Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
L'Antidiplomatico-ზე დაყრდნობით საქართველოში უკრაინაში დაკარგულ ან მოპარულ იარაღზე ინფორმაცია არასრული კონტექსტით გავრცელდა

L'Antidiplomatico-ზე დაყრდნობით საქართველოში უკრაინაში დაკარგულ ან მოპარულ იარაღზე ინფორმაცია არასრული კონტექსტით გავრცელდა

სექტემბერს 26, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო
გაზიარება

ქართულ საინფორმაციო სივრცეში გავრცელდა იტალიური გაზეთის L'Antidiplomatico-ს სტატიის ამონარიდები (არქივირებული ბმული).

სტატიის სათაურია "იარაღი უკრაინაში - ომისშემდგომი კოშმარი: შავ ბაზარზე უკანონო ვაჭრობის საფრთხე". ის იყენებს იტალიური ონლაინ გამოცემის Il Fatto Quotidiano-ს სტატიაში მოყვანილ მონაცემებს, რომელიც, თავის მხრივ, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყრდნობა და წერს, რომ "2022 წლიდან 2026 წლის პირველი ნახევრის პერიოდში საწყობებიდან და მომარაგების ზონებიდან შესაძლოა დაახლოებით 780 465 ერთეული იარაღი გამქრალიყო. ჩამოთვლილი მიზეზები მრავალგვარია: ქურდობა, დაკარგვა და გადაყიდვა ... 2026 წლის პირველ ხუთ თვეში დაახლოებით 149 000 ერთეული იარაღი გაქრა"; სტატიაში მომავალი პროგნოზებიც გაკეთებულია, როცა წერია, რომ "ანალიტიკოსთა და ექსპერტთა უმეტესობა გვაფრთხილებს, რომ საომარი მოქმედებების დასრულების შემთხვევაში, [გაუჩინარებული იარაღის] აღნიშნულმა ნაკადმა, ყველაზე ცუდი სცენარით, შესაძლოა 2-3 მილიონ ერთეულამდე მიაღწიოს".

ამის შემდეგ საუბარი იწყება მსგავსი ცეცხლსასროლი იარაღის მიმართ კრიმინალებისა და ტერორისტული დაჯგუფების, ინტერესზე, "რომლებიც მათ გამოყენებას შეეცდებოდნენ როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ". ისევ Il Fatto Quotidiano-ს სტატიაზე დაყრდნობით, L'Antidiplomatico-ს სტატიაში ხაზგასმულია იარაღის მიმართ იტალიური მაფიის ინტერესებიც და მოყვანილია იტალიელი პროკურორის მურიციო დე ლუჩიას მიერ პარლამენტში ანტი-მაფიის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას დასმული პრობლემა, რომ იტალიური მაფია იარაღის შავ ბაზრებზე თავიანთი არსენალის განახლებას ცდილობს.

სტატიაში კიდევ რამდენიმე ჩანართია ყურადსაღები, მათ შორის მოხმობილია სირიასთან დაკავშირებული შემთხვევა, როცა 2024 წელს სააგენტო Reuters-მა, Washington Post-ის გამოძიებაზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამთან“ დაკავშირებულ სირიელ მეამბოხეებს გადასცეს დაახლოებით 150 000 FPV-დრონი და ოპერატორთა ჯგუფი; თუმცა აღსანიშნავია, რომ Washington Post და Reuters მაშინ არა 150 000 FPV დრონის, არამედ 150 ერთეული შესახებ წერდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში უშუალოდ სიტყვასიტყვით ნათქვამი არაა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნებიდან გაგზავნილი შეიარაღება შავ ბაზრებზე და შემდეგ კრიმინალურ დაჯგუფებებთან ხვდება, სტატიის საერთო ნარატივი მათ შორის სტატიის დასაწყისში დასმული სხვადასხვა სახის შეიარაღების ბედის პრობლემა, "რომელიც წლების განმავლობაში უკრაინაში იგზავნებოდა, რათა როგორღაც უკვალოდ გამქრალიყო და სხვაგან ხელახლა მატერიალიზებულიყო" მკითხველს მცდარი დასკვნისკენ უბიძგებს.

ნარატივი ძირითადად ეყრდნობა ინფორმაციას, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან 780 465 ერთეული იარაღი გაქრა. როგორც უკვე აღნიშნულია, ეს ინფორმაცია Il Fatto Quotidiano-ს 2026 წლის 29 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიას (სათაური: "უკრაინა საცერია: ჩვენი დახმარების 800 000 ერთეული მოიპარეს. მაფია კი შავ ბაზარზე აქტიურობს: „დრონებით ინტერესდებიან“) ეფუძნება.

ამ ინფორმაციას უკრაინის დეზინფორმაციის საწინააღმდეგო ცენტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დასახელებული 780 465 იარაღი "არის უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეალური, ღია მონაცემები ქვეყნის შიგნით დაკარგული და მოპარული სამოქალაქო და პირადი იარაღის რაოდენობის შესახებ, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მომენტიდან" და მას დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გადაცემულ სამხედრო დახმარებასთან კავშირი არ აქვს.

მართლაც, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ 780,465 იარაღი დაიკარგა ან მოიპარეს, რაც საერთო ჯამში უკრაინაში აღნუსხული დაკარგული ან მოპარული 1.17 მილიონი ერთეული იარაღის 66%-ს შეადგენს. ყველაზე ხშირად დაკარგულ ან მოპარულ იარაღს შორის არის ავტომატური შაშხანები (252 369 ერთეული), სანადირო თოფები (210 712) და კარაბინები (102 616). რეესტრში არსებული ყოველი მეოთხე ჩანაწერი AK-74-ის ტიპის ავტომატს უკავშირდება. შემდეგ მოდის რეზინის ტყვიის პისტოლეტი (74,939), პისტოლეტი (32,223), ყუმბარმტყორცნი (23,693), ავტომატი (22,749), აირის პისტოლეტი (15,635), შაშხანა (14,641) და სხვა. აღსანიშნავია, რომ მონაცემებში არ ვხვდებით ინფორმაციას სამხედრო დრონების ან უკრაინის სხვა თანამედროვე შეიარაღების შესახებ.

