Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ყალბია მტკიცება, რომ დიდ ბრიტანეთს მიუძღვის წვლილი საქართველოს გასაბჭოებაში

ყალბია მტკიცება, რომ დიდ ბრიტანეთს მიუძღვის წვლილი საქართველოს გასაბჭოებაში

აპრილს 2, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · ისტორია

სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, რომლის მიხედვით, ინგლისელებმა 1918 წელს წააქეზეს სომხეთი, რომ მას საქართველოს წინააღმდეგ ომი დაეწყო, ხოლო შემდეგ ომი გააჩერეს და შექმნეს ლორი-ტაშირის ნეიტრალური ზონა, საიდანაც წითელი არმია საქართველოში შემოიჭრა. გავრცელებული მტკიცების თანახმად, საქართველოს რუსეთის მიერ 1921 წლის ანექსიაში ლომის წვლილი მიუძღვის ინგლისელებს. სინამდვილეში, აღნიშნული მტკიცება ისტორიული წყაროებით არ დასტურდება.

სომხეთ-საქართველოს ომის და ამ კონფლიქტში ანტანტას წევრების (დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი) როლის საკითხი საკმაოდ ვრცლად აქვთ გამოკვლეული საქართველოს პირველი რესპუბლის მკვლევარებს, როგორც ქართველებს, ისე დასავლეთის ცნობილ მეცნიერებს ((1) Richard G. Hovannisian, The Republic of Armenia: The First Year, 1918-1919; University of California Press, 1971; (2) არჩილ ჩაჩხიანი და ვახტანგ გურული (2022) სომხეთ-საქართველოს ომი ნაწილი I; (3) ბექა კობახიძე „ბრიტანული“ კავკასია – 1918-1920; ოთარ ჯანელიძე და დიმიტრი სილაქაძე "სომხური საკითხის" დასმიდან დაპირისპირებულ მხარეთა სტრატეგიებამდე; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ - მოდელი ევროპისთვის? თბილისი, 2018).

ამ კვლევების გაცნობის და ანალიზის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით მოვლენები და ფაქტები იყო შემდეგი.

სომხეთ-საქართველოს ომი 1918 წლის ბოლოს დაიწყო რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული მიზეზის გამო. რუსეთის იმპერიის დაშლის, თებერვლის და ოქტომბრის რევოლუციებისა და ოსმალეთის ჯარების უკან დახევის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ძალაუფლების ვაკუუმი შეიქმნა. ამ ვითარებაში ახლად დამოუკიდებელმა საქართველომ და სომხეთმა ერთდროულად წამოაყენეს პრეტენზია ლორისა და ახალქალაქის რეგიონებზე, რომლებიც ყოფილი ტფილისის გუბერნიას ეკუთვნოდა და სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთნიკურად სომეხი იყო.

დაძაბულობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც 1918 წლის ოქტომბერში ოსმალეთის იმპერიის ჯარები სამხრეთ ლორედან გავიდნენ. სომხურმა ძალებმა სწრაფად დაიკავეს ლორეს ნაწილი, ხოლო საქართველომ ჩრდილოეთ ლორეში გააძლიერა თავისი სამხედრო ყოფნა. ამასთან, ადგილობრივ სომხურ მოსახლეობასა და ქართულ არმიას შორის ვითარება დაიძაბა.

1918 წლის 7 დეკემბრიდან დაპირისპირება ღია სამხედრო კონფლიქტში გადავიდა, ხოლო 13 დეკემბერს სომხეთის მთავრობამ გენერალ კანაიანს დაავალა ქართული ჯარების ლორედან განდევნა. დეკემბრის შუა რიცხვებისთვის სომხურმა ძალებმა სწრაფი შეტევით მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვეს და თბილისისკენაც კი დაიძრნენ.

შესაბამისად, სხვადასხვა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1918 წლის ბოლოს სომხეთი ნამდვილად დაესხა თავს საქართველოს. მიუხედავად ამისა, ისტორიული წყაროებით არ დასტურდება, რომ ამ კონფლიქტის პროვოცირებაში რამე როლი შეასრულა დიდმა ბრიტანეთმა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროინდელი ისტორიოგრაფია ამტკიცებს, რომ სომხეთ-საქართველოს ომი „იმპერიალისტური ძალების“ და ანტანტას მიერ იყო პროვოცირებული. მაგალითად, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის გამოცემაში, (ს.ვ. ხარმანდარიანი, “Известия Академии наук Армянской ССР“, 1959) აღნიშნულია, რომ 1918–1920 წლებში რეგიონში შექმნილი ვითარება დაკავშირებული იყო დასავლური იმპერიალისტური ძალების ინტერესებთან და რომ ლორეს ნეიტრალური ზონა შეიქმნა „დასავლელი იმპერიალისტების, ანტანტისა და აშშ-ის ინტერესებში.“ მსგავს ინტერპრეტაციას საბჭოთა ლიდერებიც ხშირად იყენებდნენ. მაგალითად, ვლადიმირ ლენინი 1921 წლის 28 თებერვალს მოსკოვის საბჭოში გამოსვლისას ამბობდა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ნეიტრალური ზონა არსებობდა იმიტომ, რომ „საქართველო მას ფლობდა ანტანტას იმპერიალისტების ნებართვით“.

რაც შეეხება ამ კონფლიქტში დიდი ბრიტანეთის როლს: პირველ მსოფლიო ომში გერმანიის მარცხის და დიდი ბრიტანეთის გამარჯვების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ამ უკანასკნელს ჰქონდა კონკრეტული სამი ამოცანა:

1. რეგიონიდან მტრული ოსმალური და გერმანული ჯარების გაძევება;

2. ბაქო-ბათუმის რკინიგზის და ნავთობსადენის გახსნა;

3. დროებითი სტატუს ქვოს და მშვიდობის უზრუნველყოფა, სანამ პარიზის სამშვიდობო კონფერენცია დაადგენდა და მოაგვარებდა ტერიტორიულ საკითხებს.

