებრუნება;
პოზიცია არ შეუცვლია – პოზიცია და მისი გაჟღერების ტონი არსებითად უცვლელია;
პოზიცია ნაწილობრივ შეიცვალა – პოზიციის გაჟღერების ტონი, ან თვითონ პოზიცია შეიცვალა ნაწილობრივ, ან გახდა არათანმიმდევრული, გამკაცრდა/შერბილდა გაჟღერების ტონი.
დაპირებების გადამოწმება
„ჯეოფაქტსის“ მხრიდან ფაქტების გადამოწმების ფარგლებში შესაძლოა გადამოწმდეს განცხადებები დაპირებების შესახებ. როგორც წესი, განცხადებები რომლებიც მომავალს მიემართება, გადამოწმებას არ ექვემდებარება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. დაპირებების გადამოწმებისას კი „ჯეოფაქტსს“ აქვს შესაძლებლობა მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია კონკრეტული პოლიტიკოსის მხრიდან ადრე, მაგალითად – ბოლო საარჩევნო ციკლში გაცემული დაპირების შესრულების პროცესის შესახებ.
ზოგიერთ შემთხვევში, შესაძლოა, თავად დაპირების შინაარსი, სხვადასხვა იდეოლოგიისა თუ თეორიის გადმოსახედიდან საკამათო იყოს და საკითხი – რამდენად საჭიროა იმის განხორციელება, რასაც პოლიტიკოსი გვპირდება, არ ექვემდებარებოდეს ფაქტის კრიტერიუმად შეფასებას. „ჯეოფაქტსი“ დაპირების შესრულების ფაქტობრივი ნაწილის დადგენით (კერძოდ – შესრულდა თუ არა დაპირება) შემოიფარგლება და არ შედის იდეოლოგიური დისკუსიის ნაწილში. ფაქტების გადამოწმების პროგრამის ეს მიმართულება გამომდინარეობს იმ მიზნიდან, რომ მოქალაქეს ჰქონდეს მეტი ინფორმაცია ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად.
დაპირებების გადამოწმებისას „ჯეოფაქტსი“ იყენებს შემდეგ ვერდიქტებს:
არ შესრულდა – როდესაც დაპირება საერთოდ არ შესრულდა, შეწყდა შესრულების პროცესში, არ დაწყებულა მისი შესრულება ან გადაიდგა უმნიშვნელო ნაბიჯები, ან შესრულდა ისეთი მნიშვნელოვანი ხარვეზებით, რომ გამოირიცხა დაპირებული მიზნის მიღწევა;
ნაწილობრივ შესრულდა – დაპირება, რომლის ნაწილიც შესრულდა, ან შესრულდა დაგვიანებით, ან მისი ნაწილი დათქმულ ვადაში შესრულდა, ხოლო პროცესი ისევ გრძელდება;
შესრულდა – დაპირება შესრულდა და პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზები ან დაგვიანება არ გამოვლენილა
პროცესშია – დაპირება შესრულების პროცესშია და მისი გაცემისას განსაზღვრული ვადა ჯერ არ ამოწურულა / მის ამოწურვამდე გონივრული ვადაა დარჩენილი.
სტატიის საბოლოო ვერსიის მომზადება
მას შემდეგ, რაც სტატია საბოლოო ფორმას მიიღებს და ანალიტიკოსი ჩათვლის, რომ მტკიცება, რომელიც სტატიაშია გადამოწმებული, მკაფიოდაა ფორმულირებული, ახსნილია ყველა დეტალი, გადამოწმებული და მითითებულია წყაროები და განმარტებულია არგუმენტები, რომელზე დაყრდნობითაც მტკიცება კონკრეტული ვერდიქტით შეფასდა, სტატიის შემოწმებას რედაქტორი იწყებს. რედაქტირებისას მან შეიძლება გასცეს როგორც შინაარსობრივი შენიშვნები, ასევე სტილისტური და ამ პროცესში სტატია, შეიძლება, რამდენჯერმე დაუბრუნოს ანალიტიკოსს. სტატიის საბოლოო ვერსია და ვერდიქტი თანხმდება რედაქტორსა და ანალიტიკოსს შორის. როდესაც ანალიტიკოსი და რედაქტორი ვერ ახერხებენ შეთანხმებას სტატიის ვერდიქტზე, გადაწყვეტილებას კენჭისყრის გზით სარედაქციო საბჭო იღებს.