ამასთანავე, პალერმოელ პროკურორს მაურიციო დე ლუჩიას იტალიის პარლამენტის მაფიის საწინააღმდეგო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას არ უთქვამს, რომ მაფიოზური დაჯგუფებები დრონებს კონკრეტულად უკრაინიდან ყიდულობენ. მაურიციო დე ლუჩიას თქმით, მათ იპოვეს ირაღი, რომელიც მომდინარეობდა სალენტოდან (პულია), რომლებიც იქ ბალკანეთიდან შევიდა. პროკურორის თქმით, მაფია უფრო განვითარებული იარაღის მიმართაც იჩენს ინტერესს "მაგალითად, მათ მიმართ, რომლებიც შავ ბაზარზე რუსეთ-უკრინის ომთან ერთად გამოჩნდა". თუმცა ის მაფიაში იარაღის შეძენის ინტერესზე ამახვილებს ყურადღებას და არ მიუთითებს იმაზე, რომ იტალიურმა მაფიამ მაღალტექნოლოგიური იარაღი უკრაინისგან შეიძინა.

ყალბი ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის დასავლეთის ქვეყნების მიერ გადაცემული იარაღი შავ ბაზარზე იყიდება და შედეგად კრიმინალებსა და ორგანიზებულ დაჯგუფებების ხელში აღმოჩნდება, 2022 წლიდან არაერთხელ გავრცელებულა (1, 2, 3, 4) მათ შორის რუსეთის სახელმწიფო მედიისა და ოფიციალური წარმომადგენლების მიერ. 

L'Antidiplomatico-ს შესახებ

იტალიური მედია L'Antidiplomatico 2015 წელს დაარსდა. DFRLab-ის მიხედვით, L’Antidiplomatico არის მარგინალური საინფორმაციო ვებგვერდი, რომელიც ასევე მართავს „ტელეგრამ“ არხს და ხშირად აქვეყნებს მოსაზრებებს, მათ შორის „მულტიპოლარულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ საკითხებზე. ამასთანავე, თავად გამოცემის მიხედვით, ის დასავლელი ფაქტების გადამმოწმებლების მხრიდან ცენზურას დაექვემდებარა, რადგან „მულტიპოლარული სამყაროს ერთ-ერთ წამყვან ხმას" წარმოადგენს. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, L'Antidiplomatico-ს მიერ გავრცელებული ამბების დიდი ნაწილი რუსული წყაროების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეყრდნობა. სხვადასხვა პერიოდში რუსული მედია და პროპაგანდისტული Telegram არხები ანტიუკრაინულ დეზინფორმაციას L’Antidiplomatico-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებდნენ.

2026 წლის მაისში უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურმა მოიპოვა რუსული დოკუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინის ადმინისტრაციამ რუსეთის დაზვერვს სამსახურებს, საგრეო სამინისტროსა და რუსულ მედია კომპანიებს დაავალა როგორც უკრაინულ, ისე ევროპულ საჯარო სივრცეში მედიაკამპანია გაეძლიერებინათ. ინფორმაციის მიხედვით, დღის წესრიგში დაყენებულ საკითხებში იყო უკრაინაში მიმდინარე მობილიზაციისა და უკრაინის თავდაცვის ძალების დაკომპლექტებაზე პასუხისმგებელი სამხედრო ხელმძღვანელობის, ასევე უკრაინის პრეზიდენტისა და მისი ახლო გარემოცვის დისკრედიტაცია. არსებული ცნობებით, ცალკეული დოკუმენტები მიუთითებს, რომ დასავლურ საჯარო დისკურსში კამპანიის გავრცელებაში 15-ზე მეტი ე.წ. „პროქსი“ მედიასაშუალება ჩაერთვებოდა. იტალიური გამოცემა L'Antidiplomatico მათ შორის დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ უცხოური მედიასაშუალებები და ე.წ. "პროქსი" ვებგვერდები საერთაშორისო აუდიტორიის თვალში სანდოობის მოსაპოვებლად და ანტიუკრაინული დეზინფორმაციის გასავრცელებლად რუსეთის მიერ ფართოდ გამოიყენება. ეს ტაქტიკა „ინფორმაციის გათეთრების“ სახელითაა ცნობილი, რომელიც გულისხმობს პროპაგანდის გავრცელებას მედიის სხვადასხვა ფენის მეშვეობით, რათა მკითხველის თვალში ინფორმაციის წარმოშობის წყარო კრემლთან არ იდენტიფიცირდეს.

ყველა პოსტის ნახვა

რა განსხვავებაა შვედეთის საპარლამენტო ინიციატივასა და „ქართული ოცნების“ FARA-ს შორის?
რა განსხვავებაა შვედეთის საპარლამენტო ინიციატივასა და „ქართული ოცნების“ FARA-ს შორის?
ივნ 06, 2025
სოციალურ ქსელში უკრაინაზე ელენე ხოშტარიას გაყალბებული ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში უკრაინაზე ელენე ხოშტარიას გაყალბებული ციტატა ვრცელდება
ივლ 30, 2026
სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციიდან რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციიდან რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
აპრ 01, 2025
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ივნ 17, 2025
სოციალურ ქსელში ბადრი ჯაფარიძის პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბადრი ჯაფარიძის პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება
იან 21, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.