ომის მიმდინარეობისას თბილისში უკვე მოქმედებდა მოკავშირეთა სამხედრო-დიპლომატიური წარმომადგენლობა. სწორედ ამ მისიის ფარგლებში ჩაერთნენ ბრიტანელი და ფრანგი ოფიცრები კონფლიქტის დიპლომატიურ მოგვარებაში. ბრიტანელი ოფიცერი ლეიტენანტ-პოლკოვნიკი რ. პ. ჯორდანი და ფრანგი წარმომადგენელი პ. ა. შარდენი ხელმძღვანელობდნენ მოლაპარაკებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა სამხედრო მოქმედებების შეჩერებას.

საქართველოს ხელისუფლებამ მოკავშირეებს დახმარებისთვის მას შემდეგ მიმართა, რაც სომხური ძალები სწრაფად დაწინაურდნენ და ფრონტის ხაზი თბილისს მიუახლოვდა. მოკავშირეთა სამხედრო კომისიამ კონფლიქტის მხარეებს შესთავაზა საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ჯარების გაყვანა სადავო ტერიტორიიდან, რათა თავიდან აეცილებინათ კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია.

მოკავშირეებმა ასევე წამოაყენეს წინადადება, რომ სადავო ტერიტორია დროებით გამხდარიყო ნეიტრალური ზონა, სანამ საბოლოო საზღვრების საკითხი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გადაწყდებოდა. ამ გეგმის მიხედვით, სომხური და ქართული სამხედრო ნაწილები უნდა გამიჯნულიყვნენ და მათ შორის უნდა განლაგებულიყო მოკავშირეთა ძალები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ უსაფრთხოებას და ადმინისტრაციულ ზედამხედველობას.

ზავის შემდეგ ლორეს რაიონში მართლაც შეიქმნა ნეიტრალური ზონა, რომელსაც მართავდა ბრიტანელი სამხედრო ადმინისტრატორი, კაპიტანი ა. ს. გ. დუგლასი. მას ჰქონდა უფლება განესაზღვრა, რამდენი სომხური და ქართული სამხედრო ნაწილი შეიძლებოდა დარჩენილიყო ზონაში, ხოლო ადგილობრივი ადმინისტრაცია უნდა ყოფილიყო შერეული, სომხური და ქართული წარმომადგენლების მონაწილეობით, მოკავშირეთა ზედამხედველობის ქვეშ.

საბოლოოდ სწორედ მოკავშირეთა ჩარევის შედეგად გამოცხადდა ზავი 1918 წლის 31 დეკემბერს. ამით შეჩერდა სამხედრო მოქმედებები და სადავო ტერიტორია დროებით გადავიდა საერთაშორისო ადმინისტრაციის ქვეშ.

აღსანიშნავია, რომ, როგორც ისტორიკოსი ბექა კობახიძე აღნიშნავს, „სადაც ბოლოს ქართველი ჯარისკაცის ფეხი დაიდგა, დღესაც იქ გადის საქართველოს საზღვარი სომხეთთან.“ ამ შეთანხმების შედეგად ლორე გაიყო სამ ნაწილად. ზემო ლორე დღესაც საქართველოს შემადგენლობაშია. შუა ლორე ნეიტრალურად გამოცხადდა (მხოლოდ შემდეგ გადასცეს ეს ტერიტორია სტალინმა და ორჯონიკიძემ სომხეთს), ხოლო ქვემო ლორე დარჩა სომხეთს.

დამატებით, ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ სომხეთი არა ბრიტანელებთან, არამედ თეთრგვარდიელ გენერალ დენიკინთან კოორდინაციაში მოქმედებდა. როცა საქართველომ სომხეთთან საომრად აფხაზეთიდან ჯარები ლორეში გადმოისროლა, სწორედ მაშინ დაესხა თავს საქართველოს დენიკინი და დაიპყრო გაგრა და სოჭი.

შესაბამისად, ისტორიული წყაროების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გავრცელებული მტკიცება, რომ დიდი ბრიტანეთის გამო დაესხა საქართველოს თავს სომხეთი და შემდეგ ამან განაპირობა წითელი არმიის საქართველოში შემოჭრა, სანდო მეცნიერული წყაროებით არ დასტურდება.


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის გაყალბებული ფოტო გავრცელდა
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის გაყალბებული ფოტო გავრცელდა
მარ 17, 2026
რა წერია მედია ლანდშაფტზე ეუთო/ოდირის დასკვნაში და როგორ გააშუქა ის ტელეკომპანია „იმედმა“?
რა წერია მედია ლანდშაფტზე ეუთო/ოდირის დასკვნაში და როგორ გააშუქა ის ტელეკომპანია „იმედმა“?
დეკ 26, 2024
სოციალურ ქსელში ჯეფრი ეპსტინისა და სხვა ცნობილი ადამიანების ხელოვნურად გენერირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჯეფრი ეპსტინისა და სხვა ცნობილი ადამიანების ხელოვნურად გენერირებული ფოტო ვრცელდება
იან 26, 2026
სოციალურ ქსელში ბარბარა ჯიმელი-სულაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბარბარა ჯიმელი-სულაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სექ 02, 2025
რას წერს ევროკომისია და ეუთო/ოდირი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის ფარულობის საკითხზე?
რას წერს ევროკომისია და ეუთო/ოდირი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის ფარულობის საკითხზე?
დეკ 01, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.