Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ეხმარებოდა თუ არა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საქმეების მომზადებაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რუსეთს?

ეხმარებოდა თუ არა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საქმეების მომზადებაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რუსეთს?

სექტემბერს 29, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: მცდარი · სამართალი
გაზიარება

სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტში ვრცელდება მტკიცება, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ საქმეების წარმოებაში ეხმარებოდა (ბმული 1, 2). ვიდეოს ავტორი ამბობს, რომ კომპანია რომელთანაც საია თანამშრომლობდა, რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ გენოციდის დანაშაულის დამტკიცებაში ეხმარებოდა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა მართლაც დააორგანიზა ათასობით საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა ამ კამპანიას ვლადიკავკაზელი და მოსკოველი ადვოკატები და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ახორციელებდნენ. საიას როლი ამ კამპანიაში დოკუმენტურად არ დადასტურდება.

საია სტრასბურგის სასამართლოში ომის შემდეგ მართლაც წარმოადგენდა რამდენიმე ოსი განმცხადებელს. თუმცა, ეს ხდებოდა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, რომლის ძირითადი სამიზნე რუსეთი იყო. საია დღესაც აგვისტოს ომის დაახლოებით 400 მსხვერპლს იცავს სწორედ რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო რამდენიმე საქმე სტრასბურგის სასამართლოში უკვე მოიგო.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს წინააღმდეგ 3300-ზე მეტი ინდივიდუალური საჩივარი შევიდა. ეს რიცხვი სასამართლოს გადაწყვეტილებაში Khetagurova and Others v. Georgia თავად სასამართლომ დააფიქსირა. ამ საჩივრებს რუსეთში მოქმედი ადვოკატები წარმოადგენდნენ და არა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. 2009 წლის ივლისში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ოსი განმცხადებლების საქმის მასალების ნაწილი სტრასბურგში უკვე გაგზავნა.

2010 წლის 14 დეკემბერს სასამართლომ 973 საჩივარი სიიდან ამოიღო. განმცხადებლებს ვლადიკავკაზელი ადვოკატები ზ. მილიაევა, ვ. საილაონოვი და ვ. ბაიკულოვი წარმოადგენდნენ. სასამართლო აღნიშნავდა, რომ ადვოკატები მათ წერილებს არ პასუხობდნენ. 2011 წლის იანვრისთვის სიიდან ამოღებული საჩივრების რიცხვმა 1549-ს მიაღწია. ადვოკატმა ბაიკულოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ინგლისური არ იცის და სასამართლოს პროცედურებს არ იცნობს.

მოგვიანებით საქმეებში განმცხადებლებს მოსკოვური კომპანიები წარმოადგენდნენ. მაგალითად, Naniyeva and Bagayev v. Georgia-ში — „Dmitry Matveev and Partners“ წარმოადგენდა, რომლის საჩივარი 2018 წლის 13 დეკემბერს სასამართლომ დაუშვებლად ცნო. Bekoyeva and Others v. Georgia-ში (2021) რუსეთის ფედერაცია მესამე მხარედ თავად ჩაერთო. აქაც განმცხადებლები ძირითადად მოსკოველი ადვოკატები იყვნენ. ამ შემთხვევაშიც სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო.

საიას როლი

საიამ ომის შემდეგ 1000-ზე მეტ დაზარალებულს უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია და სტრასბურგში 400-ზე მეტი ბენეფიციარის სახელით დაახლოებით 66 საჩივარი წარადგინა. საიას პარტნიორები იყვნენ ევროპული ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი (EHRAC) და Russian Justice Initiative (RJI). RJI-ს 2010 წლის წლიურ ანგარიშში ეს თანამშრომლობა დეტალურადაა აღწერილი. იქ აღნიშნულია, რომ საერთო პროექტის (South Caucasus Justice Project) ფარგლებში 30-ზე მეტი საჩივარი შეიტანეს ორივე სახელმწიფოს — საქართველოსა და რუსეთის — წინააღმდეგ.

RJI ნიდერლანდებში რეგისტრირებული არასამეწარმე ორგანიზაციაა. მისი ძირითადი საქმიანობა რუსეთის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში ჩადენილ დანაშაულებებზე საჩივრები იყო. 2010 წელს ორგანიზაციას აფინანსებდა დიდი ბრიტანეთის Global Conflict Prevention Pool, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროები, შვედეთის ჰელსინკის კომიტეტი, „ღია საზოგადოების ინსტიტუტი“, UNHCR და გაეროს წამების მსხვერპლთა ფონდი. ღია წყაროებში არ იძებნება ამ ორგანიზაციის კავშირი რუსეთის სახელმწიფოსთან, ან რაიმე დაფინანსების კვალი. საიამ 2010 წელს ამ პროექტიდან 42 673 ევროს ქვე-გრანტი მიიღო.

