Home » შესწორების პოლიტიკა

შესწორების პოლიტიკა

Meta- ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადებულ სტატიებზე ვერდიქტის შესწორებისა და გასაჩივრების  გზამკვლევი

2016 წელს, Meta-მ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტის გაუმჯობესების მიზნით, ფაქტების გადამმოწმებელ დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ფაქტების გადამოწმების პროგრამის განხორციელება დაიწყო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში „ჯეოფაქტსი“ Meta-ს ადგილობრივი პარტნიორი გახდა.

Meta- ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში ფაქტების გადამმოწმებლები ინფორმაციის სიზუსტეს ამოწმებენ Facebook-ზე, Instagram-სა და Threads-ზე. შესაძლო არასწორი ინფორმაციის შემცველი მასალის აღმოჩენის შემდეგ, პროგრამის მონაწილე ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები სადავო მასალას Facebook-ის შემდეგი ვერდიქტებით აფასებენ:

  1. ცრუ
  2. დარედაქტირებული
  3. ნაწილობრივ ცრუ
  4. კონტექსტის გარეშე
  5. სატირა
  6. სიმართლე

აღსანიშნავია, რომ „ჯეოფაქტსის“ (www.geofacts.ee) მიერ პირველი 4 ვერდიქტით (ცრუ, დარედაქტირებული, ნაწილობრივ ცრუ, კონტექსტის გარეშე) შეფასებული შინაარსის გამავრცელებელ გამომცემლებს (ინდივიდუალური მომხმარებელი, Meta-გვერდი) Meta გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, რაც, მათ შორის, ასეთი მასალის გავრცელების შეზღუდვას გულისხმობს. იმავე გამომცემლების მიერ იდენტური დარღვევის განმეორებითი გამოვლენის შემთხვევაში, Meta-მ შესაძლოა, მათ წინააღმდეგ დამატებით ზომებს მიმართოს: გავრცელების შემცირებას, რეკლამირებისა და მონეტიზაციის შესაძლებლობის შეზღუდვას და სხვა.

გაითვალისწინეთ, რომ „ჯეოფაქტსის“ მიერ მომზადებული სტატია და შესაბამისი ვერდიქტი შესაძლოა, Meta-მ გამოიყენოს სხვა მსგავსს ან იდენტურ Facebook-ის, Instagram-ისა და Threads-ის მასალებზე ვერდიქტის და შეზღუდვის ავტომატურად გასავრცელებლად. ამ შემთხვევაში, მასალაზე მითითებული იქნება შემდეგ წინადადება: „იგივე ინფორმაციამ სხვა პოსტიდან გაიარა ფაქტების შემმოწმებელი დამოუკიდებელი ექსპერტების შემოწმება.“  გაითვალისწინეთ, რომ ასეთ მასალაზე „ჯეოფაქტსს“ არ შეუძლია შესწორების ან გასაჩივრების მოთხოვნის განხილვა. აღნიშნულის შესახებ ვრცლად იხილეთ Meta-ს პოლიტიკა.

შესაძლებელია თუ არა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების ვერდიქტის გადახედვა?  

პოსტისთვის მინიჭებული ვერდიქტის გადახედვის ორი შესაძლებლობა არსებობს:

  • მასალის შესწორება:თუ ეთანხმებით ვერდიქტს, რომელიც თქვენს მიერ გაზიარებულ მასალას მიენიჭა, შეგიძლიათ დაშვებული უზუსტობა შეასწოროთ, რაც გულისხმობს დაშვებული შეცდომის შესახებ მკითხველის მკაფიოდ ინფორმირებას ცვლილებების იმავე ბმულზე შეტანის გზით, რომელზეც საწყისი სადავო მასალა გავრცელდა. შესწორების განხორციელების შესახებ „ჯეოფაქტსის“ ინფორმირების შემდეგ ჩვენ Meta-ს პლატფორმებზე თავდაპირველ ვერდიქტს მოვხსნით. შესწორების განხორციელების შესახებ დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ქვემოთ.
  • ვერდიქტის გასაჩივრება:თუ არ ეთანხმებით ვერდიქტს, შეგიძლიათ ის გაასაჩივროთ, რის შემდეგაც თქვენს არგუმენტებს განვიხილავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას ვერდიქტის მოხსნის ან ძალაში დატოვების შესახებ. გასაჩივრების განხორციელების შესახებ დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ქვემოთ.

შენიშვნა! არ წაშალოთ სადავო მასალა, იქნება ეს Facebook-პოსტი თუ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს მიმართ Meta- მიერ დაწესებული შეზღუდვები ძალაში დარჩება და ჩვენ ვერ შევძლებთ მინიჭებული ვერდიქტის შეცვლას, ვერც შესწორების და ვერც გასაჩივრების მოთხოვნის საფუძველზე. 

