მცდარია მტკიცება, რომ ერდოღანმა ათი დასავლელი ელჩი ოპოციასთან შეხვედრის გამო გააძევა
სოციალურ მედიაში ვრცელდება მტკიცება, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2021 წლის ოქტომბერში 10 დასავლური ქვეყნის ელჩის „პერსონა ნონ გრატად“ (არასასურველ პირად) გამოცხადებისა და ქვეყნიდან გაძევების ბრძანება გასცა. პოსტის თანახმად, აღნიშნული ოპოზიციასთან შეხვედრისა და თურქი აქტივისტისა და ფილანტროპის, ოსმან კავალას გათავისუფლების მოთხოვნით გავრცელებული ერთობლივი განცხადების გამო მოხდა (არქივირებული ბმული).
2021 წლის ოქტომბერში თურქეთსა და ათ დასავლურ ქვეყანას შორის მწვავე დიპლომატიური დაპირისპირებას მართლაც ჰქონდა ადგილი. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მაშინ საჯაროდ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ათი ელჩის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადება დაავალა. თუმცა ელჩები საბოლოოდ არც „პერსონა ნონ გრატად“ გამოუცხადებიათ და არც თურქეთიდან გაუძევებიათ. რამდენიმე დღის შემდეგ კი ერდოღანმა უკან დაიხია და დიპლომატიური კრიზისი განიმუხტა.
არაზუსტია იმის მტკიცება, თითქოს დაპირისპირება ელჩების თურქეთის ოპოზიციასთან შეხვედრას მოჰყვა. დიპლომატიური დემარშის მიზეზი ოსმან კავალას საქმეზე ათი საელჩოს მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადება იყო. ხელმისაწვდომ ოფიციალურ განცხადებებსა და იმდროინდელ მედიაგაშუქებაში ოპოზიციასთან ელჩების შეხვედრა საერთოდ არ ფიგურირებს.
2021 წლის 18 ოქტომბერს აშშ-ის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, დანიის, შვედეთის, ფინეთის, ნორვეგიისა და ახალი ზელანდიის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა კავალას პატიმრობაში ყოფნის ოთხი წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს (არქივი), რომელშიც დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ საქმის განხილვის გაჭიანურება ჩრდილს აყენებდა თურქეთში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს გამჭვირვალობის მიმართ პატივისცემას. მათ თურქეთს მოუწოდეს, უზრუნველეყო საქმის სამართლიანი და სწრაფი გადაწყვეტა, შეესრულებინა საერთაშორისო ვალდებულებები და კავალა დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა.
ოსმან კავალა თურქი ბიზნესმენი, ფილანტროპი და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტია. იგი ადამიანის უფლებების, კულტურის, ისტორიული შერიგებისა და გარემოს დაცვის სფეროებში მოქმედი არაერთი ორგანიზაციის შექმნასა და დაფინანსებაში მონაწილეობდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და ევროპის საბჭო მას უფლებადამცველადაც მოიხსენიებენ.
კავალა 2017 წლის 18 ოქტომბერს დააკავეს. თურქეთის ხელისუფლება მას 2013 წლის გეზის პარკის საპროტესტო აქციებთან და 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებულ დანაშაულებს ედავებოდა. კავალა ბრალდებებს უარყოფდა.
2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა (არქივი) რომ მისი პატიმრობის გასამართლებლად საკმარისი გონივრული ეჭვი არ არსებობდა. სასამართლოს შეფასებით, პატიმრობა კავალას, როგორც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტისა და უფლებადამცველის, გაჩუმების ფარულ მიზანს ემსახურებოდა. სასამართლომ თურქეთს მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება დაავალა. შესაბამისად, დასავლელი დიპლომატების ერთობლივ განცხადებას სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილება უსწრებდა წინ.
ელჩების ერთობლივი განცხადების გავრცელებიდან მეორე დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ათივე ქვეყნის წარმომადგენელი დაიბარა. სამინისტრომ მათი მოწოდება თურქეთის სასამართლო პროცესში ჩარევად შეაფასა და დიპლომატებს ვენის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები შეახსენა.
2021 წლის 23 ოქტომბერს ერდოღანმა ესკიშეჰირში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ათივე ელჩის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების საკითხის დაუყოვნებლივ მოგვარება დაავალა. თუმცა „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადება მხოლოდ განცხადებას არ ნიშნავს. ვენის კონვენციის მიხედვით, მასპინძელმა სახელმწიფომ შესაბამისი დიპლომატიური გადაწყვეტილება ოფიციალურად უნდა მიიღოს, რის შემდეგაც წარმგზავნმა ქვეყანამ ელჩი უნდა გაიწვიოს ან მას დიპლომატიური ფუნქციები შეუწყვიტოს. მოცემულ შემთხვევაში ეს პროცედურა არ დასრულებულა: თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩების გაძევება ოფიციალურად არ გაუფორმებია და მათ ქვეყანა არ დაუტოვებიათ.
