Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება

ნოემბერს 11, 2024 · გადამოწმებული ფაქტები, არჩევნები 2024 · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტს ავრცელებენ (1; 2; 3, 4) (დაარქივებული ბმული), რომელიც ეთერში მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავიდა. ერთ-ერთი ანგარიში პოსტის აღწერაში წერს: „გაიგეთ ნაცებოოო? ნაცსექტას რომ აბოლებთ, აშშ-ს ელჩმა დანიგანმა თქვა, დემოკრატიულად არჩეული მთავრობა არისო, წაით ახლა სახლში“.

სიუჟეტში, რომელიც „რადიო თავისუფლებასთან“ რობინ დანიგანის ინტერვიუს მონაკვეთებს შეიცავს, ელჩი აცხადებს: „ვრცელდება აგრეთვე დეზინფორმაცია, რომ ჩვენ არ ველაპარაკებით მთავრობას, რომ მე არ ველაპარაკები მმართველი პარტიის ლიდერებს, რაც სავსებით არ შეესაბამება სიმართლეს. მტკიცედ მწამს, რომ უნდა გვქონდეს ღია, კონსტრუქციული დიალოგი. მე ხშირად ვხვდები პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, ამ ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს – მათ უმრავლესობას, რადგან არსებობს გამონაკლისი ამ კუთხით. ამას ვაკეთებ იმის გამო, რომ მსურს ამ ურთიერთობების გაუმჯობესება. როგორც მახსოვს, ბოლოს პრემიერ მინისტრს შევხვდი 16 სექტემბერს, ღია კომუნიკაციების შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა მუშაობა ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც დემოკრატიულად არის არჩეული ამ ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შეიძლება, მომდევნო არჩევნებზეც ასე იყოს. ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს. ამას ქართველი ხალხი წყვეტს. იმისთვის, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდეს საქართველოსთან, გვინდა კონსტრუქციული ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან“.

აღნიშნული ინტერვიუ „რადიო თავისუფლებამ“ რობინ დანიგანთან 4 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოაქვეყნა. ინტერვიუს მონაკვეთების ხელახლა საპარლამენტო  არჩევნების შემდეგ  გამოქვეყნებამ მომხმარებელი შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს.  ამავდროულად, გავრცელებულ სიუჟეტში ჟურნალისტის ორი კითხვიდან პასუხები იმგვარად არის გაერთიანებულია, რომ არ მოიცავს ელჩის მიერ დასახელებულ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული პარტნიორობა დგას დღეს.    

„რადიო თავისუფლებასთან“  ინტერვიუს დროს აშშ-ის ელჩმა საქართველოს მიმართ აშშ-ის მთავრობის პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით,  მიმდინარე წლის იანვრიდან მოყოლებული, მთავრობა შეუდგა ანტიდემოკრატიული მოქმედებებს, მათ შორის,  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებით, რომელიც ეწინააღმდეგება აშშ-ისა და ევროკავშირის ღირებულებებს და შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან. რობინ დანიგანმა განმარტა, რომ  აშშ-ის ორპარტიული შეშფოთება საქართველოს მთავრობის  მოქმედებებისა და რიტორიკის გამო, არ შეიცვლება, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები.

ჟურნალისტ ნინო გელაშვილის კითხვაზე, განიხილავდა, თუ – არა ელჩი  „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ კონსპირაციის საკითხს  ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ელჩმა  განმარტა (იხილეთ ბმულზე 05:40 წუთიდან): „ალბათ, დავიწყებ შეკითხვის ამ ნაწილით – განვიხილავ, თუ – არა, ვინაიდან ვრცელდება აგრეთვე დეზინფორმაცია, რომ ჩვენ არ ველაპარაკებით მთავრობას, რომ მე არ ველაპარაკები მმართველი პარტიის ლიდერებს, რაც სავსებით არ შეესაბამება სიმართლეს. მტკიცედ მწამს, რომ უნდა გვქონდეს ღია, კონსტრუქციული დიალოგი. მე ხშირად ვხვდები პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, ამ ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს – მათ უმრავლესობას, რადგან არსებობს გამონაკლისი ამ კუთხით. ამას ვაკეთებ იმის გამო, რომ მსურს ამ ურთიერთობების გაუმჯობესება. სიმართლეა ისიც, რომ მთავრობისთვის გაცხადებული მაქვს, რომ „გლობალური ომის პარტიის“ მოხმობა არის დეზინფორმაცია. ის, რომ აშშ-ის მთავრობა, პრეზიდენტი, სხვები განიცდიან „გლობალური ომის პარტიის“ ზეგავლენას, არის ყოველგვარი სიმართლისგან დაცლილი, უცნაური შეთქმულების თეორია. ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც არის დემოკრატიულად არჩეული, ჩვენი სახელმწიფო მდივანი, რომელიც დამტკიცებულია ორპარტიული სენატის მიერ, მე – ელჩი, რომელიც ვარ პრეზიდენტის წარმომადგენელი, აგრეთვე ვარ დამტკიცებული ორპარტიული სენატის მიერ, ვახორციელებთ პოლიტიკას ამ ქვეყნის მიმართ, როგორც დემოკრატიულად არჩეული ხელმძღვანელობა. ასე ვაწარმოებთ პოლიტიკას აშშ-ში და არა რომელიღაც უცნობი ძალის გავლით, რომლის შესახებაც სინამდვილეში არავის სმენია“.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტში „გლობალური ომის“ პარტიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციაზე მონაკვეთი ამოჭრილია და ის მონაკვეთია მიბმული, რომელშიც ელჩი ჟურნალისტს სხვა, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხობს და ღია კომუნიკაციის აუცილებლობას უსვამს ხაზს (იხილეთ ბმულზე 14:08 წუთიდან): „მინდა, გვქონდეს ღია კომუნიკაცია ამ მთავრობასთან. ამიტომაც მივიწვიეთ პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში, ამიტომაც იყო იქ არაერთი მინისტრი. საქართველო ვაშინგტონის ნატოს სამიტზეც მივიწვიეთ, მივიწვიეთ ივლისში. ღია კომუნიკაციების შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვიმეორებ: ჩვენ გვინდა მუშაობა ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც დემოკრატიულად არის არჩეული ამ ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება” დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შეიძლება, მომდევნო არჩევნებზეც ასე იყოს. ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს. ამას ქართველი ხალხი წყვეტს. იმისთვის, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდეს საქართველოსთან, გვინდა კონსტრუქციული ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან“. ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტში აგრეთვე ამოჭრილია ელჩის პასუხის ბოლო მონაკვეთიც, რომელიც მთავრობის კრიტიკას მოიცავდა: „გავიმეორებ, სამწუხაროდ, მთავრობამ ისეთი ნაბიჯები გადადგა და ისეთი განცხადებები გააკეთა, რომლებიც გაჯერებული იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციით“.

