Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
რა განსხვავებაა შვედეთის საპარლამენტო ინიციატივასა და „ქართული ოცნების“ FARA-ს შორის?

რა განსხვავებაა შვედეთის საპარლამენტო ინიციატივასა და „ქართული ოცნების“ FARA-ს შორის?

ივნისს 6, 2025 · Verified Facts · Verdict: Newspaper article

სოციალურ ქსელში პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედი“ საინფორმაციო ქარდს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). ქარდზე შვედეთის მთავრობის ორი განცხადებაა დატანილი. „1 ივნისი – შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოზე: FARA რეპრესიული კანონია, რომელიც დამოუკიდებელ ხმას ახშობს. 2 ივნისი – შვედეთის მთავრობა საკუთარ ქვეყანაზე: ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობის უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს“. იგივე საინფორმაციო ბარათი გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. ქარდი გააზიარა სხვა Facebook-ანგარიშმაც. საგულისხმოა, რომ შვედეთის საკანონმდებლო ცვლილებებზე ინფორმაცია პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მაც გააშუქა. სიუჟეტში აღნიშნულია, რომ  შვედეთის მთავრობა „ქართულ ოცნებას“ FARA-ს გამო აკრიტიკებს, თუმცა მსგავსი კანონმდებლობის შექმნაზე თავადვე მუშაობს.

     

 

რას გულისხმობს შვედეთში განხილული საკანონმდებლო ცვლილება?

მიმდინარე წლის 28 მაისს შვედეთის იუსტიციის, შრომისა და ინტეგრაციის, სოციალური დაცვის მინისტრებმა და იუსტიციის კომიტეტის თავმჯდომარემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე,  შვედეთში ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ინიციატივის მიზანია, შეზღუდოს ან აკრძალოს უცხოური დაფინანსების მიღება. პრესკონფერენციის დაწყებისთანავე შვედეთის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა: „დღეს მთავრობა დანიშნავს სპეციალურ გამომძიებელს, რომელიც განიხილავს და შემოგვთავაზებს წესებს, რათა აიკრძალოს ან სხვაგვარად შეიზღუდოს ისლამიზმთან, ექსტრემიზმთან თუ სხვა სახის ანტი-დემოკრატიულ ინტერესებთან დაკავშირებული რელიგიური თემებისა და აქტივობების უცხოური დაფინანსება“.  მინისტრებმა აღნიშნეს, რომ 2002-2018 წლებში ექსტრემისტულ რელიგიურ გარემოსთან დაკავშირებულმა არაერთმა აქტორმა დაფინანსება უცხოეთიდან მიიღო.

არც პრესკონფერენციაზე უთქვამთ და არც  შვედეთის პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში წერია, რომ ინიციატივა სამიზნეში ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებას იღებს. პარლამენტის ვებგვერდზე ასევე ვკითხულობთ, რომ ინიციატივა უკავშირდება შვედეთში ისლამიზმთან, ექსტრემიზმთან და სხვა ანტიდემოკრატიულ ინტერესებთან კავშირში მყოფი რელიგიური თემებისა და სხვა აქტივობების უცხოური დაფინანსების განხორციელებას. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში  აღნიშნულია, რომ ინიციატივა ინდივიდების რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის გარეშე ამოქმედდება: „უნდა ვებრძოლოთ ისეთ აქტივობებს, რომლებიც, მაგალითად ტერორიზმისა და ძალადობრივი აქტების მხარდაჭერით ან ძალადობრივი ქმედებებისა და საბოტაჟისაკენ მოწოდებით თავს ესხმის დემოკრატიულ მმართველობას. ისლამიზმი, მოწოდებები ნაცვლად ჩვეული სამართლებრივი სისტემისა ალტერნატიული სამართლებრივი სისტემების გამოყენებისკენ და თავისუფალი არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლა ასევე შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს დემოკრატიულ მმართველობას. დემოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლა შეიძლება ასევე მოიცავდეს დემოკრატიისა და მისი ინსტიტუტების დაზიანების მოტივით შეცდომაში შემყვანი მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებასაც. აუცილებელია, რომ ჩვენ ძალისხმევა იმ პროცესების რღვევისაკენ მივმართოთ, რომელთაც ინდივიდებისა თუ ჯგუფების რადიკალიზაციამდე მიყვანა შეუძლია. უფრო მეტი ზომაა საჭირო პოლარიზაციის, რადიკალიზაციისა და ტერორისტული თუ ძალადობრივ-ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან წარმოებული რეკრუტირების შესამცირებლად. ასეთი ჯგუფები, საკუთარი არსებობისა და მათი აქტივობებისთვის დაფინანსების მისაღებად, იყენებენ როგორც ლეგალურ, ასევე არალეგალურ გზებს. ძალადობრივი ექსტრემიზმისა და ტერორიზმის დაფინანსება შედგება რეკრუტირებისა და რადიკალიზაციის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით წარმოებული სხვადასხვა სახის ოპერაციების დაფინანსებისაგან“.

