Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
საერთაშორისო რეიტინგები აჩვენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე მოკლე დროში ყველაზე მასშტაბური დემოკრატიული ვარდნა აქვს

საერთაშორისო რეიტინგები აჩვენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე მოკლე დროში ყველაზე მასშტაბური დემოკრატიული ვარდნა აქვს

ივნისს 6, 2025 · Verified Facts · Verdict: Newspaper article

საერთაშორისო რეიტინგები მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების, ზოგადი მმართველობის, მედიისა თუ სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობის, ეკონომიკური და სოციალური განვითარების შეფასების კუთხით.

ამ სტატიაში რამდენიმე ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასებებია წარმოდგენილი, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული მაჩვენებლების მძიმე უკუსვლას ადასტურებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვემოთ მიმოხილული ორგანიზაციების უმრავლესობა შეფასებისას 2024 წელს ან მანამდე არსებულ მდგომარეობას ეყრდნობა და აღნიშნული კვლევები არ აანალიზებს 2025 წელს მიღებულ რეპრესიულ კანონებსა (მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების თუ საარჩევნო და საჯარო ადმინისტრირების შესახებ) და „ქართული ოცნების“ სხვა არადემოკრატიულ ნაბიჯებს.

Freedom House

„Freedom House“ გავლენიანი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც თავისუფლების კუთხით ქვეყნებს  ყოველწლიურად, ორი კატეგორიით – პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების მიხედვით, 100-ქულიანი სკალით აფასებს, სადაც  100 ქულა საუკეთესო შედეგია. შეფასებაში პოლიტიკურ უფლებებს 40, სამოქალაქო უფლებებს კი 60 ქულა ეთმობა.

„ფრიდომ ჰაუსის“ 2025 წლის ანგარიშის თანახმად, რომელიც 2024 წლის მონაცემებს ეყრდნობა და მასში წარმოდგენილი არ არის 2025 წლის დასაწყისიდან მიღებული კიდევ უფრო რეპრესიული კანონები, საქართველო კვლავაც ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია და გასულ წელთან შედარებით სამი ქულით ნაკლები 55 ქულა აქვს მინიჭებული. პოლიტიკური უფლებების ნაწილში მაქსიმალური 40-დან საქართველოს შეფასებაა 21 ქულა, ხოლო სამოქალაქო უფლებების ნაწილში – მაქსიმალური 60-დან 34 ქულა.

საგულისხმოა, რომ Freedom house-ის მონაცემებით, რომელიც  შარშანდელ მონაცემებს ეყრდნობა, საქართველო უკვე აღარ არის ელექტორალური დემოკრატია (იხილეთ ფოტო). კვლევის მეთოდოლოგიის მიხედვით, „საარჩევნო დემოკრატია“ არის იმ ქვეყნებში, რომლებიც აკმაყოფილებენ პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების გარკვეულ მინიმალურ სტანდარტებს. საქართველოსთან ერთად არიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: ბელარუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, კენია და სხვ.

ცნობისთვის, საქართველომ „საარჩევნო დემოკრატიის“ სტატუსი 2009 წელს დაკარგა, 2008 წლის საპარლამენტო და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების გათვალისწინებით. „საარჩევნო დემოკრატიის“ სტატუსი 2013 წელს აღდგა.

 

დემოკრატიის ინდექსი

ჟურნალ „ეკონომისტთან“ დაკავშირებული   ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაცია The Economist Intelligence Unit-ის შეფასება ყოველწლიურად ქვეყნდება. კვლევაში ქვეყნები დაყოფილნი არიან ოთხ კატეგორიად: ავტორიტარული რეჟიმები, ჰიბრიდული რეჟიმები, არასრული დემოკრატიები და სრული დემოკრატიები. დემოკრატიის ინდექსის დადგენა კი  60 ინდიკატორის მიხედვით ხდება, რომლებიც გაერთიანებულნი არიან 5 ფართო კატეგორიაში –  მთავრობის ფუნქციონირება, საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, პოლიტიკური ჩართულობა, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლება.