ამდენად, ელჩის ინტერვიუდან მონაკვეთები მანიპულაციურად ვრცელდება და დამატებითი კონტექსტის გარეშე, მომხმარებელი შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა და ცესკოს მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა (53.93%) მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნებს მალევე საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა. აშშ-ის მხრიდან, საპარლამენტო არჩევნებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სულ ახლახან კი, საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამოვლინდა დარღვევები ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების არაერთი ფაქტის ჭრილში. ასევე, მისი თქმით, სახეზე იყო ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების შემთხვევები. „საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულებები ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი იყო. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, გააუქმოს ისეთი კანონები, როგორიცაა ე.წ. „უცხოური გავლენის კანონი“, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და დაიწყოს დაუყოვნებლივ, ინკლუზიური დიალოგი საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალასთან არჩევნების ინტეგრაციულობის აღდგენისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა და ყველა მხარეს კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, აგრეთვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის  მეთიუ მილერის განცხადება. 30 ოქტომბერს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე მილერმა კვლავ გაიმეორა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევა. მისი თქმით, აშშ ევროკავშირთან კონსულტაციებს მართავს საქართველოს არჩევნებში დარღვევების გამოძიების თაობაზე.

რაც შეეხება, რობინ დანიგანს, მას უშუალოდ არჩევნებთან დაკავშირებით  კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია.  ელჩმა ბოლოს, 4 ნოემბერს, თბილისში, ამერიკული სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ election breakfast-ზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რაც არ უნდა მოხდეს საქართველოსა და აშშ-ის არჩევნებში, ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის ურთიერთობა ყველაფერს გაუძლებს: „მე ნამდვილად მჯერა, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოს არჩევნებში ან აშშ-ის არჩევნებში, საქართველოს ხალხს და აშშ-ის ხალხს შორის ურთიერთობა, ურთიერთობა ჩვენს კომპანიებს, ჩვენს უნივერსიტეტებს, ბიზნესს, ანალიტიკურ ცენტრებს, ინსტიტუტებს, სამხედროებს, სამართალდამცავ ორგანოებს შორის, ყველა ეს ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს, რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს რომელიმე ქვეყანაში“,- განაცხადა ელჩმა „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ მიღებაზე.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ ეთერიდან რედაქტირებული კადრები ვრცელდება
სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ ეთერიდან რედაქტირებული კადრები ვრცელდება
მაი 12, 2025
დეზინფორმაცია: ნიკა გვარამიას თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციისა და NATO-ში გაწევრიანებისთვის აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დათმოს
დეზინფორმაცია: ნიკა გვარამიას თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციისა და NATO-ში გაწევრიანებისთვის აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დათმოს
თებ 11, 2025
ინფორმაცია ბლინკენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ არ დასტურდება
ინფორმაცია ბლინკენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ არ დასტურდება
მარ 24, 2025
სოციალურ ქსელში „ჭიათურობა 2025“-ის ღონისძიებიდან ფოტო მანიპულაციურად გავრცელდა
სოციალურ ქსელში „ჭიათურობა 2025“-ის ღონისძიებიდან ფოტო მანიპულაციურად გავრცელდა
ოქტ 30, 2025
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ბრიფინგიდან რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ბრიფინგიდან რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
მარ 20, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.