სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო პარიზში საპროტესტო მონაწილეებს არ ასახავს
მოკლედ საკითხავი
- სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც, გამომცემლების თანახმად, საფრანგეთში მიმდინარე პროტესტის მონაწილეები არიან.
- ღია წყაროებით ირკვევა, რომ ფოტო შვედეთშია გადაღებული და ერთ-ერთ უბანში კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მომხდარ მასობრივ დაპირისპირებას ასახავს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო (ბმული 1, 2, 3 არქივირებული ბმული 1, 2), რომელზეც აღწერის თანახმად, საფრანგეთში აქციების მონაწილეები არიან გამოსახულნი. ფოტოზე გამოსახული ადამიანები ფერადკანიანები არიან, რითიც მომხმარებლები ირიბად მიანიშნებენ, რომ საფრანგეთის პროტესტის მონაწილეები არა ფრანგები, არამედ ემიგრანტები არიან. აღსანიშნავია, რომ ერთი მომხმარებლის მტკიცებით, ფოტო მარსელს ასახავს, ხოლო მეორე მომხმარებელი ადგილმდებარეობად პარიზზე მიანიშნებს.
Google Lens-ის ფოტოს ძიების ინსტრუმენტის გამოყენებით ირკვევა, რომ იდენტური ფოტო-მასალა სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ენაზე და პლატფორმაზე გავრცელდა (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6). პლატფორმა X-ზე გავრცელებულ ფოტოს თან მომხმარებლების მიერ დართული მინიშნება ახლავს, რომ სინამდვილეში ფოტო შვედეთშია გადაღებული და არა საფრანგეთში. X-ის პოსტზე მომხმარებლის შენიშვნა შვედური გამოცემის ბმულსაც მოიცავს.
"ჯეოფაქტსმა" აღნიშნული ბმული შეისწავლა და დამატებით, შვედური სხვა გამოცემების ინფორმაციაც მიმოიხილა. შვედური გამოცემა Samnytt.se-ს მასალაზე თანდართული აქვს ფოტო, რომელზე გამოსახული ადამიანების ვიზუალი ემთხვევა სოციალურ ქსელში ქართულენოვან პოსტებში მოცემულ ფოტოს.
პირველ ფოტოზე Samnytt.ee-ს ფოტო-მასალა, მეორე ფოტოზე - ქართულენოვანი პოსტის მასალა
როგორც სხვა შვედური გამოცემებიც წერენ, ფოტო-მასალა 2021 წლის 28 მაისს შვედეთში, გეტებორგის (Göteborg) ჰიელბოს (Hjällbo) უბანში კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მომხდარ მასობრივ დაპირისპირებას ასახავს. "ჯეოფაქტსმა" დამატებით მოიძია შემთხვევის ამსახველი ვიდეო-კადრებიც, რომლებიც შვედური მედიის TV4-ის გვერდზეა ხელმისაწვდომია (0:06 წამიდან) (არქივი). მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების სახეები TV4-ს დაფარული აქვს, ჩანს იდენტური ტანსაცმლის გამოსახულება და ადამიანების დგომის პოზა კამერასთან მიმართებით. ეს დეტალები ადასტურებს, რომ ვიდეოში იგივე ადამიანები ჩანან.
გავრცელებულ ამბავს სხვა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ (Myth Detector, Pravereno).