2024 წლის დემოკრატიის ინდექსის თანახმად, რომელიც 2024 წლის მონაცემებს ეყრდნობა, დემოკრატიის კუთხით საქართველო 4,7 ქულით 94-ე ადგილზეა. 2023 წელს საქართველოს 10-ქულიან სკალაზე 5.20 ქულა ჰქონდა და 89-ე ადგილს იკავებდა. აღსანიშნავია, რომ  კატართან, ქუვეითთან, ტუნისთან და ბანგლადეშთან ერთად, ქვეყანა იმ ქვეყნების ხუთეულშია, რომელსაც ყველაზე დიდი უკუსვლა აქვს. რეიტინგში საქართველოს უსწრებს მეზობელი სომხეთი. დემოკრატიის ინდექსის შემადგენელ კომპონენტებში საქართველოს შედეგი ასე ნაწილდება:

  • საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი – 5.67
  • მთავრობის ფუნქციონირება – 3.21
  • პოლიტიკური თანამონაწილეობა – 5.56
  • პოლიტიკური კულტურა – 3.75
  • სამოქალაქო თავისუფლება – 5.29.

დემოკრატიის ინდექსში 2013 წელს საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა – 5.95 ჰქონდა და რეიტინგში 78-ე ადგილი ეკავა (იხილეთ ცხრილი). შედარებისთვის, 2010 წელს ქვეყანა 4.59 ქულით 103-ე ადგილს იკავებდა.

 

პრესის თავისუფლების ინდექსი

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ყოველწლიურად პრესის თავისუფლების ინდექს აქვეყნებს. კვლევაში შვიდი კრიტერიუმი გამოიყენება: პლურალიზმი, მედიის დამოუკიდებლობა, გარემო და თვითცენზურა, საკანონმდებლო ჩარჩო, გამჭვირვალობა, ინფრასტრუქტურა და შევიწროება. ქვეყნები ფასდებიან სკალაზე 0-დან 100-მდე, სადაც 0 საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო 100 – ყველაზე ცუდი.

2025 წლის ინდექსით, 180 ქვეყანას შორის საქართველო 114-ე ადგილზეა და ქვეყნის პოზიცია წინა წელთან მნიშვნელოვნად გაუარესებულია. 2024 წელს საქართველო რეიტინგში 103-ე პოზიციას იკავებდა. ბოლო ორი წლის მონაცემებით ჯამში საქართველოს რეიტინგი 37 ადგილითაა გაუარესებული. 2023 წლის შეფასებით, საქართველო 77-ე ადგილზე იყო. თანაც, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინტერაქციულ რუკაზე საქართველო მონიშნულია ქვეყნად, სადაც პრესის მდგომარეობა რთულია (Difficult). მაშინ, როცა 2024 წლამდე ქვეყანაში პრესის მდგომარეობა შეფასებული იყო როგორც პრობლემატური (Problematic).

„ოფიციალური პირების ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას. დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო კვლავ არახელსაყრელი რჩება, ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობა შეინიშნება. „უცხოური გავლენის“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების მიღება ჟურნალისტებს მარგინალიზებას იწვევს, ცენზურის ქვეშ აყენებს მათ და ამცირებს სიტყვის თავისუფლების სივრცეს“- ვკითხულობთ ანგარიშში.  საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად,  საქართველოში მედია ლანდშაფტი მრავალფეროვანი და, ამავე დროს,  პოლიტიკურად ძალზედ პოლარიზებულია. მანიპულირება, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდ არის გავრცელებული მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიით, რომელიც ინფორმაციის მთავარი წყაროა. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოში ხშირია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ჟურნალისტებზე, მათ შორის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს.

ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ ისეთი საკითხები, როგორებიცაა: რელიგია, ლგბტ უფლებები და რუსული გავლენა, მნიშვნელოვან სოციალურ დაძაბულობას იწვევს, რაც გავლენას ახდენს ჟურნალისტურ გაშუქებაზე: „გავლენიანი სოციალური ფიგურები, მაგალითად, მართლმადიდებელი სასულიერო პირები, ელექტრონულად კონტროლდებიან უსაფრთხოების სამსახურების მიერ, რითაც ირღვევა ჟურნალისტების კონფიდენციალური წყაროების დაცვის უფლება“.