სტატიის გამოქვეყნება
მას შემდეგ, რაც სტატია რედაქტორის ან სარედაქციო საბჭოს მიერ გამოსაქვეყნებლად დადასტურდება, სტატია თავსდება ვებგვერდზე. ამისათვის სტატია ტექნიკურ რედაქტირებას გადის მართლწერისა და გრამატიკის სხვა საკითხებში, ასევე – ზოგიერთ შემთხვევაში მკითხველისათვის ენის გამარტივების მიზნით. ტექნიკური რედაქტირებისას ტექნიკურ რედაქტორს, შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, ასევე აქვს უფლება, სტატია კიდევ ერთხელ დააბრუნოს რედაქტირების ეტაპზე. სტატია გამოქვეყნების შემდეგ შემდეგ შეიძლება შესწორდეს „ჯეოფაქტსში“ მოქმედი შესწორების პოლიტიკის ფარგლებში (იხილეთ ქვემოთ). სტატია გამოქვეყნების შემდეგ, სტატიის ავტორისა და რედაქტორის ჩართულობით ადაპტირდება სხვადასხვა მასალისთვის, შესაბამისი სტანდარტების დაცვით.
შესწორების პოლიტიკა
შეცდომები ხდება და მას „ჯეოფაქტსიც“ უშვებს. თუმცა, „ჯეოფაქტსისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ შეცდომა გასწორდეს სწრაფად და რაც მთავარია, გამჭვირვალედ.
დაინტერესებულ პირს შესწორების/საჩივრის დასაბუთებული მოსაზრების გამოგზავნა შეუძლია როგორც ელფოსტაზე [email protected], ასევე ჩვენს Facebook-გვერდზე. სტატიის შესწორების თხოვნით შემოსულ დასაბუთებულ მოსაზრებას, სტატიის ავტორთან ერთად, განიხილავს სარედაქციო საბჭო. სარედაქციო საბჭო ასევე უფლებამოსილია, თუ საბჭო ამგვარ საჭიროებას ხედავს, სტატიის განხილვაზე მოიწვიოს შესწორების წერილის ავტორიც.
სარედაქციო საბჭო შედგება სამი პირისგან. სარედაქციო საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება 2 ხმით. თუ დასაბუთებული მოსაზრების შედეგად საბჭომ სტატიაში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა და იმგვარი შესწორება შევიდა, რამაც ვერდიქტზე გავლენა იქონია, ვერდიქტი იცვლება.
შესწორების შემთხვევაში „ჯეოფაქტსი“ თვალსაჩინოდ უთითებს განხორციელებულ ცვლილებას და მოტივაციას – რა არგუმენტითა და ვისი თხოვნით/ვისთან კომუნიკაციის შედეგად გამოვლინდა კონკრეტული ცვლილების განხორციელების საჭიროება. აღნიშნული განმარტებული იქნება რედაქტორის შენიშვნის სახით. გარდა ამისა, სტატიის სათაურში მითითებული იქნება „შესწორებულია“. ამასთან, „ჯეოფაქტსი“ საკუთარ გვერდებზე სხვადასხვა პლატფორმაზე სტატიას ხელახლა აქვეყნებს და ცდილობს მიწვდეს იმ აუდიტორიას, რომელსაც ცვლილებამდელი ვარიანტით მიწვდა.
მკითხველის მითითების ან „ჯეოფაქტსის“ ანალიტიკოსის გადაწყვეტილებით, სტატიას შესაძლოა გამოქვეყნების შემდეგ დაემატოს ინფორმაცია, რომელიც ვერდიქტზე გავლენას არ ახდენს, თუმცა მკითხველს დამატებით ან განახლებულ ინფორმაციას აწვდის. მსგავსს შემთხვევებში, „ჯეოფაქტსი“ სტატიას განაახლებს და აღნიშნულ განახლებაზე რედაქტორის შენიშვნის სახით მკითხველს შეტანილ ცვლილებებზე ინფორმაციას მიაწვდის.
ბოლო განახლება – ივლისი, 2024
სარედაქციო კოდექსი ეყრდნობა ამერიკული Politifact-ის, ესპანური Maldita.es-ისა და ქართული FactCheck.ge-ის მეთოდოლოგიას.