ტექსტში ხაზგასმულია, რომ „შვედეთში  ყველა უცხოური დაფინანსება პრობლემური არ არის“, თუმცა პრობლემურია ზოგიერთი მათგანი. კერძოდ, არსებობს რელიგიური თემების ანტიდემოკრატიული მიზნებისთვის უცხოური მხარდაჭერის მიღების არაერთი მაგალითი: „2002-2018 წლებში, რადიკალურ რელიგიურ გარემოსთან სხვადასხვა სახის კავშირის მქონე არაერთმა აქტორმა მიიღო ფინანსური მხარდაჭერა საზღვარგარეთიდან. ამ მხარდაჭერამ ხელი შეუწყო შვედეთში ფონდების, ასოციაციების, მეჩეთებისა და სასწავლო ცენტრების შექმნას. ასევე აღინიშნა ისიც, რომ 2023 წელს რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ (მოსკოვის საპატრიარქო) რამდენჯერმე მიიღო მნიშვნელოვანი დაფინანსება რუსეთის სახელმწიფოსგან, ხოლო ეკლესიის წარმომადგენლები მოქმედებდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერის წახალისების მიზნით.  უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა (დაადგინეს), რომ რუსეთის სახელმწიფო ეკლესიას, როგორც სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების, სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ სხვა აქტივობების პლატფორმას ისე იყენებდა.

ხაზგასასმელია, რომ საპარლამენტო ინიციატივის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოში შვედეთის საელჩო  გამოეხმაურა. პოსტში აღნიშნულია, რომ შვედეთის საკანონმდებლო ინიციატივა ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსებას  და მარეგულირებელ ჩარჩოს შექმნას ეხება და ხაზგასმულია, რომ აღნიშნული ინიციატივა „მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან“, რომელიც ეხება ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას, მისი მიზნობრიობის მიუხედავად და რომელიც მიღებულ იქნა ნაჩქარევად, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე“.

რას წარმოადგენს  ქართული FARA?

2023 წელს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი შემოიტანა, რომელიც პარლამენტმა მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე,  2023 წლის 10 მარტს უკან გაიწვია და შემდგომ – 2024 წლის მაისში, „ქართულმა ოცნებამ“ ხელახლა დაინიციირებული ზუსტად იგივე კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საბოლოოდ მიიღო. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. FARA-ს შემოტანამდეც სცადა.

აღსანიშნავია, რომ  როგორც 2023 წლის  თებერვალში, ასევე  2024 წლის აპრილში ე.წ. რუსულ კანონის დაინიციირებას საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და საერთაშორისო პარტნიორების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. რეაქციის საპასუხოდ, მაშინაც, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მასობრივად გაზიარდა ქარდები, რომლებიც საქართველოში დარეგისტრირებულ კანონპროექტს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში არსებული კანონების ანალოგად წარმოაჩენდა.

