Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის ინტერვიუს მონაკვეთები კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის ინტერვიუს მონაკვეთები კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ოქტომბერს 28, 2024 · Verified Facts · Verdict: False

სოციალურ ქსელში ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელისა და „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის ვიდეო მანიპულაციური კონტექსტით გავრცელდა. ვიდეოში გაერთიანებულია თინათინ ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გადაცემებსა და ინტერვიუების დროს ჩაწერილი კადრები, სადაც ისმის თინა თინათინ ხიდაშელის სიტყვები „ჩვენ არანაკლებად ვიომებთ, ვიდრე უკრაინა ომობს დღეს“. შემდეგ ისმის დავით უსუფაშვილის სიტყვები: „თუ ასეთი მთავრობა მყავს, მაშინ წავიდეს და ისეთი მაინც მყავდეს, რომელიც იტყვის, რომ იბრძოლებს“. მოგვიანებით კი ჩანს კადრი დავით უსუფაშვილის ძველი ჩანაწერიდან, სადაც ისმის „ჩვენ ჩვენს შვილებს არ ვეუბნებით, რომ თქვენ, ჩემო შვილებო, შენ დაიბადე და გაგაჩინეთ იმისთვის, რომ სამშობლოს გმირულად უნდა შეეწირო. მე ამას არ ვეუბნები შვილებს“ (დაარქივებული პოსტი, ვიდეო). შესაბამისად, ვიდეო ამტკიცებს, რომ თინათინ ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი საქართველოს ომში ჩართვის სურვილითა და მოწოდებით გამოდიან.

ვიდეოს აქვს თანდართული აღწერა „რაც აწყობს და ავალებენ იმას ამბობს ეს ოჯახი“ და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თინათინ ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი ხელისუფლებისგან ომს ითხოვენ, თუმცა თავიანთ შვილებს ომს არიდებენ.

სინამდვილეში, ვიდეო სხვადასხვა გადაცემებისა და ინტერვიუებიდან მანიპულაციურად ამოჭრილი კადრებისგან შედგება და მცდარ წარმოდგენას ქმნის.

თინათინ ხიდაშელი: „ჩვენ არანაკლებ ვიომებთ, ვიდრე უკრაინა ომობს დღეს“

თინათინ ხიდაშელის სიტყვები „ჩვენ არანაკლებ ვიომებთ, ვიდრე უკრაინა ომობს დღეს“ ამოღებულია 2022 წლის 2 ივნისის გადაცემიდან „ნიუსრუმი“. გადაცემაში ჟურნალისტმა განაცხადა, რომ „სრულიად შემთხვევით წავაწყდი გუშინ, მე მგონი, NATO-ს მხრიდან მიგვიღია 28 მილიონიანი პაკეტის შეიარაღება თავის „ჯაველინებით“ და ამბებით… არასამთავრობო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო. ეს არის მხოლოდ წელს საუბარი და ესეც პოლიტიკაა ალბათ, რომ ამის აფიშირება არ გინდა და ა.შ.“

სწორედ ჟურნალისტის ამ კომენტარზე საპასუხოდ, რომლის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციას საჯაროდ არ აცხადებდა,  თინათინ ხიდაშელმა განაცხადა: „აფიშირება არ არის პრობლემა. იცით, პრობლემა რაშია? რომ ამის სანაცვლოდ რომ ამაზე გველაპარაკოს ხელისუფლება, პრობლემა იმაშია, რომ ამის სანაცვლოდ მუდმივად პესიმიზმს თესავს და მუდმივად ისეთ განწყობას ქმნის, რომ ჩვენ ხომ არაფერი შეგვიძლია, ჩვენ ხომ უცბად დავმარცხდებით, ჩვენ ხომ ვერ ვიომებთ – ამიტომ  [ხელისუფლების მიხედვით] ახლა ჩუმად უნდა ვიყოთ და საერთოდ არსად, არაფერში არ უნდა გამოვჩნდეთ. ეს არის ტრაგიკული. იმიტომ, რომ ღმერთმა დაიფაროს და მართლა რამე რომ მოხდეს, იმის ნაცვლად, რომ საზოგადოება იყოს ოპტიმისტურ განწყობაზე, იყოს მზადყოფნაში, რომ მისი ჯარი დაიცავს და თვითონაც მზად იქნება ამ გამოწვევისთვის. იმიტომ, რომ დედამიწის ზურგზე ჯერ არც ერთი ომი მარტო ჯარს არასდროს არ მოუგია. თუ საზოგადოების შესაბამისი განწყობა და მხარდაჭერა არ არის (…) ამიტომ პრობლემა ამ ტიპის ინფორმაციების დამალვისა, სწორედ მეორე მხარეა, რომ იმის ნაცვლად რომ ოპტიმიზმი გააღვივონ, იმის განცდა გააღვივონ, რომ ჩვენ რაღაც შეგვიძლია. ამის საწინააღმდეგო რიტორიკაა მუდმივად“.