ამ პროექტის ფარგლებში საია რამდენიმე ეთნიკურად ოსი განმცხადებლის ინტერესებსაც იცავდა, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სავარაუდო უკანონო დაკავებისა და პატიმრობის საქმეებში. საქმეში Kaziev and Others v. Georgia განმცხადებელთა მიმართ სასამართლომ გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ისინი კვლავ პოლიციის კონტროლის ქვეშ რჩებოდნენ, ხოლო ოჯახის წევრებისთვის მათი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. ოჯახის წევრების მიმართვის შემდეგ საიამ შესაბამის უწყებებს ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა, მოგვიანებით კი, საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინა. სასამართლოს ჩართვის შემდეგ ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ განმცხადებლები პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ. საქმე Tekhov and Tekhov v. Georgia ასევე ეხებოდა ეთნიკურად ოსი პირების დაკავებასა და პატიმრობას, რომელთა კანონიერებასაც განმცხადებლები სადავოდ ხდიდნენ. ორივე საქმეზე საია „რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივასთან“ თანამშრომლობდა. საბოლოოდ, განმცხადებლებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის მორიგება შედგა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სამინისტროს უკანონო პატიმრობით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. საიას დახმარება მოიცავდა როგორც დაკავებულთა ადგილსამყოფლის დადგენისა და მათი უფლებების დაცვის მცდელობას, ისე საერთაშორისო სამართალწარმოებასა და კომპენსაციის მიღწევას

საიას საქმეები რუსეთის წინააღმდეგ

საია სტრასბურგში აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ 53 საჩივარს აწარმოებს, დაახლოებით 400 მსხვერპლის სახელით. სამ საქმეზე სასამართლომ რუსეთის მიერ დარღვევა უკვე დაადგინა. Storimans-Verhulst and Others v. Russia (7 ოქტომბერი, 2025), რომელიც გორში დაღუპული ჰოლანდიელი ჟურნალისტის სტან სტორიმანსის საქმეზე რუსეთმა ეფექტური გამოძიება არ ჩაატარა და სასამართლოს მიერ გამტყუნდა. Chikviladze and Antsukhelidze v. Russia და Malachin and Others v. Russia (23 ივნისი, 2026) საქმეები ქართველი სამხედროების წამებას და მკვლელობას ეხებოდა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს დაღუპული სამხედროს თითოეული ოჯახისთვის 65 000 ევროს, წამებას გადარჩენილებისთვის კი 40 000 ევროს გადახდა დააკისრა.

2026 წლის 3 აგვისტოს საიამ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიმართა, რათა რუსეთმა ეს გადაწყვეტილებები შეასრულოს. საია ასევე მხარს უჭერს სახელმწიფოთაშორისო საქმის Georgia v. Russia (II) აღსრულებას, რომლითაც რუსეთს ქართველი მსხვერპლებისთვის 129 827 500 ევროს გადახდა დაეკისრა.

ანა დოლიძის ეპიზოდი

ვიდეოს ავტორი ასევე ახსენებს იურისტ ანა დოლიძის როლი. ანა დოლიძე 2008 წლის აგვისტო-ოქტომბერში RJI-სთან თანამშრომლობდა კონსულტანტად. ამას თავადაც აღიარებდა, თუმცა უარყოფდა, რომ საქართველოს მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინასწარი განზრახვით თავდასხმის საქმეებზე პირადად მუშაობდა. წულუკიანის ხელმძღვანელობით მოქმედი საგამოძიებო კომისიის 2025 წლის დასკვნა აღნიშნავს, რომ ის საქართველოს წინააღმდეგ საჩივრების მასალების შეგროვებაში მონაწილეობდა. თუმცა დასკვნა არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ ეს საქმიანობა რუსული სახელმწიფოს დავალებით ხორციელდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ბრალდება ანა დოლიძის წინააღმდეგ ადრე ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდანაც გაჟღერებულა. 2016 წლის თებერვალში ეროვნული მოძრაობის დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა იგივე ფაქტი აღნიშნა, როდესაც ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატი იყო.

ამდენად, რუსეთმა სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ მასშტაბური კამპანია მართლაც წამოიწყო, მაგრამ ამისთვის საკუთარი ადვოკატები და საგამოძიებო კომიტეტი გამოიყენა. მტკიცება, რომ საია „რუსეთს ეხმარებოდა“ არ დასტურდება.

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში რესპირატორული სინციტიური ვირუსის (RSV) ვაქცინის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში რესპირატორული სინციტიური ვირუსის (RSV) ვაქცინის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
მაი 01, 2025
აუდიოჩანაწერი, რომელშიც დონალდ ტრამპი უმცროსი ამბობს, რომ „აშშ-ს იარაღი რუსეთისთვის უნდა გაეგზავნა“, AI-ის მიერ არის გენერირებული
აუდიოჩანაწერი, რომელშიც დონალდ ტრამპი უმცროსი ამბობს, რომ „აშშ-ს იარაღი რუსეთისთვის უნდა გაეგზავნა“, AI-ის მიერ არის გენერირებული
თებ 27, 2025
სოციალურ ქსელში ბერდია სიჭინავას ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბერდია სიჭინავას ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
აგვ 19, 2025
სოციალურ ქსელში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) დოკუმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) დოკუმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
თებ 05, 2025
მართლა ზღუდავენ თუ არა ევროკავშირში კვირა დღეს დიდი სუპერმარკეტების მუშაობას?
მართლა ზღუდავენ თუ არა ევროკავშირში კვირა დღეს დიდი სუპერმარკეტების მუშაობას?
ივლ 20, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.