Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
არის თუ არა დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ერთ წელიწადში 8 ქვეყანა დაბომბა?

არის თუ არა დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ერთ წელიწადში 8 ქვეყანა დაბომბა?

მარტს 24, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო

სოციალურ ქსელებში ვრცელდება მტკიცება, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპი არის აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ერთ წელიწადში რვა ქვეყანა დაბომბა. სავარაუდოდ, პოსტის ავტორი დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის პირველ წელს გულისხმობს. სინამდვილეში ეს ასე არ არის.



მოცემული მტკიცების მიზანია ისე წარმოაჩინოს, რომ აშშ-ის სამხედრო ოპერაციების რაოდენობა და მასშტაბი უპრეცედენტოდ გაფართოვდა. პოსტის მიხედვით, 2025 წელს აშშ-ის მიერ დაბომბილ იქნა შემდეგი ქვეყნები: ირანი, ერაყი, სირია, იემენი, სომალი, ნიგერია, ვენესუელა და პალესტინა (ღაზა). მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნების/ერთეულების მიმართ დონალდ ტრამპმა სხვადასხვა დროს 2025 წელს მართლა გამოიყენა სხვადასხვა ტიპის ძალა, არ დასტურდება, რომ მან ეს 8 ქვეყანა დაბომბა.

ქვეყნები, სადაც აშშ-მა სამხედრო დარტყმები, ან დაბომბვები ნამდვილად განახორციელა, არიან ირანი, იემენი, ერაყი, სირია, ნიგერია, სომალი და ვენესუელა. რაც შეეხება ღაზას, იქ აშშ-ს ძალა არ გამოუყენებია და, შესაბამისად, დაბომბვაც არ განუხორციელებია.

ქვემოთ მიმოხილულია სად და როგორი ტიპის სამხედრო ოპერაციები ჩაატარა დონალდ ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის პირველ წელს - 2025 წელს.

ირანი: 2025 წლის ზაფხულში ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობა უკიდურესად გამწვავდა, რაც საბოლოოდ აშშ-ის მხრიდან პირდაპირ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვით დასრულდა. 2025 წლის 13 ივნისს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა, რომ ირანი არღვევდა გაუვრცელებლობის ვალდებულებებს. ამის შემდეგ ისრაელმა დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, რის პარალელურად დონალდ ტრამპმაც გასცა ბრძანება სამხედრო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით. 2025 წლის 22 ივნისს აშშ-ის B-2 ტიპის ბომბდამშენებმა „ბუნკერ-ბასტერის“ ტიპის ბომბებით დაარტყეს ირანის მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტებს ფორდოში და ნათანზში, ხოლო წყალქვეშა ნავებიდან საკრუიზო რაკეტებით დაბომბეს ისფაჰანი. ტრამპმა განაცხადა, რომ ოპერაცია „შუაღამის ურო“-ს (Midnight Hammer) ფარგლებში ირანის ბირთვული გამდიდრების ინფრასტრუქტურა სრულად გაანადგურა, თუმცა მოგვიანებით ამერიკული დაზვერვის შეფასებით, აღმოჩნდა, რომ ობიექტები მთლიანად არ განადგურებულა და ირანის პროგრამა მხოლოდ რამდენიმე თვით დასწია უკან.

ირანის დაბომბვის მეორე ეპიზოდი 2026 წლის თებერვალ-მარტში განხორციელდა (თუმცა ეს უკვე ტრამპის პრეზიდენტობის მეორე წელია). სამხედრო ოპერაცია „ეპიკური მძვინვარების“ (epic fury) ფარგლებში ამერიკულმა სამხედრო ძალებმა 28 თებერვლიდან მოყოლებული ირანის სამხედრო და პოლიტიკური მნიშვნელობის ობიექტები დაბომბეს ისრაელთან კოორდინაციით (ოპერაცია Roaring Lion). აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმები მიმართული იყო ირანის სამხედრო, ბირთვული და სამეთაურო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და მალევე დადასტურდა, რომ, მათ შორის, მოკლული იყო ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეიც. ამ ოპერაციის ფარგლებში საჯაროდ ხელმისაწვდომი ცნობების მიხედვით, აშშ-მა ძირითადად დაარტყა ირანის შეტევით სარაკეტო შესაძლებლობებს, რაკეტების წარმოების ინფრასტრუქტურას და ფლოტს.