ორგანიზაციის მიხედვით, ქვეყანა  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. აღნიშნული გარემო მედიებზე კონტროლის შანსებს ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს  უკრძალავს მედია საშუალებების ფლობას, მსხვილი ქსელები ძირითადად  მათი მფლობელების ინტერესებს იცავენ, რომლებსაც ხშირად აქვთ მჭიდრო კავშირები პოლიტიკურ ლიდერებთან. ანგარიშის თანახმად, იგივე ეხება სახელმწიფო მედიას, რომელიც ექვემდებარება ხელისუფლების ჩარევას. ამავდროულად, ხელისუფლება ხშირად უარს ამბობს უპასუხოს მედიას, რომელიც მათ აკრიტიკებს და ზოგჯერ მიმართავს ცენზურას, დაშინებას, ცილისმწამებლურ კამპანიებს და სხვ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეიტინგმა 2013 წლიდან ნეგატიური დინამიკის სწრაფი გაუმჯობესება დაიწყო, თუმცა 2021 წლის შემდგომ ვითარების მკვეთრი გაუარესების შედეგად, მსოფლიო რეიტინგის მაჩვენებელი  2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა.

უშუალოდ 2025 წლის ანგარიშის გამოქვეყნებამდე, ორგანიზაციამ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავტორიტარიზმის გაძლიერების ფონზე საქართველოში ორი ფრანგი ჟურნალისტი არ შეუშვეს. RSF-ის მიხედვით,  ფრანგი ფოტოჟურნალისტი ჟერომ შობო საქართველოში არჩევნების შემდგომ მიმდინარე პროტესტებს ორ თვეზე მეტია აშუქებდა, რის შემდეგაც ის ცოტა ხნით საფრანგეთში დაბრუნდა. მან 30 მარტს მან თბილისში შესვლა სცადა, თუმცა აეროპორტში გააჩერეს და შემდეგ ათენში გააძევეს. მას რაიმე ახსნის ან დასაბუთების გარეშე ორი 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმის დაუყოვნებლივ გადახდა მოსთხოვეს, თუმცა ერთ-ერთმა ოფიცერმა მას მოგვიანებით უთხრა, რომ მას არ შეუშვებდნენ “რომც გადაეხადა”, ვინაიდან ბრძანება “მაღლიდან” მოდიოდა. 10 აპრილს, ფრანგმა ფოტოჟურნალისტმა ჟერომ შობომ სასამართლო სარჩელი შეიტანა საქართველოს საზღვრიდან მის თვითნებურ გაძევებასთან დაკავშირებით. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2025 წლის 12 თებერვალს, „რაიმე ვალიდური მიზეზის გარეშე“ საქართველოში ასევე შემოსვლა აუკრძალეს კლემო ჟირარდოს, მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოში ათ წელზე მეტია მუშაობდა. მისი სარჩელი უარყოფილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ხოლო სასამართლო სხდომა 23 ივნისს არის დანიშნული.

ორგანიზაცია, შენიშნავს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ფართოდ მიჩნეულია გაყალბებულად, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ჟურნალისტების მიმართ უფრო და უფრო ხშირად ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს, როგორიცაა პოლიციის მხრიდან ძალადობა საპროტესტო აქციების დროს,  დაშინება, დაკავება და გაძევება. არჩევნების წინ ასევე ქვეყანაში შესვლა აეკრძალა ჩეხ  რეი ბეზელის და შვეიცარიელ ფოტოგრაფ სტეფან გოსს.  RSF შენიშნავს, რომ აქამდე მსგავსი აკრძალვებს ძირითადად ისეთ ავტორიტარულ ქვეყნებში მიმართავდნენ, როგორებიცაა: რუსეთი და ბელორუსი.  ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ  „ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა რეპრესიული კანონმდებლობა, მათ შორის კანონები „უცხოური გავლენის შესახებ“ და ახალი მაუწყებლობის რეგულაციები, რომლებიც კიდევ უფრო საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას ქვეყანაში.

