უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ყალბი ფოტოკოლაჟი ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოკოლაჟი, რომელიც ამტკიცებს, თითქოს ომის დამანგრეველი შედეგების შესახებ გავრცელებული ფოტომტკიცებულებები დადგმულია (არქივირებული ბმული). ფოტოკოლაჟში ვხედავთ მამაკაცს პატარა ძაღლით ხელში, რომლის ფოტოც თითქოს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ლოკაციაზეა გადაღებული. ფოტოზე დატანილია ლოკაციები და თარიღები. კოლაჟი ამტკიცებს, თითქოს ოქტომბერში გადაღებული ფოტოს ანალოგიური ფოტო მანამდე 2026 წლის დეკემბერში დნიპროსა და 2026 წლის ივნისში კიევში იყო გადაღებული.
გავრცელებულ პოსტში მოყვანილი ფოტოების პირველწყაროს მისაგნებად „ჯეოფაქტსმა“ ფოტოების უკუძიების გუგლის ხელსაწყო გამოიყენა. ფოტოკოლაჟში მოცემული ფოტოებიდან პირველი - რივნეში, 2026 წლის ოქტომბერში გადაღებულ ფოტოდ მონიშნული, ოფიციალურმა წყაროებმა გაავრცელეს. 2026 წლის 13 ოქტომბერს რივნეს ოლქის საპატრულო პოლიციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განთავსდა პოსტი (არქივი), რომელშიც ვკითხულობთ, რომ რუსეთის მხრიდან ქალაქზე საჰარეო თავდასხმა მოხდა და თავდასხმით გამოწვეული ზიანის აღმოსაფხვრელად შესაბამისი უწყებები მუშაობენ. მათ შორის, საპატრულო პოლიცია ერთ-ერთი პირველია, ვინც ასეთ ადგილებზე მუშაობა დაიწყო. პოსტი მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენებს უსაფრთხოების წესებსა და საჰაერო განგაშის დროს მოქცევის ინსტრუქციებს. სწორედ ამ პოსტს ერთვის ფოტოები, რომელთაგან ერთ-ერთზეც ირვნეს მაცხოვრებელი ხელში ძაღლით არის დაფიქსირებული.
რივნეს ოლქის საპატრულო პოლიცია, ფეისბუქის ოფიციალური არხი
შეცდომაში შემყვანი ფოტოკოლაჟის პირველი ფოტო ნამდვილია, ხოლო დანარჩენი ორი არც უკრაინის ხელისუფლების უწყებების და არც სანდო მედიების საიტებსა თუ ოფიციალურ არხებზე არ გვხვდება.
ფოტოკოლაჟი სოციალური ქსელების არაქართულენოვან სივრცეშიც აქტიურად ვრცელდებოდა და მას უცხოური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ (Delfi; Stopfake; AFP). ქართული ფოტოკოლაჟისგან განსხვავებით, სადაც ვერტიკალურად მოჭრილი დაბალი ხარისხის ფოტოები მათი ანალიზის საშუალებას არ იძლეოდა, უცხოენოვან წყაროებზე ფოტოების უფრო დიდი ვერსიები ჩანს.
ფოტოების სრულ ვერსიაზე დაკვირვება ხელოვნური ინტელექტით დაგენერირებული ფოტოებისათვის დამახასიათებელ შეცდომებს აჩვენებს. მაგალითად, 2025 წელს თითქოს დნიპროში გადაღებულ ფოტოზე მამაკაცის მარცხენა ხელი არაბუნებრივად გამოიყურება და ის ძაღლის ფოტოს ერწყმის.
2026 წელს თითქოს კიევში გადაღბულ ფოტოზე მამაკაცის გამოსახულება, რომელიც ძაღლით ხელში დგას, არაბუნებრივად გამოიყურება. მისი საზღვრები იმდენად მკაფიოდაა გამოყოფილი დანარჩენი ფოტოსაგან, რომ ცხადი ხდება ფოტოს დანარჩენი ნაწილისაგან ხარისხის განსხვავება, რაც ფოტორედაქტირების კვალზე მიუთითებს. ამასთან, მამაკაცის უკან მდგომი სხვა მამაკაცის მარჯვენა ხელი ფოტოდან გამქრალია, რაც ასევე ფოტორედაქტირებისას ან ფოტოს გენერირებისას წარმოშობილი ხარვეზია.
ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია AFP ფოტოზე არსებულ სხვა ხარვეზზეც მიუთითებს. გამოცემა წერს, რომ უკრაინული სასწრაფო დახმარების მანქანების უკანა კარის ჩარჩო წითელი ზოლებით მკვეთრად არის მონიშნული, რაც, ფოტო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით რომ არ ყოფილიყო გენერირებული ან რედაქტირებული, ამ სურათზეც მკვეთრად შესამჩნევი იქნებოდა. ფოტოზე დაკვირვება ამ ხარვეზს მართლაც აჩვენებს.
დამატებით, მოცემული ორივე ფოტოს ავთენტურობა "ჯეოფაქტსმა" Open AI-ს ხელსაწყოთიც შეამოწმა. ორივე ფოტოს შემთხვევაში ხელსაწყომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ფოტოს დაგენერირების ან რედაქტირების კვალი აღმოაჩინა.
მტკიცების თანახმად, აღნიშნული ფოტოკოლაჟი აჩვენებს, რომ უკრაინაში ომის მძიმე შედეგების ამსახველი ფოტოები დადგმულია, რადგან კიევი ცდილობს საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის წინააღმდეგ განაწყოს, ხოლო უკრაინისადმი ემპათია გამოიწვიოს. მოცემული მტკიცება მცდარია, ვინაიდან უკრაინულ მხარესა თუ უკრაინულ ავტორიტეტულ მედიას მსგავსი ფოტოები საერთოდ არ გაუვრცელებია. ფოტოების უკუძიების ხელსაწყოთი მიკვლეული ამ ფოტოების სრული უმრავლესობა სწორედ ამ ფოტოკოლაჟამდე მიდის.