მიხეილ სააკაშვილის "ნაცნობ" გინეკოლოგზე საუბრობდა და არა საკუთარ გინეკოლოგზე
სოციალურ ქსელებში ფეისბუქსა და ტიკტოკზე ვრცელდება ვიდეო, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შემდეგი სიტყვები ისმის: "აი, მაგალითად, ჩემი გინეკოლოგი მიდის ახლა გერმანიაში კომბოსტოს მკრეფავად" (ბმული 1, 2, 3, არქივირებული ბმული 1, 2, 3).
Google-ის ფოტოების უკუძიების ინსტრუმენტს ვიდეოს ორიგინალ ვერსიამდე მივყავართ. აღნიშნული მონაკვეთი ამოჭრილია გადაცემიდან "მთავარი აქცენტები", რომელიც "მთავარი არხის" ეთერში 2021 წლის 24 თებერვალს გავიდა. 20:40 წამზე სააკაშვილი ამბობს: "მას [ბიძინა ივანიშვილს] საქართველოში სჭირდება მაქსიმუმ მილიონი ადამიანი, ყველა დანარჩენი ქვეყნიდან უნდა წავიდეს. ეს არის ჩვენი არჩევანი: გვინდა, რომ, აი, მაგალითად, ჩემი ნაცნობი გინეკოლოგი მიდის გერმანიაში კომბოსტოს მკრეფავად. გინდა, რომ ჩვენი ცოლები, ჩვენი დედები, იყვნენ თურქეთში და საბერძნეთში მოხუცების მომვლელები?".
ამდენად, სრული ჩანაწერიდან ცხადია, რომ სააკაშვილი არა "თავის" გინეკოლოგზე, არამედ "თავის ნაცნობ" გინეკოლოგზე საუბრობდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ მანიპულირებულ ვიდეოში კი სიტყვა "ნაცნობი" ამოჭრილია, აღნიშნული კი ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს სააკაშვილი საკუთარ გინეკოლოგზე საუბრობდა.