საქართველოს საერთაშორისო პოზიცია პრესის თავისუფლების ინდექსში

V-Dem Institute-ის დემოკრატიის ინდექსი

გიოტებორგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის ბაზაზე დაფუძნებული V-Dem Institute ყოველწლიურად აქვეყნებს მონაცემებს. V-Dem 1789 წლიდან 2024 წლამდე 202 ქვეყნისთვის  უდიდეს გლობალურ მონაცემთა ბაზას  აწარმოებს დემოკრატიის შესახებ 31 მილიონზე მეტი მონაცემთა პუნქტით, რაშიც 4200-ზე მეტი მკვლევარი და სხვა ქვეყნის ექსპერტები მონაწილეობენ, V-Dem ზომავს დემოკრატიის 600-ზე მეტ სხვადასხვა ატრიბუტს.

V-Dem Institute-ის დემოკრატიის ანგარიში 5 მნიშვნელოვან კატეგორიაში ქვეყნის მდგომარეობას აფასებს:

  • არჩევითი დემოკრატიის ინდექსი – V-Dem Institute-ის მიხედვით, საარჩევნო დემოკრატია არსებობს მაშინ, როდესაც არჩევნები არის თავისუფალი, სამართლიანი და განმეორებითი (reoccurring); არჩეული თანამდებობის პირები დე ფაქტო ფლობენ პოლიტიკურ ძალაუფლებას; ხმის უფლება უნივერსალურია; არსებობს კონკურენცია და სიტყვის მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლება.
  • სათათბირო დემოკრატიის ინდექსი – აფასებს პროცესს, რომლითაც გადაწყვეტილებების მიღება ხდება. სათათბირო პროცესი გულისხმობს, რომ  პოლიტიკური გადაწყვეტილებები საერთო სიკეთეზე ორიენტირებული საჯარო მსჯელობით მიიღება, სადაც არ გვხვდება პარტიული ინტერესები  ან იძულება.
  • მონაწილეობითი დემოკრატიის ინდექსი – დემოკრატიის მონაწილეობითი პრინციპი ხაზს უსვამს მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას ყველა პოლიტიკურ პროცესში, საარჩევნო და არასაარჩევნო პროცესში.
  • ეგალიტარული დემოკრატიის ინდექსი – ეგალიტარული პრინციპი ზომავს ყველა სოციალური ჯგუფი  სარგებლობს თუ არა თანაბარი შესაძლებლობებით მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში.
  • ლიბერალური დემოკრატიის ინდექსი – ფოკუსირდება ინდივიდუალური თავისუფლებების დაცვასა და ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და წონასწორობის სისტემის არსებობაზე (Checks and Balnace System).

ზემოთ ჩამოთვლილ 5 მნიშვნელოვან ინდიკატორში 2013-2014 წლებში საქართველოს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება. ხოლო,  2017 წლიდან დღემდე საქართველოში მაღალი დონის ინდექსების უმრავლესობამ გაუარესება დაიწყო. საყურადღებოა, რომ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, იყო მატება ლიბერალური დემოკრატიისა და სათათბირო დემოკრატიის ინდექსებში, მაგრამ 2023 წელს ორივე მაჩვენებელმა დაიკლო.

საქართველოს მაჩვენებლები 2025 წლის ანგარიშის მიხედვით

საქართველოს მაჩვენებელი 2017 წლის ანგარიშის მიხედვით

საქართველოს შეფასება კვლევის ფარგლებში 2017 წლის შემდეგ უარესდება. ასე მაგალითად, თუ ქვეყანის 2017 წლის მაჩვენებელი საარჩევნო დემოკრატიის კუთხით 0.761 იყო და მე-40 ადგილს იკავებდა, 2025 წლის ანგარიშში ქვეყანა რეიტინგში 90-ე ადგილზეა, 0.48 ქულით.  2025 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველო საარჩევნო დემოკრატიის კატეგორიიდან, საარჩევნო ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა. ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის საარჩევნო წელი აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე მასშტაბური ერთწლიანი ვარდნით, რამაც ქვეყანა საარჩევნო ავტოკრატიად აქცია.