ვის შეუძლია მომართვა? 

დაინტერესებულ მხარეს – გამომცემელს (ინდივიდუალური მომხმარებელი, Facebook-გვერდი), ვინც უშუალოდ არის პასუხისმგებელი სადავო მასალის გავრცელებაზე, შეუძლია, მოგვმართოს და მისი მასალისთვის მინიჭებული ვერდიქტის შესწორება ან გასაჩივრება მოითხოვოს.

რა ვადებში შეიძლება შესწორების ან გასაჩივრების მიზნით მომართვა? 

დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, „ჯეოფაქტსის“ (www.geofacts.ee) რედაქციას Meta-ზე გამოქვეყნებული მასალისათვის ვერდიქტის მინიჭებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მომართოს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შემოსული საჩივრები არ განიხილება.

რა ვადებში მოხდება რეაგირება? 

საწყისი მასალის სრულყოფილად შესწორებისა და ამის შესახებ „ჯეოფაქტსის“ (www.geofacts.ee) ინფორმირების შემთხვევაში, დასაბუთებული პასუხის დაბრუნება 3 სამუშაო დღის განმავლობაში მოხდება, რა დროსაც „ჯეოფაქტსი“ ვერდიქტის გადახედვის ან ძალაში დატოვების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი გასაჩივრების ან შესწორების მომართვა მოიცავს შევიწროების, სიძულვილისა თუ სხვა ტიპის მუქარის ენას, „ჯეოფაქტსი“ იტოვებს უფლებას, არ დააბრუნოს პასუხი.

როგორ ხდება მასალის შესწორება?

თუ ჩვენს მიერ Meta-ს პლატფორმებზე მინიჭებულ ვერდიქტს ეთანხმებით და გამოქვეყნებული მასალის შესწორება გსურთ:

  • შეფასებული პოსტი არ წაშალოთ! პოსტის წაშლა მის შესწორებას და/ან Meta-ს მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნას შეუძლებელს გახდის.
  • შესწორება გამოქვეყნებული მასალის ტიპის მიხედვით უნდა მოხდეს:
  1. ფოტო/ვიდეო მასალის შესწორება.

– თუ მცდარი ინფორმაცია ფოტო ან ვიდეო პოსტის სახით გაავრცელეთ, Meta-ს პლატფორმებზე ფოტოს/ვიდეოს აღწერაში მკაფიოდ მიუთითეთ შესწორება და ასევე, გარკვევით განმარტეთ პოსტში შეტანილი ცვლილებები, რათა მკითხველმა ფოტოს/ვიდეოს შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიიღოს. ამისათვის შეგიძლიათ პოსტს განახლებული ინფორმაციის დამატებითი ბმულები (მათ შორის „ჯეოფაქტსის“ განმარტებითი სტატიის) დაურთოთ.

  1. საავტორო ტექსტის (text-only post) შესწორება

– თუ მცდარი ინფორმაცია მხოლოდ ტექსტური პოსტის (text-only post) სახით გაავრცელეთ, ის სწორი ინფორმაციით ჩაანაცვლეთ, ხოლო დასაწყისში მიუთითეთ, რომ პოსტში შესწორება განხორციელდა. ასევე, გარკვევით განმარტეთ შეტანილი ცვლილებები. შეგიძლიათ პოსტს განახლებული ინფორმაციის დამატებითი ბმულები (მათ შორის „ჯეოფაქტსის“ განმარტებითი სტატიის) დაურთოთ.

  1. ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიის შესწორება

Meta-ს პლატფორმებზე გაზიარებული მასალის შესწორებისთვის, რომელიც თავდაპირველად თქვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, შემდეგი ცვლილებები განახორციელეთ:

⮚ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის დასაწყისში მიუთითეთ, რომ ტექსტის თავდაპირველი ვერსია არასწორ ინფორმაციას შეიცავდა და მკაფიოდ განმარტეთ შეტანილი ცვლილებები და უზუსტობები.

⮚ საჭიროების შემთხვევაში, შეასწორეთ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის სათაური ისე, რომ მასში არასწორი ინფორმაცია აღარ იკითხებოდეს და სათაურშივე მიუთითეთ, რომ სტატია შესწორებულია – სიტყვით „შესწორებულია“.

⮚ Meta-ს პლატფორმებზე განთავსებული პოსტის აღწერაშიც მკაფიოდ მიუთითეთ შესწორება. ასევე, გარკვევით განმარტეთ პოსტში შეტანილი ცვლილებები.