25 ოქტომბერს თურქეთში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ ვენის კონვენციის 41-ე მუხლის მოთხოვნებს იცავდა. ანალოგიური ტექსტები გაავრცელეს ან გააზიარეს სხვა საელჩოებმაც. აღნიშნული მუხლი დიპლომატებს მასპინძელი სახელმწიფოს კანონების პატივისცემასა და მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობას ავალდებულებს.
ერდოღანმა ეს გზავნილი ელჩების „უკან დახევად“ წარმოაჩინა და განაცხადა, რომ ისინი მომავალში უფრო ფრთხილად იმოქმედებდნენ. ამის შემდეგ გაძევების პროცესი აღარ გაგრძელებულა.
თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ ვაშინგტონი თავდაპირველ განცხადებას კვლავ მხარს უჭერდა და კავალას გათავისუფლების მოწოდება ვენის კონვენციის 41-ე მუხლთან შესაბამისობაში მოდიოდა.
ამდენად, მტკიცება, თითქოს დასავლელმა ელჩებმა აღიარეს, რომ არასწორად მოიქცნენ და თავდაპირველი მოთხოვნა უკან წაიღეს, არ დასტურდება. მათ მხოლოდ განაცხადეს, რომ ვენის კონვენციის ფარგლებში მოქმედებდნენ. არც კავალას გათავისუფლების მოთხოვნა გაუუქმებიათ და არც თავდაპირველი განცხადებისთვის მოუხდიათ ბოდიში.
ფორმალურად კრიზისი იმით დასრულდა, რომ ელჩები თავიანთ თანამდებობებზე დარჩნენ. საჯაროდ გამოცხადებული მითითების მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლებამ დიპლომატები არც „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და არც გააძევა. ამასთან, დიპლომატიური კომპრომისის ფორმულირებამ ერდოღანს საშუალება მისცა, გადაწყვეტილება შიდა აუდიტორიისთვის საკუთარ გამარჯვებად წარმოეჩინა. საინფორმაციო სააგენტო Reuters აღნიშნავდა, რომ ერდოღანის 25 ოქტომბრის პოზიცია წინა დღეებში გაკეთებულ მუქარასთან შედარებით დაძაბულობის შემცირებას ნიშნავდა.
არასწორია ის დასკვნაც, რომ ამ ეპიზოდის შემდეგ დასავლეთმა კავალას საკითხზე ანკარაზე ზეწოლა შეწყვიტა. პირიქით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა თურქეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის საკითხის განხილვა გააგრძელა. 2022 წლის 2 თებერვალს მინისტრთა კომიტეტმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული პროცედურა დაიწყო და საქმე კვლავ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადასცა. ასეთი პროცედურა გამოიყენება, როდესაც კომიტეტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ შეასრულა.
2022 წლის 11 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 16 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ თურქეთმა კავალას საქმეზე სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულება დაარღვია.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესის შედეგად კავალა არ გაუთავისუფლებიათ. 2022 წლის აპრილში თურქულმა სასამართლომ მას გეზის პარკის მოვლენებთან დაკავშირებული ბრალდებით დამამძიმებელი უვადო პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით განაჩენი ძალაში დარჩა, ხოლო ევროპის საბჭომ კავალას გათავისუფლების მოთხოვნა არაერთხელ გაიმეორა.
ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გავრცელებული პოსტის მხოლოდ ერთი ნაწილი შეესაბამება ფაქტებს: ერდოღანმა მართლაც განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ათი დასავლელი ელჩის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადება დაავალა. თუმცა გადაწყვეტილება ოფიციალურად არ გაფორმებულა და ელჩები თურქეთიდან არ გაუძევებიათ.
დაპირისპირების მიზეზი არ ყოფილა ოპოზიციასთან შეხვედრა. დიპლომატიური კრიზისი კავალას გათავისუფლების მოწოდებით გავრცელებულმა ერთობლივმა განცხადებამ გამოიწვია. ელჩებს თავდაპირველი პოზიცია არ გაუუქმებიათ და არც ვენის კონვენციის დარღვევა უღიარებიათ; მათ განაცხადეს, რომ ვენის კონვენციის ფარგლებში მოქმედებდნენ. საბოლოოდ ერდოღანმა გაძევების მუქარა აღარ შეასრულა, ხოლო ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზეწოლა კავალას საქმეზე შემდგომშიც გაგრძელდა.