V-Dem-ის ანგარიში მიუთითებს გარე, კონკრეტულად რუსეთის ჩარევაზე საქართველოს საარჩევნო პროცესში. „საქართველოში საარჩევნო დარღვევებმა და რუსეთის ჩარევამ საარჩევნო პროცესში გამოიწვია ევროპარლამენტის მიერ არჩევნების არ აღიარება“- ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია მედიის მიკერძოება, როგორც მზარდი გამოწვევა და აღნიშნა, რომ საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, სადაც ოპოზიციური პარტიები და კანდიდატები განიცდიან მზარდ დისკრიმინაციას მმართველი პარტიის სასარგებლოდ. მაგალითად მოყვანილია 2024 წლის არჩევნების დროს ეუთო-ს დამკვირვებლების მიერ  დაფიქსირებული გამოწვევა: „მედიაში აშკარა პოლიტიკური მიკერძოება და მიუკერძოებელი გაშუქების სამართლებრივი მოთხოვნის უგულებელყოფა“.

საქართველო იმ 19 ქვეყანას შორისა, რომელთა მთავრობები აწესებენ იურიდიულ და ფინანსურ ბარიერებს პარტიების ფორმირებისა: „პარტიის შექმნის პროცესში სამართლებრივი და ფინანსური ბარიერები სულ უფრო ხშირი ხდება 19 ქვეყანაში, მათ შორისაა საქართველოში, გვინეაში, ყირგიზეთში, ჰონგ კონგში, ინდოეთსა და მექსიკაში“, – ნათქვამია ანგარიშში.

 

ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი

„ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი“ საერთაშორისო ორგანიზაცია „Heritage Foundation“ ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. რეიტინგი 4 კრიტერიუმისგან შედგება, რომლებიც 12 სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს. კერძოდ: საკუთრების უფლება, მართლმსაჯულების ეფექტურობა, მთავრობის კეთილსინდისიერება კანონის უზენაესობის კრიტერიუმშია გაერთიანებული. საგადასახადო ტვირთი, მთავრობის დანახარჯები, ბიზნესის თავისუფლება მთავრობის ზომის კრიტერიუმშია გაერთიანებული. შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება მარეგულირებლის ეფექტურობაშია გაერთიანებული. ინვესტიციების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება და ფისკალური თავისუფლება ბაზრის ღიაობაში ერთიანდება. თითოეული ინდიკატორი 0-დან 100-მდე ქულით ფასდება. 100 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია.

2025 წლის ინდექსის თანახმად, რომელიც 2023 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 30 ივნისამდე მონაცემებს ეყრდნობა, საქართველო რეიტინგში 69 ქულით 35-ე ადგილს იკავებს.  წინა გამოცემის მიხედვით, საქართველო 68.4 ქულით მსოფლიოს 184 ქვეყანას შორის 32-ე პოზიციაზე იყო „ზომიერად თავისუფალი“ სტატუსით.  აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული 4 კრიტერიუმიდან, ყველაზე ცუდი შეფასებები საქართველოს კანონის უზენაესობის ნაწილში, კერძოდ, საკუთრების უფლებისა და მართლმსაჯულების კომპონენტებში (იხილეთ ფოტო). ამასთან, საქართველო წინა წლის მსგავსად  „ზომიერად თავისუფალი“  (Moderately Free) ქვეყნების კატეგორიაში ხვდება.

 

საქართველოს საერთაშორისო პოზიცია ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში

კანონის უზენაესობის ინდექსი

„კანონის უზენაესობის ინდექსი“ საერთაშორისო ორგანიზაციის, „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ (WJP) ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. რეიტინგში ქვეყნები 8 ძირითადი კრიტერიუმისა და 44 ქვეკრიტერიუმის მიხედვით ფასდება. ძირითადი კრიტერიუმებია: ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობა, მთავრობის ღიაობა, ძირითადი უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, რეგულაციების აღსრულება, სამოქალაქო სამართალი და სისხლის სამართალი. რეიტინგი ქვეყნებს სკალაზე 0-დან 1 ქულამდე აფასებს, 1 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია.  2024 წლის მონაცემებით,  რომელიც 2023 წლის მდგომარეობას აფასებს,  საქართველო რეიტინგში 49-ე ადგილს იკავებს და მისი მაჩვენებელი 0.60-ია.  ქვეყანა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან ზოგადი მაჩვენებლით უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ალბანეთი (89-ე ადგილი); ბულგარეთი (59-ე ადგილი) და უნგრეთი (73-ე ადგილი).