მიუხედავად ამისა, საქართველოში დაინიციირებული ე.წ. რუსული კანონი მისი „დასავლური ანალოგებისაგან“ მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში დაინიციირებული „რუსული კანონები“ არ წარმოადგენდა დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული კანონების, მათ შორის, FARA-ს ანალოგებს. საგულისხმოა, რომ ვენეციის კომისიის 2023 და 2024 წლის დასკვნაში მოცემულია აშშ-ში მოქმედი FARA-ს მიზნობრიობა და მოქმედების არეალი: „[ამერიკული] FARA-ს მიხედვით, უცხოეთიდან დაფინანსების მიღება არ არის რეგისტრაციის საფუძველი, არამედ, პირი უცხო ძალის აგენტი უნდა იყოს, რაც ნიშნავს, რომ ის უცხო ძალის სახელით, კონკრეტული მითითებითა და კონტროლით მოქმედებს.

ამასთან ერთად, FARA სამიზნეში კონკრეტულად სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებსა ან მედიის წარმომადგენლებს არ იღებს. ის ნებისმიერ არაკომერციულ ან კომერციულ იურიდიულ პირს ან ფიზიკურ პირს ეხება, რომელიც უცხო ძალის ლეგალურ აგენტად მოქმედებს. მაშინ, როდესაც აშშ-ში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია იღებს უცხოურ გრანტებსა და დახმარებას, აშშ მათგან არ მოითხოვს, დარეგისტრირდნენ FARA-ში უცხო ქვეყნის აგენტად. FARA-ში რეგისტრირებულთა მხოლოდ მცირე ნაწილი, დაახლოებით 5%  არიან არაკომერციული ორგანიზაციები, ძირითადად უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიების ფილიალები. FARA-სთან და მსგავს კანონებთან მკვეთრი განსხვავებით, ქართული კანონი წინასწარ მიიჩნევს, რომ ყველა, ვინც უცხო დაფინანსებას მიიღებს, ამ უცხო დამფინანსებლის (მოხსენებული როგორც „უცხო ძალა“) ინტერესებით იმოქმედებს“, – ვკითხულობთ კომისიის დასკვნაში.

აშშ-მა FARA 1938 წელს მიიღო უცხოური პროპაგანდისა და პოლიტიკური დივერსიების საპასუხოდ, რომელიც, განსაკუთრებით, ნაცისტური წყაროებიდან მოდიოდა. კანონი მოითხოვს ნებისმიერი (ფიზიკური თუ იურიდიული) პირი იუსტიციის დეპარტამენტში დარეგისტრირდეს უცხოეთის აგენტად, თუ ის საქმიანობას ახორციელებს უცხოური ძალის კონტროლის ქვეშ და ჩართულია პოლიტიკურ ან სხვა, კანონით განსაზღვრულ, საქმიანობაში. უფრო კონკრეტულად, კანონის თანახმად, უცხოურ ძალად მოიაზრება უცხო ქვეყნის ხელისუფლება, პოლიტიკური პარტია, პირი, ორგანიზაცია, კორპორაცია და ა.შ.

უცხო ქვეყნის აგენტად კი შეიძლება მოიაზრებოდეს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც:

  • მოქმედებს/საქმიანობას ახორციელებს უცხოური ძალის მოთხოვნით, მითითებით, კონტროლქვეშ (და ა.შ);
  • რომლის აქტივობას პირდაპირ ან არაპირდაპირ ზედამხედველობს, აკონტროლებს, აფინანსებს (და ა.შ) უცხოური ძალა.
  • რომელიც აშშ-ში ჩართულია პოლიტიკურ აქტივობაში უცხოური ძალის სასარგებლოდ, და ა.შ.

კანონის შესაბამისი მოთხოვნების განზრახ დარღვევის შემთხვევებისთვის გათვალისწინებულია როგორც ფულადი ჯარიმა, ისე თავისუფლების აღკვეთა.

აღსანიშნავია, შემდეგი სხვაობაც:

