Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ჯანმოს ქვეყნების დასაქცირების ან მათი დასჯის უფლებამოსილება არ აქვს

ჯანმოს ქვეყნების დასაქცირების ან მათი დასჯის უფლებამოსილება არ აქვს

ნოემბერს 6, 2026 · Verified Facts, Prebunking · Verdict: Lie · Healthcare, საერთაშორისო
Share

სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება (არქივირებული ბმული), რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი მოკავშირეები (ჯანმო) იმ ქვეყნებს, რომლებიც არ აღიარებენ "რომელიმე ვირუსის არსებობას ან არ დაემორჩილებიან ჯანმოს მითითებებს არ დაემორჩილებიან, მკაცრი ზომებით ემუქრებიან: საერთაშორისო იზოლაციით, სანქციებითა და უკიდურეს შემთხვევაში, საერთაშორისო ძალებისა თუ პოლიციის შემოყვანითაც კი". დამატებით, გამავრცებელი აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის დატოვების შემთხვევაში, ჯანმოს შეუძლია მედიკამენტების საქართველოში შემოტანა შეზღუდოს.

სინამდვილეში, გავრცელებული მტკიცება, თითქოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) შეუძლია იმ ქვეყნებს, რომლებიც ვირუსის არსებობას არ აღიარებენ ან ორგანიზაციის მითითებებს არ ასრულებენ, საერთაშორისო იზოლაციით, სანქციებით ან საერთაშორისო ძალებისა და პოლიციის შეყვანით დაემუქროს, არ შეესაბამება ორგანიზაციის სამართლებრივ მანდატს. ასევე არ დასტურდება მტკიცება, რომ WHO-ს ორგანიზაციიდან გასვლის შემთხვევაში საქართველოსთვის მედიკამენტების იმპორტის შეზღუდვა შეუძლია.

ჯანმოს ძირითადი ფუნქციაა საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის სფეროში რეკომენდაციების გაცემა და ქვეყნებისთვის ტექნიკური და სამეცნიერო მხარდაჭერის უზრუნველყოფა (არქივი). ორგანიზაციის უფლებამოსილებები განსაზღვრულია ჯანმოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ჯანმრთელობის რეგულაციებით (International Health Regulations – IHR, არქივი).

ჯანმოს კონსტიტუციით (არქივი) პირდაპირ არის განსაზღვრული, რა უფლებამოსილებები აქვს ორგანიზაციას და რა ფარგლებში შეუძლია წევრ სახელმწიფოებზე გავლენის მოხდენა. ჯანმოს შეუძლია მიიღოს გარკვეული საერთაშორისო რეგულაციები, გასცეს რეკომენდაციები და წევრ სახელმწიფოებს კონკრეტული ანგარიშგებისა და თანამშრომლობის ვალდებულებები ჰქონდეთ. თუმცა, კონსტიტუცია მას არ ანიჭებს უფლებამოსილებას, ქვეყნები საკუთარი გადაწყვეტილებით დასაჯოს ეკონომიკური სანქციებით, საერთაშორისო იზოლაციით ან სამხედრო თუ საპოლიციო ძალის გამოყენებით. ამასთან, კონსტიტუციის მე-7 მუხლი განსაზღვრავს წევრი სახელმწიფოს მიმართ შესაძლო შეზღუდულ ზომებს — ხმის მიცემის უფლებისა და გარკვეული მომსახურებების შეჩერებას. კონსტიტუციაში არ არსებობს დებულება, რომელიც ჯანმოს უფლებას მისცემდა, ქვეყნები ვირუსის არსებობის არაღიარების ან მისი რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო ეკონომიკური სანქციებით, საერთაშორისო იზოლაციით ან სამხედრო ძალის გამოყენებით დასაჯოს.

რაც შეეხება ჯანმრთელობის რეგულაციებს, WHO-ს განმარტებით, 2024 წელს მიღებული IHR-ის ცვლილებები, რომლებიც ძალაში 2025 წლის 19 სექტემბერს შევიდა, ორგანიზაციას არ ანიჭებს ქვეყნების მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაცვის ზომების იძულებით დაწესების უფლებას. კერძოდ, WHO პირდაპირ აცხადებს, რომ მას არ შეუძლია რომელიმე ქვეყანას დაუწესოს ლოკდაუნი ან მოსახლეობას სხვა შეზღუდვები მოახვიოს თავს. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებს საკუთარი ჯანმრთელობის პოლიტიკის განსაზღვრისა და შესაბამისი კანონმდებლობის მიღების სუვერენული უფლება აქვთ, ხოლო WHO რეგულაციების ფარგლებში სამდივნოს ფუნქციას ასრულებს და ქვეყნებს მოქმედებას ვერ აიძულებს.

2024 წლის ცვლილებებით განახლებული საერთაშორისო ჯანმრთელობის რეგულაციების თანახმად, ჯანმოს საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების შეფასების, სახელმწიფოებისგან ინფორმაციის მოთხოვნისა და გადამოწმების, საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, ასევე დროებითი და მუდმივი რეკომენდაციების გაცემის უფლებამოსილება ენიჭება.