მას შემდეგ, რაც მასალის თავდაპირველ ვერსიაში შესწორებას შეიტანთ, ვერდიქტის შეცვლის მოთხოვნა Facebook-ის საშუალებით შეგიძლიათ:

  • თქვენი პროფილიდან გავრცელებული პოსტის ვერდიქტით შეფასების შემთხვევაში, ვერდიქტის შეცვლის მოთხოვნისთვის გადადით პროფილის სტატუსზე (საკუთარ პროფილზე, მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს, რომელზეც სამი წერტილი არის გამოსახული. ჩამოშლილ სიაში იხილავთ პროფილის სტატუსზე გადასასვლელ ღილაკს).
  • თქვენს მფლობელობაში არსებული გვერდიდან გავრცელებული პოსტის ვერდიქტით შეფასების შემთხვევაში, ვერდიქტის შეცვლის მოთხოვნისთვის, გადადით გვერდის სტატუსზე.
  • თქვენ მიერ ადმინისტრირებული ჯგუფიდან გავრცელებული პოსტის ვერდიქტით შეფასების შემთხვევაში, ვერდიქტის შეცვლის მოთხოვნისთვის გადადით ჯგუფის სტატუსზე.
  • თქვენ მიერ გავრცელებული დარეკლამებული პოსტის ვერდიქტით შეფასების შემთხვევაში, ვერდიქტის შეცვლის მოთხოვნისთვის გადადით ბიზნესის მხარდაჭერის მთავარ გვერდზე.

თითოეულ მათგანში ასახული იქნება ფაქტების გადამოწმების სტატიები, რომლითაც თქვენი პოსტები ვერდიქტით იქნა შეფასებული.

დეტალურად Instagram-სა და Threads-ის პოსტზე შესწორების გამოგზავნის გზამკვლევი იხილეთ ბმულზე.

იმ შემთხვევაში, თუ თავად Meta-ს პლატფორმების საშუალებით ვერ ახერხებთ ვერდიქტის შეცვლის მოთხოვნას, ჩამოტვირთეთ და შეავსეთ „ჯეოფაქტსის“ (www.geofacts.ee) შესწორების ნიმუში და შეტანილი ცვლილებების შესახებ გვაცნობეთ ელექტრონულ მისამართზე [email protected]. ჩვენ გავეცნობით თქვენს შესწორებას და იმ შემთხვევაში, თუ ის სრულყოფილადაა შესრულებული, რაც მკითხველს დაშვებული შეცდომისა და სწორი ფაქტების შესახებ ინფორმაციას აწვდის, Meta-ს პლატფორმებზე თქვენი მასალისთვის მინიჭებულ ვერდიქტს შევცვლით.

შენიშვნა! არასრულად შესრულებული შესწორების შემთხვევაში ვერდიქტის შეცვლა არ მოხდება. შესწორების მოთხოვნით მომართვა შესაძლებელია ვერდიქტის მინიჭებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

როგორ ხდება ვერდიქტის გასაჩივრება?

შეფასებული პოსტი არ წაშალოთ! პოსტის წაშლა მის გასაჩივრებას და/ან Meta-ს მიერ დაწესებული შეზღუდვების  მოხსნას შეუძლებელს გახდის.

ვერდიქტის გასაჩივრება Facebook-ის საშუალებით შეგიძლიათ:

  • თქვენი პროფილიდან გავრცელებული პოსტის ვერდიქტით შეფასების შემთხვევაში, ვერდიქტის გასაჩივრების მოთხოვნისთვის გადადით პროფილის სტატუსზე. (საკუთარ პროფილზე, მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს, რომელზეც სამი წერტილი არის გამოსახული. ჩამოშლილ სიაში იხილავთ პროფილის სტატუსზე გადასასვლელ ღილაკს).
  • თქვენს მფლობელობაში არსებული გვერდიდან გავრცელებული პოსტის ვერდიქტით შეფასების შემთხვევაში, ვერდიქტის გასაჩივრების მოთხოვნისთვის გადადით გვერდის სტატუსზე.
  • თქვენს მიერ ადმინისტრირებული ჯგუფიდან გავრცელებული პოსტის ვერდიქტით შეფასების შემთხვევაში, ვერდიქტის გასაჩივრების მოთხოვნისთვის გადადით ჯგუფის სტატუსზე.
  • თქვენს მიერ გავრცელებული დარეკლამებული პოსტის ვერდიქტით შეფასების შემთხვევაში, ვერდიქტის გასაჩივრების მოთხოვნისთვის გადადით ბიზნესის მხარდაჭერის მთავარ გვერდზე.

თითოეულ მათგანში ასახული იქნება ფაქტების გადამოწმების სტატიები, რომლითაც თქვენი პოსტები ვერდიქტით იქნა შეფასებული.