  • FARA არ ადგენს რეგისტრაციის ვალდებულებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ორგანიზაცია დაფინანსებას უცხოური წყაროდან იღებს. რეგისტრაცია საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი მოქმედებს უცხოური მთავრობის პირდაპირი მითითებით და მისი კონტროლის ფარგლებში.
  • აშშ-ში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიაორგანიზაცია იღებს უცხოურ გრანტებსა და დახმარებას, მაგრამ FARA არ მოითხოვს მათგან უცხოურ აგენტად რეგისტრაციას.
  • FARA-ს შესაბამისად შექმნილი იურიდიული და ფიზიკური პირების რეესტრში, პრაქტიკულად, არ იძებნება ადგილობრივი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ცივი ომის დასრულების შემდეგ, FARA-ს გამოყენების საჭიროება ძალიან იშვიათად დგებოდა, თანაც, ძირითადი შემთხვევები, პოლიტიკური ლობირების ფაქტებსა და ტერორისტული საქმიანობების დაფინანსების პრევენციას ეხებოდა. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საარჩევნო პროცესში რუსეთისა და ჩინეთის ჩარევის შესახებ ბრალდებების გავრცელებასთან ერთად, FARA კვლავ აქტუალური გახდა. ამ ფაქტს, თავის მხრივ, უცხო ქვეყნების მთავრობებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების უკანონო საქმიანობის გამოვლენა და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის არაერთი შემთხვევა მოყვა.

მაგალითად, 2018 წელს კოლუმბიის ოლქის ნაფიცმა მსაჯულებმა რუსეთის ფედერაციის 13 მოქალაქეს და 3 კომპანიას ბრალი წარუდგინა სხვადასხვა დანაშაულის, მათ შორის, 2016 წლის არჩევნებში ჩარევის გამო. მათ ბრალი, ასევე, დასდეს FARA-ს მოთხოვნების დარღვევით კონსპირაციულ თაღლითობაში. ბრალდებულები აშშ-ში კომპიუტერულ მოწყობილობებს იყენებდნენ, რათა რუსული კვალი და საკუთარი ქმედებები დაეფარათ, სოციალურ ქსელებში ყალბ ექაუნთებს არეგისტრირებდნენ, თავს აშშ-ის მოქალაქეებად ასაღებდნენ და დონალდ ტრამპის სასარგებლოდ საინფორმაციო ომს აწარმოებდნენ.

ასევე, საარჩევნო პროცესში ჩარევის გამო და FARA-ს მოთხოვნების დარღვევისთვის აშშ-ში დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსეთის მოქალაქე ელენა ხუსიაინოვა. ასევე, ამერიკაში უცხოეთის აგენტებად არიან ცნობილი ისეთი პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, როგორიცაა რუსული Russia Today, Sputnik და ჩინური China Daily.

FARA-ს დარღვევებთან დაკავშირებული საქმეები ცხადყოფს, რომ კანონი პრაქტიკაში, რეალურად, უცხო ქვეყნებიდან მომდინარე მავნე ზეგავლენისგან დასაცავად და საფრთხეების ასარიდებლად გამოიყენება. მიუხედავად ამისა, FARA-ს ბოლო პერიოდში უფრო მეტი კრიტიკოსი გამოუჩნდა, განსაკუთრებით, სამოქალაქო საზოგადოებიდან. კრიტიკის საგანს კანონის მოქმედების ფართო და ამავდროულად, ბუნდოვანი არეალი წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც საფრთხე ექმნება ისეთი არასამეწარმეო ორგანიზაციების რეპუტაციასა და საქმიანობას, რომელთაც, შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეთ, ან მინიმალური კავშირი ჰქონდეთ უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან. სწორედ ამ მიზეზით, 2022 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს არაერთმა გავლენიანმა ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა ღია წერილით, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, რომ FARA-ს განუსაზღვრელობას და ბუნდოვანებას შეუძლია ძირი გამოუთხაროს და შეასუსტოს სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლება.

2025 წლის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარმა პროკურორმა, პამელა ბონდიმ, FARA-ს რეპრესიული მიზნებისათვის ინსტრუმენტალიზების რისკებზე ისაუბრა და აღნიშნულ საფრთხეებზე  მემორანდუმი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც: „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნა, მხოლოდ იმ შემთხვევებით უნდა შემოიფარგლოს, როდესაც სავარაუდო ქმედება, თავისი ბუნებით,  მიახლოებულია იმ ტიპის ტრადიციულ ჯაშუშობასთან, რომელსაც უცხო ქვეყნების სამთავრობო წარმომადგენლები ახორციელებენ“. აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ გააუქმა FBI-ს საგარეო გავლენის სამუშაო ჯგუფი, რომელიც FARA-ს დარღვევებს იძიებდა და უცხოურ გავლენას ებრძოდა.