ამის შემდეგ ჟურნალისტი თინათინ ხიდაშელს ჩაეკითხა: „რა შეგვიძლია? თქვენ კარგად იცნობთ, შიგნიდან იცნობთ. რა დატოვეთ თქვენ?“. სწორედ ამ კითხვაზე საპასუხოდ თინათინ ხიდაშელმა განაცხადა [28:45 წუთიდან] : „ჩვენ არანაკლებ ვიომებთ, ვიდრე უკრაინა ომობს დღეს, ოღონდ იმ შემთხვევაში ვიომებთ თუ ეს… დიდწილად ასეთი ამბები იმის მაგალითად, რასაც ჩვენ უკრაინაში ვუყურებთ ყოველდღე, ეს ხომ განწყობის შედეგია, საზოგადოების, მთელი ქვეყნის, იმ ჯარისკაცების მშობლების, მათი ოჯახის წევრების, რომლებიც სამხედრო თეატრში იმყოფებიან. აი ამის უზრუნველყოფა თუ მოვახდინეთ, მე ძალიან მაღალი ოპტიმიზმი მაქვს ქართულ ჯართან დაკავშირებით. მაგრამ თუ უცებ აღმოვჩნდით, არ ვიცი, მთელი დანარჩენი საზოგადოება ტანკზე სუფრას გადაუშლის რუსებს, ხომ მაშინ, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ იზამენ“.

ამდენად, თინათინ ხიდაშელი განცხადებაში კრიტიკულად აფასებდა ხელისუფლების ქმედებებს, რომლებიც, მისი განცხადებით, პესიმიზმის დანერგვისკენ იყო მიმართული და არა საქართველოში ომის დაწყების [ჰიპოთეზურ] შემთხვევაში საზოგადოების მორალური მზაობისკენ.

ამდენად, თინათინ ხიდაშელის განცხადებაში არ დასტურდება მისი მხრიდან მეორე ფრონტის გახსნისა თუ რუსეთთან ომის დაწყების მოწოდება ან სურვილი, არამედ თინათინ ხიდაშელი მიუთითებდა ჰიპოთეზურად ომის შემთხვევაში ქართული ჯარის მიმართ ოპტიმისტურ განწყობასა და ჯარის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

დავით უსუფაშვილი: „თუ ასეთი მთავრობა მყავს, მაშინ წავიდნენ სახლში და ისეთი მაინც მყავდეს, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ“

დავით უსუფაშვილის აღნიშნული ციტატა, რომელიც პოლიტიკოსმა  „პალიტრანიუსის“ ეთერში, 2022 წლის 10 მარტს, გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ წარმოთქვა, ასევე სრული კონტექსტიდანაა ამოღებული.