იემენი: 2025 წლის მარტ-მაისში აშშ-მ განახორციელა მასშტაბური ოპერაცია იემენში ჰუთების წინააღმდეგ, რათა აღეკვეთა ჰუთების მხრიდან წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმები და ძარცვა. ამერიკული იერიშის მომენტისთვის ჰუთებს 190-მდე ხომალდზე ჰქონდათ იერიში მიტანილი. ამერიკული შეტევის ფარგლებში ამერიკულმა საჰაერო და საზღვაო ძალებმა ათობით დარტყმა განახორციელეს და ზიანი მიაყენეს რაკეტების გამშვებებ სისტემებს, რადარებს და დრონების ბაზებს. 2025 წლის 6 მაისს პრეზიდენტ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია დასრულდა.

ერაყი: 2025 წელს ტრამპის ადმინისტრაციამ ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წინააღმდეგ რამდენიმე ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარა. 2025 წლის 13 მარტს აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ალ-ანბარის პროვინციაში ზუსტი საჰაერო დარტყმით მოკლა ISIS-ის მეორე მეთაური აბდალა „აბუ ხადიჯა“ მაკი მუსლიჰ ალ-რიფაი, რომელიც ორგანიზაციის გლობალურ ოპერაციებსა და დაფინანსებას ხელმძღვანელობდა. ოპერაცია განხორციელდა ერაყის უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობით. აღსანიშნავია, რომ ISIS-ის წინააღმდეგ აშშ-ის კამპანია ერაყში, Operation Inherent Resolve, 2014 წელს ობამას ადმინისტრაციის დროს დაიწყო.

სირია: 2025 წლის 19 დეკემბერს აშშ-მა სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ავიადარტყმები განახორციელა ოპერაცია Hawkeye Strike-ის ფარგლებში. კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც იმავე თვეში ISIS-ის თავდასხმის შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო და ერთი ამერიკელი სამოქალაქო თარჯიმანი დაიღუპა. აშშ-ისა და იორდანიის ძალებმა ცენტრალურ სირიაში სხვადასხვა ლოკაციაზე 70-ზე მეტ სამიზნეზე 100-ზე მეტი ზუსტი საბრძოლო შეტევა მოახდინეს 2026 წლის 10 იანვარს განხორციელდა დამატებითი მასშტაბური დარტყმები, ხოლო 16 იანვარს CENTCOM-ის ოპერაციამ ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მოკლა „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული ლიდერი ბილალ ჰასან ალ-ჯასიმი, რომელსაც კავშირი ჰქონდა 2025 წლის 13 დეკემბერს ამერიკელ სამხედროებზე განხორციელებულ თავდასხმასთან.

სომალი: 2025 წლის 1 თებერვალს აშშ-მა სომალიში „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) მებრძოლების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელა. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელში “truth social” აღნიშნა, დარტყმები განხორციელდა ტერორისტებზე, რომლებიც გამოქვაბულებში იმალებოდნენ.

ნიგერია: 2025 წლის დეკემბერში აშშ-მ სარაკეტო თავდასხმები განახორციელა ნიგერიის სოკოტოს შტატში განლაგებულ ISIS-თან და Boko Haram-თან დაკავშირებულ ტერორისტულ ჯიჰადისტ ჯგუფებზე, რომლებიც ქრისტიანულ მოსახლეობას ესხმოდნენ თავს. 25 დეკემბერს დონალნდ ტრამპმა სოციალურ ქსელში “truth social”-ში გამოაცხადა, რომ აშშ-მ განახორციელა „მძლავრი და მომაკვდინებელი დარტყმა“ ტერორისტულ ჯგუფებზე ნიგერიის ჩრდილოეთ-დასავლეთში.

ვენესუელა: 2026 წლის იანვარში ტრამპის ადმინისტრაციამ განახორციელა სამხედრო შეტევა ვენესუელას დედაქალაქ კარაკასზე, სადაც ამერიკულმა შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ჩრდილოეთ ვენესუელაში არსებული ანტი-საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლის პარალელურად სპეციალური დანიშნულების რაზმმა დააკავა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლა მადურო.

შესაბამისად, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის პირველ წელს აშშ-მა 7 ქვეყანაზე განახორციელა სამხედრო შეტევები და ისინი „დაბომბა“. რაც შეეხება პოსტში ნახსენებ კიდევ ერთ ლოკაციას (ღაზა), მის მიმართ აშშ-ს მხრიდან სამხედრო მოქმედებების განხორციელება და დაბომბვა არ მომხდარა.