ამ ეტაპზე,  FARA-ს შესაბამისად, 540-მდე აქტიური სუბიექტია რეგისტრირებულია, საიდანაც არაკომერციულ ორგანიზაციათა წილი  მხოლოდ 5% -ს შეადგენს. (რეგისტრირებულ არაკომერციულ ორგანიზაციათა შორისაა, პოლიტიკური პარტიების კუთვნილი ის ფილიალები, რომლებიც აშშ-ს გარეთ ფუნქციონირებენ). აშშ-ში არა ერთი ორგანიზაცია ან მედია არსებობს, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების მმართველი გუნდის პოლიტიკას აკრიტიკებენ,  თუმცა, FARA-ს მოქმედება მათზე არ ვრცელდება და შესაბამისად, სახელმწიფო მათ „უცხოურ აგენტებად“ არ აიდენტიფიცირებს.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ FARA-ს, საქართველოში 2025 წლის 24 თებერვალს პარლამენტის ბიუროში დარეგისტრირდა, რომელიც სწორედ აშშ-ში მოქმედი FARA-ს თარგმანია. მიუხედავად ტექსტის იდენტურობისა,  განმარტებით ბარათში, რომელიც თავის მხრივ, კანონს განმარტავს, ფაქტობრივი აღიარებაა მოცემული, რომ FARA-ს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ იღებენ, რომლებიც ე.წ. რუსულ კანონს არ ემორჩილებოდნენ. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: „კერძოდ, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა, რომლებიც დიდი ოდენობით იღებენ უცხოური ძალისგან დაფინანსებას, უარს ამბობს კანონით გათვალისწინებულ რეესტრში რეგისტრაციაზე და ამჯობინებს, დაეკისროს კანონით გათვალისწინებული სანქცია. აქედან გამომდინარე, საჭიროა ისეთი კანონის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს კანონმდებლის ნების სათანადო რეალიზებას“.

ხაზგასასმელია, რომ აშშ-ში აგენტად  რეგისტრაციისთვის, ნათლად უნდა ჩანდეს, რომ ორგანიზაცია სხვა სახელმწიფოს ან უცხოელი აქტორის ინტერესებს ლობირებს. ასე მაგალითად, FARA-ში რეგისტრირებულია რუსული სამთავრობო არხი „სპუტნიკი“ და „Russia Today“, მაგრამ არ არის რეგისტრირებული დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებები, როგორებიცაა მაგალითად, ბრიტანული გარდიანი და სხვა.

ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების განცხადებით, აშშ-ში მოქმედი FARA დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება. თანაც, საგულისხმოა, რომ ქართულ რეალობაში  FARA-ს გადმოტანა შეუძლებელია, თუ მხედველობაში არ იქნება მიღებული ამერიკაში ამ კანონის გამოყენების სასამართლო პრაქტიკა და მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც აზუსტებს კანონის შინაარსს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ქართული კანონისა და FARA-ს შედარებითი ანალიზი გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, თუ მმართველი პარტია FARA-ს კანონის ამერიკული სასამართლო პრაქტიკის ლოგიკით გამოყენებას ასევე ზედმიწევნით შეეცდება, მაშინ სხვა ქვეყნებიდან დაფინანსებული, მაგრამ დამოუკიდებელი დღის წესრიგის მქონე სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები FARA-ს ტიპის კანონის მოქმედებაში ვერ მოექცევიან, ვინაიდან:

„FARA-ს მიზანია გააკონტროლოს უცხოური ძალის პირდაპირი გავლენა ადგილობრივ პოლიტიკაზე, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის [აქტორის] მითითებებს“.

ამერიკული პრაქტიკისგან განსხვავებით, სადაც უცხოური პრიციპალის მხრიდან დირექტივების/მითითებების მიღება აგენტად რეგისტრირების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ  „ფარას კანონი შეიძლება შეეხოს როგორც მედიას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე ფიზიკურ პირებს… ერთია, რომ უცხოეთიდან დაფინანსებას უნდა იღებდეს კონკრეტული ორგანიზაცია და ამავდროულად [აწარმოებდეს] იმ პოლიტიკურ საქმიანობას, რაც კანონს აქვს განსაზღვრული“. აღნიშნული განმარტება წინააღმდეგობაში მოდის ამერიკულ პრაქტიკასთანაც და ქართული კანონის სიტყვასიტყვით წაკითხვასთანაც.