 

საქართველოს საერთაშორისო პოზიცია კანონის უზენაესობის ინდექსში

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, საქართველოს საუკეთესო შეფასება 2015 წელს ჰქონდა. 2015 წლის შემდეგ კი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იკლებს. ხაზგასასმელია, რომ  აღნიშნულის მიზეზი, გარდა შეფასების გაუარესებისა, ისიცაა, რომ ყოველწლიურად რეიტინგში შესაფასებელი ქვეყნების რაოდენობა იმატებს.

ინდექსი, როგორც აღინიშნა რამდენიმე ძირითად კატეგორიას მოიცავს, მათ შორის:

  • ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა- ძირითადად ხელისუფლების შტოებს შორის  კონტროლისა და წონასწორობის სისტემას გულისხმობს (Checks and Balnace System), როცა მთავრობის უფლებამოსილებები ფაქტობრივად შეზღუდულია საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მიერ. ქვეყანაში ფუნქციონირებს  დამოუკიდებელი აუდიტი.
  • კორუფციის არარსებობა-გულისხმობს, რომ მაგალითად, სასამართლოს,  აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, პოლიციისა და სამხედრო სფეროს წარმომადგენლები საჯარო თანამდებობას პირადი მიზნებისთვის არ იყენებენ.
  • მთავრობის ღიაობა- გულისხმობს მთავრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროობისა და გამოთხოვის თავისუფლებასა და საჩივრების მექანიზმების არსებობას.
  • ძირითადი უფლებები- მოიცავს ადამიანთა ძირითადი უფლებების დაცვას, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის, რწმენისა და რელიგიის თავისუფლებასა და სხვ.
  • წესრიგი და უსაფრთხოება- გულისხმობს, რომ დანაშაული ეფექტურად კონტროლდება, სამოქალაქო კონფლიქტი ფაქტობრივად შეზღუდულია და ასევე, ადამიანები არ მიმართავენ ძალადობას პირადი წყენების გამოსასწორებლად.
  • რეგულაციების აღსრულება- გულისხმობს სამთავრობო რეგულაციების ეფექტურად აღსრულდებას. ასევე, ადმინისტრაციულ წარმოებაში სათანადო პროცესების დაცულობასა და მთავრობის მიერ კანონიერი პროცესების დაცვის გარეშე ექსპროპრიარიაციის არარსებობას.
  • სამოქალაქო სამართალი-გულისხმობს, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება თავისუფალია დისკრიმინაციის, კორუფციისა და ხელისუფლების არასათანადო გავლენისგან. კრიტერიუმი აფასებს, სამოქალაქო სამართლის ეფექტურად აღსრულებადობას და ასევე, დავის მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების ხელმისაწვდომობას, მიუკერძოებლობასა და ეფექტურობას.
  • სისხლის სამართალი- აკვირდება რამდენად ეფექტური, მიუკერძოებელი და ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალია კრიმინალური საგამოძიებო სისტემა.

ამ კატეგორიებიდან 2024 წლის მონაცემებით, საქართველოს ქვეყნების რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებელი კორუფციის არარსებობის კატეგორიაში აქვს და 0.67 ქულით 142 ქვეყნიდან 35-ე ადგილს იკავებს. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი კი ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვის კატეგორიაში აქვს, კერძოდ, საქართველო 0.52 ქულით 73-ე ადგილს იკავებს.

 

 

 

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები

„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მსოფლიო ბანკის მონაცემთა კვლევით ბაზას წარმოადგენს. ინდიკატორებით მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის მმართველობა 6 ძირითადი კრიტერიუმით ფასდება: კორუფციასთან ბრძოლა და მისი კონტროლი; კანონის უზენაესობა; რეგულირების ხარისხი; სახელმწიფოს ეფექტიანობა; პოლიტიკური სტაბილურობა და არაძალადობრივი გარემოს არსებობა; მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების ხარისხი. რეიტინგების შედგენისას მსოფლიო ბანკი 30-ზე მეტ, სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციის, კვლევითი ცენტრის და ინსტიტუტის შეფასებებსა და ანგარიშებს ეყრდნობა.