2025 წელს ღაზაში ნამდვილად მიმდინარეობდა სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ისრაელი ახორციელებდა ჰამასის და ღაზას სექტორში მყოფი სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ. ეს სამხედრო ოპერაცია ისრაელმა დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჰამასის წევრებმა იერიში განახორციელეს ისრაელზე სამხედრო რაკეტების (ჯამში 5000-მდე) გაშვებით და სახმელეთო ინფილტრაციით და მშვიდობიან მოსახლეობაზე შეტევით. ამის საპასუხოდ ისრაელმა 2023 წელსვე დაიწყო კონტრშეტევა, რომლის მიზანი იყო ღაზის თითქმის სრული ბლოკადა შემდეგ კი სახმელეთო შეტევა ჩრდილოეთ ღაზაზე. 2023 წლის ბოლოს და 2024 წლის განმავლობაში ისსრაელის არმიამ ეტაპობრივად გააფართოვა ოპერაციები ღაზის სხვადასხვა ნაწილში — ჯაბალიაში, ხან იუნისში, შუჯაიიაში და მოგვიანებით რაფაჰში — სადაც მიმდინარეობდა როგორც ავიადარტყმები, ისე ქუჩის ბრძოლები. 2024 წელს ბრძოლები გაგრძელდა პერიოდული ინტენსიური დაბომბვებით, სამხედრო ოპერაციებით ქალაქის უბნებში ასევე რაფას მიმართულებით შეტევით, რასაც თან ახლდა ჰუმანიტარული კრიზისის გაღრმავება. 2025 წელს ისრაელმა კვლავ განახორციელა ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები, მათ შორის, ახალი შეტევები რაფასა და ღაზა-სიტიზე, რასაც მოჰყვა ქალაქის ნაწილების ალყაში მოქცევა და მძიმე ავიადარტყმები. საბოლოოდ, საერთაშორისო შუამავლობით რამდენიმე დროებითი ცეცხლის შეწყვეტა და ტყვეთა გაცვლა მოხდა, თუმცა პერიოდული სამხედრო მოქმედებები გაგრძელდა.

ამ ოპერაციებში, მათ შორის, არც 2025 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებს პირდაპირი სამხედრო მონაწილეობა არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი და დონალდ ტრამპი მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას უწევდნენ ისრაელს. პარალალელურად ვაშინგტონი აწვდიდა სამხედრო დახმარებას და აქტიურად მონაწილეობდა დიპლომატიურ პროცესებში, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების შუამავლობაში.

ტრამპის პრეზიდენტობის ერთ წელიწადში თუნდაც 7, ან 8 ქვეყანა რომ ყოფილიყო დაბომბილი აშშ-ის მიერ, მაინც შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპი არ იქნება პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ამდენ ქვეყანაში ერთდროულად გამოიყენა სამხედრო ძალა.

მაგალითად, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში, 2016 წელს, აშშ ასევე ახორციელებდა სამხედრო ოპერაციებს შვიდ ქვეყანაში (ერაყი, სირია, ავღანეთი, ლიბია, იემენი, სომალი და პაკისტანი). საგარეო ურთიერთობების საბჭოს კვლევის თანახმად 2016 წელს აშშ-მა 26,172 ბომბი ჩამოაგდო ზემოთ აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიაზე.


ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: რუსეთმა ოფიციალურად აღიარა, რომ ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერია
დეზინფორმაცია: რუსეთმა ოფიციალურად აღიარა, რომ ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერია
ივლ 16, 2025
სოციალურ ქსელში ჯო უილსონის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჯო უილსონის ყალბი ციტატა ვრცელდება
ნოე 18, 2025
სოციალურ ქსელში ბორის ჯონსონის ციტატა კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბორის ჯონსონის ციტატა კონტექსტის გარეშე ვრცელდება
დეკ 24, 2025
სოციალურ ქსელში ირაკლი რუხაძის გამოგონილი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ირაკლი რუხაძის გამოგონილი ციტატა ვრცელდება
ივლ 29, 2025
რა ვიცით ბრიჯიტ მაკრონის საგადასახადო დოკუმენტების შესახებ, სადაც ის ჟან მიშელად არის მოხსენიებული?
რა ვიცით ბრიჯიტ მაკრონის საგადასახადო დოკუმენტების შესახებ, სადაც ის ჟან მიშელად არის მოხსენიებული?
ნოე 19, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.