სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილის ინტერვიუს ფრაგმენტი რედაქტირებული ფორმით ვრცელდება
სოციალურ ქსელში გავრცელდა გია ხუხაშვილის ვიდეო მისი სტუმრობიდან გადაცემაში "მძიმე კაცთან" (ბმული 1, 2, არქივირებული ბმული 1, 2). ვიდეოს ფრაგმენტში ჩანს, რომ წამყვანის კითხვაზე თუ რა სფეროშია ექსპერტი, ხუხაშვილი პასუხს ვერ სცემს, დიდხანს ფიქრობს და შემდეგ აცხადებს, რომ არ იცის.
აღნიშნული ფრაგმენტი 2014 წლის 16 ოქტომბერს YouTube-ზე ატვირთული გადაცემიდან (არქივი) "მძიმე კაცთან" არის მოჭრილი. სრულ გადაცემაში 1:39-ზე წუთზე გადაცემის წამყვანი დავით კოვზირიძე ხუხაშვილს ეკითხება თუ რისი ექსპერტია. გია ხუხაშვილი დაყოვნების გარეშე პასუხობს: „ექსპერტად ყოფნა ჩემი არჩევანი არ არის და არც ბავშვობის ოცნება ყოფილა. საერთოდ არ მომწონს, საკმაოდ დისკრედიტებულია. უბრალოდ, საზოგადოებაში ასე მეძახიან. მე ყველაფერი ბიზნესით და ეკონომიკით დავიწყე. ამ საუკუნის დასაწყისში ვიყავი ავტოპროდუქტების ასოციაციის პრეზიდენტი და სწორედ ამ პერიოდიდან დამარქვეს ექსპერტი“.
ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია და მომხმარებლებს მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოს გია ხუხაშვილმა ჟურნალისტის კითხვას ვერ უპასუხა.