დეტალურად Instagram-სა და Threads-ის პოსტზე საჩივრის გამოგზავნის გზამკვლევი იხილეთ ბმულზე.

იმ შემთხვევაში, თუ თავად Meta-ს პლატფორმების საშუალებით ვერ ახერხებთ ვერდიქტის გასაჩივრებას, ჩამოტვირთეთ და შეავსეთ „ჯეოფაქტსის“ (www.geofacts.ee) შესწორების ნიმუში და გასაჩივრების მოთხოვნა გამოაგზავნეთ მისამართზე [email protected].

შენიშვნა! არასრულად შევსებული ან ვადების დარღვევით შემოსული საჩივარი არ განიხილება.  ვერდიქტის გადახედვის მოთხოვნით მომართვა შესაძლებელია შეფასებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

„ჯეოფაქტსის“ სხვა სტატიებზე შესწორების მოთხოვნა

შეცდომები ხდება და მას „ჯეოფაქტსიც“ უშვებს. თუმცა, „ჯეოფაქტსისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ შეცდომა გასწორდეს სწრაფად და რაც მთავარია, გამჭვირვალედ.

დაინტერესებულ პირს შესწორების/საჩივრის დასაბუთებული მოსაზრების გამოგზავნა შეუძლია როგორც ელფოსტაზე [email protected], ასევე ჩვენს Facebook-გვერდზე. სტატიის შესწორების თხოვნით შემოსულ დასაბუთებულ მოსაზრებას, სტატიის ავტორთან ერთად, განიხილავს სარედაქციო საბჭო. სარედაქციო საბჭო ასევე უფლებამოსილია, თუ საბჭო ამგვარ საჭიროებას ხედავს, სტატიის განხილვაზე  მოიწვიოს შესწორების წერილის ავტორიც.

სარედაქციო საბჭო შედგება სამი პირისგან. სარედაქციო საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება 2 ხმით. თუ დასაბუთებული მოსაზრების შედეგად საბჭომ სტატიაში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა და იმგვარი შესწორება შევიდა, რამაც ვერდიქტზე გავლენა იქონია, ვერდიქტი იცვლება.

შესწორების შემთხვევაში „ჯეოფაქტსი“ თვალსაჩინოდ უთითებს განხორციელებულ ცვლილებას და მოტივაციას – რა არგუმენტითა და ვისი თხოვნით/ვისთან კომუნიკაციის შედეგად გამოვლინდა კონკრეტული ცვლილების განხორციელების საჭიროება. აღნიშნული განმარტებული იქნება რედაქტორის შენიშვნის სახით. გარდა ამისა, სტატიის სათაურში მითითებული იქნება „შესწორებულია“. ამასთან, „ჯეოფაქტსი“ საკუთარ გვერდებზე სხვადასხვა პლატფორმაზე სტატიას ხელახლა აქვეყნებს და ცდილობს მიწვდეს იმ აუდიტორიას, რომელსაც ცვლილებამდელი ვარიანტით მიწვდა.

მკითხველის მითითების ან „ჯეოფაქტსის“ ანალიტიკოსის გადაწყვეტილებით, სტატიას შესაძლოა გამოქვეყნების შემდეგ დაემატოს ინფორმაცია, რომელიც ვერდიქტზე გავლენას არ ახდენს, თუმცა მკითხველს დამატებით ან განახლებულ ინფორმაციას აწვდის. მსგავსს შემთხვევებში, „ჯეოფაქტსი“ სტატიას განაახლებს და აღნიშნულ განახლებაზე რედაქტორის შენიშვნის სახით მკითხველს შეტანილ ცვლილებებზე ინფორმაციას მიაწვდის.

თუ თვლით, რომ “ჯეოფაქტსი“ არღვევს ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ან/და ევროპულ პრინციპებს, შეგიძლიათ საჩივარი გაუგზავნოთ ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელს (IFCN), რომელიც განიხილავს თქვენს მოთხოვნას. თქვენი მოთხოვნა შეგიძლიათ გააგზავნოთ IFCN-ის ვებ-გვერდზე შემდეგ მისამართზე: https://ifcncodeofprinciples.poynter.org/complaints-policy  

ან მიმართეთ ფაქტების გადამოწმების ევროპულ ქსელს (EFCSN), მისამართზე: https://efcsn.com/complaints/

IFCN და EFCSN არ არის სააპელაციო ორგანო, თუმცა კოდექსის სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ პროექტს შეუჩერონ ან გაუუქმონ ვერიფიცირებული ხელმომწერის სტატუსი.

2024 წელს შესწორებული მასალები

  1. [შესწორებულია] სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ სიუჟეტთან დაკავშირებით მანიპულაცია ვრცელდება (ბმული)

ბოლო განახლება – დეკემბერი, 2024

 

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]