სრულ კონტექსტში მან განაცხადა: „სანამ შეუბერავენ, მანამდე უკვე წაქცეულები რომ არიან, აი, „ტანკი თუ დაიქოქება, საქართველოსგან არაფერი აღარ დარჩებაო“. იცით, რა, თუ ასეთი მთავრობა მყავს, მაშინ წავიდნენ სახლში და ისეთი მაინც მყავდეს, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის. რომელი მტერი იყო თავზე ხელს რომ უსვამდა საქართველოს? დავით აღმაშენებელი თუ მაგარი იყო, ერეკლე, სამასი არაგველი და ანწუხელიძე, თუ ესენი არიან ჩვენი გმირები, ვინც სამშობლოს იცავდა, მაშინ ახლა რაზე ვლაპარაკობთ? გასაგებია, რომ რუსეთი უფრო დიდია, ვიდრე საქართველო, უკრაინაც უფრო პატარაა, ვიდრე რუსეთი, მაგრამ ომს იგებს მორალური სიმტკიცე, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ამისი. ამ ხალხს ეშინია ამის და ამ შიშს, სახელმწიფოს მხრიდან გამჟღავნებულ შიშს ყველაზე კარგად გრძნობს ის მეორე სახელმწიფო. ერთი შებერვით შეუძლია სიტუაციის სათავისოდ გადაყვანა“.

შესაბამისად, დავით უსუფაშვილის აღნიშნული ციტატა სრულ კონტექსტში სრულიად სხვა შინაარსის მატარებელია და მიემართება იმას, რომ სახელმწიფოს მიერ გამჟღავნებული შიში მტრული სახელმწიფოს მიერ მარტივად შეიძლება იყოს გამოყენებული. ამდენად, დავით უსუფაშვილის სრულ განცხადებაში ჩანს, რომ ის საქართველოს ომში ჩართვის მოწოდებას ან სურვილს არ აჟღერებს, არამედ მთავრობას შიშის გამო აკრიტიკებს.

დავით უსუფაშვილი: „ჩვენ ჩვენს შვილებს არ ვეუბნებით, რომ, თქვენ, ჩემო შვილებო, შენ დაიბადე და გაგაჩინეთ იმისთვის, რომ სამშობლოს გმირულად უნდა შეეწირო. მე ამას არ ვეუბნები შვილებს“

აღნიშნული ციტატა, რომელიც ზემოთ მანიპულაციურად წარმოჩენილ ციტატებთან ერთად ქმნის წარმოდგენას, რომ დავით უსუფაშვილი ომის მოწოდებით გამოდის, თუმცა თავისი შვილებს ომს არიდებს.

სინამდვილეში, აღნიშნული ციტატა ასევე მცდარი, არასრული კონტექსტითაა ამოჭრილი და შეცდომაში შემყვანია. ვიდეოს სრულ ვერსიაში, რომელიც 2010 წელსაა გამოქვეყნებული, დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ შეხედულებებზე და ადამიანის არჩევანის თავისუფლებაზე საუბრობს და ამბობს „ჩვენ ჩვენს შვილებს არ ვეუბნებით, რომ, თქვენ, ჩემო შვილო […] შენ დაიბადე და გაგაჩინეთ იმისთვის, რომ სამშობლოს გმირულად შეეწირო. მე ამას არ ვეუბნები შვილებს. მე ვეუბნები, რომ, შვილო, თქვენ დაიბადეთ და შეიქმენით და გაჩნდით ამ ქვეყანაზე, რომ იყოთ თავისუფალი და ბედნიერი, რომ ყველა საკითხზე გააკეთოთ თავისუფალი არჩევანი და იყოთ ბედნიერნი; თუ თქვენი არჩევანი იქნება, გინდ სამშობლოს შეეწირებით, გინდ თქვენს პროფესიას და გინდ… რასაც გინდა. ბევრ ჩემს თანამოქალაქეს ეს არ ესმის და მსაყვედურობს, რომ არ ხარ პატრიოტიო“.

ამდენად, დავით უსუფაშვილი რესპუბლიკურ პარტიის შეხედულებებსა და ადამიანის არჩევანის თავისუფლების მიმართ მის დამოკიდებულებებზე საუბრობდა. მის მიერ ნათქვამ სრულ სიტყვაში ისმის ის, რომ მის შვილებს არჩევანის თავისუფლებისკენ მოუწოდებს, რაც, მათ შორის, შეიძლება, სამშობლოსთვის თავდადებაში გამოიხატოს.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოში ციტატები კონტექსტის გარეშეა მოცემული და მცდარ წარმოდგენას ქმნის.

 

See all posts

Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Jun 21, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.