Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: კომპანიები BlackRock და Vanguard მსოფლიოს აკონტროლებენ

დეზინფორმაცია: კომპანიები BlackRock და Vanguard მსოფლიოს აკონტროლებენ

მარტს 18, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც კომპანიების „ბლექროკისა“ და „ვენგარდის“ შესახებაა საუბარი და აღნიშნულია, რომ სამყაროს სწორედ ეს ორი კომპანია აკონტროლებს. ვიდეოს მთხრობლის მიხედვით, „ბლექროკი“ და „ვენგარდი“ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანიების აქციებს ფლობენ და ნელ-ნელა ყველა სფეროს „დაეპატრონნენ“. რეალურად, „ბლექროკისა“ და „ვენგარდის“ აქტივები მსოფლიოს წამყვან კორპორაციებში არა საინვესტიციო კომპანიების, არამედ მათი კლიენტების მფლობელობაშია.  

BlackRock ინვესტიციების მართვის კომპანიაა, რომელიც კონსულტაციას უწევს საცალო და კომერციულ კლიენტებს საინვესტიციო საკითხებში და მათ ტექნოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს. „ბლექროკის“ ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, საინვესტიციო კომპანია ამ მხრივ ერთ-ერთი წამყვანი პროვაიდერია, რომელიც სამომავლო ინვესტიციას საკუთარი კლიენტების სახელით აკეთებს. კომპანიის თქმით, მათ მიზანს ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად უფრო და უფრო მეტი ადამიანის დახმარება წარმოადგენს.

რაც შეეხება Vanguard-ს, ის მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ინვესტიციების მენეჯმენტის კომპანიას წარმოადგენს, რომელიც ინვესტორებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს კონსულტაციებისა და საპენსიო სერვისების ფართო მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის მთავარი მიზანია საკუთარ კლიენტს საუკეთესო, წარმატებული ინვესტიციის შესაძლებლობა მისცეს.

ვიდეოში გამოთქმული მტკიცება, რომ ორივე ამ უდიდეს კორპორაციას მსოფლიო წამყვანი კომპანიების მნიშვნელოვანი აქციები/წილი ეკუთვნის, სიმართლეა. თუმცა მტკიცება, თითქოს „ბლექროკი“ და „ვენგარდი“ მსგავსი კორპორაციების აქციონერობის შედეგად მსოფლიოს აკონტროლებენ, შეთქმულების თეორიას წარმოადგენს.

სინამდვილეში, მსოფლიოს წამყვან კომპანიებში წილების ფლობის მიუხედავად, აღნიშნული აქციები საბოლოოდ მათი კლიენტებისაა და არა „ვენგარდისა“ და „ბლექროკის“.  Reuters-ის ცნობით, ორივე კომპანიის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ „ბლექროკიცა“ და „ვენგარდი“ მსოფლიოს უდიდესი ბიზნესების მნიშვნელოვან აქციებს ფლობენ. თუმცა, მათივე განცხადებით, წილი შეძენილია მათი კლიენტების კუთვნილი თანხის ინვესტირებით – და, შესაბამისად, აქციონერები საბოლოოდ სწორედ მათი კლიენტები არიან და არა თავად კომპანიები. Vanguard-ის პრესსპიკერის თქმით, „ეს უნიკალური კორპორაციული სტრუქტურა მიუთითებს, რომ არ არსებობენ გარე მფლობელები და ჩვენს ფირმას აძლევს საშუალებას რეალურად ყურადღება ინვესტორებსა და გრძელვადიან საინვესტიციო საჭიროებებზე გაამახვილოს“. თავად „ვენგარდის“ ვებგვერდზეც ვკითხულობთ: „ჩვენ ვართ აქციების მენეჯერები და არა – მფლობელები. აქტივები, რომლებსაც ჩვენ ვმართავთ, ეკუთვნის ათობით მილიონ ინდივიდუალურ ინვესტორს, რომლებმაც თავიანთი დანაზოგის დროთა განმავლობაში გაზრდა გვანდეს“.

დამატებით, აქციონერებს შეზღუდული გავლენა აქვთ კორპორაციული გადაწყვეტილებების მიღების პროცესებზე, რასაც აშშ-ის რეგულაციები და მეურვეობის პოლიტიკა არეგულირებს. ამასთანავე, გამჭვირვალობის პრინციპის ფარგლებში, BlackRock და Vanguard დეტალურ ანგარიშებს აქვეყნებენ ინვესტიციების მართვის შესახებ, ასევე პერიოდულ ანგარიშებს, სადაც საუბარია კორპორაციებში მათ გადაწყვეტილებებზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ BlackRock-სა და Vanguard-ს დიდ კორპორაციებში ხმის მიცემის უფლებაც აქვთ. უფრო კონკრეტულად, როგორც კომპანიის აქციონერებს, BlackRock-სა და Vanguard-ს აქციონერთა ბორდის შეხვედრებზე ხმის მიცემა შეუძლიათ, თუმცა კენჭისყრაშიც თავიანთი კლიენტების სახელით მონაწილეობენ. ხმის მიცემის მსგავს პრინციპს Pass-through voting ეწოდება, რაც საინვესტიციო კომპანიებს ე.წ. „მარიონეტულ ხმებს“ (Proxy votes) ანიჭებს. ამრიგად, მსოფლიოს წამყვან კორპორაციებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში არა „ბლექროკი“ და „ვენგარდი“, არამედ ინვესტორები მონაწილეობენ.

ამრიგად, მტკიცება, რომ „ბლექროკი“ და „ვენგარდი“ სამყაროს აკონტროლებენ, შეთქმულების თეორიას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ „ბლექროკის“ შესახებ კონსპირაციული თეორიები ქართულ და უცხოენოვან სოციალურ მედიაში (1, 2, 3, 4)  წარსულშიც გავრცელებულა.

 

See all posts

Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
Jan 08, 2025
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Jun 21, 2024
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.