ეს რეკომენდაციები შეიძლება მოიცავდეს კარანტინს, იზოლაციას, ვაქცინაციას, მოგზაურობისა და ტვირთების გადაადგილების შეზღუდვას, თუმცა ისინი არასავალდებულო ხასიათისაა და მათი განხორციელება სახელმწიფოების პასუხისმგებლობაა (მუხლები 1, 12, 15–18).

ამ რეგულაციებით, ჯანმოს ასევე შეუძლია საერთაშორისო ექსპერტების მობილიზება და დახმარების კოორდინაცია, თუმცა ადგილზე დახმარება სახელმწიფოს მოთხოვნას ან თანხმობას უკავშირდება (მუხლი 13).

ამასთან, 2024 წლის ცვლილებებით შექმნილი წევრი სახელმწიფოების კომიტეტი პირდაპირ არის განსაზღვრული, როგორც მხოლოდ საკონსულტაციო და ხელშემწყობი, არაკონფრონტაციული და არადასჯითი მექანიზმი (მუხლი 54 bis).

რეგულაციები ჯანმოს არ ანიჭებს უფლებამოსილებას, ქვეყნები საკუთარი რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო დასაჯოს ეკონომიკური სანქციებით, საერთაშორისო იზოლაციით ან სამხედრო და საპოლიციო ძალების შეყვანით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები აძლიერებს საერთაშორისო კოორდინაციისა და ზედამხედველობის მექანიზმებს, ისინი ორგანიზაციას არ აძლევს სახელმწიფოების სუვერენული უფლებამოსილებების ჩანაცვლების ან საკუთარი გადაწყვეტილებების ძალით აღსრულების უფლებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ მტკიცებაში ჩამოთვლილი სანქციებისა და სამხედრო ძალის გამოყენების უფლებამოსილებები ჯანმოს არ ეკუთვნის. გაეროს წესდების VII (არქივი) თავის მიხედვით, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ არსებული საფრთხის, მშვიდობის დარღვევის ან აგრესიის შემთხვევაში, შესაბამისი ზომების განსაზღვრის უფლებამოსილება გაეროს უშიშროების საბჭოს აქვს. წესდების 41-ე მუხლი საბჭოს ეკონომიკური და სხვა არასამხედრო სანქციების დაწესების შესაძლებლობას აძლევს, ხოლო 42-ე მუხლი გარკვეული პირობების არსებობისას სამხედრო ძალის გამოყენების უფლებამოსილებას.

ეს მექანიზმები არ უკავშირდება ჯანმოს მითითებების შეუსრულებლობას ან რომელიმე ვირუსის არსებობის აღიარება-არაღიარებას. შესაბამისად, ჯანმოს არ შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებით ქვეყანა საერთაშორისო სანქციებს დაუქვემდებაროს ან მის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამხედრო ძალები თუ პოლიცია შეიყვანოს.

რაც შეეხება მედიკამენტების საქართველოში შემოტანის შესაძლო აკრძალვის მტკიცებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს მედიკამენტების წინასწარი კვალიფიკაციის პროგრამა (Prequalification Programme), რომლის მიზანია საერთაშორისო შესყიდვებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შეფასება. პროგრამა ეხმარება გაეროს სააგენტოებს, საერთაშორისო შესყიდვების ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებს ხარისხიანი მედიკამენტების იდენტიფიცირებაში (არქივი).

თუმცა, ოფიციალურ განმარტებაში ჯანმო პირდაპირ წერია, რომ ეს პროგრამა არ ანაცვლებს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებსა და მედიკამენტების იმპორტის ეროვნულ ავტორიზაციის სისტემებს. სხვა სიტყვებით, ჯანმოს მიერ მედიკამენტის წინასწარი კვალიფიკაცია არ ნიშნავს, რომ ორგანიზაციას კონკრეტულ ქვეყანაში მისი იმპორტის ნებართვის გაცემის ან აკრძალვის უფლებამოსილება აქვს.

ამდენად, ჯანმოს არ აქვს უფლებამოსილება, ქვეყნები ვირუსის არსებობის არაღიარების ან ორგანიზაციის რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო საერთაშორისო იზოლაციით, სანქციებით ან სამხედრო და საპოლიციო ძალების შეყვანით დასაჯოს. საერთაშორისო სანქციებისა და სამხედრო ძალის გამოყენების მექანიზმები გაეროს უშიშროების საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება და არა ჯანმოს.

ასევე მცდარია მტკიცება, თითქოს WHO-ს შეუძლია საქართველოსთვის მედიკამენტების იმპორტის შეზღუდვა ორგანიზაციიდან გასვლის გამო. მედიკამენტების იმპორტის რეგულირება საქართველოს ეროვნული კანონმდებლობითა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ ხორციელდება. WHO-ს პროგრამები და რეკომენდაციები ამ ეროვნულ უფლებამოსილებებს არ ანაცვლებს.

See all posts

Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.