2025 წლის 9 აპრილს  „ქართული ოცნების“   მიერ  „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის შემოღებას გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაცია, არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრი (ICNL). განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კანონი საჯარო კონსულტაციების გარეშე იქნა მიღებული, რაც ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების, მშვიდობიანი მომიტინგეების დევნისა და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების ფონზე, განსაკუთრებულად პრობლემურია. ცენტრი იზიარებს სამოქალაქო სექტორის შეშფოთებასა და წუხილს, რომ FARA-ს ქართული მოდელი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.  სავალდებულო რეგისტრაციისა და მათი საქმიანობის ტოტალური  კონტროლის მიღმა,  კანონის ამოქმედების შემდგომ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საჯარო პოზიციონირებისას ვალდებული იქნებიან,  ხაზგასმით  გააცხადონ, რომ  ორგანიზაცია „უცხოური აგენტია“, რასაც დამატებით მასტიგმატიზებელი ეფექტი ექნება მათ საქმიანობაზე.

ცენტრი ეხება ამერიკულ FARA-საც და ხელისუფლების მტკიცებას, რომ   „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი, აშშ-ში მოქმედი მოდელის (US FARA) გადამუშავებულ ვერსიას წარმოადგენს, მცდარად აფასებს, ვინაიდან ამერიკული და ქართული  მოწესრიგება არსებითად განსხვავდება, როგორც კანონის მიღების მიზნების, ასევე მათი აღსრულების კუთხითაც, რასაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ცალკეული განცხადებებიც ცხადყოფს. კერძოდ, ხელისუფლების საჯარო პოზიციონირება მიანიშნებს, რომ კანონის აღსრულება საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებთან  საწინააღმდეგოდ იგეგმება.

ცენტრი ასკვნის, რომ „ქართული FARA სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მოქალაქეების საქმიანობას, მიზანმიმართულად, ბუნდოვანი და განუჭვრეტადი ნორმებით ზღუდავს.  იმისათვის, რომ სამოქალაქო სექტორი დამოუკიდებელი და დაცული იქნას, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს კანონი ისე, რომ აღმოფხვრას აღნიშნული ხარვეზები და უზრუნველყოს, რომ მისი აღსრულება შეესაბამებოდეს  საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს“.

საერთაშორისო გამოხმაურება

საგულისხმოა, რომ „ქართული ოცნების“ FARA-ს მიღებას არა ერთი კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“  ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს: „ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს მისი მოქალაქეების მკაფიო მოთხოვნები დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, საპროტესტო აქციების მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი. ევროკავშირი მზადაა განიხილოს საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუკი ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის საპირისპირო სარწმუნო ნაბიჯებს გადადგამს. პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება“.

FARA-ს ამოქმედებას გამოეხმაურა ასევე ესტონეთისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, მარგუს ცაჰკნა და ბაიბა ბრაჟე. მათ განაცხადეს, რომ კანონი დემოკრატიულ პრინციპებს არღვევს, ემსახურება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაჩუმებას და ქვეყნის მოსახლეობას ევროპულ მომავალს ართმევს.

დასკნა

ამდენად, შვედეთის შემთხვევაში ახალი ინიციატივა  ექსტრემისტულ, ძალადობრივ რელიგიურ გაერთიანებებს ეხება. ინიციატივის მიზანი შვედეთის დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაა. ამგვარი აქტივობები, როგორც ინიციატორები განმარტავენ, მაგალითად, მოიცავს ტერორისტული და ძალადობრივი ექსტრემიზმის აქტებს ან ძალადობრივი ქმედებებისა და დივერსიის წახალისებას. „ქართული ოცნების“ FARA-ს შემთხვევაში, კანონი მიზანში დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას იღებს.

See all posts

Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.