ასე მაგალითად, ინდიკატორებში ერთ-ერთია  „კანონის უზენაესობის” ინდიკატორი, რომელიც ქვეყნებს საკუთრების უფლების დაცულობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის, პოლიციის სანდოობის, კრიმინოგენური ვითარებისა და ძალადობრივი გარემოს კრიტერიუმების მიხედვით აფასებს. „კანონის უზენაესობის“ კუთხით, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი 2014 და 2016 წლებში ჰქონდა. 2023 წლის მონაცემებით კი საქართველოს ქულაა 55.1. მაშინ, როცა 2014 წელს ქვეყნის ქულა 63.9 იყო. ხოლო წინა ხელისუფლების დროს, მაგალითად, 2011 წელს -51.6.

წყარო: World Bank

მსგავსი ტენდენციაა პოლიტიკური სტაბილურობისა და არაძალადობრივი გარემოს არსებობის კუთხით. პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა ზომავს პოლიტიკური არასტაბილურობის და/ან პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის, მათ შორის ტერორიზმის ალბათობის აღქმას. საქართველოს ამ მახასიათებელში საუკეთესო მაჩვენებელი 2014 წელს ჰქონდა (34.76 ქულა), ხოლო 2023 წლის მონაცემებით მისი ქულაა 33.18.

წყარო: World Bank

 

კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI)

კიდევ ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „კორუფციის აღქმის ინდექსს“ ყოველწლიურად აქვეყნებს. რეიტინგი 180 ქვეყანას მოიცავს. „კორუფციის აღქმის ინდექსი“ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული, სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებულ მდგომარეობას აფასებს. რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს.

2024 წლის მონაცემებით, რომელიც გასული ორი წლის მონაცემებს აჯამებს, რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ქულა უცვლელი რჩება და კვლავაც 53-ია, ქვეყანა რეიტინგში 53-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ სკალაზე 53 ქულა საშუალო შედეგია და ქვეყნისთვის 2016 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს. საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საბერძნეთი (49 ქულა); სლოვაკეთი (49 ქულა); სომხეთი (47 ქულა); რუმინეთი (46 ქულა); მოლდოვა (43 ქულა) და სხვ. წინა ხელისუფლების დროს, მაგალითად, 2011 წელს საქართველო 4.1 ქულით 64-ე ადგილს იკავებდა.

საქართველოს საერთაშორისო პოზიცია კორუფციის აღქმის ინდექსში

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის შედეგების თანმდევი ანალიზის მიხედვით, დემოკრატიული უკუსვლა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვა, ქულებში არ არის ასახული, CPI-ის  ვიწრო კვლევის არეალის გამო: „ზოგიერთმა მთავრობამ არასწორად გამოიყენა მიღებული შედეგები დამახინჯებული ნარატივის შესაქმნელად. მაგალითად, საქართველოში, მთავრობამ CPI-ის ქულები 2012 წლიდან ვერ გააუმჯობესა, თუმცა აგრძელებს შედეგის დიდ მიღწევად წარმოჩენას, რათა გადაფაროს მისი სერიოზული თავდასხმები დემოკრატიულ პროცესებზე, კანონის უზენაესობასა და სამოქალაქო თავისუფლებებზე“, – აღნიშნულია ანალიზში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიხედვით, კორუფციის ინდექსი კორუფციის ისეთ კომპლექსურ ფორმებს, როგორიცაა მაგალითად, სახელმწიფოს მიტაცება და კლეპტოკრატია[1], არ ზომავს. „ცხადია, დაბალ დონეზე კორუფციის არ არსებობა არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის მაღალი ხარისხია და ყველა ინსტიტუტი გამართულად მუშაობს. მეტიც, წვრილმანი მექრთამეობის დაბრუნებაც სავსებით შესაძლებელია, თუ სისტემური რეფორმები არ გატარდება ანტიკორუფციული სისტემისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიმართულებით“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის ვებგვერდზე.

 

[1] კლეპტოკრატია (ინგ, Kleptocracy)-მმართველობის ფორმა, როდესაც მთავრობა კორუმპირებული პირებით არის დაკომპლექტებული და საკუთარ ძალაუფლებას ხალხის სიმდიდრის მისათვისებლად და პირადი კეთილდღეობისთვის იყენებენ.

See all posts

Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.